„დავით გარეჯის გაცვლაზე საუბარი არც არის, ის, რაც ჩვენია, არ შეიძლება გავუცვალოთ სხვას“

„დავით გარეჯის გაცვლაზე საუბარი არც არის, ის, რაც ჩვენია, არ შეიძლება გავუცვალოთ სხვას“

„ჩვენც ვართ ალბანური კულტურის მემკვიდრეები, რომელიც იყო ჩვენი მონათესავე ხალხის, იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხის მიერ ჩამოყალიბებული ქრისტიანული სახელმწიფო“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე.

კარტოგრაფების საქმის მთავარი აქტორები სხვადასხვანაირად შეფასდნენ, გვესმის უკიდურესი ეპითეტები-მოღალატეებიდან დაწყებული, სინდისის პატიმრებით დამთავრებული. თავად დაპატიმრებულები ელიან, როდის გაიღება კარი და ბოდიშს მოუხდიან. რას ნიშნავს კონსპირაციულ თეორიაში შესვლა, რატომ იკარგება რუკები, შემდეგ ისევ ჩნდება... ეს უბრალოდ საეჭვო დეტალებია, თუ მიზანმიმართული დანაშაული?

- დავით გარეჯის პრობლემა დიდი ხანია არსებობს და ადრე თუ გვიან, რაღაც ფორმით უნდა გადაწყდეს. ეჭვქვეშ იმის დაყენება, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ან არ არის ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრი, ან ის შეიძლება მდებარეობდეს დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელი ეთნიკური კუთვნილებისაც არ უნდა იყოს იგი. რეალობას როგორ წარმოაჩენს დოკუმენტები, ან პოლიტიკური კონიუნქტურა, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ყველა თვალსაზრისით, ცალსახაა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კუთვნილებაა და საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს თემა უფრო ღრმაა, მიღმურ სივრცეშია ჩასახედი ჭეშმარიტების დასადგენად. თუ ტერიტორიული პრეტენზიების გადაწყვეტისას სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო-საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი არ იხელმძღვანელებს საერთაშორისო სამართლის პრიმატის პრინციპით, მაშინ მნიშვნელოვანი გაუგებრობები მოხდება მომავალშიც, რომელიც პერიოდულად შესაძლოა, მწვავე დაპირისპირებად იქცეს. არ არის გამორიცხული, სამხედრო საომარი მოქმედებების განვითარებაც ამ ქვეყნებს შორის, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორია სამი გლობალური მოთამაშე - რუსეთი, შეერთებული შტატები და თურქეთი.

მსოფლიოს გლობალისტური ხედვით შეერთებული შტატები, ნეოოსმანიზმით შეიარაღებული ახალი თურქული სახელმწიფო, რომელიც პრინციპში თუ არ უარყოფს, კრიტიკულად აფასებს ათათურქის მიდგომებს თურქეთის მომავალთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით და რუსეთი, რომელიც გაცხადებულად, კრემლის იდეოლოგთა პირით აპირებს რუსეთის იმპერიის რეანიმირებას. ეს პროცესი გულისხმობს საბჭოთა კავშირის ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების თავისი გავლენის არეალში დატოვებას, ან მათ მოქცევას, ვინც გამოსულია ამ გავლენისგან. ამის მიღმური პროცესია, რაც ბოლო პერიოდში ხდება ყარაბაღში და დავით გარეჯთან მიმართებით.

ქართული მხარისთვის რამდენად სწორად არის შერჩეული დრო დავით გარეჯის დაბრუნების თვალსაზრისით?

- საერთოდ, წინააღმდეგი ვარ შეთქმულების თეორიების, კონსპიროლოგიის, მაგრამ გარეჯის თემის გამწვავება დაემთხვა გაყინული ყარაბაღის კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასვლას, ესეც ნიშანდობლივად მეჩვენება. მიუხედავად ამ ფონისა, ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპებიდან შორს არ უნდა წავიდეთ, ეს არავის არ მისცემს ხელს, ამ პრინციპებიდან წასვლა არის სამხრეთ კავკასიის და, საერთოდ, მთლიანად კავკასიის ახალ ბალკანეთად გადაქცევა. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ახალი მსოფლიო ომი გაჩაღდება ამ პრობლემების გაღრმავებით და მათში ამ ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორების აქტიური ჩართვით, მაგრამ სერიოზული და ხანგრძლივი კონფლიქტის კერები შეიძლება დაფიქსირდეს, რაც უაღრესად სახიფათოა ამ ქვეყნების განვითარებისთვის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, ერთი მხრივ, დიდი რუსული იმპერიის აღდგენა იგეგმება, მეორე მხრივ, ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობენ თურქეთის გავლენიანი წრეები, ამ იდეისადმი გულგრილი არ არის თავად ერდოღანიც, აქეთ არის სომხეთიც, რომელიც მათ მიერ მოაზრებული დიდი სომხეთის ტერიტორიების დაბრუნებაზე ოცნებობს და არა მარტო ოცნებობს, არამედ, შეძლებისდაგვარად, მოქმედებს კიდეც, იქნება ეს მშვიდობიანი გზა, საერთაშორისო არენა, უძლიერესი სომხური ლობების გამოყენება თავისი იდეის მისაღწევად, რომელიც ძლიერია შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, რუსეთში და ა.შ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის დიდი თურანის ნაწილად მოიაზრებს შიგადაშიგ თავს და ოცნებობს დიდი აზერბაიჯანის შექმნაზე. არიან ასეთი ინტელექტუალური წრეები აზერბაიჯანში, რომელთაც სამომავლოდ ეიმედებათ ირანში მცხოვრები დაახლოებით 15-16 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი. თუ ამას მივუმატებთ 9-10 მილიონ  დამოუკიდებელ აზერბაიჯანში მცხოვრებ მოსახლეობას, ეს სერიოზული თემაა შემდგომი მოქმედებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს სურს თავისუფალი, დემოკრატიული განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინტელექტუალურ და ნაციონალისტურ ყაიდაზე მოაზროვნე გარკვეულ წრეებს აქვთ პრეტენზია აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან მიმართებით, ჩვენი ხელისუფლება არ აცხადებს ტერიტორიულ პრეტენზიებს ღიად, ოფიციალურად ამ ტერიტორიებზე და ცდილობს პრაქტიკულად დაიმკვიდროს თავი საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაგრამ ამას საქართველო ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან რუსეთმა დასაჯა საქართველო და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 22%. ერთადერთი დადგენილი საზღვარი გვაქვს თურქეთთან ოფიციალურ დონეზე, 90-იანი წლების დასაწყისში დადებული ხელშეკრულების თანახმად, ყარსის ხელშეკრულებით დაფიქსირებული საზღვარი ჩვენ ვაღიარეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ოფიციალურ გამყოფ ხაზად, მაგრამ ჩვენ მაინც უფრო პრაგმატულ პოზიციას ვადგავართ.

თვითონ გარეჯს და ყარაბაღს, მეზობლად მდებარე ამ რეგიონებს რაც შეეხება, აქ უნდა ამოვიღეთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან, სხვა გზა კიდევ უფრო დიდი ჩიხისა და კატაკლიზმების წინაპირობაა. საერთაშორისო სამართალი გულისხმობს, რომ საბჭოთა საქართველოს, საბჭოთა აზერბაიჯანსა და საბჭოთა სომხეთს მხოლოდ ის ტერიტორიები ეკუთვნით, რომელთა საზღვრებშიც ისინი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არსებობდნენ, როგორც მოკავშირე სახელმწიფოები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, როგორც ყალიბდებოდა ეს საზღვრები მარქსისტულ-ლენინური და კოსმოპოლიტური ხელისუფლების პირობებში, როგორ გარდაიქმნა ავტონომიზაციაზე შორს წასვლის მოწინააღმდეგე სტალინი ეროვნულ სახელმწიფოებრივი მოწყობის იდეის ავტორად დროთა განმავლობაში და, ფაქტობრივად, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩამოყალიბდა მანამდე ისტორიაში არნახული და არსმენილი სახელებით სახელმწიფოები ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და იყო ძველი სახელმწიფოები, რომელთაც ცივილიზაცია და სახელმწიფოებრიობის ისტორია ჰქონდათ მანამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საზღვრები დიდი პირობითობით, ზოგჯერ ვოლუნტარისტულად დგინდებოდა, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ აღმოცენებული ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო ამ საზღვრებს აღიარებდა. ამ საზღვრებში უნდა ვიყოთ ჩვენც ამ ეტაპზე, ვიდრე ჩვენი დამოუკიდებლობა, ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ მიღებული საერთაშორისო არენაზე და ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვთ ამ ქვეყნებს, მიუხედავად თავიანთი დიდი და ძველი ისტორიისა, რომ ისინი დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობის ღირსები არიან. ამიტომ ჩვენ ხელს გვაძლევს საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე აღიარებული საზღვრების შენარჩუნება, მაგრამ, გლობალური თვალსაზრისით, კოსოვოს პრეცედენტმა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპი დააყენა ეჭვქვეშ, რითაც ისარგებლა რუსეთმა და დესტრუქციული ქმედებები დაიწყო ბევრი მიმართულებით. საბოლოო შედეგად მივიღეთ მის მიერ ყირიმის ფაქტობრივი ანექსია, რასაც რუსეთი ხილულ პერსპექტივაში არ დათმობს, თუ მას დიდი კატაკლიზმები არ დაატყდა თავს.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მიმართებით ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპი როგორ უნდა იქნას დაცული, როცა რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებული ქართული რეგიონები გამოაცხადა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, როგორ უნდა მოხდეს ამის ცვლილება, დიდი თავსატეხია ეს ყველაფერი არა მარტო ქართული, სომხური და აზერბაიჯანული დიპლომატიისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისაც. ჯერჯერობით აქედან გამოსავალი არ ჩანს. თუ ამას მივუმატებთ, რომ რუსეთი განაწყენებულია კოსოვოს პრეცედენტის გამო, თვითონ ცდილობს, ამგვარი პრეცედენტებიდან სარგებელი მიიღოს და ახალი გეოპოლიტიკური სივრცე შეიქმნას, ეს წინა პლანზე წამოსწევს უკვე ისტორიული ასპექტის გათვალისწინებასაც, ისტორია კი ისეთი უსიერი ტყე და ლაბირინთია, რომლისგანაც გამოსავალი უმრავლეს შემთხვევაში არ არსებობს. ამ ასპექტსაც გათვალისწინება სჭირდება, განსაკუთრებით, სამეცნიერო და საექსპერტო წრეების დიალოგში მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და მათ გარეშე. თუ ეს არ გავითვალისწინეთ, იმაზე ლაპარაკი, რომ გარეჯი ქართული სულიერებისა და რელიგიის ცენტრია, აკვანია და ჩვენი ლამის იერუსალიმია, ეს მიდგომა პოლიტიკური თვალსაზრისით ბევრს არაფერს მისცემს ვერც ჩვენს მხარეს, ვერც აზერბაიჯანს. ამის მერე უკვე იწყება ინტერპრეტაციები და ისტორიაში ჩაუხედავი ადამიანები აკეთებენ შორს მიმავალ დასკვნებს. თანაც, აზრს ეკითხებიან არა პროფესიონალ ისტორიკოსებს, ეკლესიის ისტორიის სპეციალისტებს, არამედ მწერლებს, პოპულარულ პირებს, პოლიტიკოსებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ამის თაობაზე.

აზერბაიჯანი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ალბანური კულტურის ძეგლია, რამდენადაც ალბანელები ცხოვრობდნენ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ისინი ასიმილირებულ იქნენ აზერბაიჯანელების მიერ.

- ეს არის მხოლოდ ნაწილი ისტორიული სიმართლის. მართლაც ალბანეთის სახელმწიფო არსებობდა, საკმაოდ მაღალი კულტურისა და ცივილიზაციის, მაგრამ, ამავე დროს, ის წარმოადგენდა იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხის სახელმწიფოს.  მაშინდელ ანალებსა და ცნობებში (ძველი ბერძნების,  რომაელების) ამ სახელმწიფოს მოიხსენიებენ მთიან ქვეყანად, ასე ითარგმნება რომაულიდან „ალბანეთი“. ალბანელები ქრისტიანები იყვნენ,  მათ ჰქონდათ დამწერლობა, რომელთა ნიმუშებიც ჩვენმა აკადემიკოსმა ზაზა ალექსიძემ აღმოაჩინა და გაშიფრა კიდეც ყვარლის რაიონში მცხოვრები გადმოსახლებული ალბანური ტომის ენის გამოყენებით, მაგრამ ეს მონაცემები საკმარისი არ არის ზუსტი საზღვრების მოსახაზად და იმის დასამტკიცებლად, რომ გარეჯის კომპლექსს რაიმე საერთო ჰქონდა ალბანურ ცივილიზაციასთან. ამაზე საუბარი არ შეიძლება სერიოზულად, მაშინ, როდესაც გარეჯელი მამების ღვაწლი და წმინდა ისტორია  საყოველთაოდ ცნობილია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მწირი ცნობები გვაქვს ალბანელების კულტურაზე. თანაც, ალბანეთს უწოდებდნენ ძველი ბერძნები და რომაელები, მაგრამ თვითონ ალბანელები თავის თავს რას უწოდებდნენ, ესეც კი არ ვიცით, იმდენად მწირია ცნობები ამ იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხის მიერ დაარსებული სახელმწიფოს შესახებ.

