"საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს არა აქვს უფლება, იყოს საქართველოს პრეზიდენტი ოქტომბრამდე. მას კონსტიტუციური ვადა გასდის 5 იანვარს. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ ვადებთან დაკავშირებით ყველაფერი ნათლად არის, იმიტომ რომ მათ იმდენჯერ ცვალეს კონსტიტუცია, ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გაიგებს, ბოლოს და ბოლოს, როდის იწურება მისი პრეზიდენტობის ვადა. ამიტომ ეს სტიქიური მოვლენა, რაც ახლა ხდება, შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ მართულიც არის, ყოველ შემთხვევაში, ის შიგნიდან არის მართული და ეს არის საზოგადოების ერთი საკმაოდ მოზრდილი ჯგუფის ინიციატივა. ამ აქციას აქვს თავისი მორალური უფლება, რომ იყოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია. ყველასთვის ცნობილია, რომ ნაციონალების მხრიდან ხდება ძალაუფლებაზე მობღაუჭება და, აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, რომ ამ აქციებმა რამე შეცვალოს", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "2013 წელს სერიოზულ კატაკლიზმებს ველი".
"მე ვიცი, რომ შეიძლება ბევრის გულისწყრომა გამოვიწვიო ბარიკადის ორივე მხარეს, მაგრამ მეშინია, უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი და ამას არ მოჰყვეს თუნდაც ისეთი გაგრძელება, როგორიც იყო ვარდების რევოლუციის წინა დღეებში. მე მინდა, საქართველოში ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს კონსტიტუციური ფორმა. მეორე საკითხია ის, რომ კონსტიტუცია ისეთ მდგომარეობაშია, რა ფორმა უნდა მიეცეს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც რთულია. საკითხავი არის, როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ გამოიყენებს ამას, ვინ როგორ შეფასებას მისცემს. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. საქართველოს უახლოესი ისტორიის მაგალითები მე ოპტიმიზმის უფლებას არ მაძლევს, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორი ფორმით წარიმართება საპროტესტო აქციები და საპროტესტო განწყობები. დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება, სათავისოდ გამოიყენოს ეს სიტუაცია და პროვოკაციაზე წამოაგოს საზოგადოება, რათა სათქმელი ჰქონდეს, რომ ძალადობრივი გზით მოხდა მათი შეცვლა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"პრეზიდენტის რამდენიმე განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ის უბიძგებს მავანს აქტიური ქმედებებისკენ. ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელებისადმი მიმართვა, ეს იყო იმ ტიპის ქმედებები, როდესაც უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, რომ საზოგადოება პროვოკაციაზე წამოაგოს. აქედან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უმცირესობის წარმომადგენლები ცდილობენ, პროვოკაციული სივრცე შექმნან ქვეყანაში და სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიონ. ამიტომ უმრავლესობის წევრთა ეს განცხადებები არის გამაფრთხილებელი, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ლაპარაკია იმაზე, რომ თუ თქვენ გააგრძელებთ ასეთ ქმედებას, მაშინ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას და იმპიჩმენტის პროცესს წამოვიწყებთ. თუმცა ივანიშვილმა და კოალიცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მას არა აქვს ამის სურვილი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თადარიგი თავიდანვე დაიჭირა და როდესაც დაინახა, რომ აგებდა და წაგების შემდეგაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სხვადასხვა რგოლში თავისი წარმომადგენლობა გაეძლიერებინა. ეს არის პირველ რიგში ადგილობრივ ხელისუფლებაში და მეორე რიგში ძალოვან უწყებებში. მაქსიმალურად შეეცადა, გაეძლიერებინა. ძალოვან სტრუქტურებში ისე გააკეთეს, რომ მათი წარმომადგენლობა ქვედა რგოლებში ყოფილიყო ძლიერი. მათ სპეციალურად შექმნეს ასეთი ფორმატი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი ჩინის ოფიცრები გადაიყვანეს ქვედა რგოლებში. ოპერებად აქციეს. ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემთხვევაში ოპერებს არავინ გააგდებდა. დღეს ამ ოპერების ერთი დიდი ნაწილი არის მათი ძირითადი დასაყრდენი. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა ყოფილიყო. ახლა როგორ განვითარდა მოვლენები, რამდენად არიან ეს ოპერები ძველი ხელისუფლების ერთგულნი, ეს სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, გათვლა ამაზე იყო. აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ ერთნაირი პრინციპით მოქმედებს "ნაციონალური მოძრაობა" როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ქვეყნის მმართველობით სისტემებში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეგიონულ დონეზეც, ანუ ყველგან ქმნის პროვოკაციულ სივრცეს", - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "რას ელით ახალი 2013 წლისგან, როგორია თქვენი პროგნოზები?" - პასუხობს:
"ძალიან მძიმე წელი იქნება. საქართველოს შიდა მდგომარეობა ერთია, მაგრამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სერიოზულ კატაკლიზმებს ველი. ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება ძალიან რთული სიტუაცია, მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს შიდა მდგომარეობას, თუ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა მოახერხებს თავისი დანაპირების შესრულებისა დაწყებას, პირველ რიგში ვგულისხმობ სოფლის მეურნეობის განვითარებას, მაშინ კარგ რეზულტატებს უნდა ველოდოთ. ჩვენ ფორსირებულად გვჭირდება, ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა იმისათვის, რომ ხალხის გამოსაკვები პროდუქტი წლის ბოლოსთვის გვქონდეს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ერთადერთი, რაც ხელს შეგვიშლის ამ მუშაობაში, ეს არის ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც, სავარაუდოდ, იქნება საქართველოში მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ არის საჭირო, ხალხმა იცოდეს, რომ ასეთი მძიმე დაპირისპირების ფონზე რთული იქნება იმ პირობების შესრულება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მისცა ხალხს. თუმცა მაინც უნდა შესრულდეს. ხელს გვიშლიან, არ გვაცდიან, ვერ ვაკეთებთ, ამას საზოგადოება და ხალხი არ მიიღებს. ჩვენ ყველა რესურსი გვაქვს იმის, რომ სერიოზული გარდატეხა მოვახერხოთ ქართული ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში".