„შეიძლება, დღეს ჩვენთან არ არის ეს ცეცხლი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ამ სიტუაციიდან ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდეს“

„შეიძლება, დღეს ჩვენთან არ არის ეს ცეცხლი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ამ სიტუაციიდან ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდეს“

პროფესორი, კავკასიოლოგი ცირა ბარამიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ინსპირატორი-რუსეთი ამ კონფლიქტის გაჩაღებით მიანიშნებს, რომ ევროკავშირის გეოპოლიტიკური ალიანსისკენ სწრაფვა უნდა შეჩერდეს სამხრეთ კავკასიაში.

გამოითქმის მოსაზრება, რომ ალიევი ამ ომს საკუთარი საზოგადოების კონსოლიდაციისთვის იყენებს და გამიზნულად შეარჩია კორონაპერიოდი, როცა მსოფლიოს არ სცალია კონფლიქტში ჩასარევად. იზიარებთ ამ შეფასებას?

- ცალმხრივი ბრალდებები ორივე მხრიდან ისმის. ჩვენ, ექსპერტები ბაქოში ამის შესახებ აღვნიშნავდით კიდეც, როცა თაუზის (ქალაქი აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში) კონფლიქტი იყო, დასკვნა დავწერეთ და კომუნიკე გავუგზავნეთ საქართველოს ხელისუფლებას ქმედებისთვის, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. სომხეთსა და აზერბაიჯანს ორივეს აქვს მოტივაციაც და ორივეს აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს წაუყენონ პრეტენზიები, დე იურე და დე ფაქტო პრობლემის არსებობა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ეს არის ისტორიული მემკვიდრეობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და დღეს ეს კრიზისი შესულია მწვავე ფაზაში. ჩემი აზრით, ეს არის უმართავი სიტუაცია, ჩვენ რეალურად არც ვიცით, კონფლიქტის ზონაში რა ხდება. იქ არ არის ეუთოს წარმომადგენლობა, არ არის არანაირი შესაძლებლობა, მონიტორინგი ჩატარდეს და გავიგოთ, რა ხდება. ერთადერთი, რა ინფორმაციასაც ორივე ქვეყანა ავრცელებს, ამ ინფორმაციას ჩვენ ვხარშავთ და, ცხადია, ეს ინფორმაციები სუბიექტური იქნება. ჩემი აზრით, სამხრეთ კავკასიაში დაძაბული ვითარება უფრო დიდ გეოპოლიტიკურ ამოცანას ემსახურება, ვიდრე ეს ლოკალური კონფლიქტია.

თქვენ, ალბათ, გულისხმობთ რუსეთის ინტერესებს, რადგან მუდმივად რუსეთის ინტერესში იყო კავკასიაში ცხელი ზონების შექმნა. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მდუმარე რუსეთის ფონზე მეტისმეტად გააქტიურებულია სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესების მქონე თურქეთი.

