ხელისუფლებისთვის ბრძოლა, რომელმაც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რეგიონის საკრებულოები მოიცვა, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის შემაშფოთებელ სურათს ქმნის.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ქართულ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა არასდროს მიუღია, მაგრამ ოქტომბერში ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ტალღაზე მათ გარშემო სერიოზული საპროტესტო აქციები ეწყობა, რაც მომავალში განსაზღვრავს იმას, თუ რომელი პარტია იქნება წამყვანი რეგიონებში: პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ თუ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებამდე პარტია „ერთიან ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) 1 263 ადგილობრივი არჩევითი საბჭოდან 1 200 – 1 250-ს აკონტროლებდა“. აქედან ნახევარში დღეს ენმ აღარ დომინირებს.
მაგრამ ამ ცვლილებებს არაფერი საერთო არ აქვთ ელექტორატის სურვილებთან.
იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი საბჭოების შენობები ბლოკირებულია, ზოგჯერ კი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაპყრობილი, საკრებულოების არჩეული წევრები და ხელისუფლების აღამსრულებელი ორგანოების (გამგეობები) წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოების თავმჯდომარეები ნიშნავენ, ან მეორე პოლიტიკური ძალის მხარეს გადადიან ან თანამდებობებს ტოვებენ.
ენმ-ს წარმომადგენელთა მტკიცებით, ოქტომბრის შემდეგ 75 გამგებლიდან 22-მა თანამდებობა დატოვა. საკრებულოს თავმჯდომარეების სტატუსზე ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.
მართალია, ამ დროისთვის ძალადობის შემთხვევები იშვიათია, მაგრამ თავად ტენდენცია შემაშფოთებელია, ამბობს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა. „ეს, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობის პრობლემაა“, ამბობს იგი. „სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოს შენობაში შევარდნა და ადგილობრივ ჩინოვნიკებზე ზეწოლა, მათთვის ფუნქციების შესრულებაში ხელის შეშლა, უკანონოა“.
თუმცა, ასეთი მანიფესტანტების წინააღმდეგ ფაქტობრივად არანაირი ზომები არ ტარდება.
ქალაქის საკრებულოებში ცვლილებების მიღწევის მიზნით, დასავლეთ საქართველოში აქციის რამდენიმე მონაწილემ შიმშილობაც დაიწყო, და როგორც საინფორმაციო ჟურნალ „ლიბერალთან“ პრემიერის მხარდამჭერმა ერთ-ერთმა მოშიმშილემ განაცხადა, ამ აქციის მიზანი იმის დემონსტრირებაც არის, რომ „ჩვენ ვართ გამაჯვებული გუნდის წარმომადგენლები“.
რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილის აზრით, არჩეული საბჭოების იძულება, რომ მათ პოლიტიკური კუთვნილება შეიცვალონ, საპარლამენტო არჩევნების შედეგის ბუნებრივი გაგრძელებაა.
„ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა, ცუდად გამოიყურება. მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე [1 ოქტომბრის არჩევნებამდე] შექმნილი სიტუაციის შედეგია… სააკაშვილის მთავრობა იყო ავტორიტარული, ადგილობრივი თვითმმართველობა კი ამ სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი“, – ამტკიცებს შეგრელაშვილი, რომელიც თვითმმართელობის ორგანოებში არჩევნების კამპანიაზე მუშაობს.
როგორც ჩანს, ბევრს მიაჩნია, რომ არჩევნების გზით ცვლილებების ლოდინი ძალიან გაჭიანურებული საქმეა. თვითმართველობის შემდეგი არჩევნები 2014 წლამდე არ ჩატარდება.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი ლიზა სოფრომაძე აცხადებს, რომ არეულობა მხოლოდ ასუსტებს ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს. მანიფესტანტების მოთხოვნის საფუძველზე პარტიული კუთვნილების შეცვლით ან თანამდებობის დატოვებით, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები „კარგავენ ადგილობრივ დონეზე ძლიერი ოპოზიციის მიღების, ხოლო ხალხი – უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას“, – მიაჩნია მას.
„[ადგილობრივი თვითმმართველობა] უმნიშვნელოვანესი დონეა, რომლითაც შეგვიძლია იმის შეფასება, გვაქვს თუ არაქვეყანაში დემოკრატია“, ამტკიცებს ის. „თუკი არსებობს დამოუკიდებლობა ადგილობრივ დონეზე, ხოლო ადგილობრივ თემებს აქვთ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, ეს არის დემოკრატია“.
ბევრი პოლიტიკოსის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დღევანდელი „თანაცხოვრება“ არ გახდა მმართვის რაიმე კონსენსუსის გამომუშავების მცდელობა, არამედ აბსოლუტურ კონტროლზე ბრძოლად გადაიქცა.
დასავლეთ საქართველოს წალენჯიხის მუნიციპალური საბჭოს წევრის დავით ჭიჭინაძის თქმით, ეს ცვლილებები პოლიტიკურზე მეტად, პრაგმატული შეხედულებებითაა ნაკარნახევი. საკრებულოებმა, რომლებშიც უმრავლესობას ენმ-ს წევრები წარმოადგენენ, უნდა „გამოიმუშაონ… პოლიტიკურად ნეიტრალური პლატფორმა ახალ მთავრობასთან პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიის დასაწყებად“ და არ უნდა აღიქმებოდნენ, როგორც ერთგვარი „პროვოკაციის კუნძულები“, ამბობს იგი.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წალენჯიხის საკრებულოს 24 წევრიდან 15-მა დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მათ დამოუკიდებელი ფრაქციები ჩამაყალბეს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი სურვილით გადადგა, ამბობს ჭიჭინაძე, რომელიც იმავდროულად რეგიონების მმართვის ეფექტური სისტემისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების განმტკიცების საკითხებზე მუშაობს.
ეს ცვლილებები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოსთვის დემოკრატიის გამოცდის ჩაბარების პროცესში, ამბობს ლიზა სოფრომაძე. „ჩვენ ახლა ძალიან მოწყვლად ეტაპზე ვართ“, მიაჩნია მას. „თუკი ადგილობრივ დონეზე მსგავსი ინიციატივა ფეხს მოიკიდებს, ჩვენ დავღუპავთ… მთელ პროცესს“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა.
foreignpress.ge