„მე-9 არხის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე და გადაცემა „კონსილიუმის“ ავტორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვასილ მაღლაფერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობამდე შორი არ არის, რადგან პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრების უპრეცენდენტო რაოდენობით არსებობის აღიარება, ზუსტად პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას ნიშნავს.
„ქართულ ოცნებას“ ხალხმა მხარი უპირველესად იმიტომ დაუჭირა, რომ სამართლიანობის აღდგენას მოელოდნენ. დაბალი რანგის მოხელეებისთვის გამოცხადებული შეწყალების ფონზე როგორ გესახებათ ეს პროცესი?
- ამნისტიის კანონი ეხება საშუალო და დაბალი თანამდებობის პირებს, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ. ეს ნიშნავს, რომ მათ დანაშაული უნდა აღიარონ და ის ქონებრივი ზიანი, რაც მათ მოქალაქეებს მიაყენეს, უნდა აანაზღაურონ.
მაგრამ დღევანდელ პირობებში გესახებათ, რომ ეს ადამიანები თავისით აღიარებენ დანაშაულს? მით უფრო, სააკაშვილი და კოტე კუბლაშვილი ჩინოვნიკებსა და მოსამართლეებს მოუწოდებენ, მყარად იდგნენ თავიანთ პოზიციებზე.
- ვფიქრობ, ამნისტიის კანონი ისეთ რამეს გულისხმობს, რომ, ვინც არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და შემდგომ დაუმტკიცდება ეს დანაშაული, ისინი ამისთვის დაისჯებიან. ანუ, ამნისტია შეეხებათ მხოლოდ მათ, ვინც დროულად აღიარებს დანაშაულს. ასე რომ, ეს თვითონ იმ ადამიანების გადასაწყვეტი იქნება. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, წავიდეს კიდეც ამ რისკზე და შემდეგ, როცა დაუმტკიცებენ დანაშაულს, ცხადია, მათ ამნისტია აღარ შეეხებათ. ისე, რასაკვირველია, საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას ელოდება, რომ მათ წართმეულ ქონებას დაუბრუნებენ. ალბათ, უფრო ეფექტური ზომებია მისაღები, რადგან მარტო სასამართლოების იმედად ყოფნა, მით უმეტეს, იმ სასამართლოების, რომლებმაც თავის დროზე უკანონო გადაწყვეტილებები გამოიტანეს, ხელშესახებ შედეგს ნაკლებად გამოიღებს.
ბოლო დროს ჩვენ შევესწარით ორ მმართველ რგოლს შორის დაპირისპირებას. სულ ახლახანს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს დაჰპირდა, რომ იგი აიხდენს თავის მომდევნო „ქართულ ოცნებას“, რასაც ჰქვია სასამართლო რეფორმის გატარება და კუბლაშვილი აღარ იქნება სასამართლოს ყველა რგოლის მაკონტროლებელი. თავის მხრივ, კოტე კუბლაშვილიც არ იხევს უკან და აცხადებს, რომ „მათ ოცნებას ახდენა არ უწერია“. კოტე კუბლაშვილის ასეთი მორიგი მესიჯი რას უნდა ემსახურებოდეს - ეს არის ისევ და ისევ გულის გამაგრება მოსამართლეებისთვის, რომ ისევ უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ?
- დიახ, რაღაც ამგვარი უნდა იყოს. ფაქტია, რომ ამ ტიპის სასამართლო, უფრო სწორად ამ ტიპის „იურიდიული მომსახურება“ მოსახლეობისთვის დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ერთია პოლემიკა თანამდებობის პირებს შორის, თუნდაც, რაც კუბლაშვილმა თქვა, მაგრამ მეორეა, ხომ არ შეიძლება, გამუდმებით ამგვარი პოლემიკის მომსწრენი ვიყოთ?! საბოლოო ჯამში, ან ერთმა მხარემ უნდა გადაწონოს, ან - მეორემ. იმავე წულუკიანსა და კუბლაშვილს შორის ასეთი პოლემიკის დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ახალი სასამართლო გვჭირდება, რადგან, თუ არ იქნება ახალი სასამართლო და მხოლოდ ეს პოლემიკა გაგრძელდება, კარგი და ეფექტური არ იქნება. ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან მალე თავის თავს „მოჭამს“ და, უბრალოდ, მოსაწყენი გახდება.
მოსახლეობას ბევრად მეტი უნდა. უნდა შეიცვალოს ეს სიტუაცია, ახლა ფაქტობრივად გაუგებარია, ვინ არის ამ სამართალზე პასუხისმგებელი. ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია, როცა კრიტიკა აუცილებელია. როცა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კატეგორიულად აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართ არ არსებობს ნდობა, აბა, წარმოიდგინეთ, საზოგადოება როგორ უნდა იყოს ამ სასამართლოს იმედად? ვიმეორებ, თუ ეს პროცესი ასე დიდხანს გაგრძელდა, შემდგომში ეს იუსტიციის მინისტრის მიმართ შეარყევს ნდობას. ამიტომ, კრიტიკის დონეზე არ უნდა დარჩეს ეს ყველაფერი. ახლა თუ კუბლაშვილის სასამართლომ განუწყვეტლივ თავისი საქმე გააკეთა, საბოლოო ჯამში, ეს არავის მოუტანს სიკეთეს.
მოსამართლეების პასუხისგებაზეც უნდა შეგეკითხოთ. მოსამართლეებს ათწლიანი ვადით ნიშნავენ, ზოგიერთი მათგანი შევარდნაძის დროიდან ინარჩუნებს პოსტს, არადა, მათ არაერთი უკანონობა ჩაუდენიათ. როგორ უნდა მოხდეს ასეთი მოსამართლეებისგან სისტემის გაცხრილვა, რადგან ფაქტია, რომ ისინი ახალი ხელისუფლების პირობებშიც ასრულებენ იმ დაკვეთებს, რასაც ნაციონალები უბრძანებენ. დამნაშავე მოსამართლეების მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოჩენა ხომ არ მოიტანს ზიანს, რადგან სამართალი ისეთი რამაა, როდესაც ზედმეტი ჰუმანიზმი დაუშვებელია და ეს საზოგადოების კიდევ მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევს.
- არა მგონია, რომ ჰუმანიზმის გამო ვინმე რამეს აკეთებდეს. ამიტომ სიტყვა „ჰუმანიზმი“ აქ ზედმეტი მგონია, მაგრამ, როდესაც პარლამენტმა მიიღო კანონი პოლიტპატიმრების შესახებ, რაც თავისი არსით უპრეცენდენტოა და მსოფლიოში ამ ტიპის კანონი არ მაგონდება, ამით პარლამენტმა პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტპატიმრების გამოშვებაზე არ აიღო. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია და ძირითადად რატომღაც ამაზე მახვილდება ყურადღება. სინამდვილეში, პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად ეს ნიშნავს, რომ პარლამენტმა ძალიან პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ხელი დაადო, ერთი მხრივ, ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ვინც პოლიტპატიმრებად აქცია ეს ადამიანები და, მეორე მხრივ, იმათი პასუხისმგებლობაც დასვა, ვინც ამ ადამიანების დაჭერა განახორციელა. პირველ რიგში, ესენი არიან მოსამართლეები და პროკურორები. ამით პარლამენტმა საკუთარი თავი აიძულა, რომ სასწრაფოდ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და ამ პროკურორებმა და მოსამართლეებმა დაუყოვნებლივ 13 იანვარს უნდა შეწყვიტონ საქმიანობა, როცა პოლიტპატიმრების შესახებ კანონი ძალაში შევა. აღარაფერს ვამბობ, რომ ეს მოსამართლეები და პროკურორები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. თუ პარლამენტი ამას არ გააკეთებს, მისი მხრიდან ეს არათანმიმდევრულობა და დიდი შეცდომა იქნება. ეს იქნება საკუთარი გადაწყვეტილების აბუჩად აგდება. გარწმუნებთ, ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება თვითონ ამ პარლამენტის ავტორიტეტს. დამეთანხმებით ალბათ, როცა პარლამენტმა დაადგინა, რომ ესა თუ ის ადამიანი პოლიტპატიმარია, ბუნებრივია, ამაში ისიც იგულისხმება, რომ ის ადამიანი ვიღაცამ აქცია პოლიტპატიმრად.
ხოლო, თუ პარლამენტი იტყვის, რომ ამ ადამიანების პოლიტპატიმრებად ქცევაში დამნაშავე არ არის პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი, უშიშროების საბჭოს მდივანი, მაშინ ვიღაც ხომ არის დამნაშავე? თვითონ ხომ არ ჩასხდნენ ეს ადამიანები ციხეში, როგორც პოლიტპატიმრები?! ანდა პროკურორის მიმართ, რომელმაც ეს ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია, ცხადია, ამნისტიაზე საუბარი ზედმეტია. საერთოდ, მე ვფიქრობ, ამ პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ უნდა თქვას, რა არის ის მეორე აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა მოჰყვეს პირველ ნაბიჯს, ანუ, ადამიანების პოლიტპატიმრებად გამოცხადებას. ყველა იმ მოსამართლეს, რომელმაც ამდენი ადამიანის გასამართლებაში მიიღო მონაწილეობა, მექანიკურად უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. აბა, სხვანაირად, როგორ უნდა მოიქცნენ კანონმდებლები? ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა. ამიტომ კითხვები უნდა დავსვათ პარლამენტთან, თუ რა არის მათი შემდგომი ნაბიჯი. დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერონ ამ პროკურორებსა და მოსამართლეებს უფლებამოსილება. ეს მინიმუმ, თორემ, რასაკვირველია, სისხლის სამართლის პასუხისგება უნდა დადგეს.
თუმცა დღემდე საეჭვოა, რა რეაქცია ექნება ამასთან დაკავშირებით დასავლეთს, კვლავაც წამოვა თუ არა მათგან უარყოფითი რეაქცია. წესით, ისინი უნდა გარკვეულიყვნენ საქართველოში არსებულ რეალობასა და სამართლიანობის აღდგენის სურვილში.
- დასავლეთის რეაქცია, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ დასავლეთის რეაქციაზე მეტად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული საქციელი. პარლამენტმა უნდა აჩვენოს მაგალითი, რომ თავად ასრულებს კანონს. თუ პარლამენტმა დასაწყისშივე აჩვენა, რომ თავადვე აბუჩად იგდებს საკუთარ მიღებულ კანონს, რადგან ეს კანონი ეხება არა მარტო პოლიტპატიმრებს, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მოსამართლეებს და პროკურორებს და, თუ პარლამენტი ამაზე თვალის დახუჭვას ეცდება, ეს კანონის მიმართ უპატივცემულობა იქნება. ამიტომ, ჯერ გადაიდგას ნაბიჯები და შემდეგ ვნახოთ, რას იტყვის დასავლეთი. თუ ამას ნაბიჯები არ მოჰყვა და პოლიტპატიმრების კანონმა გაგრძელება არ ჰპოვა, ცხადია, დასავლეთი იტყვის, რომ ესენი არ ყოფილან პოლიტპატიმრები და შეუძლებელია, ქვეყანაში 200 პოლიტპატიმარი ყოფილიყო.
თავის დროზე ნიურნბერგის პროცესი ვერ შედგებოდა, რომ ეფიქრათ, ევროპა რას იფიქრებსო, მაგრამ ნიურნბერგის პროცესი შედგა და ამან სამართლიანობის განცდა დააბრუნა. საქართველოსთან მიმართებით ყველაფერი უკუღმა რატომ არის და რატომ არ სურთ, აღსრულდეს ის სამართალი, რასაც ხალხი ამდენი ხანია, ითხოვს?
- ასე ვერავინ იტყვის, რომ სამართალი არ უნდა აღსრულდეს. ვიღაც კონკრეტული პირი დასავლეთში რას იტყვის, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ, როცა ჩვენმა პარლამენტმა თქვა, რომ ქვეყანაში 200 პოლიტპატიმარი იყო, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შემდგომი ნაბიჯები.
გასაგებია, რომ პოლიტპატიმრები ციხეში დაიტანჯნენ, მაგრამ კანონი იმ მოსამართლეებსა და პროკურორებზეც ხომ უნდა აღსრულდეს, რომლებმაც გადაწყვეტილებები ყალბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანეს? სისხლის სამართლის საქმეებს გარდა, სამოქალაქო საქმეების დიდი ნაწილი გაყალბებული იყო.