მეორე მხრივ, თუ გადავალთ ისტორიის წიაღსვლებში, მაშინ აღმოჩნდება, რომ იმავე ყარაბაღის ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ ალბანელები, რომლებიც თანდათან აღმოჩნდნენ დიდი სომხეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში.

ყარაბაღის კონტექსტში სომხების წინ წამოწევა აზერბაიჯანს არ უნდა აწყობდეს.

- ბევრი ასპექტი აქვს ამ თემას, მას შემდეგ, რაც სომეხთა და ქართველთა საეკლესიო განხეთქილება მოხდა და შემდეგ სომხური მონოფიზიტობა გრიგორიანული მოძღვრების პოზიციის გაძლიერებით შეიცვალა, მათ შორის, ყარაბაღში, რომელიც თანდათანობით გახდა სომხური სახელმწიფოს ნაწილი, ალბანელების ნაწილი სომხური ასიმილაციის პროცესშიც მონაწილეობდა. როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეული რეგიონები, მომდევნო პერიოდში რანად და ჰერეთად ცნობილი, თანდათან გახდა ქართული სახელმწიფოს ორგანული ნაწილი, ბუნებრივია, ამ რეგიონის მოსახლეობის ნაწილი ქართიზებულ იქნა. ამდენად, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენც ვართ ალბანური ცივილიზაციის და კულტურის მემკვიდრეები ისევე, როგორც აზერბაიჯანელები და, გარკვეული თვალსაზრისით, სომხები. ამიტომ არასწორია საუბარი იმაზე, მე რადგან მთავარი ტერიტორიები დავიკავე, თურქმა უზებმა, თარაქამებმა და სხვადასხვა მოდგმის თურქულმა ტომებმა, შეიქმნა სახანოები, მე ვარ თურმე ალბანური კულტურის და მიწების მემკვიდრე და თქვენ არ ხართ. ასე არ არის, ჩვენც ვართ ალბანური ცივილიზაციის მემკვიდრეები და ნაწილი, რომელიც იყო ჩვენი მონათესავე ხალხი, იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხის მიერ ჩამოყალიბებული ქრისტიანული სახელმწიფო.

არაფერი არ მეტყველებს გარეჯის კომპლექსის გაუცხოება-დისტანცირებაზე ქართული სახელმწიფოებრიობისგან, სულიერებისგან, რელიგიისგან. წარწერები, ფრესკები, მატიანეები ამაზე ცალსახად მიუთითებენ. მენიშნა, რომ პატრიარქმა მიიღო აზერბაიჯანის ელჩი, აზერბაიჯანის რეაქციაც საკმაოდ მოზომილია ჩვენთან მიმდინარე ამ გახმაურებული პროცესის მიმართ, რაც მხოლოდ იმით არ უნდა იყოს გამოწვეული, რომ ჩვენთან კეთილი ურთიერთობა ამ ეტაპზე აზერბაიჯანისთვისაც მნიშვნელოვანია და სომხეთისთვისაც, რადგან მათ ცხელ ფაზაში აქვთ ომი. აზერბაიჯანშიც არიან ნაციონალისტი მეცნიერები, რომლებიც იგავმიუწვდომელ, მცდარ და მავნე პოზიციებს აფიქსირებენ, მაგრამ მთავარი მაინც არის სახელმწიფო ხელისუფლების თვალსაზრისი და პოზიცია, ამ მხრივ ალიევი შვილის მოსაზრებები პრაგმატული და დამაიმედებელია.

თქვენ ბრძანეთ, ყველა ჩვენს მეზობელს აქვს იმპერიული მისწრაფებები, ერთადერთი, საქართველო არ ითხოვს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საზღვრების აღდგენას, უბრალოდ, ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ სხვა ტერიტორიის გაცვლა დავით გარეჯში?

