ქიზიყში ერთი გენიალური ტერმინი არსებობს - “შუადღის მერე გამოღვიძებული” და ამ ტერმინით ადგილობრივები იმას ამკობენ, ვინც ცხოვრებას ალღოს გვიან, ან საერთოდ ვერ უღებს. ახლა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთაAდაცვის მინისტრს ნამდვილად არ ეტყობა, რომ ცხოვრებას ალღო ვერ აუღო (ასე რომ იყოს, მწერალი ვერ “გაჩინოვნიკდებოდა”, თუმცა ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ), მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც “შუადღის მერე გამოღვიძებულია”. რატომ? - ეს შეკითხვა რიტორიკული სულაც არაა, თუმცა პასუხი ამომწურავი რომ გამოვიდეს, თხრობა ცოტა შორიდან, ანუ იმ დღიდან უნდა დავიწყო, როცა ბიძინა ივანიშვილმა კულტურის მინისტრად მწერალ გურამ ოდიშარიას კანდიდატურა წარადგინა. მართალია, კულტურისა და სახელოვნებო წრეებში მომავალი მინისტრის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, მაგრამ ამბობდნენ, ერთი საყვარელი, კეთილი კაცია და საქმეს თუ არ გააკეთებს, არც გააფუჭებსო, მაგრამ ამ “საყვარელმა და კეთილმა” კაცმა, ვიდრე ჩინოსნის მანტიას ბოლომდე მოისხამდა, ისეთი ამბები დაატრიალა, რომ კულტურის ღვაწლმოსილ მოღვაწეებს, როგორც იტყვიან, თმა ყალყზე დაუდგათ.
ყველაფერი კი ბაგრატის ტაძრით ასე დაიწყო: პატივცემულმა ოდიშარიამ ე.წ. სამუშაო ჯგუფი, რომელშიც რეჟისორი მერაბ თავაძე, მწერალი მერაბ შათირიშვილი, ზაზა მამალაძე, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი და იურისტი მაგდა მაღრაძე შედიოდნენ, ოქტომბრის მიწურულს, კულტურის სამინისტროში გააგზავნა. წესით, ამ სამუშაო ჯგუფის ლიდერი ოდიშარია უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმხანად ჯერ კიდევ კულტურის მინისტრობის კანდიდატი ჯგუფთან ერთად სამინისტროში არ მიბრძანდა. როგორც შემდეგ კულუარებიდან გამოჟონა და ეს ინფორმაცია, პირდაპირ თუ ირიბად, თავად ოდიშარიამაც დაადასტურა, სამუშაო ჯგუფის სამინისტროში ვიზიტამდე, კულტურის მომავალი მინისტრი, ანუ ოდიშარია კულტურის იმჟამინდელ მინისტრს, ანუ ნიკოლოზ რურუას შეხვდა. ეს შეხვედრა საჯარო არ ყოფილა და, ცხადია, უცნობია, თუ რაზე იუბნეს მიმავალმა და მომავალმა მინისტრებმა, თუმცა არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ოდიშარია-რურუას “კონსპირაციული საუბრის” ერთ-ერთი მთავარი თემა ბაგრატის ტაძარი იყო?!
ერთი სიტყვით, კულტურის სამინისტროში მისული სამუშაო ჯგუფი “რურუას გუნდთან” - დავით ცხადაძესთან, მაკო ჭოღოშვილსა და მარინა ბერიძესთან შესახვედრად გაემართა.
რურუასა და ოდიშარიას წარმომადგენელთა შეხვედრა თავიდანვე არაკოჰაბიტაციურად დაიწყო - დამხვდურებმა, ანუ ცხადაძე-ჭოღოშვილ-ბერიძემ მიმსვლელებს განუცხადეს, დღეს ჩვენს მიღწევებს გაგაცნობთ და იმაზე ვისაუბრებთ, თუ ერთად როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობაო. ამ განცხადებამ თაკო ჩარკვიანი გააკვირვა და იკითხა, როგორც ვიცი, ჩვენ აქ “ერთად სამუშაოდ” კი არა, სამინისტროს გადმოსაბარებლად მოვედითო. სხვათა შორის, დამხვდურებიდან მიმსვლელების მიმართ ყველაზე ცინიკურად, თურმე, მარინა ბერიძე და დავით ცხადაძე გამოირჩეოდნენ, რომლსაც მწერალ მერაბ შათირიშვილს ირონიულად უკითხავს, იცით, ქორო, ან გუმბათი რა არისო.
