მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინფორმაციით, საქართველო ნაადრევი ქორწინებების რაოდენობით აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა.
გაეროს საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 20-დან 24-წლამდე გოგონების 19% 18-წლამდე ასაკში დაქორწინდა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს.
გაეროს მოხსენების თანახმად, ნაადრევი ქორწინებებით რეგიონში მოლდოვა ლიდერობს, მას მოსდევს საქართველო, შემდეგ თურქეთი და ტაჯიკეთი.
სპეციალისტების შეფასებით, ნაადრევ ქორწინებას გოგონების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი უარყოფითი შედეგები მოსდევს. მათ, პრაქტიკულად, ერთმევათ ბავშვობა, განათლების მიღების საშუალება და წარმატებულად დასაქმების შანსი.
ახალგაზრდა სარძლოები ახალ ოჯახში ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ზეწოლის ქვეშ ექცევიან, 15-დან 19 წლამდე გოგონებში კი სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ნაადრევი ფეხმძიმობისგან გამოწვეული გართულებებია. ახალგაზრდა ცოლები, როგორც წესი, თავს ვერ იცავენ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის აივ-ინფექციისგან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზცია საგანგაშოდ მიიჩნევს აღმოსავლეთ ევროპაში ნაადრევი ქორწინებების სტატისტიკური მაჩვენებლების ზრდას და განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ ბოშებსა და ცენტრალური აზიის საპატარძლოებს მიიჩნევს.
გაერო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოუწოდებს სახელმწიფოებს, ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად, ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანად და მოზარდთათვის საფრთხის შემცველად გამოაცხადონ. გარდა ამისა, სახელმწიფოებს ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად სტრატეგიული გეგმების შემუშავებას ურჩევენ.
მომზადებულია unmultimedia.org-ის მიხედვით