საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისთვის ხუთ-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ხელისუფლება ქვეყნის პირველი პირის მიმართვას „პრეზიდენტის ხუთ ტყუილს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინასაახალწლო მიმართვა დასავლეთისთვის იყო გაკეთებული, რომელიც პიარ-ეფექტებზე იყო გათვლილი. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, For.ge საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:
პრეზიდენტი „ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად“ ხუთპუნქტიან გეგმას გთავაზობთ და მოგიწოდებთ „ოპოზიციის დევნა“ და „აგრესიული რიტორიკა“ შეწყდეს. მიხეილ სააკაშვილის გამოწვევას იღებთ?
- სააკაშვილის საახალწლო მიმართვა ბოღმით იყო გაჟღენთილი, რომელმაც შთაბეჭდილება მხოლოდ იმ ადამიანებზე მოახდინა, რომელთაც ციხესთან ბაჩო ახალაიას ღამე გაუთენეს. 31 დეკემბერს, ახალი წლის მოსვლა მხოლოდ ერთ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილს არ უხაროდა. სამწუხაროა, როცა ქვეყნის მმართველი ასეთი ეპიტეთებით თავის ერს მიმართავს და ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობას ხვალინდელი დღის იმედი ჩაუნერგოს, აპოკალიფსურ სურათს უხატავს. სააკაშვილს ცნობილ კარიკატურას - „მოსიარულე სიკვდილს“ შევადარებდი, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში დადის. ამ მძიმე შედარებისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როცა ამ ადამიანს ვუყურებ, ჭკუიდან გადავდივარ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის ავყია კაცია, რომლის ყურებაც რთულია. ფაქტია, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, რომელშიც ამ ადამიანის გამო ჩავცვივდით, მაგრამ არ ვამბობ, რომ ამ რეალობას უნდა შევეგუოთ. ქვეყნისთვის სააკაშვილი საფრთხე, შარი და განსაცდელია, რომელსაც ღირსეულად უნდა გავუძლოთ. რაც შეეხება სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ მუხლებს, ამაზე სერიოზულად დაფიქრება არ ღირს, რადგან ეს მიმართვა უფრო დასავლეთისთვის იყო გაკეთებული, ვიდრე ქვეყნის შიგნით მოხმარებისთვის. მიმართვა პიარ-ეფექტებზე იყო გათვლილი - თუ როგორი კოჰაბიტაციურია სააკაშვილი, თუ როგორ ამყარებს ურთიერთობას ოპონენტებთან და თუ როგორი დამთმობია.
პრეზიდენტი პრემიერს ბიზნესფორუმის ჩატარებასაც სთავაზობს და აცხადებს, რომ „მოდით, ერთობლივი ძალისხმევით დავუბრუნოთ ნდობა ქართველი ეკონომიკისადმი და ზოგადად საქართველოსადმი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას“. რას ნიშნავს ეს განცხადება - პრეზიდენტი აღიარებს, რომ ეკონომიკისადმი ნდობა დაკარგულია, თუ იმას ცდილობს, რომ ბიზნესის „დაკრიშვაში“ თავისი თანამონაწილეობა გააგრძელოს?
- მსგავს რამეს არასოდეს აღიარებს, მაგრამ ის იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ თითქოს, ხელისუფლება ქვეყნის დამაქცევარია და თითქოს, ბიზნესი უკან მიგვყავს. პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, საუბარი იმაზე მიდიოდა, რომ ვიყავით საბჭოეთის გადმონაშთები, რუსეთუმეები, ქვეყანა უკან სიბნელისკენ - შევარდნაძის ეპოქისკენ მიგვყავდა და ა.შ. ფაქტია, რომ სააკაშვილის ეს რიტორიკა არ შეცვლილა, მის გამოსვლებში აგრესია უფრო გამყარდა და დაგვირგვინება წინასაახლწლო მიმართვა იყო. ბიზნესფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით კი, მისი შეთავაზება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან ეს ის ადამიანია, რომელიც ბიზნესტერორით იყო დაკავებული და წილების ჩამორთმევა-გადანაწილებას ახდენდა. სააკაშვილი გრძნობს, რომ წარმავალია და ქართულ პოლიტიკაში დარჩენის შანსიც აღარ აქვს.
