ბლიცკრიგი

ბლიცკრიგი

მიმდინარე, 2012 წელი, რომელიც შეიძლება ითქვას, სიურპრიზებით სავსე და დაძაბული იყო, ფაქტობრივად, უძლეველის იმიჯის მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით დასრულდა. არანაკლებ საინტერესო იქნება მომავალი, 2013 წელი. „ნაციონალური მოძრაობის“ ფენიქსივით აღდგენა თუ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხის სასწორზე შეგდება - რა ტაქტიკას აირჩევს ყოფილი ხელისუფლება და რა ნაბიჯებით უპასუხებს დღევანდელი მმართველი ძალა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა სჯობს ქვეყნისთვის, - ამ თემებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ბოლო დროს სააკაშვილი განსაკუთრებით აგრესიულია. ასეთი პრეზიდენტი გვახსოვს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც თვლიდა, რომ შედარებით ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა დასამარცხებელი. ახლა წინასაარჩევნო პერიოდი არ არის, როგორ ფიქრობთ, რამ აღაშფოთა სააკაშვილი?

- შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე სცენარს ამუშავებდეს. მინიმუმ ის, რომ ამ აგრესიით უმრავლესობაში დაეთესა გარკვეული ეჭვი თუ შფოთი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ აპირებს სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას. პრინციპში, ამ მიზანს გარკვეულწილად მიაღწია, ოღონდ ცუდი შედეგით. თუკი სააკაშვილი ამ მიზნისკენ მიდიოდა, ანუ თუ უმცირესობაში გაჩნდებოდა შფოთი, შეიძლებოდა, ამას გამოეწვია უკან დახევა ბევრ ისეთ საკითხში, რომელიც მტკივნეულია ნაციონალებისთვის.

თუ შედეგად მიიღებდა „ქართული ოცნების“ მხრიდან გარკვეული კონსენსუსის შეთავაზებას, ან კონსენსუსზე თანხმობას, ვფიქრობ, ეს იქნებოდა მოვლენათა განვითარების საუკეთესო ვერსია სააკაშვილისთვის, მაგრამ თუ მას ეს ჰქონდა მიზნად, მაშინ უკუშედეგი მიიღო.

გარკვეული შფოთი კი დაბადა უმრავლესობაში, მაგრამ შედეგი უმრავლესობის უკან დახევა კი არ აღმოჩნდა, არამედ ასეთივე პასუხი - გარკვეულწილად აგრესიული პასუხი იმ გაგებით, რომ უკანდახევის მაგივრად ფაქტობრივად, ივანიშვილმა ბლიცკრიგი შესთავაზა, თავიდანვე გარანტირებული ფინალით. ფინალი არის უმრავლესობის გამარჯვება.

ბლიცკრიგში ვიგულისხმე ბიძინა ივანიშვილის ის ბოლოდროინდელი განცხადება, როდესაც ის საკონსტიტუციო ცვლილებებით გამოვიდა და თანხმობა განაცხადა, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთად იქნას დათხოვნილი გაცილებით მოკლე ვადებში, ვიდრე ამას არსებული კონსტიტუცია ითვალისწინებს. მაგრამ როდესაც თავიდანვე განპირობებულ შედეგზე ვსაუბრობთ, აქ ის იგულისხმება, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლებაში რჩება ისევ არსებული მთავრობა, მართალია გადაყენებულის, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, მაგრამ ფაქტობრივი მმართველი ქვეყნისა რჩება კვლავ „ქართული ოცნება“.

ასეთ პირობებში, თუ სააკაშვილი ამ შეთავაზებას დათანხმდება, მართლაც ბლიცკრიგი იქნება მისთვის და უფრო მალე დაამთავრებს საკუთარ პოლიტიკურ არსებობას, ვიდრე დღევანდელი კონსტიტუციით მისთვის არის განსაზღვრული. ვფიქრობ, მისთვის ძალზე წამგებიანი უნდა იყოს ასეთ სვლაზე დათანხმება.

მეორე მხარეა, რომ თავად უმცირესობაში დიდწილად ცალსახა პოზიციაა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. რასაც მივადევნე ბოლო დღეებში თვალი, უმცირესობის უმრავლესობა წინააღმდეგია იმისა, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ისინი ძალიან პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებსაც პოლიტიკაში არაერთი წელი აქვთ გატარებული. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, თუ არჩევნები ჩატარდა და არა სახელმწიფო გადატრიალება, „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ, გაამეოთხედებს იმ შედეგს, რაც დღეს აქვს. ანუ თუ მას პირველ ოქტომბერს დაუწერეს 40%, ამ თეორიული ვადამდელი არჩევნების შედეგად მისთვის მაქსიმალური შედეგი იქნება 10% და ისიც პროპორციული სიებით, რადგან მაჟორიტარულ ოლქებში მას გამარჯვების შანსი არ აქვს. ანუ, რაც რჩება ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში მას ხელში, ეს არის დაახლოებით 10 დეპუტატი და ისინი ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ.

