საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიჰ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშაზადესთან შეხვედრის შეფასება For.ge-მ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარეს ზაალ კასრელიშვილს სთხოვა.
- აზერბაიჯანის მუფტის საქართველოში ჩამობრძანება ძალიან სერიოზული მოვლენაა. ვფიქრობ, აქ ჩამოსვლასა და მართლმადიდებელი ქრისტიანის - ილია მეორის კავკასიის ლიდერად აღიარებას ისლამურ სამყაროში მას ბევრი არ მოუწონებს და ამის გამო ბევრი წინააღმდეგობა ექნება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სუნიტებისგან მას ისედაც აქვს წინააღმდეგობა. ამდენად, მისი მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა სამაგალითოა და ძალიან კარგი ჟესტია. ეს არის სულიერ, მორალურ ლიდერებს შორის შეხვედრა, რაც წაადგება საქართველო-აზერბაიჯანის სამომავლო კეთილმეზობლურ ურთიერთობას.
მუსლიმანთა საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი პატივიცემით არის განწყობილი მუსლიმანური სამყარო საქართველოს პატრიარქის მიმართ. რით ახსნით მუსლიმანთა ასეთ მიზიდულობას ილია მეორისადმი, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტიანთა სულიერი მამაა?
- ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კავკასიელებმა ვერ გაიგეს, რატომ დაიწყეს ნაციონალებმა ომი, შემდეგ რატომ წააგეს ეს ომი და ამის შემდეგ რას აპირებდნენ. როგორც ჩანს, კავკასიელთა სულიერი ლიდერები შეიკრიბნენ, ითათბირეს და 2009 წლის მარტში ოფიციალური წერილი გამომატანეს კავკასიის ევროპული წარმომადგენლობის სახელით პატრიარქთან, სადაც ისინი პატრიარქს პირდაპირ მიმართავდნენ, რომ თქვენ არა მარტო ქრისტიანი კავკასიელების სულიერი ლიდერი ხართ, არამედ თქვენ ხართ ბრძენი უხუცესი კავკასიელი, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობისთვის იბრძვის. მათ პატრიარქს დამხმარე საშუალებად შესთავაზეს საკუთარი ძალა, შესაძლებლობები და გავლენები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არაქრისტიანი კავკასიელებისათვის მისაღებია ლიდერად და მორალურ ავტორიტეტად, რადგან უწმინდესი და უნეტარესი ძველი კავკასიური წესით ცხოვრობს და მან საკუთარ დიდებას ცხოვრების წესით მიაღწია. ეს ცხოვრების წესი კი არის მისი სიბრძნე, პატიოსნება, ღვთის მოშიშობა, სამართლიანობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მისი სიმშვიდე.
90-იანი წლებიდან დღემდე მთელ კავკასიაში უამრავი არეულობა მოხდა, პოლიტიკოსებმა და მებრძოლებმა კავკასიელ ხალხს თავი კარგად ვერ დაამახსოვრეს. ვინც კარგად დაამახსოვრა თავი და, ვინც მორალური ლიდერი იყო, ის ფიზიკურად განადგურდა. ასე რომ, მთელი კავკასიელები მობრუნდნენ ღმერთისკენ. კავკასიელებისთვის და, არა მარტო მათთვის, დღეს ღმერთის რჩეული, უფლის ნების განმახორციელებელი ჩვენი პატრიარქია. ამიტომ, ყველანი ამ მადლს ეტანებიან.
ამ დამოკიდებულებას, ალბათ, ისიც განაპირობებს, რომ ვლადიკავკაზში დაიბადა უწმინდესი და კავკასიელები მის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ. უფრო ადრე კი ილია მეორის მამა, გიორგი შიოლაშვილი, პაპასთან ერთად, გაუტაცებიათ ქისტებს და ადამიანების გვამებით სავსე ორმოში ჩაუყრიათ, დახვრეტას უპირებდნენ, მაგრამ შუაღამისას დატყვევებული გიორგი უცნობ ქისტს ცხენზე შეუსვამს და რკინიგზის სადგურში წაუყვანია. არც ქისტი და არც სიკვდილის მოლოდინში მყოფი ტყვე გზაში ხმას არ იღებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ქისტს უთქვამს, მატარებლით წადიო. გიორგი შიოლაშვილს უკითხავს, ვინაობა მაინც მითხარიო, ქისტს კი უთქვამს, რა მნიშვნელობა აქვს, ალაჰმა იცის ჩემი სახელიო.
