პარტია „თავისუფალი საქართელოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. წულაიას განცხადებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ შპს „ელეს“ დაავალა, ქუთაისის კორპუსებში არსებული ძველი ლიფტების ნაწილები მოსახლეობის დაუკითხავად გაეყიდა და თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ანგარიშზე ჩაერიცხა.
გოგი წულაია ამბობს, რომ ეს ყველაფერი არჩევნებამდე, გიორგი თევდორაძის მერობის პერიოდში მოხდა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ თანხებით წინასაარჩევნო აგიტაციისთვის უკვე ისარგებლა, ახლა კი ამ ფულის ნაწილის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოყენებას გეგმავენ. წულაიას თქმით, ახლა იგი ამ ინფორმაციას საჯაროდ ხდის იმისთვის, რომ ქუთაისის ახალი მერი ამ თემით დაინტერესდეს და გაარკვიოს ამ თანხების წარმომავლობა და ხარჯვა, ხოლო თუ ის ამას არ გააკეთებს, წულაია აღნიშნულ ინფორმაციას უკვე მთავარ პროკურატურას მიაწვდის.
გოგი წულაია: „ყველა მაღლივ შენობებში არსებობს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები, რომლებსაც ბანკში ანგარიში აქვთ გახსნილი და ჩვეულებრივი იურიდიული პირები არიან. მოგეხსენებათ, მაღლივ კორპუსს აქვს კიბე, სახურავი, სარდაფი, ლიფტი და ეს ყველაფერი არის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრება. ქუთაისის მერია კი ადგა და ისე, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის და მათ თავმჯდომარეებისთვის (მით უმეტეს, ჩვეულებრივი მაცხოვრებლებისთვის) არაფერი უკითხავს, თბილისურ ფირმა „ელეს“ მიანიჭა უფლება, რომ ის შესულიყო ქუთაისის კორპუსებში და მოეხსნა ეს ძველი დანადგარები. მოგეხსენებათ, ლიფტს აქვს ძრავი, „რედუქტორი“, სამუხრუჭე ხუნდები, ლითონის ბაგირები და ა.შ. ეს არის საბჭოთა წარმოების მასალები, რაც მაღალ ფასებში გადის სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომლებიც რუსულ ბაზარზე არიან ორიენტირებულები.
აღსანიშნავია, რომ არც ერთ ლიფტთან დაკავშირებით არ შემდგარა აქტი. მაგალითად, ზოგ ლიფტში შეიძლება იყო რედუქტორი, ზოგში კი - არა, ასევე ზოგს ჰქონდა ძრავი, ზოგს - არა. ამიტომ არავინ იცის, რა მოხსნეს, რა გაყიდეს, რა ფასში გაყიდეს და ა.შ. შესაძლოა რომელიმე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს (ვის ბალანსზეც ირიცხება ეს ქონება) უფრო კარგ ფასად შეეძლო ამ დანადგარების გაყიდვა, მაგრამ ამით არავინ დაინტერესებულა.
ბატონო გოგი, ამ ლიფტების შეკეთებაზე ტენდერი არ გამოცხადებულა?
- მე როგორც ვიცი, ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ იქ იყო გარკვეული დარღვევები, თუმცა მთავარი ეს არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თუკი ამ ფირმამ ტენდერში გაიმარჯვა და ყველაფერს კანონიერად აკეთებდა, მაშინ ეს თანხები პირდაპირ ბიუჯეტში უნდა შეეტანა. სინამდვილეში კი ეს ასე არ მოხდა. მას შემდეგ, რაც ამ ფირმამ ლიფტების ძვირადღირებული ნაწილები ბინის მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე გაყიდა, მივიდა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან, ხელზე მისცა გარკვეული თანხა (ზოგს 600 ლარი, ზოგს - 700 ლარი და ა.შ.) და დაავალა, რომ ეს თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში შეიტანონ. ამასთანავე, ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის ამ თანხების ხელზე გადაცემა ხდება ყოველგვარი საბუთის გარეშე.
რატომ კეთდება ეს ასეთი ფორმით?
