კახა კახიშვილი:

კახა კახიშვილი: "არც ისე კარგად აქვს საქმე "ოცნებას" და მგონია, რეალურად ვერ აფასებს ოპონენტის შესაძლებლობებს"

"დღეს საქართველოს მართავს ორი მმართველი გუნდი. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობას წარმოადგენს პარლამენტში, ნაცმო აკონტროლებს პრეზიდენტის ბერკეტებს, უშიშროების საბჭოს და სასამართლოს. ერთი მხრივ, გაჩნდა სიმპტომები, რომ მთელი ძალაუფლება საქართველოში ერთი ადამიანის ხელში აღარ არის, მაგრამ, ამასთანავე, საჭიროა მომზადდეს დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა. გამოსავალი, ჩემი აზრით, არის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდე დანიშვნა ოქტომბერში, კონსტიტუციურ ვადაში, თორემ, მე რომ მკითხოთ, საპრეზიდენტო ვადა სააკაშვილს 4 იანვარს გასდის. სააკაშვილმა, ფაქტობრივად, 11 თვით გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა", - აცხადებს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილი შეეცდება, აპრილში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს" / "სასამართლო ემზადება, რამდენიმე გახმაურებული საქმის განხილვისას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს".

"სააკაშვილის მომავალ ნაბიჯებზე თუ ვიმსჯელებთ, ის აპრილში შეეცდება პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას. ამიტომაც მიმაჩნია საჭიროდ საპარლამენტო არჩევნების ვადამდე დანიშვნა, მასში სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტი გახდეს მრავალპარტიული. ვფიქრობ, უმცირესობა ამას არ დათანხმდება. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია მმართველ გუნდზე და მის პროგრამაზე. ნდობის რეიტინგი ერთია, მაგრამ რეიტინგს აქვს ერთი უნიკალური თვისება - ის ქრება, როდესაც მართვის პროცესში განხორციელებული პროგრამა არ შეესაბამება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაცემულ დაპირებებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ისევ და ისევ დამოკიდებულია "ქართულ ოცნებაზე". მან, პირველ რიგში, პოლიტიკურ პროცესებსუნდა ჩამოაშოროს შსს, პროკურატურა და საფუძველი ჩაუყაროს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კახიშვილი.

"როგორც ვიცი, დღეს 7000-მდე განცხადებაა შესული პროკურატურაში. ადამიანები ათი წლის განმავლობაში ელოდნენ იმას, რომ პროკურატურა არ იქნებოდა პოლიტიკური ნების გამომხატველი ინსტიტუტი და ხალხს იმედი აქვს, რომ მათ განცხადებებს შესაძლოა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება სამართლის უპატივცემლობა. ეს პროცესი საჭიროებს უფრო კვალიფიციურ მიდგომას პროკურატურის მხრიდან. დღეს, როდესაც ნაცები ამტკიცებენ, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და ამიტომ შეუცვალა სასამართლომ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიება, არ არის სწორი მიდგომა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, მოსამართლე ხელმძღვანელობს რამდენიმე პარამეტრით - მიიმალება თუ არა ბრალდებული, შეძლებს თუ არა ზეგავლენა მოახდინოს გამოძიებაზე ან მოწმეებზე. ეს უნდა იყოს კრიტერიუმი, მაგრამ დღეს სასამართლო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და იმართება ნაცების მხრიდან, ისინი ცვლიან დაპატიმრებას მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებებით და ცდილობენ, შექმნან პრობლემა სისხლის სამართლის საპროცესო საქმეებში. იურისტებისთვის კარგადაა ცნობილი ტერმინი - საქმის გაფუჭება. როდესაც აღმკვეთი ღონისძიების სტადიაზე იწყებ საქმის გაფუჭებას, რთულია დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი კონკრეტული განსასჯელის მიმართ. დღესაც არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ სასამართლო ასრულებს ნაცმოს ნებას და პროკურატურას უქმნის პრობლემებს. არსებობს ეჭვი, რომ დღეს იგივე სასამართლო ემზადება რამდენიმე გახმაურებული საქმის განხილვისას გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად და ეს იქნება სერიოზული დარტყმა ახალი ხელისუფლებისთვის", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩემი აზრით, დღეს ნაცმოს არა აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა, მით უმეტეს - აპრილში. ისინი 5%-იანი ბარიერის გადალახვასაც ვერ მოახერხებენ. თუმცა შეეცდებიან, პრეზიდენტის ბერკეტების გამოყენებით შექმნან პოლიტიკური კრიზისი იმ მიზნით, რომ მოახდინონ მოსახლეობის აზრის ფორმირება, რომ ახალი ხელისუფლება არის უსუსური, ვერ ასრულებს დაპირებებს. ამასთანავე, ანალოგიური თვალსაზრისის შექმნას შეეცდებიან დასავლეთშიც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დაბრუნდებიან. ნაცებს სურთ მიიღონ იმის გარანტია, რომ ნაწილობრივ მაინც იქნებიან წარმოდგენილი ხელისუფლებაში. დღეს მათი მიზანი იქნება, პოლიტიკური შანტაჟის მეშვეობით გაიხანგრძლივონ სიცოცხლე საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო და კონსტიტუციით ჰქონდა უფლება, საერთოდ არ წარედგინა მთავრობა, მაგრამ ყველას წინააღმდეგ ვერ წავიდა. იგი დასავლეთს სუპერდემოკრატ მმართველად მოევლინა არჩევნებში მარცხის აღიარებით. უმცირესობა ყოველთვის იქნება დესტრუქციის რეჟიმში ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რაც მას აქვს. ვაღიაროთ, რომ მათ აქვთ ბევრი ბერკეტი, და არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, აქვთ მნიშვნელოვანი კავშირები დასავლეთში, რომელიც პროტოკოლურიდან მეგობრულ კავშირში გადაიზარდა. ისინი შეეცდებიან ამ ყველაფრის გამოყენებას იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას შეულახონ იმიჯი და შეუქმნან პრობლემები. მეორეა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, პროფესიონალიზმის დონით ერთი თავით მათზე მაღლა იდგეს, პრევენციულად რომ მოახდინოს ყველა შესაძლო პრობლემის ლოკალიზაცია. ასე რომ, არც ისე კარგად აქვს საქმე "ოცნებას" და მგონია, რეალურად ვერ აფასებს ოპონენტის შესაძლებლობებს", - დასძენს კახა კახიშვილი.