"სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ფინანსური მდგომარეობა ისევ ბუნდოვანია. მათ ოფშორში დარეგისტრირებული აქვთ ანგარიშები, რომლის გაშიფვრაც ქართულ სამართალდამცავ უწყებებს არ შეუძლიათ. ანგარიშის ნუმერიც რომ გაიგოთ, კონკრეტულად ვისია ის, ამის გარკვევა და ოფიციალურად დასაბუთება ახლა გამორიცხულია", - აცხადებს მოძრაობა "არას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჩიტაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "შიდა წყაროებიდან გავიგე, რომ "ნაციონალებს", ოფშორის გამოყენებით, რამდენიმე პროვოკაციული ქმედება უკვე დაგეგმილი აქვთ!".
"ნაციონალების" 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, ოფშორულ კომპანიებში თანხების გადაქაჩვით მოხდა რამდენიმე მილიარდის გათეთრება. სწორედ ამ გათეთრებული თანხებით, დიდი ალბათობაა, ძალიან მალე მივიღოთ შვეიცარიული, კანადური ან სხვა ქვეყნის სახელს ამოფარებული ინვესტიცია, რომლის უკანაც რეალურად ისევ სააკაშვილი, ახალაია, ანდაც ადეიშვილი იდგებიან. როცა ამ კომპანიების უკან მდგომი ადამიანების გაშიფვრა მოხდება, პროკურატურა ყველა ეკონომიკური დანაშაულის გახსნასა და დამნაშავისთვის ბრალის ბრალის დამტკიცებას ძალიან მარტივად შეძლებს. როგორც კი ოფიციალურად გაირკვევა მათი ვინაობა, დაისმება კითხვა, საიდან იშოვეს მილიარდები? შიდა წყაროებიდან გავიგე, რომ "ნაციონალებს", ოფშორის გამოყენებით, რამდენიმე პროვოკაციული ქმედება უკვე დაგეგმილი აქვთ: ოფშორში გადაქაჩული თანხებით სააკაშვილი-უგულავა აპირებენ, შექმნან ათეულობით სხვადასხვა დასახელების კომპანია, ერთი და იგივე პროდუქციის სხვადასხვა ბრენდები, რომელთაც საქართველოში ეყოლებათ სხვადასხვა წარმომადგენელი. ამ ფორმით და ამ გზით კონკრეტული პროდუქციის მთლიან ბაზაარს ხელში ჩაიგდებენ. ამის შემდეგ, მათ შეეძლებათ ამ პროდუქციით მანიპულირება და მათთვის სასურველი შედეგის მიღებაც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ჩიტაძე.
"გამოდის, რომ ფასებზე მანიპულირება ამ გუნდს კვლავ შეუძლია, რაც დამღუპველია. ისინი მხოლოდ ცალკეული პროდუქციის ბაზაარს კი არა, ბანკის წილებსაც კი ფლობენ ოფშორულ კომპანიებში და საბანკო სფეროში კვლავ აქვთ ფესვები გადგმული. ამ ფორმით კი ლარის კურსის მორყევის საშუალებაც გააჩნიათ. მაგალითად, გაავრცელებენ, რომ "საქართველოს ბანკი" კოტრდება, რის შემდგომაც მენაბრეები თანხების გამოსატანად მივარდებიან იქ და ფინანსური პრობლემაც აგორდება. პარლამენტშიც უკვე შევედით თხოვნით, რომ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების უკან მდგომი პირები საზოგადოებისთვისაც და გამოძიებისთვისაც ცნობილი გახდნენ. ოფშორის გაშიფვრა და გახსნა ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობასაც შეუწყობს ხელს. მხოლოდ ასე თუ მოხდება არსებული მონოპოლიის დასრულება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საკანონმდებლო ორგანომ თავდაპირველად, სულ მცირე, სამი ტერმინი უნდა დააზუსტოს: სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტები, სახელმწიფოს სტრატეგიული სფეროები და სახელმწიფო ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული სფეროები და ობიექტები. ზოგ შემთხვევაში ისინი სხვადასხვა ობიექტებს მოიცავენ, ზოგჯერ კი ხდება გადაფარვა. თუ აღმოჩნდება, რომ ასეთი სტატუსის ობიექტს ფლობს ოფშორული კომპანია, მას მიეცემა დრო, ამის გასაჯაროება რომ მოახდინოს. ამ ფორმით მივალთ იმ ადამიანებამდე და თანხებამდე, რომლის მითვისებაც მოხდა. ოფშორის გახსნა დიდს ბერკეტს გამოაცლის სააკაშვილს და დიდი ალბათობით, ეს თებერვალში მოხდება. ხომ ხედავთ, ყოველივე იმის შემდეგ, რა კორუფციული სქემებიც შემუშავდა მიშას ხელისუფლების დროს, რომლის დიდი ნაწილი დღესაც მუშაობს, ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწევა მაინც მოხერხდა. ეს ის ობიექტია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ მიჰყიდა რუსეთს დამ ის დიდ ნაწილს სწორედ ოფშორული კომპანიები ფლობენ. საჭიროა ყველა იმ დამნაშავე მაღალჩინოსნის დასჯა, რომელმაც კორუფციული გზით მიიღო შემოსავალი. ამ ფორმით მათ არჩევნების წინაც და არჩევნებზეც ჩაეკეტებათ ადამიანების მოსყიდვის გზა და სამართლიანობაც იზეიმებს", - დასძენს რესპონდენტი.