რა ურჩია ვარდან სედრაქიანმა ივანიშვილს და პუტინს?

რა ურჩია ვარდან სედრაქიანმა ივანიშვილს და პუტინს?

თუ სომხურ პრესას ვერწმუნებით, სომხეთის პრეზიდენტობის მითოლოგმა კანდიდატმა, ვარდან სედრაქიანმა პრემიერ ივანიშვილსა და პრეზიდენტ პუტინს ურჩია, გადაედოთ თავიანთი საქმიანი ვიზიტები სომხეთში, რადგან მათმა ჩამოსვლამ შესაძლოა საარჩევნო გარემოზე გავლენა მოახდინოს. კერძოდ, სედრაქიანის აზრით, მეზობელი სახელმწიფოების ლიდერების ჩამოსვლის მიზანია ამჟამინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის მხარდაჭერა. "საქართველოსა და სომხეთს შორის წარმოიშვა გადაუდებელი საკითხები, სწორედ ამიტომ აპირებს პრემიერი ივანიშვილი ერევანს ეწვიოს. პრემიერი ერევანში ჩამოდის, რათა მხარდაჭერა გამოუცხადოს სერჟ სარქისიანს. მე ვურჩევ მას, თავი შეიკავოს ამისგან."- განაცხადა სედრაკიანმა პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება პუტინს, სედრაქიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სარქისიანი სწორედ პუტინმა დანიშნა პრეზიდენტად და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჩამოსვლას სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვამს.

უმუშევარმა მითოლოგმა და ეპიკური პროზის სპეციალისტმა ვარდან სედრაქიანმა ქართველი საზოგადოების ყურადღება ცოტა ხნის წინ მიიპყრო, როდესაც განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს აღიაროს როგორც ყარაბაღის (არწახის), ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.:

"მე, როგორც სომხეთის პრეზიდენტი, ვაპირებ, ვაღიარო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ისევე, როგორც არწახელ სომხებს აქვთ უფლება, გამოვიდნენ აზერბაიჯანის შემადგენლობიდან და დედა სომხეთთან შეერთდნენ, აფხაზებსა და ოსებსაც აქვთ უფლება, გამოვიდნენ საქართველოს შემადგენლობიდან და თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები შექმნან". სედრაქიანის განცხადებით, ამის შემდეგ იგი ნახჭევანისა და სამცხე-ჯავახეთის საკითხზეც დაფიქრდება, რადგან აუცილებელია სომხეთს საერთო საზღვარი ჰქონდეს რუსეთთან. სედრაქიანს, გამარჯვების შემთხვევაში ასევე განზრახული აქვს პარლამენტი დაითხოვოს.

სედრაქიანის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან მის მიმართ ბევრი ბრალდება გაისმა. ძირითადად მას სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მოღვაწეობაში სდებენ ბრალს. ბრალდებას, რომ მას ირანი აფინანსებს, სედრაქიანმა უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ თავიდან მას რუსეთის აგენტობაშიც სდებდნენ ბრალს, ახლა კი მისი მოწინააღმდეგეები ირანით აპელირებენ. სომხეთში არც ის გამოეპარათ, რომ მიუხედავად უმუშევრობისა, სედრაქიანი ეგზოტიკურ კურორტებზე ისვენებს და ძვირადღირებული მანქანითაც დადის. სედრაქიანი ამ ბრალდებასაც გაზვიადებულად მიიჩნევს და აცხადებს რომ არც უჭირს და არც ოლიგარქივით ცხოვრობს.

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დარჩა და რაც ყველაზე საინტერესოა, ვარდან სედრაქიანი გამარჯვების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მოიაზრება. უფრო სწორად, ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ პრეზიდენტის ტიტულს კვლავ სარქისიანი შეინარჩუნებს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მომხრეები არც სედრაქიანს აკლია. თავად სედრაქიანი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ხმათა 81 პროცენტს აიღებს.