- პირობითად ვთქვათ, რომ ლიფტის ნაწილები გაიყიდა 1000 ლარად, მათი შეფასება ხდება 700 ლარად (პირობითი ციფრებით ვსაუბრობ), ის დანარჩენი სამასი ლარი კი მიდის ნაციონალების ყულაბაში, ან ქუთაისის მერიის რამდენიმე წარმომადგენლის ჯიბეში. კონკრეტულად ვინ ითვისებს ამ თანხებს, ეს უკვე გამოძიების დასადგენია. მე მაქვს მტკიცებულება ერთ კონკრეტულ ამხანაგობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ ადამიანს ხელზე მისცეს 720 ლარი და თვითმმართველობის ბიუჯეტში შეატანინეს, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს არ არის ერთი შემთხვევა, ასე მოხდა ყველა კორპუსის შემთხვევაში.
თქვენ ამბობთ, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას. იქნებ გვითხრათ, ვინ მონაწილეობდა ამ გარიგებაში?
- ამაში ქუთაისის მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, მაგრამ ამას ვიცე-მერი ვერ გააკეთებდა. ეს გააკეთა ქუთაისის მერმა, გიორგი თევდორაძემ (რომელიც ახლა პარლამენტარია და ძალიან ყელყელაობს) მერიის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. ლიფტების ნაწილები არჩევნებამდე პერიოდში გაიყიდა, მაგრამ ფულის ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის დარიგება გუშინ დაიწყეს, რადგან როგორც ჩანს, ამ ფულის „გაპრავება“ უნდათ.
გოგი წულაიამ იმ ამხანაგობის თავმჯდომარესთანაც დაგვაკავშირა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში შესატანად ფული ხელზე გადასცეს. ეს არის ზვიად წაქაძე, რომელმაც for.ge-სთან საუბარში წულაიას ნათქვამი დაადასტურა. წაქაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ბინის ამხანაგობის თავმჯდომარეა. 31 დეკემბერს მის დედას შპს „ელედან“ დაურეკეს, უთხრეს, რომ მანქანა მიაკითხავდა და გარკვეული დახმარება სჭირდებოდათ.
„დედაჩემს მანქანამ მოაკითხა, წაიყვანეს, მისცეს ფული (720 ლარი), შემდეგ თვითონვე მიიყვანეს ბანკში და ეს თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში ჩაარიცხინეს. ასე მოხდა არა მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში, ქუთაისში სადაც კი ლიფტები შეკეთდა, ყველა კორპუსის თავმჯდომარეს ასე მისცეს ფული და ბიუჯეტში შეატანინეს“, - აცხადებს ზვიად წაქაძე.
მისი თქმით, ამხანაგობების თავმჯდომარეებს ამ თანხების დანიშნულება ასე აუხსნეს - ლიფტი რომ შეკეთდა, ამისთვის წინასწარ გამოყოფილი თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და ფული ამისთვის არის საჭიროო.
„თუ გაკლდება, შეიძლება დაგაკლდეს 50 ან 100 ლარი, მაგრამ როდესაც ლიფტის შეკეთება 2000 ლარად იყო განსაზღვრული (შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით) და 700 ლარი გაკლდება, ეს რა თქმა უნდა, ეჭვებს აჩენს“, - აღნიშნავს წაქაძე.
აქვე იგი აცხადებს, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერაფრით მოიპოვა დოკუმენტაცია, რომლითაც ქუთაისის მერიისგან შპს „ელიმ“ ლიფტების შეკეთების უფლება მიიღო. წაქაძის თქმით, როდესაც ტენდერი გამოცხადდა, მასში მონაწილეობა სხვა ფირმებაც მიიღეს, მაგრამ მერიამ ისინი დაიწუნა და „ელეს“ ხელოვნურად მოაგებინა, თუმცა მთელი ეს პროცესი გასაიდუმლოებული იყო.
აღსანიშნავია, რომ for.ge კომპანია „ელეს“ შესახებ ინფორმაციის მოძიებას ეცადა, მაგრამ სამეწარმეო რეესტრში ამგვარი სახელწოდების რამდენიმე კომპანიაა რეგისტრირებული. შესაბამისად, რთულია იმის გარკვევა, თუ რომელმა შეასრულა ქუთაისის მერიის მიერ დაკვეთილი სამუშაო.