"თითქოს მეორედ დავიბადე! ამავეს განიცდის ბევრი ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, რომლებიც გადაურჩნენ საკონცენტრაციო ბანაკს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა 21-ე საუკუნის ქართული "გულაგი", სადაც პატიმრების უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი. ჩემი თანამებრძოლები, მეუღლე, ჩემი ადვოკატი ნათია კორკოტაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე, გიორგი ზერეკიძე და სხვები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი და პოლკოვნიკ თეთრაძის ბედს გავიზიარებდი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მადლობა მასმედიას!" - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "პოლიტიკურ პინოქიოს" საკადრის პასუხს გავცემ" / "რას სთავაზობდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები ვახტანგ მაისაიას".
"დაპატიმრებამდე 130 კილოგრამი ვიყავი, ახლა 85 ვარ. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. 40 დღის განმავლობაში ვიშიმშილე მეგობრებთან ერთად, 4-ჯერ ჩამაგდეს კარცერში, 3-ჯერ - კარანტინში, 5-ჯერ დამიპირეს ლიკვიდაცია, ისე მცემეს, თავი დამიზიანდა, მეტყველება რომ მიჭირს, ამის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელმაც თავის ანგარიშში ჩემი ცემის ფაქტი აღნიშნა. რობერტ სიმონსმა, რომელიც ნატოს გენმდივნის წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიაში და გენმდივნის მოადგილე გახლდათ, დიდი როლი ითამაშა ჩემს გადარჩენაში. ნატოს გენმდივნის მოადგილე პირადად ესაუბრა საქართველოში ნატოს წარმომადგენელს და მოითხოვეს ჩემი საქმის დეტალების გაგზავნა. მიშა სააკაშვილი გამოვიდა და სამჯერ მახსენა. მართალია, არც მე დავრჩი ვალში და მას პოლიტიკური პინოქიო ვუწოდე - ეს ადამიანი ცხვირს მუდმივად იფხანს თითით, რაც ამისი პირველი ნიშანია... რუსეთის ჯაშუშობის კვალი ჩემს სს საქმეში ნახსენებიც არ არის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
"მე ვითხოვ საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას და ყველაფერი გამოჩნდება. პარადოქსულია, რომ ოფიციალურად ბრალი წარდგენილი მქონდა ნატოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, სააკაშვილი ნატოსთან ჯაშუშობას მაბრალებს. მას მოუწევს ნატოს გენერალურ მდივანს გასცეს პასუხი. მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ სააკაშვილი არის კა-გე-ბეს აგენტი. მე ვიტყვი იმასაც, როგორ მკითხავდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები და მოითხოვდნენ ჩემგან, მეღიარებინა ნატოს, ბრიტანეთის, აშშ-ის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და მთხოვდნენ, მათ წინააღმდეგ მემუშავა. შემიძლია მათი გვარების დასახელებაც. მეტიც, ჩემთან ციხეში შემოიყვანეს ეფ-ეს-ბეს თანამშრომელი ლუბიანკიდან - მოსკოვის ეფ-ეს-ბეს შტაბიდან. მე ის სპარტაკად გამეცნო. მაიორმა ზვიად ჯაოშვილმა და კაპიტანმა ლადო დათაშვილმა წარმომიდგინეს ის, როგორც წარმოშობით სოხუმელი. მითხრეს, სპეციალურად ჩამოვიდა მოსკოვიდან და ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გასცეო. როგორც გაირკვა, მას მხოლოდ ის აინტერესებდა, რაც რუსეთის სპეცსამსახურებს. ეს მოხდა 2009 წლის 20 ივნისს ღამის 3 საათზე. მალე სპეციალურ ბრიფინგს ჩავატარებ, სადაც ყველაფერს დოკუმენტურად წარმოვადგენ, სხვა ფაქტებსაც დავადასტურებ, კერძოდ, სააკაშვილის თანამშრომლობას საბჭოთა კა-გე-ბეს სტრუქტურებთან. მერე ვნახოთ, ვინ ვინ იყო. ახლა ჩემი ჯერია, პრეზიდენტს საკადრის პასუხს გავცემ, ბევრად უარესს, ვიდრე მას ჰქონდა ჩემ წინააღმდეგ, მე გავხსნი ნაღდ "ფლეშს". მისგან განსხვავებით, მე მაქვს მტკიცებულებები", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენს, რომელიც აუცილებლად ღია უნდა ყოფილიყო, დაადეს გრიფი "საიდუმლო", რაც გამაოგნებელია, ჩემ მიმართ დაირღვა კონსტიტუცია. შევიტანე სარჩელი და მოვითხოვ, ჯაშუშობის მუხლი გადაიხედოს, რადგან თქვენ რომ გაძლევთ ინტერვიუს, ესეც ჯაშუშურ საქმიანობად მეთვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მაინც გავახმაურებ საიდუმლოს და მერე თუნდაც დამიჭირონ 320-ე მუხლით და ჩამსვან მეორედ. მე ვიყავი მიშას რეჟიმის მსხვერპლი. როგორც შევიტყვე, პრეზიდენტმა ერთ-ერთ საიდუმლო თათბირზე გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება, ვინაიდან მას თურმე საერთაშორისო იმიჯს ვურყევდი, ამით ვიყავი დაკავებული და ნატოში ჩემგან მიდიოდა ინფორმაცია. ლაპარაკია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებთანაც მქონდა მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა. ეს იყო ჩემი დაპატიმრების მთავარი მოტივი. მე სააკაშვილს ვურყევდი თურმე საერთაშორისო იმიჯს და ნაცმოსგან ეროვნული უსაფრთხოების მტრად ვიყავი გამოცხადებული", - განმარტავს ვახტანგ მაისაია.
"ფოტორეპორტიორების საქმე ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ხდებოდა ჯაშუშობის საქმის ფაბრიკაცია. ჩემს საქმეში, ნატოს სპეცსამსახურების შემდეგ, რუსეთის ისეთი სპეცსამსახურია ნახსენები, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, თურმე ორივესთან ვთანამშრომლობდი. ჩემი საქმე ჰგავს ბომბეიდან დელიმდე გვირაბის გათხრის კლასიკურ მოდელს. საქმეში ნივთმტკიცებად დამიდეს "სუვენირი" - კა-გე-ბეს წიგნაკი, სადაც წერია, რომ მე ვარ კა-გე-ბეს გენერალ-პოლკოვნიკი. როდესაც მე დავაპირე ნატოს სტრუქტურებისათვის გადამეცა ინფორმაცია, მეორე დღესვე მითხრეს, რომ მომსპობდნენ. ისევ ჩემმა მეგობრებმა გადამარჩინეს ციხეში. რომ არა ისინი, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი", - დასძენს რესპონდენტი.