საქართველოში კორონა ვირუსის სტატისტიკა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა - თბილისში და ქვეყნის სხვა რეგიონებში კოვიდცენტრების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში ინფიცირების რიცხვი 10 ათასით გაიზარდა. თებერვლიდან დღემდე კორონავირუსი 15 327 ადამიანს აქვს დადასტურებული, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 3 ათასიც არ იყო.
ქვეყანაში მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც - 24 აგვისტოდან დღემდე COVID-19-ს 97 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის მკაცრ რეგულაციებზე გადასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი უარყოფითია. მთავრობაში აცხადებენ, რომ ეკონომიკა არ შეჩერდება, არჩევნები არ გადაიდება, კომენდანტის საათი არ იქნება.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა პროცესებს მართავს, თუმცა ისიც ითქვა, რომ ჯერჯერობით კოვიდინფიცირებულების მატების შეჩერება მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, უახლოეს დღეებში 1000-საც გადავცდებით. მიუხედავად ამისა ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს და დადგენილ სისტემას მიყვება. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. ამიტომაც 22:00 საათიდან 16 ოქტომბერს თბილისსა და ქუთაისში რესტორნები და ბარები აღარა იმუშავებენ.
ჯანდაცვის ექსპერტები კი ამბობენ, რომ კორონა ვირუსის შესაჩერებლად მხოლოდ ორი გამოსავალია, ერთი - ისევ ქვეყნის სრულად ჩაკეტვა მოხდეს, რაც კატასტროფულად გაანადგურებს ეკონომიკას და მეორე - მისი მართვა უნდა შევძლოთ, რომ ნაკლები დანაკარგი გვქონდეს.
მათი თქმით, მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მთელი რესურსი გაზაფხულზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებაში დახარჯა, ამიტომაც მასთან გამკლავება უჭირს.
თუმცა კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოშიც საკამოდ სავალალო სიტუაციაა. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კომენდატის საათი გამოაცხადა და ქვეყნის სრულიად ჩაკეტვა ხელახლა დაიწყო.
ინფიცირების მზარდი რიცხვების ფონზე, არჩევნებამდე 16 დღით ადრე პრემიერ მინისტრის განცხადება ოპონენტების კრიტიკის მიზეზი გახდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს მონაცემებით მანიპულაციასა და მოსახლეობის ვირუსით ირიბ დაშინებაში ადანაშაულებს. ოპონენტები მთავრობისგან იმის ახსნასაც ითხოვენ, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირების მატების მიუხედავად, პროცესი მართვადია.
„სამწუხაროდ ამ საკმაოდ ტოქსიკურ წინასაარჩევნო პირობებში, ნებისმიერი თემა არის გამოყენებული პოლიტიკური სპეკულირებისთვის, ჩვენ უბრალოდ ამისთვის არ გვცალია. არც ოპოზიციასთან საუბარი მოგვრიდებია არასოდეს, განსაკუთებით ქვეყნისთვის გამაერთიანებელ საკითხებზე. ნორმალურ ქვეყანაში და მდგომარეობაში მსგავსი გლობალური გამოწვევა უნდა გამხდარიყო გამაერთიანებელი ოპოზიციის და მთლიანად საზოგადოების. ასეც მოხდა თითოეული გამონაკლისის გარდა, რომელსაც ხან ტესტირების რაოდენობა არ მოსწონდა, შემდგომ კიდევ სხვა რაღაც არ მოსწონდა, ხან დაკეტვის წინააღმდეგი იყო და ხან გახსნის წინააღმდეგი. ეს არ შეიძლება იყოს სპეკულირების საგანი, ნებისმიერი შინაარსობრივი დიალოგისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ.
რაც შეეხება არჩევნებს, დღეის მდგომარეობით არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის, არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა იზრდება და არავის არ გვეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი აკაკი ზოიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ თუ საზოგადოება რეკომენდაციებს დაიცავს ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების მოწყობის საჭიროება არ დადგება და ვირუსთან გამკლავებასაც შევძლებთ. მისი თქმით, ექთნების კვალიფიკაციაზე საუბარი ჩვენი ქვეყნის პრობლემა უკვე 20 წელია რაც არის. ერთ ექიმზე უნდა მოდიოდეს 3-4 ექთანი, მაგრამ მოდის ერთზე ნაკლები.
