"ვინ წეწავდა თურქ ბიზნესმენებს"

"ადნარ აქიარი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, დააარსა გადამზიდავი სატრანსპორტო კომპანია და ძალიან კარგადაც ააწყო საქმე. იმ პერიოდში საფინანსო პოლიციის უფროსად დაინიშნა დავით კეზერაშვილი. სწორედ მისი დავალებით დაურეკეს ადნარსა და მის პარტნიორს და განუმარტეს, რომ თუ სურდათ, საქმიანობა გაეგრძელებინათ, საფინანსო პოლიციისთვის პატივი უნდა ეცათ - ავტომობილი უნდა ეყიდათ. "რა გაეწყობოდა, წავედი "ტოიოტას" ცენტრში. თან 60 000 დოლარი მქონდა. სანამ მანქანის საბუთებს აფორმებდნენ, გარეთ გამოვედი სიგარეტის მოსაწევად. უცებ ვხედავ, ახალი ავტომობილების სადგომის რკინის კარი გაიღო და ათი ჯიპი გავიდა. ვიფიქრე, რომ ჩემსავით კიდევ ვიღაცას აიძულეს ფინანსური პოლიციის პატივისცემა. შიგნით რომ შევბრუნდი და საბუთებს დავხედე, გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა - ანგარიში გამოწერილი იყო ათ ავტომობილზე და 900 000 დოლარზე მეტი მქონდა გადასახდელი", - იხსენებს ადნარი. გამომძალველების ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ავტომობილები ამ კაცის სახელზე გააფორმებინეს და ცხადია, საბუთებიც მას აქვს. მოგვიანებით გაძარცულმა ბიზნესმენმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავისი თვალით ნახა, შოუბიზნესის რომელიღაც წარმომადგენელს როგორ გადასცეს მისი ნაყიდი ავტომობილი საჩუქრად. მოკლედ, ყველა ავტომობილი საჩუქრად დარიგდა. დღეს მათი ადგილსამყოფელისა და პატრონთა ვინაობის დადგენა შესაძლებელია", - აცხადებს ადნარ აქიარის ქართველი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "პატივისმცემელი" ადნარი ანუ ვინ წეწავდა თურქ ბიზნესმენებს".

"კეზერაშვილის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემდეგ მის პოსტზე დავით ქარსელაძე მოვიდა. ერთ დღესაც ამ ქარსელაძის ძმა, სოსო, მიადგა ადნარს, კეზერას რას აძლევდი, ეგ ჩვენი საქმე არ არის, ახლა ჩვენ უნდა გვცე პატივი, წილში უნდა ჩაგვსვა და შენი შემოსავლები რომ ვაკონტროლოთ, არაოფიციალურ დირექტორად უნდა დამნიშნოო. მოკლედ, თურქების ბიზნესიდან ქარსელაძეებს მოგების 70% მიჰქონდათ, ალბათ, თავიანთ ჯიბეში. ქარსელაძის მოხსნის შემდეგ კი კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები მიადგნენ, ახლა ჩვენ მოგვხედეო. ადნარი გაგიჟებულა, თავი დამანებეთ, არაფრის მომცემი არა ვარო. მეორე დღესვე დაუჭირეს პარტნიორი, ბუღალტერი, დეკლარაციის შემვსები და კომპანიაში მომუშავე ტაქსის მძღოლიც კი. 500 000 ლარი მოსთხოვეს საპროცესო გარიგებისთვის, რომ უდანაშაულო ხალხი გამოეშვათ. საპროცესო გარიგებისთვის ფული რომ მოსთხოვეს, ქარსელაძეებთან გაქცეულა, ხომ იყავით ჩემი "კრიშა", ფულს ხომ თქვენ გაძლევდით, დამეხმარეთო. ოღონდ გაჩუმდიო და სოსო ქარსელაძემ 200 ათასი ლარი მიუტანა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.

"ორი წლის წინ კავკასიაში პირველად მცხეთაში გაიხსნა ლამინატის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული წარმოშობის თურქმა ბიზნესმენმა, ერდოღანის მილიონერმა მეგობარმა გახსნა. იმდენად დიდი მოგება ჰქონდა საწარმოს, რომ ნიკა გილაურიც კი სიხარულით დაესწრო მის გახსნას, მაგრამ რად გინდა - გააგიჟეს ეს კაცი, ხელისუფლებიდან ყველა წილს სთხოვდა. გააკოტრეს. ისიც მივიდა ერდოღანთან და უჩივლა სააკაშვილის ხელისუფლებას. თურქეთის მთავრობამ, თავის მხრივ, საქართველოში თურქეთის საელჩოს დაავალა ამ საქმის მიხედვა, იმათაც აფრინეს ნოტა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. ბოლოს დამიძახეს დასახმარებლად. იმას მივაღწიეთ, რომ ქარხანა დავაბრუნებინეთ, მაგრამ მალევე ერთ-ერთმა ბანკმა უზარმაზარი ჯარიმა დააკისრა და ბოლოს და ბოლოს, თურქი ინვესტორი გაიქცა. წარმოგიდგენიათ, რამდენი საპროტესტო ნოტა აქვს მიღებული საგარეო საქმეთა სამინისტროს? ალბათ, მალავდნენ ამ წერილებს. თურქ ბიზნესმენებს კი ძალიან ეშინოდათ საქართველოს ხელისუფლების. სამი დღე დამჭირდა, ადნარს გამბედაობა რომ მოეკრიბა და ყველაფერი ეთქვა. მას მიაჩნია, რომ კეზერაშვილს ისევ აქვს ძალაუფლება და ბოლოს მოუღებს. საწყალი, ისეთ დღეშია, სადღაც ლილოში ცხოვრობს დაქირავებულ ერთ ოთახში ცოლ-შვილთან ერთად. ახლა ხელისუფლებამ დაუძახა მასაც და სხვა გადამზიდავ კომპანიებსაც და სთხოვა, საბუთები მოაწესრიგეთ და საქმეს მიხედეთო. არ სჯერათ, რომ "კრიშების" გარეშე უნდა იმუშაონ. ამ კომპანიებში, ფაქტობრივად, ვერავის ნახავთ, დაპატიმრებული რომ არ ჰყოლოდა წინა ხელისუფლებას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ორი დღის წინ კეზერაშვილს თურქეთში დაურეკავს ადნარის პარტნიორთან, საჩივარი გამოიტანეთ და რა თანხასაც მეტყვით, გადაგიხდითო... ჩვენ შევიტანეთ საჩივარი კეზერაშვილის, დავით და სოსო ქარსელაძეების და კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლების წინააღმდეგ, მოვითხოვეთ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე შემდეგი ბრალდებებით: დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, გამოძალვა, განზრახ უკანონოდ დაკავება-დაპატიმრება, მუქარა, დევნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი სიყალბე, სისხლის სამართლის მტკიცებულების ფალსიფიკაცია, ზემოქმედება მოწმეებსა და დაზარალებულზე და სხვ. ვითხოვთ იმ მატერიალური ზარალის სრულად ანაზღაურებას, რომელიც ამ ხალხს მიადგა ჩინოსნების მხრიდან", - დასძენს შალვა ხაჭაპურიძე.