- დიახ, შემთხვევითი არ არის ამ კონფლიქტის გააქტიურება, ჯერ კიდევ ზაფხულში ვსაუბრობდით ამაზე, ზუსტად ვიცოდი, რომ იმ კრიტიკულ მომენტში, როცა საქართველოში ნატოს წვრთნები უნდა ჩატარებულიყო, შემოდგომაზე მწვავე პოლიტიკური ვითარება უნდა ყოფილიყო, ეს თემა გააქტიურდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველო, რომელიც დღეს თითქოს ნეიტრალურ ზონაშია, პირდაპირაა ჩაბმული გეოპოლიტიკური ასპექტით ამ კონტექსტში, რა კონტექსტითაც დღეს ყარაბაღის კონფლიქტი გასცდა ყარაბაღის საზღვრებს და ფართომასშტაბიან სივრცეში გადადის. მთავარი გეოპოლიტიკური ამოცანა დღეს არის ევრაზიული კავშირი ან ევროპის კავშირი, ანუ ორი დიდი გეოპოლიტიკური სივრცე. ევრაზიული კავშირი ეს არის რუსული სივრცე და რუსული გეოპოლიტიკური ალიანსი, სადაც საქართველოს შეთრევაა განსაზღვრული, ამისთვის ხდება ეს ყველაფერი საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მეორე ალტერნატივა ეს არის ევროკავშირი, რომლისკენაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა მიისწრაფვის ევროინტეგრაციის გზაზე. მოცემულ შემთხვევაში, ეს არის ორი დიდი გეოპოლიტიკური ბლოკის შეჯახების არეალი - სამხრეთ კავკასია და ეს სიტუაცია, სამწუხაროდ, უმართავია სხვა დიდი პოლიტიკური მოთამაშეებისგან. ერთადერთი, ინფორმაციის ფლობა და მართვა შეუძლია მხოლოდ იმას, ვისი ჯარიც დგას ამ ტერიტორიებზე, ვგულისხმობ რუსეთს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს თავისი გეოპოლიტიკური „დამაშნიე ზაგატოვკები“ და საფუძვლები გააჩნია, მათ შორის, ჯარი სომხეთში და არა მარტო სომხეთში, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით. სამწუხაროდ, ევროკავშირის მონიტორინგი მოცემულ შემთხვევაში ძალიან მცირეა. ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რუსეთი ამით აცხადებს, სამხრეთ კავკასია ჩემი ზეგავლენის სფეროა, ის ვერ შევა ევროკავშირში. 2008 წლის ომს მოჰყვა საერთოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ალიანსი, ეს იდეა პოლონეთმა და შვეიცარიამ წამოაყენეს, რადგან იმ ომმა ნათლად დაანახა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ევროკავშირის მულტილატერალიზმის პოლიტიკა არ იყო საკმარისი და ის უნდა დავიწროებულიყო, კერძოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ვგულისხმობ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსის, მოლდავეთის შესვლით ევროკავშირში. ყველა ამ ქვეყანაში დღეს ანთია დიდი ცეცხლი და ეს არ არის შემთხვევითი. აქ გავლენის სფეროები არის რუსული არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისით.

ევროკავშირის გეოპოლიტიკური ალიანსისკენ სწრაფვა უნდა შეჩერდეს, სწორედ ამას ამბობს ამ კონფლიქტის ინსპირატორი რუსეთი.

თუკი რუსეთი ერთპიროვნულად მართავს სამხრეთ კავკასიაში მოვლენებს, მაშინ ხომ არ უფერულდება აზერბაიჯანული ინტერესები ტერიტორიის დაბრუნების შესახებ?

- არა, მეორე მხრივ, ეს არის აზერბაიჯანის პრეტენზია ტერიტორიის თვალსაზრისით. ყარაბაღი შედის აზერბაიჯანის შემადგენლობაში გაეროს რეზოლუციით. მოკლედ, აზერბაიჯანს თავისი პრეტენზიები გააჩნია, სომხეთს - თავისი პრეტენზიები.

ძალთა ბალანსი ვის სასარგებლოდ გადაიხრება?