მსგავსი რიტორიკით, პრეზიდენტი რის მიღწევას ცდილობს?
- ფაქტია, რომ მისი პოლიტიკური დღეები დათვლილია. საპრეზიდენტო არჩევნები 20 იანვარს იქნება თუ 1-ელ ოქტომბერს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. მას სურს, რომ დასავლეთისთვის რაღაცნაირად საინტერესო გახდეს, დასავლეთის ყურადღების ცენტრში იყოს, მისგან პოლიტიკური იმპულსები მოდიოდეს და თავად იყოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშე და არა ბიძინა ივანიშვილი. ეს კი, მას არ გამოუვა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო, მისი გუნდი კი მოგებულის პოზიციიდან არ უნდა საუბრობდეს და ადამიანებს ისევ მუშტებს არ უნდა უღერებდნენ. სააკაშვილის გუნდი აპრილი-მაისებით გვემუქრება და ფიქრობს, რომ გაბაშვილის, ხაჩიძისა და ცისკარიშვილის გამოჩენით ხმებს ისევ მოიპოვებს, მაგრამ რით ვერ გაიგეს, რომ ხალხს ეს ადამიანები ეზიზღება, რადგან ამ გუნდმა ხალხს სული ამოხადა და ტანჯვა-წამება იყო ერთადერთი იმპულსი, რომელიც მათგან მოიდიოდა. ეს ჯგუფი, ელვის უსწრაფესად პოლიტიკური უფსკრულისკენ მიექნება, რის გამოც, სააკაშვილი თვითმართველობიდან-თვითმართვლობაში დარბის და თავის მომხრეებს ამაგრებს, მაგრამ ეს პარტია მყარ იდეოლოგიურ საფუძველზე არ იყო შექმნილი და მათი იდეოლოგია ცოცხებით გაუპატიურება იყო.
თქვენ აცხადებთ, რომ პრეზიდენტი საფრთხეს წარმოადგენს და მის აგრესიულ გამოსვლებს სიმშვიდეს უპირისპირებთ, მაგრამ ხელისუფლების სიმშვიდე რითი არის განპირობებული, მაშინ როდესაც სააკაშვილი ჯერ კიდევ ბევრი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. თქვენი გუნდი მეტ სიმკაცრეს, რატომ არ იჩენს და პრეზიდენტს თავის ნამოქმედარს წინ, რატომ არ უფენს. ამას კოჰაბიტაცია გიკრძალავთ?
- ქვეყნისთვის სიმკაცრეს დადებითი არასოდეს მოუტანია. სიმკაცრე დემოკრატიის თანმდევი პროცესი არ არის, არამედ დემოკრატიის საფუძველი სამართლის აღდგენა და კანონის უზენაესობაა. საზოგადოება იმ სივრცეში დავაბრუნეთ, სადაც სამართლის ზეიმია. როგორ ფიქრობთ, იმ ქმედებებს გავაგრძელებთ, რასაც ადგილი ვანო მერაბიშვილისა და ზურა ადეიშვილის მხრიდან ჰქონდა? ჩვენი მიზანია, ქვეყანაში რეალური დემოკრატია დავამკვიდროთ, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგება. სწორედ ეს არის წამალი პოლიტიკურად დაავადებული საზოგადოებისა. დამერწმუნეთ, საფრთხეები გაქრება და იმის მოთხოვნა აღარ იქნება, რომ გამარჯვებულმა ძალამ დამარცხებული დაატუსაღოს და დედაბუდიანად ციხეში ჩასვას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართალმა პური არ უნდა ჭამოს. ამჟამად სამართალი ამითია დაკავებული.
თქვენ აცხადებთ, რომ პრეზიდენტი დასავლეთში განწყობების მოპოვებას ცდილობს. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის „პიარ-აქციებს“ რას უპირისპირებთ? საერთაშორისო არენაზე, ხელისუფლება აქტიურია თუ პრობლემებს ისევ ელჩები ქმნიან, რაზეც ადრეც საუბრობდით?
