ღირსების ძახილი

ღირსების ძახილი

ისტორიული მასალის მოძიება, შეკრება, დალაგება, გააზრება გამქრალი მზის ხელახალ გამონათებას ჰგავს, საიდანაც კაცობრიობა იღებს ენერგიას ახალი ისტორიის შესაქმნელად. ამბობენ, რომ ისტორია მეორდება. თუ ეს ასეა, განვლილი გზის რომელი მონაკვეთი მეორდება? დღესაც ხომ არ ვიმეორებთ წარსულის შეცდომებს? ყველა დროში ერისთვის დამახასიათებელი რაღაც ნიშანი დომინანტობს, დღეს რა თვისებები ჭარბობს ჩვენში? კითხვა უამრავია - პასუხებს ვეძებთ. ბევრჯერ თქმულა და მეც გავიმეორებ ვ. კლუჩევსკის სიტყვებს: „უტყუარი პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა სწორად გამოყენებული ისტორია“.

ამგვარად, ისტორია ფაქტების ჩვეულებრივი კონსტანტაცია არ არის, ის არა მარტო ხსოვნაა წარსულის, იგი ამასთანავე ქმედითი მონაწილეა აწყმოსი, რომელიც გვეხმარება უკეთესი მომავლის შესაქმნელად, ადამიანთა სულიერი ამაღლებისათვის.

ეს ისტორიული ეტიუდებიც ამ მიზნით დაიწერა.

 

ღირსების ძახილი

ისტორიაში თუ არის წლები, რომელთა ფიზიონომიიდან შედგება სურათი საუკუნეების, არის აგრეთვე, მომხდარ ფაქტთა აღმნიშვნელი სახელწოდებებიც, რომლებიც ზოჯერ ეპოქათა შინაარსს გადმოსცემენ. რას ნიშნავს ფრანგი ხალხისთვის „სედანი“? უწინარესად შეხსენებას ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის. აქ, ამ სახელწოდების ადგილზე 1870 წლის 1 სექტემბერს ფრანგთა 120 ათასიანი არმია, რომელთანაც იმყოფებოდა თვით იმპერატორი ნაპოლეონ III, პრუსიელებს ტყვედ ჩაუვარდა. ეს იყო საფრანგეთის არმიის გაუგონარი და სამარცხვინო მარცხი, რომელსაც სამართლიანად შეარქვეს „სედანის კატასტროფა“. გამარჯვებული გერმანელი ჯარისკაცები ტრიუმფალური მარშით პარიზში შევიდნენ. მათი შეჩერება ფრანგებმა მხოლოდ დიდი კონტრიბუციის გადახდით და ტერიტორიების დათმობით შეძლეს. ოკუპირებულმა საფრანგეთმა დაკარგა ელზას-ლორენი. ამ საბედისწერო დღეების შემდეგ ათწლეულების მანძილზე თაობები იზრდებოდნენ რევანშის წყურვილით. მათ მრწამსს აყალიბებდნენ დიდი ფრანგი მწერლები და ხელოვანნი. პრუსიასთან ომში პატივაყრილ ფრანგებს ალფრედ დე მიუსე ასწავლიდა: „ენა იმისთვის გვაქვს, რომ საკუთარი აზრის დამალვა შევძლოთო“. მაგრამ, ამ დარიგებას მხოლოდ პოლიტიკოსები ითვალისწინებდნენ.
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა კოკლენმა ბერლინიდან მიიღო დეპეშა, რომლითაც სთხოვდნენ რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას, დეპეშის ბოლოს ეწერა: “გთხოვთ, სასწრაფოდ შეგვატყობინოთ, რას მოგვთხოვთ სპექტაკლებში მონაწილეობისათვის. “ელზასსა და ლოტარინგიას” - დეპეშითვე უპასუხა კოკლენმა.

და აი, როდესაც დაჰკრა ჟამმა პასუხის გაცემისა და დაიწყო ომი გერმანიასთან, თვით ისეთმა ჰუმანისტმა მწერალმაც კი, როგორიც ანატოლ ფრანსი იყო, ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვა და ფრონტზე გაეშურა.

“სედანის კატასტროფის“ შემდეგ, სასახლიდან გაქცეულმა დედოფალყოფილმა ევგენიამ, დარჩენილი ცხოვრების წლები სიღარიბესა და სიმარტოვეში, რომ გაატარა, პირველი მსოფლიო ომის დამთავრების დღეს, შეიტყო რა გერმანიის დამარცხების ამბავი, კმაყოფილებით თქვა: „მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ ამ დღეს მოვესწარი! ახლა შემიძლია თავაწეული მოვკვდე, საფრანგეთი ვეღარაფერში დამადანაშაულებს“.

ამ ყოველივემ კი ერთად აღებულმა მთელი ეპოქა შეადგინა, რომლის შინაარსიც ერთმა სიტყვამ “სედანმა“ დაიტია.

რას ნიშნავს იტალიელებისათვის “კანოსა“? უწინარესად - ეროვნული ღირსების გრძნობით ტკბობის ელექსირს, რაც პირიქით იქნებოდა თუ ვიტყოდით გერმანელების მიმართ. “კანოსაში გამგზავრება“ რკინის კანცლერის, ოტო ფონ ბისმარკის გამოთქმა გახლავთ. გადატანითი მნიშვნელობით, დღესაც ნიშნავს დამამცირებელ კაპიტულაციაზე დათანხმებას.

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ჩრდილო იტალიაში რეჯო-ნელ-ემილიადან 18 კილომეტრზე მდებარე ციხესთან, 1077 წლის იანვარში ერთმანეთს შეხვდნენ მასპინძელთან ტოსკანის მარკგრაფინია მატილდასთან სტუმრად მყოფი პაპი გრიგოლ VII და მის მიერ ეკლესიიდან განკვეთილი გერმანიის იმპერატორი ჰაინრიხ IV. ზოგიერთი ქრონიკის თანახმად, ჰაინრიხ IV მომნანიებელი ცოდვილის ტანსაცმლით, იანვრის სუსხიანი 3 დღე მუხლზე მდგომი ელოდა კანოსას კედლებთან პაპის შენდობას, და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყოველივე მხოლოდ ისტორიის საკუთრებად დარჩა?

გადის საუკუნეები, შესაძლოა ბევრს დავიწყებულიც ჰქონოდა მომხდარი შემთხვევა, მაგრამ ახსოვდათ მათ, ვისაც უნდა ხსომებოდა.

ერთმა ფლორენციელმა ხელოვანმა შეკითხვაზე - “როგორ და რატომ შექმნა ღვთაებრივი ქმნილებები?” ასე უპასუხა: “ვერაფრის შექმნას ვერ შევძლებდი, კანოსის გრაფთა შთამომავალი რომ არ ვიყო“.

მისი სახელია მიქელანჯელო.

წიწამური - ჩვენი გოლგოთა

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მ. ბოლქვაძე, ჯერ კიდევ 1908 წელს იგონებდა, რომ ილიასაგან ინტერვიუ აუღიათ იმპერიის დედაქალაქის პეტერბურგის გაზეთების რეპორტიორებს, რომელთაც ი. ჭავჭავაძემ განუცხადა: “სახელმწიფო საბჭოში, მე ამირჩია თავადაზნაურობამ. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საბჭოში მე მარტო აზნაურ-თავადთა საჭიროებაზე ვილაპარაკებ. თუ ამას ფიქრობენ ზოგნი ჩემნი ამომრჩეველნი, ეს დიდი შეცდომაა. სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ - ეს მხოლოდ ფორმალური, იურდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მე მთელი საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველად ვიქნები და საერთო საქმეს შევწირავ ჩემს ძალ-ღონეს“.

ილია ჭავჭავაძის ეს განცხადება, როგორც იმთავითვე, ისე დღესაც ფართოდაა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის.

ვფიქრობ ილიას ხვედრზე და მაგონდება გალაკტიონის თქმული სიტყვებიც: “წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი“.

მართლაც, წიწამურში ბევრი რამ დასრულდა და იმავდროულად ბევრი რამ დაიწყო კიდეც. ამ დღიდან ქართველი კაცის ცნობიერებაში კვლავ აღსდგა ილიას სახით ქართველთა ერთიანობის გრძნობა. ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანია აკაკის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლითაც იგი მიმართავდა ილიას ცხედარს: “როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი შენი გახდა მიზეზი ხალხის ამოძრავებისა და აჰა, საქართველოს ყოველი კუთხიდან თავმოყრილნი გეხვევიან გარს... და ვინ იცის, ეგება სიკვდილით მაინც განამტკიცო ის, რასაც შენი სიცოცხლე შესწირე.“

და, მართლაც, ილია უფრო გაძლიერდა სიკვდილის შემდეგ. ისე, როგორც ქრისტეს დასჯამ, ქრისტიანობა კი არ აღმოფხვრა, არამედ მსოფლიო რელიგიად აქცია.

ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ნიკო კეცხოველს, როდესაც სტუდენტები ილიას სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად საგურამოში მიჰყავდა, წიწამურის ობელისკთან აუცილებლად ჩერდებოდა და სტუდენტებს ეუბნებოდა: „ეს ის ადგილია, სადაც... ვერ მოკლეს ილია!“

წიწამური ჩვენი წმინდა ადგილია, ანუ ჩვენი გოლგოთაა. ამ

სამსხვერპლოზე ილია შეეწირა, როგორც საქართველოს მთლიანობის დამცველი.

მაგრამ, ესეც არის ილიამ შესაძლოა მისი ხელყოფა გვაპატია, მაგრამ გვაპატია კი ის, რამაც მოჰკლა ილია?

უკანასკნელი ლექცია

1940 წლის 18 ნოემბერს, ორშაბათს, საღამოს 8 საათზე ხელოვნების მუშაკთა სახლში დანიშნული იყო აკად. ივანე ჯავახიშვილის ლექცია შემდეგ თემაზე “ქართული ფილოლოგიისა და ძველი მხატვრული მწერლობის ისტორიის ამოცანები...“

დარბაზში იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები: აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, გიორგი წერეთელი... აგერ, ელექტრონის ზარმა დაიწკრიალა და ხალხიც დალაგდა, გაჩუმდა. ცხრის 20 წუთი იყო, როდესაც გვერდით ოთახის კარი გაიღო და გამოჩნდა ბატონი ივანე, რომელიც ნელი ნაბიჯით, პორტფელით ხელში, შავ ტანისამოსში გამოწყობილი, გაემართა მაგიდისაკენ (მაგიდა იდგა სცენის შუაგულში ტრიბუნის მაგივრად).

საზოგადოება მქუხარე ტაშით შეხვდა და სანამ ბატონი ივანე არ დაბრძანდა სკამზე საზოგადოებას დინჯად არ მოუხარა თავი მადლობის ნიშნად, ტაში არ შეწყვეტილა. მას შემოჰყვა ახალგაზრდა მეცნიერი ვლადიმერ მაჭავარიანი და ორთავემ დაიკავეს ადგილები მაგიდასთან.

ბატონ ივანეს შემხედვარე იფიქრებდი, თითქოს კაცი კი არა, მარმარილოს ძეგლი შემოვიდა: გაფითრებული, უმოძრაო სახე, ვერცხლისფერი თეთრი თმა, ულვაშები, წარბები, გამხდარი სხეული....

ახალგაზრდა მეცნიერმა ვ. მაჭავარიანმა გახსნა კრება, გამოაცხადა მოხსენების საგანი და თვითონ აღარ გაჩერდა იქ, ჩამოვიდა ძირს და პირველ რიგში დაჯდა კედელთან.

ბატონმა ივანემ გახსნა თავისი პორტფელი, ამოიღო სამაგიდო კალენდრის მსგავსი პატარა ფორმატის ნაწილები, იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას, დაუწყო ხელებს სრესა, თავი მაღლა ასწია, თვალი გადაავლო კრებას და დაიწყო ლაპარაკი. დინჯი ლაპარაკი, სასიამოვნო ტემბრით, მჭიდროდ დალაგებული წინადადებებით, არსად ზედმეტი სიტყვა, აზრის თავისუფლად გაშლა ტკბილი ქართული ენით. ყველაფერი ეს მომხიბლავი იყო, მომაჯადოებელი. მხოლოდ ბატონ ივანეს შეეძლო მეცნიერული ლექციით და შესანიშნავი ქართული ენით დაეტკბო საზოგადოება ისე, რომ ყველა სულგანაბული უსმენდა.

...ბატონი ივანე გადაშლის თავის ხელნაწერს და კითხულობს ციტატას „ამირანდარეჯანიანიდან“, სადაც ნახმარია სიტყვა „თათარი“. ციტატის წაკითხვის შემდეგ ბატონი ივანე აპირებს რაღაცა წინადადების თქმას, ამბობს: „ამგვარად, თა...“ ამ დროს გულიდან აღმოხდა საზარელი ხმა, თვალები დახუჭა და სული განუტევა.

ალბათ სიმბოლურია, რომ ივანე ჯავახიშვილის სიკვდილის წინ უკანასკნელი სიტყვა იყო „თათარი.“ ეს არის მარად ქართველად დარჩენის მუდარა.

მარად ქართველად დარჩენა კი „ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა“-ა, რომელიც არა მხოლოდ ჩვეულებრივი მამულის ჩვეულებრივი სიყვარულია, არამედ ერის შენარჩუნების შეგნებისათვის წარმოთქმული დევიზი.