- შეიძლება, დღეს ჩვენთან არ არის ეს ცეცხლი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ამ სიტუაციიდან ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდეს. რაც შეეხება ძალთა ბალანსს, თქვენ ახსენეთ გააქტიურებული თურქეთი და მდუმარე რუსეთი. მე პირიქით გეტყვით, რა თქმა უნდა, თურქეთს აქვს გენეტიკური კავშირი აზერბაიჯანთან და თანადგომას უცხადებს არა მარტო კონფესიური, არამედ გენეტიკური და შეიძლება სხვა ნიშნითაც, რასაც დადასტურება სჭირდება, მაგრამ რუსეთი პირიქით მოუწოდებს დეესკალაციისკენ. თავიდან, როცა განახლდა ეს კონფლიქტი, წინა დღეებში სწორედ ასეთი იყო რუსეთის რიტორიკა, მაგრამ, სინამდვილეში, მოდით, ვთქვათ, ვინ გაააქტიურა თაუზის კონფლიქტი ჯერ კიდევ ივლისში? სწორედ ამით დავადგენთ, რომ ინსპირატორი შეიძლება ის ე.წ. სახელმწიფო იყოს, რომელიც დღეს დეესკალაციისკენ მოუწოდებს მხარეებს. ანუ არც თურქეთი და არც რუსეთი მოცემულ შემთხვევაში უარს არ იტყვის დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩართვაზე, ორივეს თავისი ინტერესი გააჩნია, უბრალოდ, რუსეთს აქ უფრო მეტად აქვს თავისი გავლენები, ვიდრე თურქეთს. აქედან გამომდინარე, კონფლიქტი არ არის არც ლოკალური, არც რეგიონული, ეს არის კლასიკური ფორმა, როდესაც სამხედრო თვალსაზრისით ისეთი საფრთხეები გაჩნდა, ბირთვული საფრთხის ჩათვლით, როცა საქართველო შეიძლება გამოყენებულ იქნას შავი ტრანზიტის ზონად, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი რეგიონისთვის. კონფლიქტი შევიდა კონვენციურ ფორმაში ჯერ კიდევ თაუზის კონფლიქტის დროს. რატომ გადავიდა კონფლიქტი თაუზის რეგიონისკენ? რატომ არ დაიწყო ყარაბაღში? რადგან თაუზის რეგიონში გადის მთავარი ენერგომატარებლები. ეს არის ბაქო-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-ყარსი, ანუ რაც კი ენერგო ტრანზიტია, თაუზთან რამდენიმე კილომეტრშია თავმოყრილი. ამით კონფლიქტის ინსპირატორმა - რუსეთმა პირდაპირ განაცხადა, ახლა დავაჭერ დანას და გადავუსვამ ენერგომატარებლებს ხაზს. ამით ის ემუქრებოდა არა მარტო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და იყენებდა ამ კონფლიქტს თავისი ინტერესების სასარგებლოდ, არამედ მთელ საერთაშორისო მეგობრობას, განსაკუთრებით, ევროკავშირს და ევროატლანტიკურ ალიანსს, რომ რუსეთის გავლენის სფეროში მათი გავლენები ვერ გატარდებოდა. სომხეთში, გიუმრში, სადაც დგას რუსეთის ჯარი, თუ კონფლიქტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება, რამდენადაც კანონმდებლობით მახსოვს, პირდაპირ ხელისუფლება გადაეცემა რუსულ მმართველობას, ანუ სამხედრო მმართველობა იქნება რუსული. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ თურქეთის ფაქტორსაც. პირდაპირ ვამბობ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სომხეთი რუსეთის მძევალია, ხოლო საქართველო უფრო ცუდ მდგომარეობაშია ახლა, რადგან საქართველომ ბეწვის ხიდზე გავლა უნდა შეძლოს. თუმცა ამ ბეწვის ხიდზე მაინცდამაინც სწორად ვერ გავდივართ, რადგან საქართველოს პროკურატურის მხრიდან ზუსტად ახლა გააქტიურდა დავით გარეჯის საკითხი. ისტორიულად ასე იყო, როცა დასჭირდებოდა, რუსეთი სომხეთს ეხმარებოდა, როცა დასჭირდებოდა, აზერბაიჯანს უწევდა დახმარებას, რომ ეს კონფლიქტი არ გადაწყვეტილიყო. გაყინული მინსკის სამიტი და გაყინული კონფლიქტი რუსეთს ხელს აძლევდა და, როცა დასჭირდებოდა, მაშინ აამუშავებდა ამ კონფლიქტს. მართლაც დასჭირდა ახლა, როცა კრიტიკული მომენტი დგება და საქართველოშიც არჩევნების დრო ახლოვდება.