თუკი სააკაშვილს აქვს სურვილი, ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს, მისივე დეპუტაციის მზაობა და განწყობა ამ შემთხვევაში თანმხვედრი არ იქნება. გარდა ამისა, ამ დეპუტაციიდან ძალიან ცოტას აქვს იმედი, რომ „ნაციონალების“ საპარლამენტო სიაში მოხვდნენ, თუნდაც წარმატების შანსი ჰქონეთ „ნაციონალებს“, რასაც მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ.

ასე რომ, თუკი აქვს სააკაშვილს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და მთავრობის დათხოვნის სურვილი, წინააღმდეგობა შეხვდება არა მხოლოდ უმრავლესობაში, არამედ საკუთარი დეპუტატების გუნდშიც.

ასეთ შემთხვევაში მივიღებთ საკმაოდ საინტერესო სურათს. ვანო მერაბიშვილი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ უნდა დაიწყოსნაციონალური მოძრაობისრეანიმაცია, გამოჩნდებიან ახალი სახეები ახალი გეგმებით, სტრატეგიითა და ტაქტიკით. თუკი ასეთი განხეთქილება მოხდებანაციონალურ მოძრაობაში“, შესაძლოა, გამოეყოს მართლაც ისეთი გუნდი, რომელიც სააკაშვილის ოპოზიციაშიც ჩადგება და პარლამენტშიც შედარებით სხვა ტიპის ოპოზიციის სტატუსს შეიძენს. მოსალოდნელია ასეთი სცენარი?

- ეს შეიძლება ყველაზე რეალური სცენარი იყოს. სხვათა შორის, ამასწინათ გამოქვეყნდა კახა ბენდუქიძის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ „პრაიმ-ტაიმში“, სადაც ის ფაქტობრივად, ამ სცენარზე საუბრობს. ის ამბობს, რომ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ჯგუფის მომავალი შეიძლება ერთი და იგივე არ იყოსო. თუ ინტერვიუს კონტექტს გავითვალისწინებთ, ის არა მხოლოდ ვარაუდობს, არამედ ინფორმირებულია ასეთი პროცესების შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“. აქ იდეოლოგიურ სხვაობაზეც საუბრობს სააკაშვილსა და იმ გუნდს შორის, მეთოდების სხვაობაზეც და ა.შ. ის ამის თაობაზე ინფორმირებულია და ძალიან  კარგად ხედავს, რომ ის დუღაბი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მონოლითად აქცევდა, იყო ხელისუფლებაში ყოფნა.

დღეს ილუზია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ნაკლებად აქვთ „ნაციონალებს“. დღეს მათი ერთად დგომის საფუძველი არის ის, რომ ერთად და ასეთი მასობრივი აქციებით უკეთ დაიცავენ საკუთარ თავს შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნისგან. დღეს მათ მხოლოდ ეს აერთიანებთ, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა. თვლიან, რომ გათითოკაცებულებს უფრო იოლად მოერევიან და მათი ერთიანობის საფუძველი ის არის, რომ იქნებ გუნდურად მათი აქტივობები უფრო მიწვდეს ადრესატს, იგივე დასავლეთს, რითაც, ფაქტობრივად, თავდაცვის მექანიზმს იმუშავებენ, პოლიტიკურ მომავალს კი არ იქმნიან. საუბარია თითოეული მათგანის შესაძლო უსაფრთხოებასა და სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავის არიდებაზე. მათი ეს ტაქტიკა რომ გარკვეულწილად წარმატებული აღმოჩნდა, პრინციპში, დასავლეთის რეაქციიდანაც ჩანს.

თუმცა დასავლეთი აღარ არის ისეთი მწვავე. ნიკა გვარამიას დაკავების გამო ჩვენთან, საქართველოში ატყდა ხმაურინაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ხოლო დასავლეთისგან კრიტიკის ქარცეცხლი ნამდვილად არ წამოსულა...

