წინ კვირას, მთელს ქართულ ინტერნეტ–სივრცეში გავრცელდა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი და წონადი ფოტო–დოკუმენტი. ფოტოზე გადაღებულია, გაზეთ “კომუნისტის“ ერთ–ერთი ძველი ნომრის პირველი გვერდი, სადაც, მთავარ, ჰოი საოცრებავ და, სათაურადაა გამოტანილი სიტყვები: “გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!“. ამ ფოტოს ნახავდით ყველგან, ფორუმებსა თუ პორტალებზე, “ფეისბუკზე“ თუ ბლოგებზე... ერთი სიტყვით, კვირის მთავარი ფოტო–ამბავი, ანდა გნებავთ – ფოტო–დოკუმენტი, სწორედ ეს ფოტო იყო.
გარდა ამისა, კვირის ტრადიციულად რეიტინგული თემებია ფორუმებზე გახსნილი ისეთი თემები და სტატიები, რომლებიც სომხებს და თურქებს ეხებათ. ეს ჩვენს პორტალზე გამოქვეყნებული სტატიის: “საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან მოლაპარაკების დეტალებს მალავს“ კომენტარებითაც დადასტურდა:
დათო : “მაინც, რა გვჭირს ქართველებს? ჩვენ გვჭირს ის, რომ საქართველო ტვინშია დაჭრილი. ჩვენი ისტორია 360 გრადუსით შემოვატრიალეთ და უარი ვთქვით ჯიშზე, ჯილაგსა და რწმენაზე. ამ ყველაფრის შემდეგ, გამოვდივართ და გავიძახით, დავიღალეთო. კი, მაგრამ, ჩვენი წინაპრები ხმლის ქნევით არ იღლებოდნენ და ჩვენ რა გაგვიხდა რუსთაველის პროსპექტზე მისვლა და დადგომა. მართალია, ჩვენს ისტორიაში არის დიადიც და სამარცხვინო ფურცლებიც, მაგრამ დღეს საქართველოს ისტორიის მხოლოდ სამარცხვინო ფურცლები იწერება. ჩვენ, ქართველებმა, აზროვნებაზე ვთქვით უარი. ნაგავში ვბუყბუყებთ და გამოსვლის სურვილი არ გვაქვს“.
სურვილიცა გვაქვს და სურვილზე მეტიც... და საერთოდ, მარტო ქუჩაში გამოსვლა არ ნიშნავს ბრძოლას...
სტატიაზე: “ჯანდაცვის სისტემაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაფლანგვებია“, მეტად საინტერესო და, ვიტყოდი – საქმიან კომენტარებს გადავაწყდი. საერთოდ, თემებს, რომლებიც ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებს ეხება, უფრო მეტად კორექტული კამათი მოჰყვება ხოლმე...
აბასკო: “ხელისუფლებამ ძალიან სერიოზულად უნდა განიხილოს წამლებზე ფასწარმოქმნის პოლიტიკა საქართველოში და სასწრაფოდ განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები. “ავერსის” და “პსპ” მიერ ვითომდაც “ქველმოქმედებებზე” დახარჯული რაღაც კაპიკები რა მოსატანია მათგან მიღებულ ზენორმატიულ მოგებებთან!
განსაკუთრებული შესწავლის თემაა წამლების მარეგულირებელი ორგანოს (ე.წ. წამლების სააგენტოს) ფაქტობრივი გაუქმება ზემოთ აღნიშნული მონოპოლისტების ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებთან წინასწარი გარიგებების შედეგად. ესაა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყანაში დღეისთვის მეტად გართულებულ სოციალურ მდგომარეობაზე და ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ სურათზე, კერძოდ მის ეკონომიკური გამჭვირვალობის და კორუფციულობის ხარისხზე“.
ფასწარმოქმნებში და ეგეთ რამე–რუმეში სამწუხაროდ ვერ ვერკვევი. მაგრამ, ჩემმა მეზობელმა – თამილა ბებომ ფულის სასესხებლად სიარულს რომ მოუხშირა, ეს ბევრ რამეს ხსნის და განმარტავს.
ჯერ კიდევ ოპტიმისტი ფორუმელის მიმართვა სააკაშვილისადმი: მიშა! დაიწყე წმენდა სანამ დროა! გადაახალისე მთვარობა! მიხედე მერიას!
Matarebeli: “მიხეილ სააკაშვილო, შენ საქართველოს პრეზიდენტი გქვია. მიხედე შენს ხალხს. ყური უგდე მის უკმაყოფილებას. არ შეიძლება ქართველ ხალხს უსასრულოდ სწოვდნენ სისხლს შენი მოხელეები და ჩინოვნიკები. არ შეიძლება ვანომ პატრულის მართვაც იცოდეს და ბალეტიც. არ შეიძლება გიგი უგულავა გამნათებელიც იყოს, პურის მცხობელიც, მეეზოვეც, და კონდუქტორიც...
საკვები ძვირდება. ტრანსპორტი ძვირდება. გლეხი შიმშილობს და ვერაფერს აწარმოებს. და იმის ნაცვლად, რომ რაიმე იღონო, ისევ ძველ “ფირფიტას“ ატრიალებ – დადიხარ და ზუგდიდ–ანაკლიაში. აეროდრომებსა და ფესტივალებს ხსნი“.
ახლა ის დროა, ყველამ მოვიმარაგოთ თოხები და ფიწლები და დავდგეთ მედგრად ჩვენი პრეზიდენტისათვის! მტერი არ გავახაროთ, ბიჭებო!
უკვე ბევრი ფორუმელი მიიჩნევს, რომ უნდა აიკრძალოს ცელოფნის პარკები. ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მათი გამოყენება.
MONTY: “რას აკეთებს გარემოს დაცვის სამინისტრო? რატომ არ ფიქრობს, რომ ცელოფნის პარკი უდიდეს ზიანს რომ აყენებს გარემოს? რატომ არაფერი კეთდება ალტერნატივის შემუშავებისთვის და ცელოფნის ჩანაცვლებისთვის? ზოგ ქვეყანაში აღარ იყენებენ ცელოფნის პარკებს. ასევე ბევრგან მინიმუმამდე დავიდა მათი გამოყენება.
დროა, სახელმწიფომ იფიქროს ალტერნატივის მოძიებაზე და ცელოფნის პარკის ალტერნატიულით ჩანაცვლებაზე. დაიწყონ ასევე ნაგვის დახარისხებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შემუშავება და მოსახლეობაში საინფორმაციო პიარის გაკეთება!“.
თუ დამიჯერეთ, ცელოფნის პარკი მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში გამოიყენება. უბრალოდ, ხდება ნაგვის დახარისხება შემადგენლობის მიხედვით და მერე გადამუშავება. ცელოფნის პარკები კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ სისუფთავის დაცვა უნდა ვისწავლთ ყველამ…
თუ ვინმეს გინდათ, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ, აგერ თქვენ კიდევ ერთი საინტერესო იდეა:
Cooldadie: “გუშინ ვიყავი კონფლიქტის ზონაში, კერძოდ ზემო ნიქოზში. ხალხი რომ გაჭირვებულია და უწყლოდ და უსაკვებოდ არის, ამაზე ბევრი დაწერილა და ბევრი თქმულა და თავს აღარ შეგაწყენთ. ყველაფერთან ერთად ამ ხალხს აკლია ავეჯი და ყოველდღიური ნივთები. ბევრ ჩვენგანს ალბათ ოჯახებში გვაქვს ისეთი ავეჯი, რასაც ვერც გავყიდით და გადასაგდებადაც გვენანება. თუ ასეთი მოგეძევებათ, იტალიელებივით ფანჯრებიდან ნუ გადავყრით საახალწლოდ და ჯობია იმათ მივცეთ, ვისაც სჭირდება“.
შესანიშნავი იდეაა, ნამდვილად. მაგრამ, ბევრი ნაცნობი გყავთ,რომელსაც სახლში ორი კარადა, ან ორი მაცივარი ექნება?
სოფლის მეურნეობა თუ აგრონომიული ონანიზმი?! საკითხავი აი ეს არის!
Psyxo: “აკლებულია საინფორმაციო საშუალებები და ათასი დისკუსია თოქ–შოუები იმართება იმ საკითხზე, რომ სოფელს უნდა ვუშველოთ და გლეხკაცს საშუალება მივცეთ, ეკოლოგიური ბიო–პროდუქცია აწარმოოს. უარი ვუთხრათ გენმოდიფიცირებულს და მინერალურ სასუქს და ასე შემდეგ...
რატომ ჰქვია საკვები პროდუქტების წარმოებას მაინც და მაინც სოფლის მეურნება?
ხომ შეიძლება ათასი ჭკუის დამრიგებელი ნათესაოსოფი ციციკორე ძიების გარეშეც იწარმოოს საკვები პროდუქტი განვითარებული ტექნოლოგიებით? თუ ბარით ბარვას და ხელების დაკოჟრებას სხვა გემო აქვს?! “აბა, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?” პრინციპი“.
რას გეტყვი შენ, ბიძიკო, იცი?! ყველა მილიონერმა ფერმერმა და დიდმა მემამულემ, თავის დროზე გერმანიაშიცა და შვედეთშიც, სწორედ მაგ შენს მიერ გამასხარავებული ბარით დაიწყო მიწის ჩიჩქნა და მერე ააწყო მეურნეობა. ისე, ეს ბიო–პროდუქცია რომ აგიჩემებიათ, ყველაზე “ბიო“ და შესაბამისად ყველაზე ძვირადღირებული პროდუქცია ევროპაში სწორედ ბარით და თოხით რომაა მოყვანილი, ეს თუ გსმენია როდისმე?
პირველად ევროპასა და საქართველოში, კონკურსი: “პირში ეტყვი ძმაო?”
SHARI: “მეგობრებო, ვატარებ პირველად მთელს ევროპასა და საქართველოში კონკურსს: “პირში ეტყვი ძმაო ?”
კონკურსის პირობები:
1) უნდა იყოთ ანტი–გუბაზისტი,
2) შედარებით გამხდარი,
3) პირში თქმის შნო უნდა გქონდეთ.
კონკურსი ჩატარდება “სახალხო კრების“ უახლოეს ღონისძიებაზე. ამ ღონისძიების დროს თქვენ გუბაზს პირში უნდა უთხრათ. გამარჯვებული დაჯილდოვდება (სიურპრიზით)“.
სიმსუქნე–სიგამხდრეზე, ქოჩრიანობა–სიმელოტეზე, გრიპიანობა–უგრიპობაზე ხალხს კიდევ თუ დასცინოდნენ, ნამდვილად არ ვიცოდი...
იხილეთ ერთ–ერთი ფორუმელის მანიფესტი, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები – სახელმწიფო ეზიზღება!
Chombe “დიახაც, მე მეზიზღება სახელმწიფო! მეზიზღება მის ყველა გამოვლენებაში! მეზიზღება მისი კანტორები! მეზიზღება მისი სამართალდამცავები! მეზიზღება მისი ჯარი და ყველა დამთრგუნავი უწყება! მეზიზღება მისი ძალმოსილება და დაუოკებელი მადა!
ვაღიარებ რა სახელმწიფოს ამ ეტაპზე გარდუვალ ბოროტებად, მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს ცოტა და შეუმჩნეველი! არაფერი არ წარმოადგენს ადამიანის ღირსეული და თავისუფალი ცხოვრებისათვის ისეთ საფრთხეს, როგორც სახელმწიფო. მით უფრო, თუ ეს სახელმწიფო ისე თავგასულია, როგორც ამჟამად ქართული სახელმწიფოა...“.
ზუსტად ეს ტექსტი, ასე, 300 წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს, კაი თვალსასეირო ამბავს კი დაატრიალებდა...
თურმე ნუ იტყვით და, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პატრიოტები ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის დროზე საქართველოდან წავიდნენ...
Datva: “ალბათ ყველა ხვდებით რომ უახლოეს ათწლეულებში საქართველოს ეკონომიკას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, შემდეგი მიზეზების გამო: მსოფლიო ბანკის და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებით (ზეწოლით) მიღებული საგადასახადო კანონები, რომელიც ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას გამორიცხავს. რუსეთის ბლოკადა, კონფლიქტური ტერიტორიები და აქედან შექმნილი არასტაბილური გარემო. უზარმაზარი ვალები...
ამ მიზეზებიდან უახლოეს მომავალში არც ერთის გამოსწორების პერსპექტივა არ ჩანს. ასე რომ, ეკონომიკის აღორძინებაზე ოცნება არარეალურია. ამიტომაც, საქართველოსთვის არსებობის ერთადერთი შანსია ემიგრანტების გამოგზავნილი ფული, რაც მეტი ადამიანი მოახერხებს უცხოეთში სამუშაოს პოვნას, მით უფრო მეტ ფულს გამოაგზავნის ქვეყანაში და უკეთესი ცხოვრების დონე იქნება. სწორედ ამიტომ, უცხოეთში წასული ქართველები, დღეს ყველაზე მეტი პატრიოტები არიან!“.
ვინც შეგნებულად ვრჩებით? ან ვისაც წასვლა შეუძლია და არ მიდის? ჩვენ ვინ ვართ? მოღალატეები?
ინვალიდებო და დიაბეტიკებო, შორს ჩვენი ქვეყნიდან!
gz06: “ინვალიდებო და დიაბეტიკებო, გარეთ არ დაგინახოთ არც ერთი. მოინდომეს აქ კალიასკებით სეირნობა... გზებზე როგორც გინდათ ისე გადადით. ხიდებზე არც იოცნებოთ და არც ავტობუსებზე. თქვენთვის არაა ეგ. შაქრიანებო, თქვენ რაღას ფიქრობთ? არც ერთ კაფეში და რესტორანში არ გნახოთ. არაა თქვენი ადგილი მანდ.
მომინდომეთ ყავა და ჩაი, შაქრის შემცვლელით! წვენები უნდა დალიოთ “ნატურალური ქართული“, დაშაქრული, პირს რომ ვერ დააკარებთ ისეთი... შეიძლება თირკმელიც გაგძვრეს. თუ აღმოაჩენთ მაგ ქართულ “100%-ან წვენში“ შაქარს, მაინც ვერავინ გაგიგებს. არადა, საქართველოში დიაბეტი 40%-ს მაინც აწუხებს. ასე რომ, ინვალიდებო, არაა თქვენი ადგილი ჯერ-ჯერობით საქართველოში!“.
ირონია იქით იყოს და, ამ ამბის მოგვარებას უნდა ინვალიდებით დაკომპლექტებული რამოდენიმე ტურისტული ჯგუფი და ქალაქში უცებ მოწესრიგდება ყველაფერი. ჩვენი ცხოვრების გზა ხომ ტურისტებზე გადის…