"რა გზებით არის შესაძლებელი პრეზიდენტის განეიტრალება"

"კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბერში უნდა იყოს არჩევნები, მაგრამ კონსტიტუცია თვითონ გვაძლევს იმ მექანიზმს, რომელიც გვეუბნება, თუ ეს მუხლი პრეზიდენტის 5 წლიან ვადასთან წინააღმდეგობაში მოვა, როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, რაშიც რეალურად დღეს ჩვენ ვართ. ე.ი. საქართველოს პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების ვადა უმთავრდება 2013 წლის 5 იანვარს ან, მისი ინაგურაციიდან თუ ავითვლით, 20 იანვარს 5 წლის თავზე. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ 5 წლის გასვლის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება, იყოს პრეზიდენტი. კონსტიტუციის 76-ე მუხლი კი ამბობს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში რა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს პრეზიდენტის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა. შეუძლებლობა შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ მას უკვე კანონიერად აღარ აქვს უფლება, იყოს პრეზიდენტი, რადგან ვადა ამოეწურა. 5 წლიან ვადას 70-ე მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს. ამასთან, კონსტიტუცია ამბობს, რომ არავის აქვს უფლება, მიითვისოს ეს უფლება ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება", - აცხადებს ორგანიზაცია "სამართლიანობის აღდგენის კავშირი, ხმა ერისას" თავმჯდომარე გელა სალუაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა" / "რა გზებით არის შესაძლებელი პრეზიდენტის განეიტრალება".

"2013 წლის 5 იანვარს, 5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, იქმნება მდგომარეობა, როდესაც უნდა ამოქმედდეს საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის პირველი პუნქტი, როდესაც პირს კანონიერად აღარ აქვს პრეზიდენტის რანგში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა. მას კანონიერად 5 წლის ვადა ამოეწურა. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი მდგომარეობა იქმნება, ვითარებას კონსტიტუციის 76-ე მუხლი არეგულირებს. კონსტიტუციაში გათვალისწინებულია ორი ისეთი შემთხვევის ალბათობა, როდესაც პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება, მიზეზთა გამო, შეუძლებელი ხდება. კერძოდ, კონსტიტუციის 76-ე მუხლში ვკითხულობთ: "საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე". მაშასადამე, კონსტიტუცია გვაძლევს ისეთ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება დღეს შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი ყოველგვარი კონსტიტუციური ცვლილების გარეშე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა სალუაშვილი.

"კონსტიტუციის ეს მუხლები რომ ამოქმედდეს, პარლამენტმა სპეციალური დადგენილება უნდა მიიღოს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იქნება: ვითვალისწინებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70 (1) გათვალისწინებით, "საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით"; ვითვალისწინებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5 (3) -ის თანახმად, "არავის აქვს უფლება, მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება"; ვითვალისწინებთ, რომ 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წლის 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70 (1) -ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა 2013 წლის 20 იანვარს იწურება; ვითვალისწინებთ, რომ კონსტიტუციის მუხლი 76 (1) -ის გათვალისწინებით, 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვექნება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან " საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის" შემთხვევასთან, პარლამენტი ადგენს, რომ კონსტიტუციის მუხლი 70 (1) -ის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს 2013 წლის 20 იანვარს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი ნიშანი არის. პრეზიდენტს აქვს უფლება მთავრობის გადაყენებისა, რაც შექმნის პოლიტიკურ კრიზისს. არსებობს მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციაზე დაყრდნობით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. კონსტიტუციური მოთხოვნებიდან გამომდინარე, პრეზიდენტ სააკაშვილს 2013 წლის 9 იანვრიდან ათვლით შესაძლებლობა ეძლევა, თავისი გეგმა განახორციელოს. კერძოდ, ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იგი საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაებმება, თუ მთავრობა მისი იქნება. კონსტიტუციის ვადებიდან გამომდინარე, რადგან მას პარლამენტის დათხოვნა მხოლოდ აპრილში შეუძლია, ამის მიზეზი პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობის სამჯერადი ჩაგდების შემდეგ ექნება. შესაბამისად, მთავრობის დათხოვნისა და ახალი მთავრობის წარდგენის ქვედა მიჯნა 2013 წლის 9 იანვარია, ანუ თუ პარლამენტი ზემოთ აღნიშნული დადგენილების ინიცირებას 9-20 იანვრის ფარგლებში მოახდენს, მაშინ სააკაშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იურიდიულად განეიტრალებული იქნება. მოვუწოდებ პარლამენტარებს, დროს ნუ დაკარგავენ და 7 იანვრის შემდეგ დაიწყონ ამ დადგენილებაზე მუშაობა", - დასძენს გელა სალუაშვილი.