ნონა გაფრინდაშვილი:

ნონა გაფრინდაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის"

ახალ წელს ყველა თავისებურად აღნიშნავს - ზოგი მშვიდ, ოჯახურ გარემოში, ზოგიც - მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად. ჩვენი საახალწლო ნომრის სტუმრად სახელგანთქმული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი შევარჩიეთ, რომელიც, ალბათ, ბევრ ქართულ ოჯახში იქნებოდა სასურველი მეკვლე. ქალბატონმა ნონამ გულახდილად გვიამბო, როგორი განწყობით ეგებება ახალ, 2013 წელს და რას მოელის მისგან:

- ახალი წელი იმედიანად დაიწყო, რადგან დამარცხდა რეჟიმი, რომელსაც უბედურების მეტი არაფერი მოუტანია ჩვენი ხალხისათვის. ხელისუფლების შეცვლამ კი ყველას გაუჩინა ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის იმედი, რის გამოც წლევანდელი ახალი წელი ჭეშმარიტად საზეიმო განწყობილების მომტანია. მართალია, ე.წ. ოპოზიციაში გადასული "ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმალურად ებრძვის ახალ ხელისუფლებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვითარება ნელ-ნელა მოწესრიგდება და 2012 წელი იქნება დასაწყისი იმ აღმავლობისა, შენებისა, რომელსაც ჩვენ ასე ველოდით. გამოგიტყდებით, ბოლო წლებში ჩემთვის არც დაბადების დღე იყო და არც ახალი წელი, ხალისი არ მქონდა, როცა ვხედავდი ქვეყანაში რა უსამართლობაც ტრიალებდა. დღეს კი საბედნიეროდ, ვითარება შეიცვალა, გულწრფელად მიხარია, რადგან მეც სხვებთან ერთად უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი გამიჩნდა.

- თუმცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან კვლავ გვესმის სიტყვები - პუტინის აგენტები, ოროსნები და ა.შ...
- ეს მათი ბოლო გაბრძოლებაა. ხომ გსმენიათ, ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმააო?! დამარცხებული ხელისუფლებაც ჩვეულ რიტორიკას განაგრძობს, ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებენ, რადგან ძალიან მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და თავი ხომ უნდა დაიცვან? ათასობით დაზარალებულის განცხადებაა შეტანილი სასამართლოებში, არავინ იცის, როდის გაირკვევა მათი საქმეები, მაგრამ ამასთანავე, ყველამ ვიცით გახმაურებული დანაშაულები, რომლებსაც გამოკვლევა არც სჭირდება. ამიტომ იქცევიან ასე აგრესიულად, თუმცა რაც უფრო ცუდად მოიქცევიან, მით მეტად გააღიზიანებენ ხალხს. საზოგადოება უკვე გამოფხიზლდა და შიშისაგან გათავისუფლდა, ამიტომ არავის აპატიებს უკან დაბრუნებას. ჩემი აზრით "ნაციონალური მოძრაობა" უნდა აიკრძალოს. ვემხრობი იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩადენილი დანაშაულების გამო "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.

- ქალბატონო ნონა, შობა-ახალი წლის დღეებია და შედარებით მსუბუქ თემებზეც ვისაუბროთ: თუ გიყვართ საახალწლო სამზადისი და ფუსფუსი, რომელიც ნებისმიერ დღესასწაულს თან ახლავს?
- საოჯახო საქმეებისაგან პრაქტიკულად გათავისუფლებული ვარ. ადრე დედაჩემს ვეხმარებოდი ხოლმე და ახლაც დამხმარეს როლში გამოვდივარ, რადგან ყველაფერს ჩემი რძალი აკეთებს. ნაძვის ხესაც ჩემი შვილიშვილები რთავენ.

- რომელია თქვენი გამორჩეული საახალწლო კერძი და თუ გეხერხებათ მისი მომზადება?
- ქართული კერძები მართლაც განსაკუთრებულია, თუმცა რაღაც გამორჩეული კერძი ჩემთვის არ არსებობს. როგორც წესი, საახალწლო სუფრაზე ჩვენს ოჯახში ყოველთვის არის ინდაური და საცივი. საცივი სულ ორჯერ მაქვს გაკეთებული დედას რეცეპტით. როცა ისეთი მშობელი გყავს, რომელიც ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს, ძალაუნებურად ეს ცოდნა შენზეც გადმოდის. არ ვფიქრობ, რომ ცუდი დიასახლისი ვარ, ვხუმრობ კიდეც - ქართველ მოჭადრაკეებს შორის ყველაზე კარგი დიასახლისი ვარ-მეთქი. დედაჩემი ზუგდიდელი გახლდათ, მებონიას ქალი - საოცრად კარგი დიასახლისი. ძალიან მეხმარებოდა, მაგრამ ზოგჯერ მეც მიწევდა ოჯახში სადილის გაკეთება. ზოგიერთ კერძს არავისზე ნაკლებად ახლაც არ
მოვამზადებ. მიმაჩნია, რომ როცა შვილი გყავს
და შვილიშვილი, საოჯახო საქმის კეთებაც უნდა შეძლო.

- ქალბატონო ნონა, ოჯახში მეკვლე თუ გყავთ ხოლმე?
- წინასწარ არასოდეს ვგეგმავთ, ვინ გვეყოლება მეკვლედ. მთელი ოჯახი იკრიბება და ჩვეულებრივად, მშვიდად აღვნიშნავთ დღესასწაულს. მე იმის მომხრეც არ ვიყავი, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ასე პომპეზურად რომ აღნიშნავდნენ ახალ წელს. არსად, არც ერთ ქვეყანაში საახალწლო ზეიმისთვის ამხელა თანხას არ ხარჯავენ. დალხინებულ ქვეყნებშიც კი, როცა ხელისუფლება ზედმეტ ხარჯს გასწევს, ხალხი მისგან პასუხს მოითხოვს.

- როგორ შეაფასებდით გასულ 2012 წელს?
- მე მას ისტორიულ წელს ვუწოდებ, რადგან ქართველმა ხალხმა დაამარცხა ძალადობასა და უსამართლობაზე აგებული რეჟიმი - ეს საუცხოო მოვლენა იყო. ჩემი აზრით, ისტორიული თარიღია 1-ლი ოქტომბერიც. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ - ეს იყო აბსოლუტურად სხვა რეიტინგის მქონე პიროვნება, რომელსაც ამ რეჟიმის დასამარცხებლად საჭირო ფინანსური რესურსიც ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ ყველა ხერხითა და საშუალებით ებრძოდნენ, ის მშვიდად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე ამბობდა: საწადელს მაინც მივაღწევო და მართლაც ასე მოხდა. ბიძიIნა ივანიშვილმა, რაც კი შეეძლო, ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ მაქვს უზარმაზარი რწმენა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესი იქნება.

- დასასრულ, რა შეიძლება უსურვოთ ქართველ ხალხს ახალ, 2013 წელს?
- სიხარულით მივულოცავ მშობელ ხალხს ახალ, 2013 წელს, დაე, ეს წელი გამხდარიყოს ჩვენი ქვეყნისათვის აღმშენებლობის, წინსვლისა და ბედნიერების მომტანი!