2012 წლის მაისში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, პარლამენტარობისთვის მანამდე არსებული ქვედა ასაკობრივი ზღვარი - 25 წელი 21 წლით შეიცვალა. როგორც ამბობენ, ეს სპეციალურად მარიამ საჯაიას გამო გაკეთდა. მომავალი დეპუტატი "ნაციონალურმა მოძრაობამ" სიის მეათე წევრად შეიყვანა და შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ საჯაია ქუთაისის პარლამენტის დერეფნებში აუცილებლად გაისეირნებდა.
ფართო საზოგადოების წინაშე ეს გოგონა პირველად 2012 წლის თებერვალში გამოჩნდა. მაშინ სტუდენტური დასაქმების პროგრამის "სამერ ჯობსის" სპიკერი გახლდათ. სტუდენტ საჯაიას მარტში 21 წელი შეუსრულდა და სწორედ მაშინ დაიწყო მისი კარიერული გზა პარლამენტისკენ.
მძიმე წინასაარჩევნო პერიოდში მარიამისთვის ნაკლებად ეცალა პრესას თუ ტელევიზიას. სულ რამდენჯერმე გაიჟღერა მისმა ასაკმა და იმ ფაქტმა, რომ მომავალი პარლამენტარი, ყოფილი პარლამენტარ ნაზი არონიას ქალიშვილი გახლდათ. ქალბატონი ნაზი, რომელიც 2004 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, ბოლო ორი წელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის აპარატის უფროსად მუშაობდა.
"რეიტინგში" ადრეც ვწერდით, რომ, გავრცელებული ხმებით, მარიამით საქართველოს პირველი პირი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოხიბლული. სოციალურ ქსელში ამ თემაზე დღესაც ხშირად ხუმრობენ, როგორ მოუყვება დაბერებული, ბუხართან მჯდარი პარლამენტარი შვილიშვილებს, რომ წლების წინ მის გამო კონსტიტუციაც კი შეცვალეს და ამ ფაქტით მისი შთამომავლობა იამაყებს. ჰო, მართლა, 21 წლის მარიამს 2 წლის შვილი ჰყავს, ბუკა. მისი სხვა ცხოვრებისეული დეტალები უცნობია. მარიამი ამჟამად დედასთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს.
მართალია, "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკა არც მანამდე დაუკლია, მაგრამ მას შემდეგ, რაც პარლამენტარი გახდა, მარიამ საჯაიას "ფეისბუქის" სტატუსები პოპულარული გახდა. ის ხან ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას აპროტესტებს, ხანაც პატრულის მუშაობით არის უკმაყოფილო.
ტელევიზიები ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტში ამნისტიის კანონის შეფასებისას საჯაიამ ქვეყნის მისამართით ტერმინი "კრიმინალური ერი" გამოიყენა.
"არის კრიმინალური ქვეყანა თუ არა, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რესპუბლიკის ქურდების საბჭოს 15 ქურდიდან 1/3 იყო ქართველი და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად კრიმინალური აზროვნება ახასიათებდა ერთი პერიოდი ჩვენს ერს", - განაცხადა მაშინ საჯაიამ.
უმრავლესობამ საჯაიას გამოუცდელობა დაუწუნა და ეკა ბესელიამ დეპუტატს ასაკზე მიუთითა. მაშინ მარიამი ყველაზე მეტად ამან გაანაწყენა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი საუბრისას ყველას რატომღაც შეცვლილი კონსტიტუცია და ასაკი ახსენდება.
ნაციონალების ახალგაზრდა სახის გაბრაზება მოგვიანებით "ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამაც შეძლო, რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ დროა ნაციონალები პოლიტიკურ სუტენიორობას მოეშვან და ორი ჯერჯერობით ნათელი თვალების მქონე გოგონა გაათავისუფლონ. ალბათ ორ გოგონაში ერთ-ერთი მარიამ საჯაია იგულისხმებოდა, რასაც ნაციონალებსა და ოცნების წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ალბათ ახალი წლის დღეებში მარიამ საჯაია არავის გაახსენდებოდა, რომ არა პრეზიდენტის მორიგი ავანტიურული ნაბიჯი. ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. ავღანეთში პრეზიდენტი რამდენიმე დეპუტატთან ერთად გაემგზავრა და მათ შორის აღმოჩნდა რიგითი საჯაიაც. დეპუტატი არ არის, მაგრამ ამ შთამბეჭდავ დელეგაციაში მოხვდა ალანა გაგლოევაც, რომელიც წლების განმავლობაში პრეზიდენტის ფავორიტად მიიჩნეოდა და წლების განმავლობაში სახელმწიფო აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
ალანა გაგლოევა ერთ-ერთი პირველი იყო, ვისზეც უამრავი ჭორი გავრცელდა. ბევრჯერ დაწერილა, რომ ვაზისუბანში დაგებული გზა პირდაპირ ალანას დამსახურება გახლდათ, რათა პრეზიდენტი ნორმალური გზით სწვეოდა მას. სხვათა შორის, ამაზე ერთ საინტერესო ამბავსაც ჰყვებიან. თურმე პრეზიდენტმა ვაზისუბნელებს ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრა, რომ რაც გზა გაკეთდა, ყოველ საღამოს ადის და პირადად ამოწმებს, რამე ხომ არ გაფუჭდა. - ვიცით, ბატონო პრეზიდენტო, გხედავთ ხოლმე, - წამოსცდენია ერთ-ერთ ქალბატონს. როგორც ამბობენ, ბოლო დროს პრეზიდენტმა ალანა მიივიწყა, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც ჭორია, თორემ ყოფილი ჟურნალისტი ამ უცნაურ თავგადასავალში ალბათ ვერ მოხვდებოდა.
მოგვიანებით ავღანური ვოიაჟის ფოტოები "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მარიამ საჯაიამ გაავრცელა. ფოტოებს შორის დეპუტატმა სამხედრო შორენა სოფრომაძესთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
"როგორც მითხრეს, შორენა არის თერჯოლიდან, იქ ცხოვრობს მისი ოჯახიც. ჩვენი თერჯოლის მაჟორიტარი კახა ბუცხრიკიძე მუდმივად აქცევს ყურადღებას სოფრომაძეების ოჯახს. ესეც ასე, უკვე ვიპოვე შორენას ოჯახი და აუცილებლად მივალ მათთან. მისმა ძმამ საქართველოს დროშის ფეხით გათელვას სიკვდილი ამჯობინა. სოფომ (როგორც მას ჯარისკაცები ეძახიან) კი ძმის გმირული სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა, მის ნაცვლად ემსახურა საქართველოსთვის: მინდა გამეგო, როგორი გრძნობაა, გეცვას სამხედრო ფორმა და გულზე გეწეროს - საქრთველო, იყო რიგითი ჯარისკაცი და ემსახურებოდე ქვეყანას", - წერდა საჯაია.
პრეზიდენტის სტუმრობა ავღანეთში სკანდალური კიდევ იმით გახდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ქალბატონებთან ერთად დუბაიში გაემგზავრა. ერთ-ერთმა საიტმა მასალას მეტი ინტრიგისთვის ლურჯ საცურაო კოსტიუმში ჩაცმული გოგონას ფოტოც დაურთო, თუმცა მოგვიანებით წაშალა.
ამ ფაქტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ახალგაზრდა პარლამენტარი გამოეხმაურა:
"ოდესმე ხომ უნდა შეეშვან ზოგიერთები ბინძური თემებით სპეკულირებას!!! ვისაც ჰგონია, რომ დუბაიში ვერთობი, რამდენიმე წუთში მობრძანდეს ტაბიძეზე და დარწმუნდეს, რომ თბილისში ვარ. საერთოდ, სანამ ასეთ სიბინძურეს დაწერთ, იქნებ გადაამოწმოთ ინფორმაცია. არც ჩემი ტელეფონის ნომრის გაგება გაუჭირდებათ ამ ზღაპრების მომგონებს".
საჯაიამ სტატუსს რამდენიმე წუთში ერთ-ერთ ბარში მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოც მოაყოლა.
რაც შეეხება სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოს, სადაც არ იცნობოდა, ვინ იყო საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ქალბატონი, საჯაიამ დაწერა:
"გული დამწყდა, რომ არ მაქვს ისეთი ლურჯი საცურაო კოსტიუმი, ისეთი რუჯი და ისეთი აღნაგობა, როგორიც იმ გოგოს, იმ ფოტოზე..."
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად კი, მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, საიდანაც დელეგაცია თბილისში დაბრუნდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი სამეფო ოჯახის წევრების პირადი მიწვევით დუბაიში დარჩა.
ფაქტია, რომ ნაციონალი ქალბატონებიდან ჩიორა თაქთაქიშვილის წლების განმავლობაში მოპოვებულ პოპულარობას მარიამ საჯაიამ სულ რამდენიმე თვეში მიაღწია და გადაუსწრო. მოკლედ, ახალ პარლამენტს სანახაობა არ აკლია.