ისევ თაუზის კონფლიქტს დავუბრუნდები, როცა ჩვენ ჩავატარეთ კონფერენცია და მოვიწვიეთ პარლამენტის კომიტეტის წევრები, მათ ვერ მოიცალეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის. როგორც გითხარით, გავუგზავნეთ კომუნიკე და ჩანაწერი პირველ პირებს, მაგრამ არ მოგვსვლია არანაირი შეტყობინება. არადა, თაუზის კონფლიქტი პრობლემურია ჩვენთვისაც, რადგან ის დედოფლისწყაროდან 40 კილომეტრშია და იქ გადის ჩვენი ძირითადი ენერგომატარებლები. აქ არის გეოეკონომიკური პრობლემაც, გეოეკონომიკური სტრატეგია კი არ არსებობს გეოპოლიტიკური სტრატეგიის გარეშე და, თუ ეს სტრატეგია დაზარალდება, ამით დაზარალდება საქართველოც. ჩვენ პრობლემის წინაშე იმიტომაც ვართ, რომ ნახევარ მილიონზე მეტი სომეხი და ამდენივე ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე. საომრად წასვლის პრეცედენტები იყო წინა კონფლიქტის დროს ზაფხულში და პატრიოტული მოტივაციით სომხები და აზერბაიჯანელები გარბოდნენ ამ კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად, ეს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეა ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ეს არ უნდა დაუშვას საქართველომ და არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები, მათ შორის იყოს ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება. ჩემს აუდიტორიაში გვერდიგვერდ სხედან აზერბაიჯანელები და სომხები და მეგობრობენ კიდეც.

საქართველოს შეეძლო მშვიდობიანი პლატფორმის შეთავაზება გაცილებით ადრე და ის ეფექტური იქნებოდა. დღეს რამდენიც არ უნდა ელაპარაკონ აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეჩერდნენ, სანამ არ მივა კიდევ უფრო მძაფრ კონდიციამდე ვითარება, ეჭვი მაქვს, მისი დეესკალაცია შეუძლებელი იქნება.

 

 

Katana *ეტყობა, ამ ქალბატონმა კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის პანაცეა აღმოაჩინა და გაბრაზებულია ხელისუფლებაზე, რომ არ დაუპატენტეს.

*მე არ ვიცი, ექსპერტის წოდებებს რომელი ორგანიზაცია არიგებს, მაგრამ სამეცნიერო რეგალიების არმქონე მოკვდავთათვის ცნობილია, რომ ველურ ბუნებაში ცხოველებსაც გააჩნით საკუთარი ტერიტორიები და მის საზღვრებს შარდით მონიშნავენ ხოლმე. სხვა ცხოველების მიერ ამ საზღვრის დარღვევას აუცილებლად მოსდევს სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებები.

*რატომ არ შეგვიძლია ზუსტად ასე შევხედოთ ყარაბახის პრობლემას? - იყო ეს ტერიტორია აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ხომ? (ზოგისთვის ბედის უკუღმართობით და ზოგისთვის - პირიქით!).
წაართვეს ომით.
30 წელი ელოდა მშვიდობიანი გზებით მის გადაწყვეტას აზერბაიჯანი, მაგარამ ამაოდ...
მაშინ მე თვითონ მივხედავ ამ საქმესო, - ალიევმა, - და იქამდე არ გავჩერდები, სანამ საბოლოოდ არ გადავწყვეტო!..
თურქეთმაც, - ძმა ხარ ჩემი და მიგულე შენს გვერდითო!..
ძალიან მარტივად და გასაგებად - ყოველგვარი ბოროტი აჩრდილების ძებნის გარეშე!

* "საქართველოს შეეძლო მშვიდობიანი პლატფორმის შეთავაზება გაცილებით ადრე და ის ეფექტური იქნებოდა."
ვითომ?
უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო, - იცით ეს ანდაზა?
ვისი კონფლიქტი უნდა მოვაგვაროთ, საკუთარის ვერმომგვარებლებმა?!
ან, რა უნდა შეეთავაზებინა საქართველოს იმისთანა, ე.წ. მინსკის ჯგუფის წევრებმა - აშშ-მ, საფრანგეთმა და რუსეთმა რომ ვერ შესთავაზეს?!
მაინც, რა უნდა გვეთქვა ალიევისათვის, - დაანებე თავი ამ ყარაბახს, ვითომ არა გქონიაო?!
თუ სომხეთი დაგვიჯერებდა, - შეეშვი ერთი!.. ნეტა რა ჭირად გინდა ეს მთიანი ყარაბახიო?!
4 წლის უკან