ავღანეთის მთავრობამ თალიბების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. უკვე თავისუფალია 80 თალიბი, - ამის შესახებ BBC წერს.
მათი გათავისუფლება, შესაძლოა, 19 - წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად, საფუძველი აღმოჩნდეს. მას შემდეგ, რაც ავღანეთი სრულად გაათავისუფლებს 400-ვე თალიბს, რამდენიმე დღეში, მხარეები ყატარში მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომას გეგმავენ.
ავღანეთის უზენაესმა კრებამ, „ლოია ჯირგამ“ 9 აგვისტოს 400 თალიბის გათავისუფლება გადაწყვიტა. „დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად, სამშვიდობო პრეცესის დასაწყებად და სისხლისღვრის დასასრულებლად, ლოია ჯირგა ამტკიცებს 400 თალიბის გათავისუფლებას“ - წერია დადგენილებაში.
დაკავებულთა გათავისუფლების გარეშე, თალიბანი არ აპირებდა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ავღანეთის მთავრობასთან. ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი კი, მოუწოდებდა თალიბანს, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, ქვეყანაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი დასრულებისა და ძალადობის შესაწყვეტად, რასაც, გაეროს თანახმად, მხოლოდ 2020 წელს 1280-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი შეეწირა.
„ლოია ჯირგა“ ავღანელი ხალხის წარმომადგენელთა უზენაესი კრებაა, რომელსაც საგანგებო საკითხების გადასაჭრელად იწვევენ.