- მიუხედავად იმისა, რომ არ მსურს, კუთხურობით განვსაზღვრო რაიმე მოვლენა - დაგეთანხმებით. რა თქმა უნდა, ჩრდილო კავკასიელები ქართველებს იცნობენ მოხევეებით, მთელ ჩრდილო კავკასიაში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მოხევეს განსაკუთრებული სახელი და ავტორიტეტი აქვს - მებრძოლის, ემოციურის, სამართლიანის, მშრომელი კაცის სახელი, განსხვავებით, ბარში მცხოვრები ზოგიერთი ქართველისგან. სხვათა შორის, ჩრდილო კავკისიელები მეც ცხონებული პაპაჩემის წყალობით მიცნობენ, დედა მეც მოხევე მყავს და პატრიარქი ჩვენი ახლო ნათესავია. რა თქმა უნდა, კავკასიური წესით, კაცმა, პირველ რიგში, შთამომავლობას და ოჯახის წევრებს სახელი და გვარი უნდა დაუტოვოს. ამ შემთხვევაში, ავტორიტეტს ვგულისხმობ. შემდეგ უნდა დაუტოვოს სახლი და მუდმივი შემოსავლის წყარო. წინაპარი სახელს რომ უტოვებს შთამომავლობას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მტერს არ უტოვებს მათ. ხოლო, თუ სახელიანი წინაპრების შთამომავალიც სახელიანი და ავტორიტეტულია, მისი სტარტი უფრო ახლოსაა გამარჯვებასთან, ვიდრე უსახელო და უღირსი ადამიანის შთამომავლის.
ჩრდილო კავკასიელი მუსლიმანების კეთილგანწყობა ილია მეორისადმი გასაგებია, მაგრამ აზერბაიჯანელი მუსლიმანების დამოკიდებულებას რა განაპირობებს?
- ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ისეთ დროს, როცა მთელი მსოფლიო რელიგიურ ნიადაგზე ერთმანეთს ხოცავს, ეს შემთხვევით არ ხდება. ეს არის რამდენიმე ათწლეულის მანძილზე სწორი ცხოვრების წესი და სწორი არჩევანი. ამას ემატება ღირსეული წინაპრები. როგორც უწმინდესის სახელი დარჩება საამაყოდ, ისე არის პატრიარქი თავისი წინაპრების ავტორიტეტით განებივრებული. კავკასიაში ყველა დარწმუნდა, რომ ის აზრები და ცხოვრების წესი, რასაც პატრიარქი ქადაგებს, სწორედ ის გზაა, რომელიც უნდა გაიაროს ადამიანმა იმისთანა რთულ და არეულ რეგიონში, როგორიც კავკასიაა.
ბიძინა ივანიშვილის ბაქოში ჩასვლისას აშკარა იყო დადებითი დამოკიდებულება ილჰამ ალიევთან, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის მეგობრად ითვლებოდა. სულ ახლახანს ილია მეორემ ბაქოში ქრისტიანული ეკლესიის აშენება ითხოვა. სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ აზერბაიჯანთან ურთიერთობა ბევრად უფრო დათბა?
- მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი ალიევი, აშშ-ის ხელმძღვანელობა, ევროკავშირისა და ევროპელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა, პირველ რიგში, იყვნენ და არიან საქართველოს და არა - სააკაშვილის მეგობრები. აქ მეზობლის პრინციპი თამაშობს. ერევანში საშინელი მიწისძვრა რომ მოხდა, მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, დასახმარებლად ზესახელმწიფოების ლიდერებიც კი ჩაფრინდნენ სპიტაკში. თუმცა, მათ ქართველები ადგილზე დახვდნენ. პირველები ქართველები გადაეშვნენ და ჩაიტანეს სურსათ-სანოვაგე, ლეიბები. მეზობლებს არ ვირჩევთ და რამდენადაც ერთმანეთს ანგარიშს გავუწევთ, იმდენად მოგებულნი დავრჩებით. აზერბაიჯანელ ერსა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გაცნობიერებული აქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა მარტო საზღვრის დონეზე არ ხურდავდება, ეს არის კავშირ-ურთიერთობები კასპიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ჭკვიანი ილჰამ ალიევი სწორად გრძნობს, რომ წარმმართველი ძალა ქართული სახელმწიფოებრიობაა და არა რომელიმე ქართველი. აზერბაიჯანლებს სახელმწიფოებრივი აზროვნება უფრო მეტი აქვთ, ვიდრე კავკასიური რესპუბლიკის ზოგიერთ წარმომადგენელს, რომლებიც კავკასიის ფარგლებს გარეთ ეძებენ მხარდამჭერებს. აზერბაიჯანში ტაძრის მშენებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანშიც არიან რადიკალები, რომლებსაც შიში აქვთ, რომ ჩვენ ოდესმე ჰერეთის ტერიტორიაზე განვაცხადებთ პრეტენზიას. ამიტომ ცდილობენ, ჰერეთის ტერიტორიაზე განლაგებული მართლმადიდებლური ტაძრები ალბანურად მონათლონ, მაგრამ აზერბაიჯანის მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ქართველ მართლმადიდებლებს ისეთივე უფლება აქვთ, ბაქოში ჰქონდეთ თავიანთი სალოცავი, როგორც შიიტ აზერბაიჯანლებს აქვთ ჩვენთან მეჩეთი. არა მარტო თბილისშია მეჩეთი, არამედ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ყველა დიდ სოფელში უკვე მეჩეთია აშენებული და თავისუფლად ლოცულობენ.
ასე დამთბარი ურთიერთობის ფონზე დავით გარეჯის სადემარკაციო საზღვრის პრობლემის მოგვარება როგორ გესახებათ?
- დავით გარეჯის პრობლემა არც აზერბაიჯანელების ბრალია, არც - ქართველების. 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკებმა გაასაბჭოვეს საქართველო, არასრულფასოვანი ადამიანის კომპლექსით დაავადებულმა ქართველმა ბოლშევიკებმა იმისთვის, რომ ბოლშევიკური სამეზობლოს კეთილგანწყობა მოეპოვებინათ, ასე უპატრონოდ დაარიგეს ქართული მიწები - სოჭის მხარე, დვალეთი, სამხრეთისკენ ალავედრის ტერიტორია. ხომ იცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ტაძრებისადმი იმ უღმერთო ბოლშევიკებს და, სადაც უფრო იოლი იყო საზღვრის ხაზის გავლება, იქ გაატარეს საზღვარი და ავტომატურად გასავლელ ქედზე დატოვეს. დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემა მოგვარდება, გარეჯის იქით გადაიწევს საზღვარი, როგორც ადრე იყო. სულ რაღაც კილომეტრნახევარზეა საუბარი.
და ამისთვის აზერბაიჯანლებს ალტერნატიული მიწა უნდა შევთავაზოთ?
- მე მგონია, რომ ბატონ ილჰამ ალიევს ალტერნატიული შეთავაზებები არ დასჭირდება, რადგან მან ძალიან კარგად იცის ისტორია, კარგად იცის, რა და როგორ მოხდა და, რომ ჰერეთის ტერიტორია აზერბაიჯანს საძოვრებისთვის დროებით გადაეცა ბოლშევიკური მოსკოვის მიერ. ასე რომ, ამ საქმეს ძალიან მალე საშვილთაშვილო გადაწყვეტილება მოჰყვება და აზერბაიჯანში წასვლამდე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიც დროული და საქმიანი იყო. ვიღაცას თუ არ ესიამოვნება, ჩვენ ამით არ უნდა ვიცხოვროთ. მარადიული ღირებულების გარშემო ყველაფერი დაინგრევა, როგორც უკანასკნელი 35 წლის მანძილზე პატრიარქზე შემოტევები და მტრის მითები დაინგრა.