- ამ მხრივ ივანიშვილი მართალი იყო. ინტერვიუში, რომელიც ბოლო პერიოდში „იმედს“ მისცა, ის აცხადებს, რომ მთელი ეს ორთვიანი პერიოდი ხელისუფლებაში ყოფნისა, მან მოახმარა მთლიანად იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი სისტემის, რეჟიმის რეალური სახე დაენახებინა დასავლეთისთვის და ასევე საზოგადოებისთვისაც. როგორც ჩანს, მართლაც ასე მოხდა, რადგან ის საინფორმაციო შტურმი, რაც ხორციელდებოდა „ქართული ოცნების“ მიმართ პირველი თვენახევრის განმავლობაში, ახლა შედარებით მინელდა. 

ნაციონალები რომ არჩევნების წაგების დღესვე დაშლილიყვნენ, მათთვის გაცილებით მტკივნეულად განვითარდებოდა პროცესები: იგივე დაკავებების თვალსაზრისით, მათ გარკვეული პრევენცია შეძლეს და საკუთარი ლიდერების ნაწილის პერსონალური თავისუფლების შენარჩუნება შეძლეს.

პრემიერმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინანდელ პრესკონფერნეციაზე გააჟღერა პოლიტიკური ამნისტიის იდეა, რომელიც მასსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დიალოგში გაჩნდა. შემდგომ დავით უსუფაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, მისი მომზადება თავად უმცირესობასაც კი შესთავაზონ, ან მათ უმრავლესობასთან ერთად იმუშაონ ამ საკითხზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს იდეა, ჯერჯერობით, საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვის დონეზეა და იგი შეეხება სისხლის სამართლებრივი დანაშაულისა და დიდი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, არამიზნობრივი ხარჯვის გარდა, სხვა დანაშაულებს. შესაძლოა, რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელიც კი გახდეს, რადგან უამრავი დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება, ყველას კი ციხეში ვერ ჩასვამენ. თუნაციონალური მოძრაობადათანხმდება ასეთ შეთავაზებას, ეს მისი მხრიდან რას შეიძლება ნიშნავდეს, ან პირიქით, თუ არ დათანხმდა, ეს როგორ გამოჩნდება?

- „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში წაუგებელ თამაშს თამაშობს, იმიტომ, რომ თუ ნაციონალები დათანხმდებიან პოლიტიკურ ამნისტიას და თავად მოკიდებენ ხელს ამ კანონპროექტის შემუშავებას, ისინი არა ირიბად, არამედ პირდაპირ აღიარებენ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა საჭიროებს პოლიტიკურ ამნისტირებას: ანუ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ შექმნეს ისეთი რეჟიმი, რომლის პირობებშიც საჯარო მოხელეები მასობრივად ხდებოდნენ დამნაშავეები. თუ ამ ინიციატივას დათანხმდებიან, ისინი ფაქტობრივად, ხელს აწერენ, რითაც საკუთარ თავს თავადვე გამოუტანენ განაჩენს როგორც საკუთარი მოსახლეობის, ასევე დასავლეთის თვალში.

ეს მართლაც შეუდარებელი სვლაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, გნებავთ იგივე პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით.

განვიხილოთ მეორე ვარიანტი: თუ ნაციონალები არ დათანხმდებიან ამ შემოთავაზებას და არ ჩაებმებიან ამ მუშაობაში, მაშინ ისინი მეორე ტოტს იჭრიან და სრულად კარგავენ იმ ელექტორატს, რომელიც მათ შემორჩათ. ამ ელექტორატის უდიდესი ნაწილი, ლამის 99%, არიან სწორედ ის საჯარო მოხელეები და მათი ოჯახები, რომლებიც დღეს შემორჩენილები არიან სახელმწიფო სტრუქტურებში და შიშით უყურებენ მომავალს, რომელთა ბედიც ფაქტობრივად, წყდება ამ პოლიტიკური ამნისტიით.

თუ ნაციონალები არ მოაწერენ ხელს პოლიტიკური ამნისტიის აქტს, გამოდის, რომ გაწირეს ყველა და რამდენიმე ათეული პერსონის გადარჩენისთვის აშენებდნენ სახელმწიფოს და ახლაც ამავე რეჟიმში აგრძელებენ არსებობას.

მესამე პლუსი „ქართული ოცნებისთვის“ არის ის, რომ პოლიტიკური ამნისტიის ინიცირებით ისინი შეუდარებლად დადებითი სახით წარსდგებიან დასავლეთის თვალში. სხვათა შორის, საკუთარი მოსახლერობის თვალშიც, სადაც შურისძიების ყიჟინა არის მანამ, ვიდრე დაპატიმრებულთა რიცხვი 30-ს არ ასცდენია. მაგრამ, თუ, ეს მასობრივ სახეს მიიღებდა და უკვე ჩვენს რიგით ნაცნობებს, მეზობლებს შეეხებოდა, ეს მოსახლეობაში ძალზე დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა - ფაქტობრივად, ისეთივე მმართველობის ფორმის დამკვიდრების მცდელობა იქნებოდა ხალხისთვის, რასაც „ნაციონალები“ ამკვიდრებდნენ - მასობრივი შიშის დანერგვა.

 ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც „სამი კურდღლის მადევარი“ გამოდის „ქართული ოცნება“ და სამივე შემთხვევაში მოგებული რჩება.

ანუ მოწმე ვხდებით როგორ შლის და ანგრევსქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ანგრევს, ის იმკის იმას, რაც დათესა.

უბრალოდ, ღირსეული მოწინააღმდეგე შეხვდა...

- როდესაც მთელი ამ 9 წლის განმავლობაში ისმოდა, რომ ნაციონალები როგორი მაგრები არიან, სულ გამარჯვებული გამოდიან, ყოველთვის ვამბობდი, ნაციონალები კი არ იმარჯვებენ, ოპოზიციას მარცხდება-მეთქი. ეს ძალიან აშკარა იყო აბსოლუტურად ყველა არჩევნებში, მოყოლებული 2003 წლიდან.

რა რესურსი აქვთ, მათ შორის ინტელექტუალური, ნაციონალებს, პირველივე ძლიერ მოწინააღმდეგესთან გამოჩნდა. თან, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მოწინააღმდეგე არ იყო პოლიტიკური გამოცდილების მქონე და ისეთივე მონილითური, როგორიც თავად ნაციონალები. ამ თვალსაზრისით იმასაც ვერ ვიტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებულად ძლიერმა მოწინააღმდეგემ დაამარცხა - პოლიტიკური გამოცდილების თვალსაზრისით მათ შორის შედარებაც არ იყო, ეს ყველამ იცის. თუმცა, პოლიტიკური გამოცდილების არქონას სხვა ბევრი პლუსი აბალანსებდა, რამაც „ქართული ოცნების“ გამარჯვება განაპირობა. რეალურად, პირველივე მოსახვევში დამარცხდნენ ნაციონალები და რაც მთავარია, უკანმოუხედავად.

დღესნაციონალური მოძრაობისაქტიურობა განაპირობებს იმას, რომ ხალხს სანახაობა აქვს. ჯერჯერობით, მთელი საზოგადოება ამაზეა გადართული, მაგრამ ახალმა ხელისუფლემამ ძალიან ბევრი რამ უნდა გააკეთოს. შეიძლება ითქვას, საზოგადოებას არც კი რჩება დრო დიდი ყურადღება დაუთმოს, როგორ დაიწყოქართულმა ოცნებამქვეყნის მართვა, რა ნაბიჯები გადადგა. ხომ არ არსებობს საფრთხე, რომქართული ოცნებისნაბიჯების შეფასება არ მოხდეს დროულად, გაგვეპაროს შეცდომები, როგორც მოხდა ნაციონალების შემთხვევაში. მინდა გკითხოთ, როგორი ფინალი იქნებოდა ქვეყნისთვის სასურველი, რადგან ერთია, რა გააკეთეს ნაციონალებმა წარსულში, მეორეა - ახლა როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორი იქნება მისი მომავალი...

- არჩევნების პერიოდში და მერეც ვამბობდი და მხოლოდ მე არ მქონდა ასეთი მოსაზრება, რომ დიდი წვლილი შეიტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ წარმატებაში: „ქართულ ოცნებას“ ხომ წინასაარჩევნო პიარი ფაქტობრივად არ უწარმოებია. „ნაციონალური მოძრაობის“ შავი პიარი, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყო მიმართული, დედის რძესავით ერგებოდა იმავე „ქართულ ოცნებას“ და საჭიროებაც აღარ იყო, რომ დამოუკიდებელი პიარი ეწარმოებინა: ნაციონალების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი „ქართული ოცნების“ რეიტინგს მალამოსავით ედებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ დღესაც იგივე გრძელდება და „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მეხამრიდია საზოგადოებასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება, როგორც მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი საზოგადოებას „ქართული ოცნებისთვის“ არ სცალია, რომ ერთი ერთზე დარჩეს მმართველ ძალასთან, შეაფასოს და რეაგირება მოახდინოს მის ქმედებებზე. ამ შემთხვევაშიც, „ნაციონალური მოძრაობა“ ფასდაუდებელ საქმეს „უკეთებს“ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ განეიტრალდება, ხელისუფლება პირისპირ დარჩება საზოგადოებასთან და ის მზად უნდა იყოს ამ მომენტისთვის.