- ელჩებმა პირველივე დღეებში პრობლემები შეგვიქმნეს, რადგან დიპკორპუსის ძალიან დიდი ნაწილი ფაქტიურად უკონტროლო იყო და ზოგიერთი მათგანი დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყნისას, რაც უმსგავსობაა. ასეთი ელჩები, იმ სადისტებს რითი სჯობნიან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ და თავისუფალ აზრს ახშობდნენ? მათ შორის არავითარი სხვაობა არ არის. როცა დიპლომატი ხარ უნდა იცოდე, რომ შენს ქვეყანას ემხაურები და არა რომელიმე პარტიას. ამის საუკეთესო მაგალითი იყო - საქართველოს ელჩი შვეიცარიაში ლევან მიქელაძე, რომელმაც თანანდებობა 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დატოვა. ვისურვებდი, რომ ზოგიერთ ელჩს თვალწინ მიქალაძის სახე ედგას და არა ბოკერია-სააკაშვილის, რომელთაც მონური სულისკვეთებით ემსახურებიან. ელჩები თუ როგორ ინიშნებოდნენ ძალიან კარგად ვიცი.
როგორ ინიშნებოდნენ?
- სრული მსახურების ნიშნით. კოტე გაბაშვილი აცხადებს, რომ მისი მორალი ხელისუფლების მორალთან არათავსებადია. ძალიან მაინტერესებს მისი მორალი მაშინ როგორ იყო, როცა მისი შვილის მეგობრები აქციებს არბევდნენ და გირგვლიანი მოკლეს? ელჩებს იმის მიხედვით არ შევარჩევთ - თუ ვინ არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი, არამედ ელჩს მზე და მთვარე თავის ქვეყანაზე უნდა ამოსდიოდეს. ელჩებთან დაკავშირებით, შეურაცხმყოფელი და უაზრო დიალოგი მიდიოდა. როცა ელჩების დანიშვნის სანაცვლოდ, ციხიდან მკვლელელბის გათავისუფლებას გთხოვენ, ეს ტყვეებით ვაჭრობას მახსენებს, რაც გაუგონარია, მაგრამ სააკაშვილისგან არაფერი მიკვრის.
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით აქციები მიმდინარეობს და დაახლოებით 800 000 ხელმოწერაც შეგროვდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოსტს შემოდგომამდე შეინარჩუნებს, თუმცა, პირადად თქვენი პოზიცია, როგორია?
- ეს აქციები ჩვენს მიერ ორგანიზებული არ არის. თუმცა, რომ გითხრათ მათ არ ვუთანაგრძნობ-თქო, დაიჯერებთ? სააკაშვილს პრეზიდენტობის 10 თვე მიტაცებული აქვს და ის ხელისუფლებაში ყოფნით ვერ გაძღა. გახსოვთ, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და ამჟამად, გადადგომის შედეგად დაკარგული თვეების კომპენსირებას ახდენს. საკონსტიტუციო ცვლილები კი, ქართველ ხალხს „ჯიბის ოპოზიციისა“ და „დიდი კონსტიტუციონალისტის“ ავთანდილ დემეტრაშვილის დახმარებით, თავს მოახვია. ამიტომ, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ათი თვე ლეგიტიმურია. სააკაშვილმა 5 იანვრის არჩევნები საშინლად გააყალბა და ქართველ ხალხს საკუთარი არჩევანი მოსტაცა, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დიდი მცდელობის მიუხედავად არ გამოუვიდა. ხათუნა გოგორიშვილსა და მიშა მაჭავარიანს არჩევნები არ გავაყალბებინეთ. სააკაშვილი, რომ ფლიდი და ცრუა, ეს ავღანეთშიც კარგად გამოჩნდა, ტელეფონში რომ გაჰკიოდა. ერთი მხრივ, ეს არასერიოზულია, მეორე მხრივ კი - ტრაგიკული, რადგან ქვეყანას ასეთი კაცი მართავს. ქვეყანას ნირწამხდარი კაცი არ უნდა მართავდეს, რომელსაც მორალი დაბადებიდან არ აქვს. მორალი კი, ადამიანს დედის ძუძუთი უნდა გამოყვეს და შემდეგ ასე გაიზარდოს.