"დაბეჯითებით არ მითქვამს, რომ კოალიციას მაინცდამაინც რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება. ვთქვი, ყველაფერი შესაძლებელია-მეთქი. საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ შეიძლება გადაწყვეტილება მივიღოთ კოალიციურ ფორმატში და წარვადგინოთ ერთი კანდიდატი, შეიძლება კოალიციის წევრმა რომელიმე პარტიამ მხარი არ დაუჭიროს ასეთ გადაწყვეტილებას და კანდიდატი დამოუკიდებლად დაასახელოს - ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს. არც ისე დიდი დროა დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ამიტომ ზაფხულის დასაწყისში საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული უნდა იყოს. მაინც ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, კოალიციის წევრთა უმრავლესობა ერთ კანდიდატს წარადგენს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რის სანაცვლოდ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ელჩების გამოწვევა?" / "თუ ბატონი ბიძინას გარდა, კოალიციის სხვა სუბიექტებიც დამიჭერენ მხარს, შესაძლებელია, კენჭი ვიყარო პრეზიდენტობაზე".
"ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში გვიწერია, რომ კოალიციის წევრთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს საპარლამენტო რესპუბლიკას. საპარლამენტო მოდელის შემთხვევაში პრეზიდენტის ფუნქცია ძალიან განსხვავდება მმართველობის სხვა მოდელებში არსებულის¬გან. პრეზიდენტს არ აქვს აღმასრულებელი ფუნქცია, მისი როლი არის უფრო არბიტრის, მედიატორის, კონსტიტუციის დამცველის და ა.შ. უახლოეს მომავალში პარლამენტი დაიწყებს მუშაობას კონსტიტუციის რეფორმაზე და მალე გამოჩნდება, საით მივდივართ. საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში და იმის გათვალისწინებით, თუ ბატონი ბიძინას გარდა, კოალიციის სხვა სუბიექტებიც დამიჭერენ მხარს, შესაძლებელია, მართლა ვიყარო კენჭი პრეზიდენტობაზე. თუ რომელიმე პარტიამ მხოლოდ კონკურსში მონაწილეობისთვის დააყენა ჩემი კანდიდატურა, კოალიციის დანარჩენ წევრებს კი სხვა, ერთობლივი კანდიდატურა ეყოლებათ, მაშინ, ალბათ, არ დავთანხმდები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
"რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, ამაზე მუშაობა მალე დაიწყება და ის ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების მოწყობის კონსტიტუციური მოდელის შეცვლას. მოგეხსენებათ, ორი ცვლილება მზადდება, ერთი ეხება იმას, რომ პარლამენტის ადგილსამყოფლად არ იყოს განსაზღვრული ქუთაისი, დიდი ალბათობით ამას ბევრი დაუჭერს მხარს ოპოზიციაშიც. მეორე ცვლილება კი პოლიტიკური კრიზისის რისკის შემცირებისთვისაა ინიცირებული, ანუ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დაითხოვს მთავრობას და შემდეგ - პარლამენტს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე უფლებამოსილებას შეინარჩუნებს ძველი, ანუ დათხოვნილი მთავრობა. ვფიქრობ, რომ ამ ცვლილების განსახორციელებლად საპარლამენტო ოპოზიციაშიც მოიძებნება დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა. ეს ბოლო ცვლილება თუ არ განხორციელდა, ნოემბრამდე ვიქნებით დამოკლეს მახვილის ქვეშ, რომელიც არავინ იცის, როდის ჩამოვარდება. პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნას შეიძლება ძალიან დიდი კრიზისი მოჰყვეს და, არ არის გამორიცხული, სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლოს, რაც ძალიან სახიფათოა, ვფიქრობ, ეს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული პოლიტიკურ მოთამაშეებსაც. ამ ცვლილების მთავარი ამოცანაა, რომ ხელისუფლება ასრულებდეს საზოგადოების ნება-სურვილს, რაც გამოიხატა პარლამენტის არჩევნებში", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ტერმინ "გარიგებას" ჩვენში რატომღაც უარყოფითი დატვირთვა აქვს - გარიგებაში მაინცდამაინც რაღაცა ცუდს გულისხმობენ. არადა, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება შეთანხმებები პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. გონიერი პოლიტიკოსების მიზანია, როგორმე მოახერხონ და შეთანხმდნენ, რაც თავისთავად ურთიერთდათმობას გულისხმობს, რომლის დროსაც სრულად ვერც ერთი მხარე ვერ შეისრულებს სურვილებს. თუნდაც ის, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი წარუდგინა და არა ის, ვინც მას უნდოდა, დათმობა იყო. პარლამენტმაც დაუთმო პრეზიდენტს და სამთავრობო დაცვის ერთი ნაწილი დაუტოვა პირად დაქვემდებარებაში, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ელჩების გამოწვევის თაობაზე", - დასძენს ვახტანგ ხმალაძე.