კორონავირუსის გამოჩენამდე საქართველოში ონლაინკურსებით დიდად არ ინტერესდებოდნენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში პირად კონტაქტს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
განსხვავებულად ფიქრობდნენ უცხოელები, ზოგიერთი მათგანი თვლიდა, რომ ვირტუალური ურთიერთობები უფრო გულახდილი და ბუნებრივი იყო და დისტანციური სწავლებისას სტუდენტები მასწავლებთან დამეგობრებას უფრო მეტად ახერხებდნენ, ვიდრე უშუალო კონტაქტისას.
ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა, რაც ონლაინსწავლებას გააჩნია, დაბალი ფასები, ან სულაც უფასო კურსებია, რაც უზომოდ გაზრდილი განათლების საფასურის გამო ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.
არსებობს ვარაუდი, რომ სამომავლოდ ონლაინპლატფორმამ შეიძლება უნივერსიტეტები ჩაანაცვლოს.
რა მოგვიტანა პირველმა დისტანციურმა სწავლებამ, როდესაც გარკვეული პერიოდი ჩაკეტილები ვიყავით?
ექსპერტი განათლების საკითხებში, „საქართველოს განათლების ლიგის“ თავმჯდომარე მანანა ნიკოლაიშვილი for.ge-სთან საუბარში ონლაინკურსების ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი განმარტებით, ძირითადად ონლაინგაკვეთილებზე შემოდიან ის მოსწავლეები და სტუდენტები და ბოლომდე რჩებიან გაკვეთილის და ლექციის მსვლელობისას, ვისაც სწავლა აინტერესებს. მშობლები ამ საკითხში ვერ ერევიან, ამიტომ დანარჩენი ბავშვები შემოვლენ ონლაინსწავლებისას ინტერნეტში და გავლენ.
„თქვენ იცით, რომ მასწავლებელს უფლება არ აქვს, მოსთხოვოს ბავშვს, ჩართოს მიკროფონი და ვიდეოთვალი? ამის უფლება კანონმდებლობით არ გვაქვს. ეს ბავშვის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აქ პრობლემაა ის, რომ ან არ ასრულებს ბავშვი დავალებას, არც დისტანციურად პასუხობს არაფერს, არც გიჩვენებს დავალებას. ასეთ დროს რა უნდა გააკეთო? ჯერ ერთი, უმეტესობა შემოდის და მერე გადის ინტერნეტიდან. საერთოდ, კვლევებით დადგენილია, რომ დისტანციური სწავლების დროს გადაცემული მასალის ათვისება ხდება მინიმალური 10-20%-ით. ამერიკის მსგავს მდიდარ, განვითარებულ, მაღალი ხარისხის ინტერნეტის, რესურსების მქონე ქვეყანაშიც კი დისტანციური სწავლებით შეიძლება მიაღწიო გადაცემული მასალის ათვისებას 30%-ით, ისიც მაშინ, თუ თავს მოიკლავს ბავშვი სწავლით და მაგრად მოემზადება“,-აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.
ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოში საუკეთესო რესურსებსა და საუკეთესო საიტებზე არც მასწავლებელს და არც მოსწავლეს არ მიუწვდება ხელი, ამისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა გადასახდელი.
„რაც შეეხება ტელესკოლის პროექტს, სულ თავიდან ეს ჩემი იდეა იყო, ტელესკოლა უფრო ეფექტურია იმ ბავშვებისთვის, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, ან კომპიუტერი არ აქვს, ან არ არის კონკრეტულ სოფელში ინტერნეტი შეყვანილი. არ მაქვს იმის დრო, თავიდან ბოლომდე ტელესკოლას მივადევნო თვალი, მაგრამ ტელესკოლა ეს არის ხსნა და გამოსავალი ინტერნეტის არქონისას. ისე, ტელესკოლა ვიზუალურად უფრო გამართულია, ვიდრე ინტერნეტგაკვეთილები, რადგან მაღალი ხარისხის ინტერნეტი 99%-ს არ აქვს. ჭედავს ინტერნეტი, ვარდება ბავშვი ინტერნეტიდან, მერე ისევ შემოდის, სისტემა ვერ იმართება, კატასტროფაა. ასე რომ, დისტანციურ სწავლებასთან შედარებით ტელესკოლა ბევრად ეფექტურია“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი ფიქრობს, რომ, ზოგადად, საქართველოში ონლაინსწავლებამ ძალზე უარყოფითი შედეგი მოიტანა. ამის შესახებ კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ კვლევის გარეშეც პედაგოგები ამბობენ, რომ ერთი-ორი ბავშვი თუ ესწრებოდა ონლაინგაკვეთილებს.
„30 ბავშვიდან ორი ბავშვი რომ დაესწრება ონლაინგაკვეთილს, ეს ცუდია. იმ ორი ბავშვიდან კიდევ სახლში დამოუკიდებლად რამდენი სწავლობს, არავინ იცის. მეც მასწავლებელი გახლდით და, ჩემი დაკვირვებით, ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ჩვენს მოსწავლეებში თვითსწავლების, თავის თავზე მუშაობის კულტურა ძალიან ნაკლებია. თუ არ არსებობს ვალდებულება, ნაკლებად ცდილობენ, ისწავლონ. განათლებას უფრო უყურებენ, როგორც ვალდებულებას, ვიდრე თვითკულტურას. აქედან გამომდინარე, ონლაინსწავლებამ ალბათ ვერ გაამართლა და ძალიან ცუდი შედეგები აქვს ამ ტიპის სწავლებას“, - აცხადებს მუხრან გულიაშვილი.