ცენტრალური აზია და კავკასია ჯონ კერის საქმიან ბიოგრაფიაში

ცენტრალური აზია და კავკასია ჯონ კერის საქმიან ბიოგრაფიაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი ჯონ კერი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე და ხშირად აკეთებდა კომენტარებს შეერთებული შტატების საგარეოპოლიტიკური კურსის ასპექტებზე. ჯერჯერობით გაურკვეველია ის, თუ როგორ აისახება ჯონ კერის პირადი შეხედულებები აღნიშნული პრობლემის თაობაზე მის საქმიანობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში – ის ფრთხილი ადამიანია და საეჭვოა, თეთრი სახლისგან დამოუკიდებელი, საკუთარი პოლიტიკა აწარმოოს. ყველა შემთხვევაში, როგორც მისი საქმიანი ბიოგრაფიის ანალიზიდან ჩანს (მათ შორის, ცენტრალურ აზიასთან და კავკასიასთან დაკავშირებით), ის საკმაოდ მტკიცედ მისდევს დემოკრატიული პარტიის ძირითად კურსს, და მისი შეხედულებები დიდად არ განსხვავდება (თუ საერთოდ განსხვავდება) იმ შეხედულებებისგან, რომელსაც ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იზიარებს. დიდწილად ეს ნიშნავს ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიასთან დაკავშირებულ ამაღლებულ რიტორიკას, რომელსაც ნაკლებად ახლავს თან ის, თუ რა გზებით შეიძლება ამ პრინციპების უზრუნველყოფა არსებული რეალობის პირობებში, რეალობისა, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო სამხედრო ოპერაციების განხორციელებასთან.

ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებით კერი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს დემოკრატიზაციას და ადამიანის უფლებების დაცვას. ის იმ მცირერიცხოვან სენატორთა რიგში იყო, რომლებმაც ყაზახეთის იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ კანატ საუდაბაევს განცხადებით მიმართეს უფლებადამცველ ევგენი ჟოვტისთან დაკავშირებული სიტუაციის გამო.

2010 წელს კერიმ ვებგვერდზე EurasiaNet სტატია გამოაქვეყნა სათაურით „ვაშინგტონმა ყირგიზეთის დემოკრატიზაციისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირება უნდა მოახდონოს“, რომელშიც ის წერს, რომ „უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დემოკრატიზაცია ანტაგონისტური მიზნები არ არის“: „ყირგიზეთში სულ უფრო იზრდება იმის შიში, რომ შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების პრობლემები უფრო აღელვებთ, ვიდრე ყირგიზი ხალხის მისწრაფებები. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს შთაბეჭდილება ყალბია და არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც…

მართალია, სატრანზიტო ცენტრი აეროპორტ „მანასში“ მთელი რეგიონისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე ყირგიზი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები. ჩვენ ვერ ვხედავთ წინააღმდეგობას ამ პრიორიტეტებს შორის, რადგან ორივე მიმართულია იმისკენ, რომ ყირგიზეთი აყვავებული და თავისუფალი იყოს“.

მსგავსი მოსაზრება გამოთქვა მან მოგვიანებით, სენატის ანგარიშში, რომელიც ჩრდილოეთის ქსელით მომარაგებას ეძღვნებოდა. მაგრამ ამ ანგარიშში კერის პოზიციის სისუსტეც გამოჩნდა: სიტყვები, რომ დემოკრატიის განვითარება და უსაფრთხოების განმტკიცება ფეხდაფეხ მიჰყვება ერთმანეთს, რა თქმა უნდა, შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ არსებობს უამრავი აბსოლუტურად ცხადი სფერო, სადაც ეს ორი მიზანი სინამდვილეში ერთმანეთთან კონფლიქტშია, ანგარიშში კი მინიშნებაც არ არის იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს აშშ ორივე ამოცანას ერთდროულად. ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან მალევე, ამ პრობლემის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი:

„თავის ანგარიშში კერი იმავეს ამტკიცებს [რომ აშშ-ის უზბეკეთთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის გაუმჯობესებას], არადა ოთხწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ამ მიმართულებით წინსვლის მხოლოდ ერთი მაგალითი დაფიქსირდა, კერძოდ, 2008 წელს, ხელისუფლებამ „წითელ ჯვარს“ პატიმრების მონახულების უფლება მისცა. თუმცა ზოგადი სურათი კვლავ მძიმეა და, სამწუხაროდ, უარესდება კიდეც.

