პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გამოცხადებულ კონკურსში "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა" და "ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდმა" გაიმარჯვა.
აღნიშნული ინფორმაცია "პირWელს" კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურის ინსტიტუტის" თავმჯდომარემ გია ნოდიამ დაუდასტურა, თუმცა დაგეგმილ პროექტებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
"მომავალ კვირას გავმართავთ პრეს-კონფერენციას და ჩვენს სამომავლო გეგმებს და განსახორციელებელ პროექტებს გავაცხადებთ", - განაცხადა ნოდიამ.
კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია კომისიამ კავკასიური ინსტიტუტი, ნოდიას თქმით, "ეს საკონკურსო კომისიის პრეროგატივაა".
რაც შეეხება "ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდს", მისი ხელმძღვანელი ჟურნალისტი ნინო დარასელია, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება და საქართველოში 14 იანვარს დაბრუნდება.
"როგორც ვიცი, ნინოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადი წარდგენილი ჰქონდა, მაგრამ რა შედეგი მიიღო ვერ გეტყვით. ზოგადად კი შემიძლია, გითხრათ, რომ "ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი" 2011 წლიდან ფუნქციონირებს”, - განაცხადა "პირWელთან" საუბრისას დარასელის დედამ, ყოფილმა დეპუტატმა რუსუდან კერვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, კონკურსი გასული წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებების შეტანა 23 დეკემბრის 16:00 საათამდე შეეძლოთ.
კონკურსის ფარგლებში, განხილული იქნა საკონკურსო წინადადებები იმ პროექტებზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებისკენ, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიის განვითარების შემდგომი ხელშეწყობისაკენ იყო მიმართული.
კონკურსის პირობების თანახმად, შერჩეული საკონკურსო წინადადების საფუძველზე შექმნილი პროექტი (შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, 1 000 000 (მილიონი) ლარით დაფინანსდება მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით.
ცნობისთვის, საკონურსო კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე იყო. წევრები კი პრეზდენტის მრჩევლები ვერა ქობალია, ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ნატალია ყანჩელი.