"ამნისტია უპირველესად არის ჰუმანური აქტი, რომელიც შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ავლენს დამნაშავეთა მიმართ. "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში სასამართლო მთლიანად დაემორჩილა პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებას, ამიტომ საზოგადოებას აღარ აქვს ამ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების კანონიერებისა და სამართლიანობის რწმენა. ვინაიდან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მძაფრი მოთხოვნაა, ეს ამნისტიის აქტი გარკვეულწილად ეხმიანება და აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. ამიტომაც არ შეიძლება ამ აქტს ფსევდოჰუმანური ეწოდოს. რაც შეეხება საფრთხეებს, რა თქმა უნდა, საყოველთაო ამნისტიის აქტი შეიცავს გარკვეულ რისკს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ რისკი მინიმალურია, ვინაიდან ეს ამნისტია არის საკმაოდ მოქნილი, გამოყოფს ჯგუფებს, რომლებსაც გრადაციით ეხება ამნისტია. ეს ამნისტია მოქნილია, სამართლიანი და ის თანდათანობით ვრცელდება სხვადასხვა კატეგორიის დამნაშავეებზე", - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვინ შეიწყალა პრეზიდენტმა" / "ვის გულისხმობდა სააკაშვილი პედოფილებში?".
"მივესალმები შეწყალების აქტს, თუ მას საფუძვლად უდევს ჰუმანურობის პრინციპი, მაგრამ ვერ მივესალმები, თუ მას საფუძვლად უდევს წინასწარი შეთანხმება დამნაშავე პირებთან - გათავისუფლდნენ იმ პირობით, რომ შემდგომ ჩაიდინონ დანაშაული, სხვა წააქეზონ ამისკენ, ანუ გააუარესონ კრიმინოგენული ვითარება. ხომ არ განხორციელდა ეს შეწყალებები სწორედ იმისათვის, რომ გარკვეულწილად გაუარესებულიყო კრიმინოგენული ვითარება, ანუ წინასწარ ხომ არ შეუთანხმდნენ პატიმრებს, რომ შეიწყალებდნენ იმ პირობით, თუ შემდგომ ისინი გარეთ ჩაიდენდნენ დანაშაულებს?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა შავგულიძე.
"სტატისტიკას თუ ნახავთ, პრეზიდენტმა ბოლო სამი თვის განმავლობაში 1544 მსჯავრდადებული შეიწყალა. შთამბეჭდავი რიცხვია, თანაც გასათვალისწინებელია, ოქტომბერში, ანუ მას შემდეგ, რაც "ნაცმო" დამარცხდა, შეწყალებულია 43 მსჯავრდადებული, ნოემბერში _ 559, ხოლო დეკემბერში _ 942. ეს დინამიკა ერთობ საეჭვოა. ვგონებ, სააკაშვილს 1544 პატიმარი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში არ შეუწყალებია. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შემადგენლობა ასეთია: ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი - 289 ადამიანი, 723 - მძიმე დანაშაულის ჩამდენი, ხოლო 532 - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის. შეწყალებული არიან შემდეგი კატეგორიის დამნაშავეები: დასრულებული მკვლელობისთვის - 9 პირი, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის - 3, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის - 30, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისათვის - 8, ქურდობისთვის - 364, ყაჩაღობისთვის - 94, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის - 6, ქურდული სამყაროს წევრობისთვის - 2, ხოლო ნარკოდანაშაულზე – 407 პირი. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება პრეზიდენტს ენა მოუბრუნდეს და თქვას, კრიმინოგენული ვითარება იმის გამო გაუარესდა, რომ მომავალში ამოქმედდება ამნისტიაო, იგი არაფერს ამბობს მის მიერ შეწყალებულ კრიმინალებზე. სწორედ ეს მაფიქრებინებს იმას, ხომ არ მოხდა ამ კატეგორიის პატიმრებთან გარიგება, რომ იმ პირობით გათავისუფლდებოდნენ, თუ ისინი შემდგომში რამეს დააშავებდნენ. ამნისტიით, 2 თვის განმავლობაში, პატიმართა ნაწილი გათავისუფლდება, ნაწილს სასჯელი გაუნახევრდება, ნაწილს კი 1/3-ით და 1//4-ით შეუმცირდება", - განმარტავს რესპონდენტი.
"პედოფილია - ასეთ ცნებას კანონი არ ითვალისწინებს. იგულისხმებოდა არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების გათავისუფლება. პრეზიდენტი პარლამენტისთვის წარდგენილ ოფიციალურ წერილში მიუთითებდა 139-ე, 140-ე და 141- ე მუხლებით მსჯავრდადებულებზე. პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც საზოგადოების მოტყუებას ცდილობდა. ეს მუხლები მართლაც ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივ დანაშაულებს, მაგრამ სწორედ ნაცმოს მიერ მიღებული სს კოდექსი ამ სამივე დანაშაულს ნაკლებად მძიმედ მიიჩნევს. მათთვის სასჯელად დაწესებულია 2 და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ ამნისტიის აქტით სს პასუხისმგებლობისაგან გავათავისუფლეთ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ კონკრეტულად ამ დანაშაულთა მიმართ დათქმა გავაკეთეთ, რომ მის ჩამდენ პირებს არ გავათავისუფლებდით. ამ პირებზე გავრცელდა მხოლოდ სასჯელის 1/4- ით შემცირება, რაც გავრცელდა ყველა მსჯავრდადებულზე, როცა პრეზიდენტი ამბობს, თითქოს ჩვენ უპატივცემლოდ ვეპყრობით საზოგადოებას და მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს ვათავისუფლებთ, ამით ცდილობს საზოგადოება მოატყუოს", - განაგრძობს შალვა შავგულიძე.
"დარწმუნებული ვარ, ამ ამნისტიით გათავისუფლებული პირები ნდობას ბოროტად არ გამოიყენებენ და კრიმინოგენული მდგომარეობა არ გაუარესდება. სასჯელაღსრულების სამინისტროს აქვს უფლება, უვადო პატიმრობის აღკვეთა 25-წლიანი სასჯელით შეცვალოს, თუმცა ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარმატებული იქნება ამჟამინდელი ამნისტიის შედეგებზე. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მაგრამ ეს არ მოხდება მოულოდნელად, საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად. მსგავსი მიტევების აქტი თუ განხორციელდა, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა ჰუმანურობისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების თვალსაზრისით", - დასძენს რესპონდენტი.