სოსო ცისკარიშვილი:

სოსო ცისკარიშვილი: "ჩვენ კარგად ვიცით, რა არის იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც ერთპარტიული სისტემა მართავს... გმადლობთ, აღარ გვინდა"

"ყველაფერს თავისი სახელი რომ დაერქვას, ხალხი რომ არ გამწარდეს უსამართლობის გამო და "უმანკო პოლიტიკოსების" მდევნელების სახელიც რომ არ დავიმკვიდროთ, ჩემი აზრით, აუცილებელია, გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული და პოლიტიკური დანაშაულები. ვგულისხმობ, ძალაუფლების გადამეტებით ჩადენილ დანაშაულს. დასავლეთი სრულად გაიზიარებს იმ ყაჩაღთა დაკავების აუცილებლობას, რომელთაც ხელყვეს სხვისი კერძო საკუთრება. პოლიტიკურ ნი¬უანსებში ჩაღრმავების დრო და სურვილი კი დასავლეთში არა აქვთ. ამიტომ ვურჩევდი პროკურატურას, ეს ორი კატეგორია გაემიჯნა ერთმანეთისგან და სტატისტიკაც ცალ-ცალკე ეწარმოებინა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაული პოლიტიკური მოტივით იყო ნაკარნახევი, მაგრამ ჩასაფრებული "მოყვარეები" რომ არ გავაღიზია¬ნოთ, კერძო საკუთრების თემა გამოვყოთ პოლიტიკურისგან. ვფიქრობ, ვითარებაც განიმუხტება და ამავე დროს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი ნაწილიც დაგვეხმარება, რომ საზღვარგარეთ გაქცეული ნაძირალები საქართ¬ველოში დავაბრუნოთ საკადრისი სასჯელის მოსახდელად", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვურჩევდი პროკურატურას, ეს ორი კატეგორია გაემიჯნა ერთმანეთისგან" / "საზღვარგარეთ გაქცეული ნაძირალები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში".

"დანაშაული, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მასში ჩართული მისი მომხრეების დიდი ნაწილი სჩადიოდნენ, არ იყო ინდივიდუალური. ეს სისტემური დანაშაული იყო. როდესაც ადამიანები ჯგუფურ დანაშაულს სჩადიან, ეს უფრო ამძიმებს დანაშაულს. მეორე მხრივ, ყველას კარგად მოეხსენება, რა შიში იყო გამეფებული თავად საჯარო მოხელეებს შორის. მკვიდრდებოდა მათი უუფლებობა, რომელშიც დიდ როლს ზეწოლა და დასმენის შიში თამაშობდა. ამიტომ, ალბათ, უნდა გამოიყოს ის კატეგორია, რომელიც ზეწოლით აღმოჩნდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაბმული. თუმცა, აუცილებელია მონანიებაც. ისე, რომელ პოლიტიკურ ამნისტიაზეა ლაპარაკი, როდესაც ვისმენთ მუქარას იმ გუნდისგან, რომელმაც წლების განმავლობაში არნახულ უსამართლობაში აცხოვრა ხალხი. ამნისტია შესაძლებელია შეეხოთ იმათ, ვისზეც არ არის აღძრული საქმე. თუმცა, მათ უნდა გაამჟღავნონ ის დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ჩართული იყვნენ. ჩემი აზრით, უნდა ამნისტირებულ იქნეს ის პირი, რომლის დანაშაული უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ანუ დაზარალებულმა უფლებები აღიდგინა. უნდა იყოს მკაფიო კატეგორიები გამოყოფილი და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს მათზე, რომელთაც დაზარალებულები უჩივიან. თუ კაცი უტიფრად აცხადებს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ დოკუმენტები სულ სხვა რაიმეს გვიდასტურებს, ბუნებრივია, ასეთ პირს ამნისტია ვერ შეეხება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"ამ დრო¬ისთვის მოქმედი კონსტიტუცია საფრთხის შემცველია. მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ოპოზიციონერია, უშიშროების საბჭოს მდივანიც ოპოზიციონერია და სასამართლოსაც ოპოზიცია აკონტროლებს. ზოგიერთი ელჩიც ოპოზიციაში იყო, თუმცა, ახალმა ხელისუფლებამ მიაღწია, რომ პრეზიდენტს რამდენიმე დიპლომატი გამოეწვია და მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურები დაემტკიცებინა. მოკლედ, კონსტიტუცია ისეა შექმნილი, რომ ყოფილი ხელისუფლების ძალაუფლება არ შეზღუდულიყო. არ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გონივრულმა ნაწილმა, რომელსაც სურს მომავალი პოლიტიკური საქმიანობის პერსპექტივა შეინარჩუნოს, გააცნობიეროს საფრთხე მანამ, ვიდრე ურემი გადაბრუნდება. შესაძლოა, ამან შეაფერხოს მიხეილ სააკაშვილის ის ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მომავალს, არამედ აწმყოსაც. მთავარი დღეს ის არის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ძალუძს ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. ქართველმა ხალხმა ეს უფლება დაიბრუნა და ასე იოლად აღარ გასცემს. თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ვერ ამჩნევს ხალხს, როგორც პოლიტიკური პროცესების სუბიექტს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"არსებობს პირთა ვიწრო წრე, რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე. ყოველ შემთხვევაში, მათში არ არის აზრთა ერთიანობა იმ გზაზე, რომელიც შეიძლება აირჩიოს მიხეილ სააკაშვილმა სიტუაციის გასამწვავებლად. სააკაშვილის მთავარი და სანდო ვასალი გაქრა არჩევნების საღამოს და მასთან დაპირისპირებულთა რაოდენობა იზრდება.…ადეიშვილს ვგულისხმობ. რაც უნდა ერთი და იგივე ფრაზები იმეოროს პრეზიდენტმა, დროს თავისი მიაქვს. კალენდარი ყველას აქვს და ხუთ წლამდე თვლა ყველამ იცის. შესაბამისად, კარგად იციან, რა კაზუსი აქვს კონსტიტუციას. წესით, მერაბიშვილი ამ გონივრულ ნაწილში უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ამას ველოდი, მაგრამ ის იმ ნაბიჯების ტყვეობაშია, რომელიც წინა წლებში გადადგა. ის თავისი წარსულის მძევალია და პოლიტიკური არჩევანის თავისუფლება აღარ აქვს. საფრთხის შემცველია იმაზე ფიქრიც კი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილის დახმარებით "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც ერთპარტიული სისტემა მართავს. გმადლობთ, დავიღალეთ და აღარ გვინდა. უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას მუდმივად ვამბობდი, რომ საკანონმდებლო ორგანოს ერთპარტიული სისტემით დაკომპლექტება სხვადასხვა ბერკეტით უნდა შეზღუდოს საერთაშორისო საზოგადოებრიობამ. ერთპარტიული მმართველობა დემოკრატიული ვერ იქნება", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.