დღეს საქართველოში დიზელის საწვავზე მოქმედებს სტანდარტი, რომელიც EURO-4-ს შეესაბამება, თუმცა 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები და ის გაუთანაბრდება EURO-5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს.
მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც EURO-4, ასევე EURO-5-ის სტანდარტის შესაბამისი საწვავის იმპორტი. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბიაჯანიდან - 159,3 ათასი ტონა (38,0%); შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99,5 ათასი ტონა (23,7%); რუმინეთი - 56,0 ათასი ტონა (13,4%); თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%); ბულგარეთი - 20,4 ათასი ტონა (4,9%).
თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ახორციელებენ იმპორტს, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ვინაიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ხორციელდება EURO-4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი.
აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური განცხადებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ხორციელდებოდა არსებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება, რათა მათ შეეძლოთ EURO-5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის წარმოება. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების გადაიარაღება უნდა დასრულებულიყო 2020 წლის ბოლომდე. თუმცა კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეაფერხა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროცესი და მისი დასრულების ვადა გადაიწია 2021 წლის ბოლოსთვის. ასევე მათივე განმარტებით, დღეს საქართველოში იმპორტირებული დიზელის საწვავი მხოლოდ ერთადერთი კომპონენტის - გოგირდის შემცველობით - ჩამორჩება EURO-5-ის სტანდარტს, თუმცა ფაქტიურად მიახლოებულია ამ მაჩვენებელს.
შესაბამისად, აზერბაიჯანული მხარე მიმართავს საქართველოს მთავრობას, მოხდეს დიზელის საწვავზე EURO-5 სტანდარტის მიღების 1 წლით გადავადება. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“-ს თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, დიზელის საწვავის იმპორტი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ვეღარ განხორციელდება.
ვანო მთვრალაშვილი: - ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უახლოესი ისტორიის ყველა ძნელბედობის ჟამს გვერდით ედგა. ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ ადგილობრივ ბაზარზე აღარ იქნება პროდუქტი, რომელიც 10-15 თეთრით უფრო იაფია.
უნდა აღვნიშნოთ, რომ დიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვ. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა ფიქსირდება.
უნდა ითქვას, რომ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება, რომლის შემცირებასაც ემსახურება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის შემოღება, შესაძლებელია არც შეიცვალოს, ვინაიდან საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით 86% შეადგენს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა მოძველებული ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, გამონაბოლქვი აირის ზემოქმედება გარემოზე თითქმის იდენტურია ევრო 4 და ევრო 5 სტანდარტის დიზელის საწვავის შემთხვევაში.
ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭიროა, რომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ხდებოდეს საავტომობილო პარკის განახლებაც, რაც სამწუხაროდ სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ხორციელდება. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წელს დაფიქსირებულია 1 374 431 რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოპარკის 48% შეადგენს 20 წელზე ძველ სატრანსპორტო საშუალებებს, 38,7% - 11-20 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 7,3% - 7-10 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 3,8% - 4-6 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 1,7% - 1-3 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 0,5% - 1 წლამდე სატრანსპორტო საშუალებებს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სატრანსპორტო საშუალებებზე ეკოლოგიური სტანდარტი, რის გამოც საქართველოში შეუზღუდავად ხორციელდება დაბალი ეკოლოგიური კლასის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი ასწრებდა კიდეც საწვავის ხარისხობრივ სტანდარტს.