„ახლაარსებული კადრების მობილიზებაა საჭირო. მოხალისეებად მობილიზებაზეც შეიძლება საუბარი, ბევრს აქვს სამედიცინო განათლება. რამდენად ადეკავტურად მოხდა ექიმების გადამზადება ამას დავინახავთ. ახლა ამაზე დავა და ჩხუბი გაუგებარი და არაფრის მომცემია. ჩვენ შედეგს მხოლდო მაშინ დავინახავთ, როცა ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა მოიმატებს. გამოჩნდება, დრო და რესურსი რამდენად ადეკვატურად გამოიყენეს.
თუკი მოსახლეობა ყველა დაწესებულ წესს, რეკომენდაციას დაიცავს, სისტემა გაუძლებს. რაც შეეხება საველე ლაზარეთების მოწყობას, ვფიქრობ, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ბარიერი მთლიანად მოირღვა, საველე ჰოსპიტლები კი არა შეიძლება არაფერი არ გვეყოს. მაგრამ, თუ ნელ-ნელა გაიზარდა ინფიცირეებულთა რაოდენობა, ამას სისტემამ უნდა გაუძლოს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებლის შემცირების ერთ-ერთი მთავარი გზა, მოსახლეობის ქცევაზე გადის. მისი თქმით, თუკი ადრე მკაცრი შეზღუდვების დაწესების წინაარმდეგი იყო, ახლა რიგი აკრძალვების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა. ბუწაშვილი ამბობს, რომ ვირუსი აღმავალ ეტაპზეა და გარკვეული წესებისა თუ რეკომენდაციების დაცვის გარეშე, ვირუსის გავრცელებამ, შესაძლოა, სახიფათო სახე შეიძინოს.
„ჩვენ ახლა აღმავალი ინფექციის ფაზაში შევედით და ფაქტია, რომ ძალიან სწრაფი აღმავლობა გვაქვს. სამწაუხაროდ, გარკვეული პერიოდი ასეც გაგრძელდება და ზრდა გვექნება. მძიმე შეზღუდვების მომხრე არ ვარ, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები საჭიროა და ის შეზღუდვები, რაც დღეის მდგომარეობითაა დაწესებული, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. მოსახლეობას არსებული შეზღუდვები რომ დაეცვა, ასე მაღალ რიცხვებზე არ ავიდოდით. ამიტომ, ერთია რეგულაციის შემოღება და მეორეა, მისი აღსრულება.
დღეს პირბადე ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, ამიტომ მისი არგამოყენების შემთხვევაში მკაცრი ზომები უნდა არსებობდეს. ფაქტობრივად, ის დღეს თავდაცვის ერთადერთი რეალური საშუალებაა. ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებლის შეცვლა, გადადების ჯაჭვის გაწყვეტა, ისევ და ისევ მოქალაქეების შეგნებაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ბუწაშვილი.
ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ის ვერც პრემიერის გიორგი გახარიას და ვერც ჯანდაცვის მინისტრის ეკატერიინე ტიკარაძის ოპტიმიზმს ვერ გაიზიარებს. მისი აზრით, სისტემა მეორე ტალღის გასამკლავებლად მზად მაშინ იქნებოდა, თუკი ამ 6-7 თვეს გასამკლავებლად გამოიყენებდა. მისი თქმით, ხელისუფლება ახლა ამბობს, რომ პილოტური გადამზადების სისტემა 4 ოქტომბერს დაიწყეს, ასევე ახლა იწყებენ 50 მილიონის გამოყოფას, რათა საწოლ ფონდის მობილიზაცია მოხდეს.
„დიდი ხანია ვამბობთ, რომ ტესტების პასუხები არეულია და ამას უკვე ჯანდაცვის სამინისტროც ადასტურებს. პასუხები 4-5 დღე იგვიანებს და ეს მექანიზმი სრულიად მოშლილია. ასევე ექიმების და ექთნების გადამზადება დაგვიანდა. სასტუმროში მკურნალობის კომპონენტიც დასახვეწი და გადასახედია. ჩვენ გავიგეთ, რომ უსიმპტომო ყველაზე ახალგაზრდა 42 წლის პაციენტი, რომელიც სასტუმროში მკურნალობდა, გარდიაცვალა. მსგავსი ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. 57 წლის ქალბატონი ასევე სასტუმროში დაიღუპა, ამიტომაც ეს კომპონენტიც დასახვეწი გვაქვს. ასევე, როდესაც საუბარია საწოლებზე, აქ არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ დასაწოლი ადგილი. ეს ნიშნავს დანადგარებს, საწოლზე მიმაგრებულ სახარჯ მასალას. სამედიცინო პერსონალს და ა.შ.“, - ამბობს ჩიხლაძე for.ge-სთან.