- მე რომ ვთქვა, რომ კანონის უფლებამოსილება ყველა დამნაშავე პირზე უნდა გავრცელდეს, ეს იქნება კეთილი სურვილი, მაგრამ ამაზე გვეტყვიან, რომ ეს გაყალბებები ჯერ სასამართლომ უნდა დაადგინოს. ამიტომაც პოლიტპატიმრების საკითხზე ყურადღებას მარტო იმიტომ კი არ ვამახვილებ, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტმა მათი არსებობა უკვე დაადგინა. ასე რომ არ მოხდეს, მოქალაქე ხომ გამოვა და იტყვის, რატომ ტოვებთ ამ დამნაშავე მოსამართლეს და რატომ მიშვებთ ისევ იმავე სასამართლოში, სადაც ისევ ის მოსამართლეა, რომელზეც პარლამენტმა დაადგინა, რომ უკანონო პოლიტპატიმრად აქცია ადამიანები?! ამიტომ, 13 იანვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი, როდესაც დამნაშავეებს თუ არ დააკავებენ, მათზე საქმე მაინც უნდა აღიძრას და საქმეებს უნდა ჩამოსცილდეს ყველა მოსამართლე და ყველა პროკურორი, ვისაც პოლიტპატიმრების საქმესთან შეხება ჰქონდა.
ცხადია, ეს დანაშაული ზემოდან მოდიოდა. სააკაშვილის პასუხისმგებლობამდე, ალბათ შორია, ყოველ შემთხვევაში, არ ვიცით, შორია თუ ახლოა, მაგრამ ხომ არ სჯობს, მანამდე უმაღლესი ეშელონების სხვა დამნაშავე ჩინოვნიკები ჩამოაცილონ სისტემას?
- თქვენ ბრძანებთ, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობამდე შორია, მე კი გეუბნებით, რომ შორი არ არის. ახლა პირდაპირ უნდა ვთქვა, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას, ექსპერტებსა და პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ბოლომდე არ აქვს სწორად გაცნობიერებული, რას ნიშნავს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრების ასეთი რაოდენობით არსებობის აღიარება. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობა შორს კი არ არის, არამედ პარლამენტმა პირდაპირ არაერთგვაროვნად დააყენა პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი. აბა, როგორ შეიძლება, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობდნენ და პრეზიდენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდეს?! ხომ არ შეიძლება, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეს არ სცოდნოდა?! ასე რომ, რადგან პარლამენტმა თქვა „ანი“, უნდა თქვას კიდეც „ჰოე“. ამიტომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობა შორს სულაც არ არის.
მე ვფიქრობ, ამ კანონის მიხედვით, უნდოდა ეს ვინმეს თუ არა, პირდაპირ დგება ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ცალკე საკითხია, ვინმეს მიაჩნია თუ არა, რომ ამ 200 კაცში პოლიტპატიმარი ნამდვილად იყო თუ არა, ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა, თქვენ სხვა აზრი გქონდეთ, სხვას - სხვა აზრი. ფაქტი ერთია, რომ პარლამენტმა ეს უკვე დაადგინა და გვითხრა, რომ პოლიტპატიმრებად ადამიანის ქცევის გამო ამ ხალხმა პასუხი უნდა აგოს. ამიტომ, როგორც კი ამას ხელს მოაწერს ახლანდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პირდაპირ დადგება ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი.
მეც მოუთმენლად ველოდები, პოლიტპატიმრებმა დატოვონ ციხეები, ჩემი მეგობრები არიან იქ, მაგრამ საზოგადოება უნდა ელოდოს, რომ 13-ში ვიღაცები კი დატოვებენ ციხეს, მაგრამ ვიღაცებმა უნდა დაიკავონ მათი ადგილი.
მათი ადგილის დაკავება გასაგებია, მაგრამ დღევანდელი სასამართლო ჩინოვნიკებს მაინც გარეთ უშვებს გირაოთი.
- ამით პარლამენტი ამ მოსამართლეებს უწყვეტს უფლებამოსილებას. შეუძლებელია, პარლამენტმა უთხრას საკუთარ მოქალაქეებს, მე კი დავადგინე, რომ მოსამართლე დამნაშავეა, მაგრამ შენ მაინც ამ მოსამართლემ გაგასამართლოსო. ამიტომ, 13 რიცხვი ზუსტად უნდა გავიაზროთ, რისი გააზრებაც ჯეროვნად არ ხდება.