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან სილაგავას თქმით, სტანდარტის გადავადება ძალიან მნიშვნელოვანია:
ლევან სილაგავა: თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანია ეტაპობრივად უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლა, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიცით, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემები არის ქვეყანაში, მთავრობის მოწოდებაა, რომ დავიცვათ ბალანსი ეკონომიკასა და გარკვეულ გამოწვევებს შორის და სწორედ ეს ერთ-ერთი გამოწვევაა ეს საკითხიც. ცხადია EURO-4-ის დიზელი 10-15 თეთრით გაცილებით იაფია EURO-5-ის სტანდარტის დიზელზე. შესაბამისად, ეს არის სერიოზული კორიდორი იმისა, რომ თვითონ მწარმოებლებს და დისტრიბუციას, თავისთავად ყველას კალკულაცია მიბმულია ნედლეულის გადაადგილებაზე საქართველოში და შესაბამისად, ამას ძალიან სერიოზული ადგილი უკავია კალკულაციაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ამ არაორდინალურ სიტუაციაში, ეს გადავადება მოხდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პროცესი იყო გეგმიური, არაერთ შეხვედრაში მივიღეთ მონაწილეობა როგორც მწარმოებელთა ფედერაციამ და ვიცით, რომ ეს სტანდარტი უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ პანდემიამ ყველა ქვეყანას შეუშალა ხელი თავიანთ საქმიანობებში. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან გვჭირდება ფასების სტაბილიზაცია. ყოველი გაძვირება სერიოზულად ურტყამს ეკონომიკას და თითოეული კომპანიის პროდუქციის თვითღირებულებას. ამიტომ, ამ სტანდარტის გადავადება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და ფასების სტაბილურობისთვის.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი, სამ მნიშვნელოვან ფაქტორს ასახელებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკოლოგიური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის:
დავით მესხიშვილი: ამ შემთხვევაში მთავარია პრიორიტეტების სწორად დალაგება. რას გვაძლევს არგადავადება და რამდენად შეესაბამება იმ საკითხებს, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენ საწვავის ხარისხზე მოთხოვნებს ვამკაცრებთ, მაგრამ გვავიწყდება ამ დროს ავტოპარკი რა მდგომარეობაში გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ევრო-5-ის დიზელი უნდა ჩავასხათ აბსოლუტურად ამორტიზირებულ ტექნიკაში, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში და იმ მანქანებში, რომლებიც მხოლოდ ევრო-2-ის სტანდარტს თუ პასუხობენ. ეკოლოგიური თვალსაზირისით, ეს არაფრის მომცემი არ არის. საწვავის ხარისხი უკვე თავისი სტანდარტებით დგას წინ, ვიდრე სატრანსპორტო საშუალებები. სახელმწიფოს სამწუხაროდ, საერთოდ დაავიწყდა ავტოპარკი. საქართველოში არის ხელშემწყობი გარემო, რომ შემოვიდეს ძველი ავტომობილები, რომელიც არის ევრო 2, ევრო 3-ის შესაბამისი სტანდარტის. ანუ, საწვავის სტანდარტები მიდის წინ და ავტომობილის სტანდარტები არის დარჩენილი უკან.
მეორე, თუ ჩვენ ევრო 5-ს ვთხოვთ აზერბაიჯანის მხარეს, მაშინ აზერბაიჯანი უნდა გავიდეს ჩვენი ბაზრიდან და ამ ბაზარს დაიკავებს მთლიანად რუსეთი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ეს არის დაუშვებელი, ამის გაკეთება, უბრალოდ, არ შეიძლება. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში იყო კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები და გასაგები მიზეზების გამო აზერბაიჯანმა ბოლომდე ვერ მოახერხა გადაიარაღება და იმ სტანდარტის მიღწევა რასაც ჩვენ ვითხოვთ, მათ ამისთვის აუცილებლად უნდა მიეცეს დამატებითი ვადა და მთავრი საკითხი - რისთვის გვინდა ჩვენ უკეთესი ხარისხის საწვავი? გვჭირდება, პირველ რიგში, გარემოს გაჯანსაღებისთვის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ საწვავის ხარისხის გაუმჯობესებით, ეკოლოგიური მდგომარეობა არ გამოკეთდება იმიტომ, რომ ავტოპარკი პრაქტიკულად არის ამორტიზირებული, რომელმაც ამოწურა თავისი თავი და ასეთ ტრანსპორტში, თუნდაც საუკეთესო საწვავის მოხმარებით, ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ გავაუმჯობესებთ.
და მესამე ფაქტორი - ძირითადად, დიზელის საწვავი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ამ სტანდარტის შემოსვლა გამოიწვევს, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაძვირებას. ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოგვიტანოს. ამიტომ, მე მჯერა, რომ ყველა ეს ფაქტორი გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს მიერ. ერთი წლის წინ, ასეთი გონივრული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ვფიქრობ, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ჩვენს მეგობარ ქვეყანას გაუხანგრძლივებენ ვადას, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს საწვავის ხარისხი. ამის პარალელურად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ქვეყანაში ავტომობილების პარკის განახლებაზე და გაუმჯობესებაზე.