ანგარიში ამ ფაქტს არ ადასტურებს, არამედ უზბეკეთის შემთხვევაში ის საერთოდ ვერ პასუხობს რეალობას. არანაირი პოლიტიკური თანამშრომლობა არ იმუშავებს. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ რაც მეტი ამერიკელი მაღალჩინოსანი დაიჯერებს ამას, მით უფრო რეალურია, რომ მათ მოუწევთ საკუთარ პრინციპებთან კომპრომისზე წასვლა. ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გზა იმისთვის, რომ შეერთებული შტატები საკუთარი შეხედულებების ერთგული დარჩეს – დუმილია“.

თუკი კერი განაგრძობს სასურველის რეალობად აღქმას, ის მისი წინამორბედის ჰილარი კლინტონის გზას გაიმეორებს. როგორც ჩანს, მართალია ის, რომ ერთი საერთო უბედურება სჭირთ დემოკრატ მაღალჩინოსნებს საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის, კერძოდ, მადლენ ოლბრაიტს, კლინტონების წყვილს, და კერის. როდესაც ამ ტიპის ადამიანები, რომლებსაც სერიოზულად აწუხებთ ადამიანის უფლებები, მთლიანობაში სწორ რაღაცებს აკეთებენ და მათი საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, ე.წ. რეალპოლიტიკას გატარება უწევთ, მათ, როგორც ჩანს, სჭირდებათ საკუთარი ქმედებების გამართლება იმის მტკიცებით, რომ მათი პოლიტიკა ამა თუ იმ ფორმით, ფაქტობრივად, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის წინსვლას. ამიტომ:

„როდესაც [2011 წლის] ოქტომბერში, კლინტონი ტაშკენტს სტუმრობდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ „პრეზიდენტ კარიმოვის თქმით, მას სურს პროგრესის მიღწევა ლიბერალიზაციის და დემოკრატიზაციის საქმეში და ამ სფეროში შესაბამისი მემკვიდრეობის დატოვება თავისი შვილებისთვისაც, და შვილიშვილებისთვისაც“. სკეპტიკურად განწყობილი ჟურნალისტის შეკითხვაზე ამ ჩინოვნიკმა დასძინა: „დიახ, მე მჯერა მისი“.

კერი კავკასიაშიც თითქმის იმავე კურსს უჭერს მხარს, რასაც ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, რომელიც აქტიურად ემხრობა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას და იმავდროულად აღნიშნავს, რომ „ეს დიალოგი საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე არ წარიმართება“.

კერის პოზიციის ზოგიერთი ადრეული ასპექტი ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ ის მასაჩუსეტსს წარმოადგენს, შტატს, სადაც შედარებით მეტი სომხური წარმოშობის ამერიკელი ცხოვრობს. ასე იცავდა ის აშშ-ის ყოფილ ელჩს ჯონ ევანს, რომელიც ოდესღაც თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“ 1915 წელს თურქეთის აღმოსავლეთში დატრიალებული მოვლენების შეფასებისას. მან ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ასევე „907-ე ნაწილის“ – აშშ-ის კანონის მიღებაში, რომელიც აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ზღუდავს.

და მაინც, როგორც ჩანს, მისი, როგორც დიპლომატის პროფესიონალიზმზე მიუთითებს ის, რომ კერი კავკასიაში მეტ-ნაკლებად ყველა მხარეს ემხრობა, თუმცა აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, გარკვეულწილად დაძაბულია. თურქეთი კი, გაზეთ Today’s Zaman-ის ცნობით, კერის კანდიდატურას ენთუზიაზმით ხვდება.

თუმცა, მაინც აუცილებელია იმის დაზუსტება, რომ ის, რისიც თავად კერის სწამს, საეჭვოა განსაკუთრებით აისახოს მის მუშაობაზე სახელმწიფო მდივნის რანგში, რადგან ის დიდწილად თეთრი სახლის პოლიტიკას გაატარებს. ის, რომ მისი შეხედულებები ასეთ ჰარმონიაშია ბარაკ ობამას შეხედულებებთან, და ის, რომ ის ასე კარგად იცნობს ყველა მთავარ საკითხს და მოთამაშეს, ისეთ შედარებით ნაკლებპრიორიტეტულ რეგიონშიც კი, იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ მისი ამ თანამდებობაზე მუშაობა მშვიდად ჩაივლის.

foreignpress.ge