მოკლედ, კულტურის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილე დავით ცხადაძემ მიმსვლელებს განუცხადა, ჩვენი მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციააო, რასაც სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან გაოცება მოჰყვა...
- ბაგრატის ტაძრის წარმატებულ რეაბილიტაციას და ავთენტურობის შენარჩუნებაში თუკი ლიფტს გულისხმობთ, ამას წარმატებად ვერ ჩაგითვლით, - მიუგო თაკომ ცხადაძეს...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, რურუას გუნდი მიხვდა, რომ თაკო ჩარკვიანი ბაგრატის ავთენტურობის დარღვევას არ შეარჩენდა. შესაბამისად, თაკოს “განეიტრალება” იყო საჭირო... მთელ ამ “აბსურდის თეატრში” ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გურამ ოდიშარიამ, რომელიც იმხანად მინისტრად ჯერ დამტკიცებული არ იყო, თაკო ჩარკვიანის დაცვა ყასიდადაც არ ისურვა და მხარი, პირდაპირ თუ ირიბად, ნიკა რურუას გუნდს - ცხადაძე-ჭოღოშვილ-ბერიძეს დაუჭირა. სწორედ ამ მხარდაჭერამ გაამყარა ზემოხსენებული ლეგიტიმური ეჭვი, რომ ოდიშარია-რურუას შორის ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით გარიგება შედგა, ანუ როგორც კულუარებში ბოროტი ენები ამბობენ, ტეტ-ა-ეტ შეხვედრისას, რურუას ოდიშარიასთვის შეუთავაზებია, ვიცი, რომ იუნესკო რესტავრირებულ ბაგრატზე ხმაურს ატეხს, მაგრამ თუკი ამაზე ხმას არ ამოიღებთ, ანუ იუნესკო-ს პრეტენზიებს მიჩქმალავთ, სამინისტროს უმტკივნეულოდ გადმოგაბარებთო.
ძნელი სათქმელია, ოდიშარიასა და რურუას შორის ზემოხსენებული დიალოგი მართლა გაიმართა თუ არა, მაგრამ როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია: იმაზე, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციით მისი ავთენტურობა დაირღვა, თაკო ჩარკვიანი ხმამაღლა ჯერ კიდევ სამი თვის წინ ლაპარაკობდა, გურამ ოდიშარიამ კი ახლა, ანუ როგორც ქიზიყში იტყვიან, შუადღის მერე გამოიღვიძა და განაცხადა, ბაგრატის ტაძარი იუნესკო-ს მსოფლიო ღირშესანიშნაობათა სიაში აღარ იქნებაო.
“გვითხრეს, რომ სიჩქარით და შეუთანხმებლად არის გაკეთებული ყველაფერი, დარღვეულია პროექტი, რომელიც ზოგჯერ საერთოდ არ განიხილებოდა და არ იყო შეთანხმებული არც საზოგადოებასთან, არც - ექსპერტებთან. ამიტომ ჯერჯერობით სავალალო შედეგია,” - ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გურამ ოდიშარიამ “რუსთავი 2”-თან საუბრისას გააკეთა. ამავე წყაროს ცნობით. იუნესკო-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ფრანჩესკო ბანდარინის ოდიშარიასა და მის მოადგილე მარინე მიზანდართან შეხვედრაზე უთქვამს, რომ ბაგრატის განახლების პროექტი იუნესკო-სთან არ იყო შეთანხმებული. ამასთან, რეკონსტრუქციისას არ იქნა დაცული კრიტერიუმები, დაიკარგა ძეგლის ავთენტურობა და ბაგრატის ტაძარი, როგორც თვითმყოფადი ნიმუში, იუნესკო-ს ნუსხაში ვეღარ დარჩება.
მოკლედ, იუნესკო-ს ხელმძღვანელობამ ზუსტად ის თქვა, რის გამოც ლიბერტარიანელებმა და გურამ ოდიშარიამ თაკო ჩარკვიანი ლამის ჩაქოლეს. საერთოდ, კულუარებში ამბობენ, რომ ბაგრატის რესტავრაციით “ნაციონალებმა” თავის დროზე ფული გაათეთრეს. ასევე, ამბობენ, რომ ბაგრატის მოდერნიზებას ყველაზე მძაფრად იულონ გაგოშიძე აპროტესტებდა... მოკლედ, ბევრ რამეს ამბობენ...
გასაგებია, რომ ახალი ხელისუფლება “მიტევების ინიციატივით” გამოდის და გვთავაზობს, რომ ძველ ხელისუფლებას, ანუ “ნაციონალებს” “ცოდვები შევუნდოთ”. კეთილი, ბატონო, - ადამიანების ციხეში ჩაყრა, მართლაც, არაჰუმანურობაა, მაგრამ პატივცემულმა ოდიშარიამ, მინიმუმ, კულტურის სამინისტროს დონეზე მაინც არ უნდა გამოიძიოს, თუ ვის კისერზეა ბაგრატის ტაძრის იუნესკო-ს ნუსხიდან ამოღება და, საერთოდ, ვინმე, ალბათ, იმითაც უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ აქამდე არ ატეხა განგაში კულტურის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ ბაგრატსა და სხვა ძეგლებზე?!
სხვათა შორის, დაუდასტურებელი ცნობით, იუნეკო-ს ნუსხიდან ამოღება მცხეთასაც ემუქრება - როგორც კულუარებიდან გამოჟონა, პარიზიდან სამშობლოში დაბრუნებულ ოდიშარიას მოადგილეს, ქალბატონ მარინე მიზანდარს შეშფოთებულს უთქვამს, იუნესკო-ს მესვეურებმა მიგვანიშნეს, რომ ბაგრატის ბედს მალე მცხეთაც გაიზიარებს.
არსებული ინფორმაციით, იუნესკო-ს მორიგი სხდომა პირველი თებერვლისთვისაა დაგეგმილი. სწორედ ამ სხდომაზე მოხდება ბაგრატის ტაძრის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღება.
რაც შეეხება ზემოთდასმულ შეკითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა მწერალმა გურამ ოდიშარიამ გაჩინოვნიკება. “ოცნებაში” მოარული ინფორმაციით, ოდიშარიას კულტურის მინისტრობა ერთადერთ მიზანს - აფხაზებთან კულტურული ურთიერთობის აღდგენას ემსახურება. ეს, თავისთავად, კეთილშობილური მისიაა და არც ოდიშარია უარყოფს, რომ ე.წ. სახალხო დიპლომატიის გარკვეული გამოცდილება აქვს, მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ”: ვიდრე გაჩინოვნიკდებოდა, ოდიშარია, როგორც ამბობენ, კამპანია “ბოდიშის” (აფხაზურად “ჰათამზაიტ”) აქტივისტი იყო.
ცნობისთვის: კამპანია “ბოდიში” 2007 წლის მარტში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინიციატივით დაიწყო. კამპანია მიზნად აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდას ითვალისწინებდა. კამპანიამ შემდეგი მიმართვა გაავრცელა:
“ჩვენ დღეს ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ.
ჩვენი წარსული ის ტრაგიკული ომია, რომელმაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია. დრო გადის, ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა, კითხვები - ისევ უპასუხო, მომავალი კი, - ბუნდოვანი. ეს მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს ერთმანეთისაკენ. ჩვენთვის, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, ნათელია, რომ შეცდომების აღიარების გარეშე პრობლემები არ გვარდება. ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია:
ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი.
ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა.
ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებელი - ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ. ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას - ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა.
ომი უკვე დამარცხებაა.
ჩვენ კი, გვინდა ჩვენი მიმართვის საჯაროდ გაცხადება:
ბოდიში!
ნუ დავყოფთ ერთმანეთს “ჩვენებად” და “იმათიანებად”, „მტრად” და „მოყვარედ“, „აფხაზად“ და „ქართველად“. ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვინდა, ყველა აფხაზს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს, თუმცა ხელისუფლება ქართველი ხალხის აზრს არასოდეს გამოხატავდა.
ბოდიში, რომ ქართველები ერქვათ ადამიანებს, ვინც ტყვიას ისროდნენ. ბოდიში ყველა გასროლილი ტყვიისთვის, ყველა იმ სიტყვისთვის, რომელმაც ომი გამოიწვია.
ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს.
დღეს ჩვენ ვიწყებთ კამპანიას - „ბოდიში“ და გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე, დავფიქრდეთ დღევანდელობაზე და ვეძებოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ. ვიწყებთ ბოდიშის მოხდით და გვინდა, ვაჩვენოთ ყველას, რომ სუფთა გულით მეტის მიღწევა შეიძლება და რომ ომს, ძალადობას და იარაღის ჟღარუნს არანაირი გამართლება არ აქვს.
