ვისი მძიმე დამნაშავეა უფრო მძიმე დამნაშავე?

ვისი მძიმე დამნაშავეა უფრო მძიმე დამნაშავე?

სასჯელაღსრულების სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნოემბრის შემდეგ შეწყალებული 1600 პატიმრის საქმის გადახედვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი, ამნისტიის პარალელურად, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდებულ პატიმრებს შეგნებულად იწყალებს, რათა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესაძლო გაუარესება ამნისტიას მიეწეროს. ამას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე ამბობს. ვინ აწვდის პრეზიდენტს შესაწყალებელი პატიმრების სიას? ამასთან, პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალება ჰუმანური აქტია თუ პოლიტიკური სვლა?

22 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტმა, შეწყალების სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციით, 1142 პატიმარი შეიწყალა, რომელთა ნაწილი საპატიმროდან გათავისუფლდა, ნაწილს კი დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა, ამბობს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე შენიშნავს, რომ პრეზიდენტმა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში 1600-მდე პატიმარი შეიწყალა, ანუ, დაახლოებით, 500-ით იმაზე მეტი, რამდენის რეკომენდაციაც შეწყალების კომისიისგან მიიღო. გიგა გიორგაძის სიტყვებით, ყველა შეწყალებულის საქმის გადახედვა ცხადყოფს, რომ საპატიმროდან გათავისუფლებულია 600-მდე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული, 500-მდე - მძიმე და, დაახლოებით, 250 - მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული, რაც, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თქმით, მეტად საგანგაშო რიცხვია:

”1600-მდე ადამიანია შეწყალებული, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიცაა მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების ქურდობა - ისეთი ძარცვა, როგორიცაა საყურის ჩამოგლეჯა და ა.შ. ასეთი დანაშაულებისათვის მსჯავრდებული პირები როცა გამოშვებულები არიან და არანაირი დასაბუთება არ არსებობს, თუ რის გამო მოხდა მათი შეწყალება - ავადმყოფობის გამო თუ გამოსწორდა პატიმარი... თანაც, ზოგს 5 წელი აჩუქეს, ზოგს შეიძლება მეტიც... ბუნებრივია, ეს ბადებს კითხვებს”.

კითხვები, რომლებიც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს გიგა გიორგაძეს უჩნდება, დაკავშირებულია პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონთან. შეგახსენებთ, რომ მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გამწვავების მოტივით, თუმცა პარლამენტმა ვეტო დაძლია და ახლა კანონი ისევ პრეზიდენტის ხელმოწერის მოლოდინშია.

”არის ეჭვი, ხომ არ ხდება ეს შეგნებულად ამ ამნისტიასთან დაკავშირებით, რათა გაერივნენ ეს ადამიანები ამნისტიით გათავისუფლებულებში და შემდეგ საზოგადოებისთვის მოხდეს ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომ აი, ამნისტიის შედეგად გამოსულმა ადამიანებმა ჩაიდინეს განმეორებითი დანაშაული. გამორიცხული არ არის, რომ მათაც ჩაიდინონ დანაშაული, ვისაც ამნისტია შეეხება, მაგრამ როდესაც 1500-მდე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები გამოდიან გარეთ, ბუნებრივია, ეს უფრო ამძაფრებს სიტუაციას”.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის საპასუხოდ, შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ამბობს, რომ კომისია პატიმართა საქმეებს ინდივიდუალურად სწავლობს და შესაწყალებელთა სიაში ხვდებიან მხოლოდ ის პატიმრები, რომელთაც სასჯელის ნახევარი აქვთ მოხდილი და მათ შორის არ ხვდებიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები:

 ”ჩვენ ინდივიდუალურად ვიხილავთ თითოეულ საქმეს, რომელიც ეხება მკვლელობას, გაუპატიურებას, ყაჩაღობას ფიზიკური ძალადობით, ტრეფიკინგს და ნარკორეალიზაციას. გამორიცხულია, რომ კომისიამ ასეთ პატიმრებს გაუწიოს რეკომენდაცია”.

