ყარაბაღის გაყინული კონფლიქტის გალღობამ საქართველო რთული ამოცანის წინაშე დააყენა - როგორ შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტის დროში გაჭიანურების შემთხვევაში სრულ ნეიტრალიტეტს მაინც ვერ დავიცავთ და მეომარი მხარეები საქართველოს მოწინააღმდეგის მიმხრობაში დაადანაშაულებენ.
ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა კარგად ართმევს თავს ნეიტრალიტეტს, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეაჩერებს ნებართვებს სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე ორივე ქვეყნის მიერ.
ამის მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, თუკი საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მსვლელობისას ნეიტრალიტეტის დაცვას ვერ მოახერხებს, ამან შეიძლება რეგიონალური კრახი გამოიწვიოს და ჩვენი ქვეყანა შავ სატრანზიტო ქვეყნად გადაიქცეს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ნეიტრალურად ვმოქმედებთ და, მადლობა ღმერთს, საქართველოს არ ელოდება საფრთხე მანამ, სანამ რუსეთი ამ კონფლიქტში ოფიციალურად არ ჩაერევა და, სანამ პუტინი არ იტყვის, ჩემი მოკავშირეა სომხეთი ოდკბ-ს ფორმატში და ვალდებული ვარ, აზერბაიჯანს გამოვუცხადო ომიო. ასეთ შემთხვევაში, საუბარი იქნება რუსეთ-აზერბაიჯანის ომზე და ისიც გასათვალისწინებელი იქნება, როგორ მოიქცევა ამ დროს თურქეთი, რომელიც არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა. ბოლოს და ბოლოს, ნატოში სამხედრო პოტენციალით მეორე ქვეყანაა შტატების შემდეგ თურქეთი.
სოსო ცინცაძე იხსენებს, რომ მსოფლიო პრაქტიკაში არის ასეთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოები ძალიან მძიმე ვითარებაშიც ახერხებდნენ პოლიტიკური ნების გამოვლენას და ნეიტრალიტეტის დაცვას. კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეები - საბჭოთა კავშირი, ინგლისი, ამერიკა, ასევე, გერმანია ყოველნაირად ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიის გამოყენებას, კოლოსალური ზეწოლა იყო თურქეთზე, მით უმეტეს, გერმანიის გავლენა თურქეთზე იმ დროს ძლიერი იყო.
„თურქეთში მაშინ მუშაობდა გერმანიის ელჩი, ბრწყინვალე დიპლომატი ფონ პაპენი, რომელიც თითქოს ყოველმხრივ აიძულებდა თურქეთს, გერმანიისთვის მიეცა ბაზების უფლება. ასევე, ჩერჩილიც ნაკლებად მძიმე წონოსანი არ ყოფილა, მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა სამხედრო აეროდრომებისთვის თურქეთის ტერიტორიის გამოყენებას, მაგრამ მაშინდელი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ძალზე ძლიერმა პოლიტიკოსმა ისმეთ ინენიუმ და ინენიუს მთავრობამ შეძლო, გაეძლო ცდუნებისთვის, ზეწოლისთვის და დრო გაეწელა. ინენიუ გერმანელებს ეუბნებოდა, სანამ სტალინგრადის ბრძოლა არ დამთავრდება, მე არ ჩავერევი ომში, მერე სხვა მიზეზებს იგონებდა. საბოლოო ჯამში, მიაღწია იმას, რომ საბჭოთა კავშირს, სტალინს უკვე არავითარი არგუმენტი აღარ გააჩნდა თურქეთში შესაჭრელად. ასე რომ, ნურავინ ნუ იტყვის, ჩვენ სუსტი მთავრობა ვართ და რა ვქნათ, თუკი რუსეთი გვაიძულებსო. სუსტი მთავრობა და სუსტი ქვეყანა იყო მაშინ თურქეთი ამერიკასთან, ინგლისთან და საბჭოთა კავშირთან შედარებით, მაგრამ გაუძლო. ახლა ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ არ გაატარებს სამხედრო ტვირთს და მხოლოდ ჰუმანიტარულ ტვირთზეა საუბარი, მაგრამ უბრალო საბურავებიც კი გამოიყენება ბრძოლაში და თავდაცვითი საშუალებაა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის განმარტებით, მართალია, სომხები უკმაყოფილონი არიან და თბილისიდან მეტ თანადგომას ელიან, სომხეთის ელჩის განცხადებებიც თბილისში არც თუ ისე კორექტული იყო, მაგრამ უნდა გაგვიგონ სომხებმა. სახელმწიფო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მომხრე, რადგან თვითონ მსხვერპლნი ვართ სეპარატიზმის. ალიევიც ებრძვის სეპარატიზმს, ალიევი იბრძვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცნობილი მისი ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეს მაგალითი ჩვენც გამოგვადგებოდა, საქმეში რუსეთი რომ არ ერეოდეს, მაგრამ მეორე საკითხია, ძალით დაბრუნებული აფხაზეთი რაში გამოგვადგება? ამიტომ, პოლიტოლოგის აზრით, ამაზე ფიქრიც არ შეიძლება.
„გარდა ამისა, სად აზერბაიჯანის, სად ჩვენი რესურსი. ჩვენ საფრთხე დაგვემუქრება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენი მთავრობა ვერ გაუძლებს ზეწოლას და რუსის ჯარს გაატარებს. ამიტომ უნდა გავუძლოთ სომხეთის უკმაყოფილებას. არც ის მესმის, ახალქალაქელმა სომხებმა ულტიმატუმი რატომ წაუყენეს ოფიციალურ თბილისს, სამ დღეში უნდა გაატარო ტვირთი სომხეთისკენ, თორემ რაღაცას მოვიმოქმედებთო. არავითარ შემთხვევაში მხარედ არ უნდა ვიქცეთ. შეიძლება ჩვენ სახელმწიფოებრივი მიდგომით თანავუგრძნობდეთ მხარეს, რომელიც იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რადგან ეს ჩვენი მოუშუშებელი ჭრილობაა, მაგრამ ეს სულაც არ იძლევა იმის საბაბს, ოფიციალურად აზერბაიჯანის მხარეზე დავდგეთ და დიპლომატიური ღონისძიებები მივიღოთ აზერბაიჯანის სასარგებლოდ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პროფესორი, კავკასიოლოგი ცირა ბარამიძე ამბობს, რომ საქართველო არ შეიძლება გახდეს შავი ტრანზიტის ზონა, რადგან ეს იქნება დამღუპველი, ანუ არ უნდა გაატაროს არც ერთი სამხედრო ტვირთი არც ერთი მხრიდან.
„არსებობს 2011 და 2014 წლების ხელშეკრულებები ტრანზიტთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ორივე ეს ხელშეკრულება საფუძველს აძლევს ორივე სახელმწიფოს, მოითხოვოს, გავატაროთ ტვირთები. ჩვენ დიდი ძალა არ გაგვაჩნია, მით უმეტეს, როცა ხელშეკრულება არსებობს, არ გავატაროთ ტვირთები ან ჩრდილოეთიდან, ან სამხრეთიდან. დღემდე, ღვთის მადლით, საქართველომ მოახერხა, შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი. მე გავეცანი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განაცხადს, რომ სამხედრო ტვირთებს არ გაატარებენ, არ ვამბობ, რომ ჩემი სიტყვა ისმინეს, მაგრამ ჩვენი, ანუ სპეციალისტების მესიჯი მათ სწორად მიიღეს. თუმცა სწორი იყო თუ არა, როცა ივლისში ჩვენს ტერიტორიაზე ტვირთის გატარების შესახებ ეჭვი გაჩნდა და სომხურ-აზერბაიჯანულმა მხარემ დოკუმენტებიც კი გამოაქვეყნა?! ჩვენ შეიძლება, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ვიცავთ ნეიტრალიტეტს, რაც სწორია, მაგრამ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სრულიადაც არ იყო საკმარისი ივლისში, როცა ამაზე ვსაუბრობდით სამეცნიერო კონფერენციაზე თაუზის კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ შევთავაზეთ კომუნიკე პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ნეიტრალური პოზიციიდან გამომდინარე, ვთავაზობდით გადავსულიყავით სამშვიდობო პლატფორმაზე, რადგან ეს ეხებოდა არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს, არამედ უშუალოდ საქართველოს. უფრო მეტიც, საქართველოს რეაქცია უნდა ჰქონოდა, როცა აზერბაიჯანის მხრიდან გაცხადდა ბირთვული საფრთხის შესახებ, რადგან ეს შემთხვევითი მესიჯები არ იყო“, - აცხადებს ცირა ბარამიძე for.ge- სთან საუბარში.
ერთი ეს წაიკითხეთ რაებს მიქარავენ:
ბმული
იიიიიიიიიიიიფფფ