გვინდა, ვაჩვენოთ ყველას, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის აფხაზური კულტურა, აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა...
ჩვენ გვინდა, ხელი გამოგიწოდოთ.
მოგმართავთ თითოეულ აფხაზს.
წინასწარ ვიცით, რომ ეს მიმართვა წინააღმდეგობას მრავალი მხრიდან გამოიწვევს. ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ, ჩვენ ჩატეხილი ხიდის აღდგენა შეგვიძლია.
ხელისუფალნი მოდიან და მიდიან, აფხაზი და ქართველი ხალხი რჩება. ჩვენმა შვილებმა მშვიდად უნდა იცხოვრონ.
ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები.
ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა.
ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ, ან არ გავაკეთეთ.
ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის!
ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის.
ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის.
ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის”.
არსებობს დაუდასტურებელი ცნობა, რომ “ბოდიშს” ფინანსურად ვინმე ჯონათან კოენი ეხმარებოდა. გურამ ოდიშარია “ბოდიშის” აქტიური მხარდამჭერი იყო. გთავაზობთ ამონარიდს humanrights.ge-სთვის მიცემული გურამ ოდიშარიას ინტერვიუდან:
- „ადამიანის უფლებათა ცენტრმა” 2007 წლიდან დაიწყო კამპანია „ბოდიში“. ბევრი ამბობს, ქართველებს საბოდიშო არაფერი გვაქვსო. თქვენ რას ფიქრობთ ამ კამპანიაზე?
- მე საქმის კურსში ვარ და მივესალმები ამ კამპანიას. სამწუხაროდ, არ ვიცი აფხაზების რეაქცია ამასთან დაკავშირებით. აქაური რეაქციები კი ვიცი: ბევრი ბრაზდება, საბოდიშო რა გვაქვს, იმათ მოიხადონ ბოდიშიო და ა.შ. რადიკალური ლიდერები მათაც ჰყავდათ და ჩვენც გვყავს. ისინი, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მორიგდნენ. როდესაც ერთი ადამიანი, თუნდაც იგი არაფერში დამნაშავე არ იყოს, ბოდიშს იხდის, ეს ათბობს ურთიერთობას. მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც მიაჩნია, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. საჭიროა, ვისაუბროთ ჩვენ მინუსებზე და რომ არ ვსაუბრობთ, ეს არის უბედურება. შედეგს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენს სულებში არ მოხდება კათარზისი”.
მაშ ასე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იზიარებს პოზიციას, რომ აფხაზეთში ომი ქართველებმა დავიწყეთ (კამპანია “ბოდიშის” მიმართვაში ეს ერთმნიშვნელოვნადაა აღნიშნული, ოდიშარია კი, როგორც თავად ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას, კამპანია “ბოდიშს” მიესალმება) და ამიტომ, ქართველებს ბოდიში გვაქვს მოსახდელი(?!).
და ბოლოს, კვლავ ნაცნობი შეკითხვა: რატომ გადაწყვიტა მწერალმა გურამ ოდიშარიამ გაჩინოვნიკება?
პასუხი? - თავად მოიფიქრეთ?!
P.S. იმას, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა უნდა აღდგეს, ცხადია, ჩვენც მივესალმებით, თუმცა ვიდრე ვიტყვით, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ, ცოტა უნდა დავფიქრდეთ. კი ბატონო, ომის პროვოცირება შესაძლოა, რომელიმე არცთუ ჭკვიანი მაღალი სამხედრო პირის მიერ მოხდა, მაგრამ აფხაზეთში სიტუაციის არევას მესამე ძალა დიდი ხანია, ცდილობდა! შესაბამისად, ამ “მესამე ძალის”, ანუ რუსეთის ფაქტორის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ამასთან, შვილმკვდარი დედები მხოლოდ ერთ მხარეს კი არა, მეორე მხარესაც არიან. ბოლოს და ბოლოს, აფხაზებმა ქართველთა თავებით ფეხბურთი ითამაშეს და თუკი სამართლიანობაა, ბოდიში მხოლოდ ჩვენ, ქართველებმა კი არ უნდა მოვუხადოთ აფხაზებს, არამედ, მათაც უნდა მოგვიხადონ, ანუ ბოდიში ერთმანეთს უნდა მოვუხადოთ!