პოლიტიკური ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ პრეზიდენტი ინვესტორების დაფრთხობას შეგნებულად ცდილობს. სააკაშვილი გარე თუ შიდა მოხმარებისთვის ხშირად ახსენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ახალი ხელისუფლების „თალიბანიზაცია“, ასევე, ხშირად ისმის მისგან, რომ არ უნდა დავუშვათ ნგრევა, რომლითაც ახალი ხელისუფლება ემუქრება, არ უნდა დავუშვათ ქვეყნის უკან დაბრუნება და წარსულთან დაწყებული არასასურველი პაემანი.
გარდა ამისა, სააკაშვილი უცხოურ ვოიაჟებსაც საიმისოდ იყენებს, რომ ახალ ხელისუფლებას ინვესტორები დაუფრთხოს. დასავლეთში მყოფმა სააკაშვილმა ივანიშვილის მთავრობას მოსთხოვა, „უდანაშაულო ხალხის დაჭერა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების და ვაჭრობის გარეშე“ შეწყვიტოს.
პრეზიდენტის ასეთმა რიტორიკამ ახალი ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს რაც ენაზე მოადგება, ყველაფერს ამბობს და არ აწუხებს, რომ მისი ნათქვამი სიცრუეა. კერძოდ, მისი თქმით, პრეზიდენტმა ბოლო დღეებში რამდენიმე განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ, თურმე შეჩერდა საინვესტიციო პროექტები, სასტუმროს და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობები. ამდენად, დავით საგანელიძის აზრით, ძალიან რთულია იმის გაგება და თქმა, რომ პირველი პირი მოსახლეობას ატყუებს, საუბრობს ისეთ თემებზე, რაზეც წარმოდგენაც კი არ აქვს.
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით ქართველი ხალხის მტერი ხდება და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის. კერძოდ, მცდარია მისი ინფორმაცია, თითქოს ხობისწყალზე „ხობი-1“-ისა და „ხობი-2“-ის ჰიდროელექტოსადგურების მშენებლობა, რომელიც 1-ელ იანვარს უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო.
შეძლებს თუ არა სააკაშვილი პოტენციური ინვესტორების დაფრთხობას? ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ინვესტორები ნეტარმორწუნე და გულაჩუყებული პიონერები და კომკავშირლები არ არიან. ამდენად, ინვესტორებს თავიანთი მონაცემთა ბანკი აქვთ და ყველა ინვესტორი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, სწავლობს იმ ქვეყანას, სადაც ინვესტიცია უნდა ჩადოს. ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ასე მოხდა ჩინეთშიც. სანამ ჩინეთში ასეულ მილიარდობით დოლარები ჩაიდებოდა, ამერიკის ბიზნეს-ელიტა სწავლობდა ჩინეთს და ამისთვის მათ დაქირავებული ჰყავდათ ჩინოლოგები. ამერიკაში 30-მდე კვლევითი ინსტიტუტი იკვლევდა ჩინეთში არსებულ ვითარებას და მხოლოდ რეალობიდან გამომდინარე აკეთებდნენ დასკვნებს და არა - რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებიდან. ასევეა საქართველოსთან მიმართებითაც.
„ყველამ იცის, რომ სააკაშვილს ყველა კბილს უფრო ადვილად ამოაძრობ, ვიდრე კარგს ათქმევინებ ბიძინა ივანიშვილზე. ეს ხომ ინვესტორებისთვის საიდუმლო არ არის?! ამიტომ არა მგონია, სააკაშვილის განცხადებები უცხოელი ინვესტორებისთვის დღეს ძვირად ფასობდეს. ინვესტორებს თუ რამე დააფრთხობს, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით არასტაბილური სიტუაციაა. თუმცა ინვესტორი ასე უცბად არ წამოვა ფულის ჩასადებად, მას თვეები დასჭირდება, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს,“-აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისი აზრით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დამაჯერებლად წარდგება ბიძინა ივანიშვილი დავოსის ფორუმზე იანვრის ბოლოს. გარდა ამისა, სააკაშვილმაც მშვენივრად იცის, რას ნიშნავს ინვესტორებთან ურთიერთობა და შეეცდება, მაინცდამაინც ივანიშვილის ხიბლის ქვეშ არ მოხვდნენ ინვესტორები. ასე რომ, პოლიტოლოგის შეფასებით, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა ბევრ სხვა რამეზეც იქნება დამოკიდებული და არა მაინცდამაინც საქართველოში გაკეთებულ განცხადებებზე.
გარდა ამისა, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ, როგორც წესი, ინვესტიციების დრო არის გაზაფხულ-ზაფხული, ზამთარში ფულის ჩადებას არავინ არსად არ იწყებს. ამიტომ მთავარია, შიდასტაბულურობასთან ერთად, საქართველოში ბიზნესი ნამდვილად დამოუკიდებელი იყოს, რაც დამოკიდებულია კანონმდებლობასა და საერთო პოლიტიკურ პასეანსზე ქვეყანაში.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ინვესტიციების შეფერხებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები საკმაოდ ცუდი ჟღერადობისაა არა მარტო ინვესტიციებისთვის, არამედ - ზოგადად ქვეყნისთვის. მით უფრო, რომ არ არსებობს ისეთი რამ, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ რომელიმე პროექტი შეაჩერა, გარდა ლაზიკასი.
ამდენად, პოლიტიკური ექსპერტისთვის ცოტა უცნაურია სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე მან გაერთიანებულ ემირატებში შეიტყო, რომ ვიღაცები თურმე აქ სასტუმროს არ აშენებენ.
„ბუნებრივია, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ადამიანი, რომელიც ორჭოფობს, სადმე ინვესტიცია ჩადოს თუ არ ჩადოს, ცხადია, რომ მაინცდამაინც ხელგაშლილი არ წამოვა საქართველოში. აქ საუბარია, რომ დაპირისპირება აღმასრულებელ ხელისუფლებაში - პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ძალიან ნათელია, ისედაც ჩვენი რეგიონი მაინცდამაინც დიდი სტაბილურობით არ გამოირჩევა. არც ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომლის ბაზარიც მიმზიდველი იყოს. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ უსაფუძვლოდ ჩანს, ვერ ვიტყვი, რომ ინვესტიციების შემოდინებას ძალიან უშლის ხელს, მაგრამ ფაქტია, რომ ხელსაც არ უწყობს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე თქმით, ინვესტიციებს რომ თავი დავანებოთ, თვითონ ქართულ საზოგადოებაშიც გარკვეულ მღელვარებას იწვევს სააკაშვილის ასეთი განცხადებები, რადგან შიში იმისა, რომ პრეზიდენტი რაღაც ცუდს გააკეთებს, საზოგადოებაში ჯერჯერობით კიდევ არსებობს და ამას გარკვეული საფუძვლებიც აქვს. და, თუ ჩვენშია ეს შიში, რა თქმა უნდა, უცხოელი ინვესტორი არ მოიკლავს თავს, რომ მაინცდამაინც საქართველოში ჩადოს ფული.