- ჩვენთანაც არიან გარკვეული წრეები, ვინც ითხოვს საქართველოს საზღვრების გაფართოებას, სამეცნიერო, ინტელექტუალური წრეები, მათაც აქვთ ამის უფლება, მაგრამ მთავარი მაინც არის ხელისუფლების პოზიცია ასეთი საკითხების მიმართ. ჩვენ არაფრის გაცვლა არ უნდა მოვითხოვოთ, ის, რაც ჩვენია, არ შეიძლება გავუცვალოთ სხვას. კომისიამ ნაყოფიერად უნდა იმუშაოს არა პრობლემის დროში გაწელვის და გადავადების მიზნით, არამედ გადაწყვეტის მიზნით. მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ, სტრატეგიულ ქვეყანასთან საზღვარი გვქონდეს მკაფიოდ დაფიქსირებული, როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან. ჯერ უნდა დადგინდეს, გვაქვს თუ არა მიწების გასაცვლელად საქმე. მაგალითად, წინა ხელისუფლების ცალკეული მაღალჩინოსნები თვლიდნენ, რომ გასაცვლელია ტერიტორიები. თუ დოკუმენტურად დადგინდება, აზერბაიჯანის დღევანდელი სახელმწიფოს კუთვნილებაა ამ სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, მაშინ შეიძლება გაცვლაზე დავიწყოთ საუბარი, მაგრამ, რაც მე ვიცი, აქ არაფერი არ არის გასაცვლელი, რადგან დავით გარეჯის კომპლექსი მთლიანად საქართველოს ისტორიულ მიწაზე მდებარეობს.

საბჭოთა კავშირში მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საზღვრები არ არსებობდა. ერთი პერიოდი, 30-იანი წლების მეორე ნახევრამდე ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფო ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა ერთად. ამიტომ ეს დოკუმენტურად შესასწავლია კარტოგრაფების, ამ პერიოდის ისტორიკოსების მონაწილეობით. 20-იანი წლების დასაწყისში, როცა ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში და მარქსიზმი კოსმოპოლიტიზმის სერიოზული ხარისხით ხასიათდებოდა, მაშინდელი ქართველი ბოლშევიკები ანგარიშმიუცემლად იძახდნენ, რა საჭიროა საზღვრები, მალე მსოფლიო უსაზღვრებო იქნება, ყველგან გაიმარჯვებს პროლეტარული რევოლუცია და მსოფლიო იქნება ერთიანი, მშრომელთა ხელისუფლებაო. ასეთი ცნობიერების მქონე ადამიანების დროს კიდევ კარგად ვუპატრონეთ და მოვუარეთ ჩვენს კულტურას და საზღვრებს. 20-იანი წლების დასაწყისში დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სავარგულები აზერბაიჯანელ მესაქონლეებს გადაეცათ მეგობრული ჟესტის სახით და იმის გამო, რომ მანდ მოსახლე ადამიანებს სჭირდებოდათ საძოვრები. მომდევნო წლებში, როდესაც გადაწყდა 36 წლის სტალინური კონსტიტუციით, რომ ამიერკავკასიაში სამი მოკავშირე რესპუბლიკა ჩამოყალიბებულიყო, ამ რუკების საფუძველზე, რაზეც ახლა დავა მიდის, ამ ტერიტორიების გამიჯვნა მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტებია და მათ საფუძველზე უნდა გადაწყდეს საზღვრის დადგენის საკითხი. არ შეიძლება ჩასაფრება კომისიის საქმიანობაში, გამიზნულად იყო თუ არა გადამალული ეს რუკები, რომლებიც აღარ შემორჩა იმ რაოდენობით, რომ ყველგან იყოს, რამდენად დამოუკიდებლად და საკუთარი პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდნენ ეს ადამიანები, რამდენად იყვნენ დაკვეთის შემსრულებლები.

არავინ აქცევს ყურადღებას, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სათავეს იღებს 90-იანი წლებიდან, როცა საერთაშორისო პოლიტიკის ორმა მძიმეწონოსანმა-შევარდნაძემ და ალიევმა გადაწყვიტეს, რეგიონი მიეტრიალებინათ დასავლეთისკენ. ეს არ იყო მარტივი, რადგან აზერბაიჯანში ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა გადატრიალება, ხელისუფლება იყო მყიფე, შემდეგ მოვიდა ალიევი, საბჭოთა ლიდერი, კგბ-ს გენერალი, მთელი ცხოვრება კგბ-ს წიაღში ჰქონდა გატარებული და ყველასთვის გასაკვირად პროდასავლურ პოზიციაზე დადგა და მიატრიალა აზერბაიჯანი დასავლეთისკენ. დაიწყო ორი დიდი პროექტის-ნავთობსადენის და გაზის განხორციელება, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მიდის დასავლეთისკენ. ეს გეგმა არც ისე რეალური ჩანდა, როგორც დღეს არის. ერთი პერიოდი, მე ვმუშაობდი სახელმწიფო კანცელარიაში, როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა და, სხვათა შორის, თვითონ შევარდნაძეს მაინცდამაინც არ სჯეროდა ამ პროექტის წარმატების, მას ეჭვი ეპარებოდა, რომ რუსეთი ასეთ რამეს დაუშვებდა. მაინც ვფიქრობ, შევარდნაძეს მისთვის დამახასიათებელი თვალთმაქცობით, გადაწყვეტილი ჰქონდა ამ პროექტისთვის ხელშეწყობა. ის დაბალანსებული პოლიტიკის მომხრე იყო, რუსეთს ღიად არ უპირისპირდებოდა და ამით ინარჩუნებდა საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის ფორმალურ აღიარებას რუსეთის მხრიდან. ეს ბევრს არაფერს გვაძლევდა, მაგრამ ფაქტორი იყო და ორმა ძველმა ბებერმა მგელმა მიატრიალა კავკასია დასავლეთისკენ ამ პროექტების მეშვეობით. ამ ორ სახელმწიფოს ვერ შეუერთდა მესამე, სომხეთის ლიდერი დემირჭიანი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარედ გახდომის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. არადა, შეიძლებოდა, სომხეთი მაშინვე წასულიყო დასავლეთისკენ და არა ახლა, ისიც გაუბედავი ნაბიჯებით. სწორედ ამის გამო დასაჯა ახლა სომხეთი კრემლმა და აქტიურად არ უჭერს მხარს.

რუსეთს უამრავი ბერკეტი აქვს კავკასიაში სიტუაციის ასარევად. ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ, უნდა გვქონდეს კარგად გათვლილი აქტიური საგარეო პოლიტიკა და არა უნიათო. შეიძლება, საგარეო პოლიტიკა ზოგჯერ მავნებლური იყო სააკაშვილის დროს, მაგრამ უნიათო არ ყოფილა.

Aburjga Tasmanieli არავითარი ალბანური (კავკასიის) ეთნოსი არ არსებობდა, შესაბამისად არც ალბანური კულტურა. ეს არის წმინდა წყლის ფიქცია, რომელიც ქართველმა ისტორიკოსებმა საიდანღაც გამოქექეს და მერე თავიანთ დისერტაციებში შეამკეს ატრიბუტებით. რაღაცით თავი ხომ უნდა ერჩინათ?! აბსურდია ამ ალბანეთზე საერთოდ საუბარი, მით უმეტეს ქართველი მეცნიერების მხრიდან!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli "რუსეთს უამრავი ბერკეტი აქვს კავკასიაში სიტუაციის ასარევად. ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ, უნდა გვქონდეს კარგად გათვლილი აქტიური საგარეო პოლიტიკა და არა უნიათო. შეიძლება, საგარეო პოლიტიკა ზოგჯერ მავნებლური იყო სააკაშვილის დროს, მაგრამ უნიათო არ ყოფილა".
ვეთანხმები პატივცემულ ვაჟას!
სანამ რუსეთი არ მოახდენს სამხრეთ კავკასიის სრულ ანექსიას, მანამ აქ სიმშვიდე, სტაბილურობა და აღმშენებლობა ვერ დამყარდება.
4 წლის უკან
ძია მიხო ყველაფერი კარგად მოგვარდებოდა რომ 2003 წელს ნარჩემაშვილის ადგილას გიორგი გახარია ყოფილიყო და მიშა და მისი ამფსონები პარლამენტში არ შეეშვა. რაც სააკაშვილმა და მისმა შანტრაპამ ქვეყანას დამართა ძნელი გამოსასწორებელია, მაგრამ იმედი მაინც არ უნდა დავკარგოთ.
4 წლის უკან