ბაგრატის ნანგრევი თუ მიშას ტაძარი: რას გვეტყვის იუნესკო?

ბაგრატის ნანგრევი თუ მიშას ტაძარი: რას გვეტყვის იუნესკო?

2009 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ეკლესიასთან შეთანხმებით ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია დაიწყო. ქვეყანაში ამ საკითხზე მსჯელობა დღემდე არ წყდება. მიუხედავად იუნესკოს დამოკიდებულებისა და საზოგადეობაში არსებული კრიტიკული აზრისა, ტაძარი აღსდგა. ექსპერტთა ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ავთენტურობა. გასული წლის ზაფხულში გავრცელდა საპატრიარქოს განცხადებები, რომლის შემდეგაც საბოლოოდ გადაიხედა და სარესტავრაციო გეგმიდან ამოიღეს ტაძრის დასავლეთ ფრთაში შუშის კონსტრუქციები. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას შეფასებით, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ტაძრის რეკონსტრუქციას, ”ეს უკვე არის მიშას და არა ბაგრატის ტაძარი”. მისივე აზრით: ”როგორ შეიძლება ის ძეგლი აღადგინო, რომლის გუმბათიც არ იცი, როგორი იყო? არქიტექტურაში თითო სანტიმეტრს აქვს მნიშვნელობა. ვიღაცის პრიმიტიულ ტვინში ასეთი აზრები იმიტომ გაჩნდა, რომ დაეტრაბახა, ბაგრატის ტაძარი მე აღვადგინეო. ეს უკვე აღარ არის ბაგრატის ტაძარი. მთელს მსოფლიოში მიღებული წესია, რომ ამგვარი ძეგლების აღდგენა კი არა, გამაგრება და კონსერვაცია ხდება”. 
თუმცა, დღეს ამაზე ლაპარაკი ალბათ უკვე ძალიან დაგვიანებულია. ახალ ხელისუფლებას მოუწევს იმაზე ფიქრი, ტაძარმა როგორ შეინაჩუნოს ადგილი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ”ბაგრატის ტაძარმა შესაძლოა, ”იუნესკოს” მფარველობა დაკარგოს”,- ეს განცხადება 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორ ფრანჩესკო ბანდარინისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

რესტავრაციის შედეგად ხდება ძეგლის მფარველობის დაკარგვის საფრთხე ”იუნესკოში”. დაახლოებით რაღაც მსგავსი ხდება ბაგრატის ტაძართან მიმართებაშიც. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან კომიტეტის სხდომა 1-ელ თებერვალს არის დაგეგმილი. არ ვიცი, რამდენად მოვასწრებთ საბუთების მომზადებას იმისთვის, რომ შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობის სიაში ბაგრატი, როგორც ძეგლი. არსებობს რამდენიმე ვარიანტი და ამაზეც ვმუშობთ. თუ საბუთების მომზადება ვერ მოვასწარით, ვითხოვთ, რომ ამ საკითხის განხილვა გადაიდოს”, - განაცხადა გურამ ოდიშარიამ. 

შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარიც

გვთავაზობენ, მოიძებნოს კომპრომისული ფორმა ძეგლის სტატუსის შესანარჩუნებლად. ”იუნესკო” შეეცდება, რომ ელეგანტური ფორმით მოხდეს ახალი საზღვრების დადგენა გელათის ნომინაციაში, სადაც ბაგრატი შესულია არქეოლოგიური ძეგლის სტატუსით. ეგებ, გაკეთდეს ისე, რომ ბაგრატზე მახვილი აღარ დაისვას და ძეგლის სტატუსი გელათმა და მისმა მიმდებარე ტერიტორიამ იტვირთოს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბაგრატიც იქნება მოქცეული”. 

ჩვენ დავინტერესდით, კიდევ რა გზა არსებობს იმისთვის, რომ ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მფარველობის გარეშე არ დარჩეს. გვესაუბრება 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
, რომელიც ტაძრის რეკონსტურქციის ავანგარდში იყო: 

- ვიდრე არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებთ, მოდი, გავიხსენოთ, როგორ მოხვდა ეს ძეგლი იუნესკოს ნუსხაში. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში იუნესკოს ჰქონდა ასეთი პოლიტიკა, რომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის სიძველეები დაჩქარებული წესით და გაიოლებული პროცედურით მიეღო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ჩვენს საზოგადოებაში ამ ძეგლის აღდგენის სურვილი ჩვენამდეც არსებობდა, მაშინ ამის განხორციელება შეზღუდული იყო სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც სახსრები არ გააჩნდა. იუნესკოს ამ ნომინაციაში ბაგრატი შევიდა როგორც ნანგრევი და იმთავითვე გამოირიცხა იქ ქვაზე ქვის დადების შესაძლებლობა.ფაქტობრივად, ქართველ საზოგადოებას პრესპექტივა აღარ ჰქონდა, რომ ამ ნანგრევის აღდგენაზე ეზრუნა. მაგრამ, როდესაც სახელმწიფო და ეკლესია მოძლიერდა, ქართველმა ერმა და ბერმა, ეკლესიამ და სახელმწიფომ გადაწყვიტეს, ეს ნანგრევი, რომელიც საუკუნოვანი ერთობის სიმბოლო იყო, აღედგინათ. 

- მოკლედ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ როდესაც გადაწყდა ამ ტაძრის რესტავრაცია, თქვენ იცოდით, რომ ამით ღიად უპირისპირდებოდით იუნესკოს და მის წესებს?


- ამას წესები არ ჰქვია, ეს არის ნომინაცია, რომელშიც შესული იყო ბაგრატი როგორც ნანგრევი. როცა საკითხი დადგა - იუნესკოს დამორჩილება თუ ტაძრის აღდგენა, ბუნებრივია ქართველმა საზოგადოებამ ტაძრის აღდგენა არჩია. როგორი რესტავრაციაც არ უნდა გაკეთებულიყო, ის იუნესკოს ამ ნომინაციაში უკვე ვეღარ დარჩებოდა. დამერწმუნეთ, გაკეთდა ძალიან მაღალი კლასის რესტავრაცია, რასაც იუნესკოს ექპერტებიც აღიარებენ, უბრალოდ. დღეს არსებული ფაქტობრივი მონაცემებით, ბაგრატი აღარ არის ნანგრევი და ის ამ ნომინაციაში ვერ დარჩება. სამაგიეროდ, იუნესკოს წინადადებაც არის, რომ მოხდეს ბაგრატის ტაძრის რენომინირება, რომ მან ახალი თვისებებით, ახალი ბიოგრაფიით მიიღოს თავისი ღირესული ადგილი.

- თქვენ საზოგადოების გადაწყვეტილება ახსენეთ, მაგრამ საზოგადოებაში ამ საკითხზე კონსენსუსი არ მიღწეულა. ბევრი საქმის მცოდნე თუ რიგითი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ტაძარმა დაკარგა ავთენტურობა. მაინტერესებს, რა ნომინაცია არსებობს იუნესკოში ისტორიული მემკვიდრეობის განსაზღვრისას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ბაგრატმა ამ ნუსხაში შეინარჩუნოს ადგილი?

- რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი ნომინაციები. ეს ძეგლი ამ ნუსხაში აქამდე რომ არ ყოფილიყო და დღეს დამდგარიყო ეს საკითხი, ის შევიდოდა ისევე, როგორც შევიდა დრეზდენის რესტავრირებული კათედრალი, კიევის ტაძრები და ა.შ. აღდგენა უბედურება კი არ არის, შესაბამისი ნომინაცია უნდა იყოს შერჩეული. თვითონ იუნესკო აცხადებს, რომ ბაგრატი დღეს სუკეთესო რეკონსტრუქციის ნიმუშია. ავთენტურობის დაკარგვა კი არ მოხდა, კიდევ უფრო მეტად გამოვლინდა ავთენტურობის ნიშნები. აქედან გამომდინარე, ამ ნომინაციის გაყოფა სრულიად შესაძლებელი და ლოგიკურია და ეს სრულიად ჯანსაღი პროცესია.

- თუმცა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ლაპარაკია არა ნომინაციის გაყოფაზე, არამედ ბაგრატის ტაძრის როგორმე გელათის ნომინაციის ფარგლებში დარჩენაზე…

- ეს საკითხი მუშაობას მოითხოვს. ესეც შესაძლებელია, ამაზე ექსპერტებმა უნდა იმუშაონ, უნდა დავსხდეთ ჩვენ და იუნესკოს წარმომადგენლები და ვიმსჯელოთ, შეიძლება ჯამში სრულიად სხვა ნომინაცია გამოვიდეს. ქალაბატონი მინისტრის მოადგილე რასაც აბობს, ეს არის ერთი შესაძლო გზა. ერთიც მინდა გითხრათ, გადაწყვეტილება 1-ელ თებერვალს არ ხდება, არ ვიცი, რა შეხვედრაზე და გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობენ სამინისტროს წარმომადგენლები, ბაგრატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იუნესკო სავარაუდოდ ზაფხულში მიიღებს. 

- საინტერესოა, რა ურთიერთობა გაქვთ სამინისტროსთან და თუ გამოგდით ეს ყბადაღებული კოჰაბიტაცია?

- ვისურვებდი, ჩვენს ურთიერთობაში უფრო მეტი კოჰაბიტაცია იყოს. რაც დღეს გაიგეს მინისტრმა და მისმა მოდგილემ, ეს ჩვენ კარგა ხანია ვიცით, ნახევარი წელიწადია ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, აუცილებელია ამ საკითხზე ერთობლივი მუშაობა.