ელენე თევდორაძის სიტყვებით, კომისიამ რამდენიმე ისეთი პატიმრის შეწყალებაზე მისცა რეკომენდაცია პრეზიდენტს, რომლებიც ყაჩაღობისთვის იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ მათ სასჯელის სრულად მოხდამდე ერთი ან ნაკლები წელი ჰქონდათ დარჩენილი და, თანაც, სასჯელს პირველად იხდიდნენ:

 ”რა თქმა უნდა, სიაში არიან პატიმრები, რომლებიც ყაჩაღობისთვის იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამას. თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანს პირველად აქვს ჩადენილი დანაშაული და, მაგალითისთვის, სასჯელს იხდის მობილურის წართმევისთვის, ასეთი ვითარება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ, მთლიანად თუ არა, დარჩენილი ვადა გავუნახევროთ მსჯავრდებულს. ჩვენ ყაჩაღობისთვის გასამართლებულ მხოლოდ იმ პატიმრებს ვუწევთ რეკომენდაციას, პატიმრობის ერთი წელიწადი ან უფრო ნაკლები რომ დარჩათ მოსახდელი”.

ამასთან, ელენე თევდორაძის სიტყვებით, პრეზიდენტთან, შეწყალების კომისიის რეკომენდაციის გარდა, ხვდებიან პატიმრები, რომელთა შეწყალებაზეც რეკომენდაციას საპატრიარქო გასცემს. ამასთან, პრეზიდენტთან შედის ინდივიდუალური განცხადებებიც, რომელთა განხლვის და დაკმაყოფილების უფლება პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, ელენე თევდორაძის სიტყვებით, პრეზიდენტთან შეწალების კომისიის რეკომენდაციით ვერც ერთი მძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდებული ვერ მოხვდებოდა.

უფლებადამცველის, ადვოკატ ლია მუხაშავრიას სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ რაოდენობით პატიმარი პრეზიდენტს ერთბაშად არასოდეს შეუწყალებია, ის მაინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი შეწყალების ამ აქტით არ ცდილობს კრიმინოგენული ვითარების დაძაბვას და ამის ვიღაცისთვის გადაბრალებას. ის, უბრალოდ, ცდილობს იყოს უფრო ჰუმანური, რამდენიმეწლიანი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფონზე:

”მე არ ვფიქრობ, რომ შეწყალებულთა რაოდენობა - ამ შემთხვევში, პრეზიდენტის მხრიდან - რაიმე ძირგამომთხრელი საქმიანობაა. თუმცა ამ რაოდენობის პატიმრები მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეუწყალებია და ეს მისთვის უჩვეულო საქციელია, მაგრამ ახალი წლის დღეებში ოპტიმისტურად მინდა ვიფიქრო, რომ გამოსწორებისა და შემწყნარებლობის გზას დაადგა თავად პრეზიდენტი და იგი ცდილობს თავისი კარიერის დასასრულს საზოგადოების რაღაც ნაწილში - შეწყალებულ პატიმართა და მათი ოჯახების თვალში - მოიპოვოს ნდობა და გარკვეული პატივისცემა”.

ლია მუხაშავრიას მსგავსად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ცდილობენ გააბათილონ სასჯელაღსრულების სამინისტროს ეჭვი, თითქოს პრეზიდენტი ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების დაძაბვას ცდილობდეს მოსალოდნელი ამნისტიის ფონზე. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის სიტყვებით, ვერავითარი პოლიტიკური მიზნები ვერ დადგება იმაზე მაღლა, რაც პრეზიდენტს წლების განმავლობაში ამოძრავებდა, კერძოდ, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გამოსწორება და დანაშაულთან შეუგუებლობა:

”არანაირად არ უნდა შედიოდეს პრეზიდენტის სურვილებში ის, რომ ის, რაც მართლაც სერიოზული მონაპოვარია და დიდი რამ დევს სასწორზე, სხვა რამემ გადაწონოს ან დაანგრიოს. არა მგონია”.

საქართველოს პრეზიდენტს მის მიერ ვეტოდადებულ და პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ ამნისტიის კანონზე ხელმოწერის ვადა ჯერ კიდევ აქვს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მოაწერს ხელს თუ არა ის კანონს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კვლავაც უარს იტყვის კანონისთვის ხელის მოწერაზე, ამის შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცემა.