პოპულარულია, ვიდრე მუსიკოსი. ამდენ კომპლიმენტსა და "გამარჯობას" მუსიკოსობის პერიოდში ნამდვილად არ მეუბნებოდნენ", - ამბობს ზაზა ხუციშვილი, რომელმაც ტელეწამყვანის ამპლუა წარმატებით მოირგო.
- როგორ გახდა მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი ტელეწამყვანი?
- 7 წლის წინ მეგობარს რადიო "უცნობში" გადაცემის გაკეთება შევთავაზე, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ვცდილობდით, საზოგადოებისთვის ნადირობის კულტურის შესახებ სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ორწლიანი გადაცემათა ციკლი შედგა. ამას მოჰყვა მამუკა ღლონტის წინადადება, რომ რადიო "მაესტროში" პოლიტიკური ტოქშოუ წამეყვანა. ჩემი ბოლოდროინდელი განცხადებები და აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩა და მალე ტელევიზიაში მუშაობა შემომთავაზეს.
- წინა ხელისუფლების მიმართ ყოველთვის რადიკალური პოზიციით გამოირჩეოდით. ობიექტური წამყვანის როლის მორგებისას ეს დაბრკოლება არ იყო?
- როგორც ტელეწამყვანი, ჩემს პოზიციას არასდროს ვაფიქსირებ, მუსიკაში კი გამოხატვის მხრივ, სრულიად თავისუფალი ვარ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, - საკუთარი პოზიცია არ გამაჩნიაო. მთავარია, ეს ეთერში ნაკლებად ჩანდეს. უნდა დასვა კრიტიკული შეკითხვა და რესპონდენტსაც მისცე საშუალება, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს. თუმცა, გადაცემის სტუმარმა ვერ უნდა შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა... არ მეგულება პიროვნება, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და პოლიტიკურად აქტიური არ არის. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, - მუსიკოსი ხარ და შენი საქმე აკეთეო! რას ნიშნავს, ჩემი საქმე ვაკეთო?! ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიციის ქონა, არა მგონია, პოლიტიკაში ჩართვას ნიშნავდეს. ყოველთვის ვამბობ იმასაც, რასაც სწორად მივიჩნევ და იმასაც, რაც ჩემთვის მიუღებელია. ჟურნალისტობას არ ვიჩემებ, მე მხოლოდ გადაცემის წამყვანი ვარ.
- ტელეწამყვანობა არა - "მაესტროზე", არამედ რომელიმე სხვა არხზე რომ შემოეთავაზებინათ, როგორ მოიქცეოდით?
- ერთ მაგალითს გეტყვით: მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედში" სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, იქაურობა დაარბია და ბოლოს, გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს ეს ქონება წაართვეს, დაახლოებით ოთხჯერ მაინც დამირეკეს "იმედიდან" და სხვადასხვა გადაცემაში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაგრამ არ მივედი; ეს იყო ჩემი პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც იქ მოხდა. ასეთი სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია სხვა ადამიანებსაც რომ შეენარჩუნებინათ, შედეგიც სხვა გვექნებოდა...
- ტელეწამყვანის პროფესია მხოლოდ იმის გამო ხომ არ მოირგეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მუსიკოსის შემოსავლით ოჯახის რჩენა რთულია?
- საქართველო ისეთი ქვეყანა რომ იყოს, როგორიც მაგალითად, ამერიკა ან რუსეთია, დარწმუნებული ვარ, სხვა პროფესიის მორგების დრო და საშუალება უბრალოდ, არ მექნებოდა. თუმცა გარწმუნებთ, ტელევიზიაში მხოლოდ ხელფასის გამო არ დამიწყია მუშაობა - ამ საქმისადმი უდიდესი ინტერესი მაქვს.
- თქვენ ხშირად ლაპარაკობდით შოუბიზნესის მონოპოლიაზე. კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა ეს?
- წლების განმავლობაში, შოუბიზნესი მთლიანად ბიუჯეტზე იყო "ჩამოკიდებული": ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კონცერტები პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მასში მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს შეეძლოთ მონაწილეობა. მსგავს ღონისძიებებზე რა თანხებიც დაიხარჯა, ამას ნელ-ნელა გაიგებს საზოგადოება, მაგრამ პირადად მე, ერთ-ერთი რაიონის გამგებელმა მითხრა, - ხელი მიკანკალებდა, როცა იმ დოკუმენტს ვაწერდი ხელს, რომლითაც კონცერტის მონაწილეებისა და რეჟისორისთვის უზარმაზარი თანხა გამოიყოო... მოგეხსენებათ, ბევრი მომღერალი და მათ შორის - ჩვენი ჯგუფიც "დაბლოკილი" იყო. არადა, ბიზნესის განვითარებისთვის (შოუბიზნესი თავისთავად, ბიზნესია) მთავარი და გადამწყვეტია, რომ ყველა მოთამაშე თანაბარ პირობებში იყოს. მუსიკოსი დღე და ღამე იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, დაპატიჟებს თუ არა ხელისუფლება კონცერტზე, არამედ იმაზე, რომ რაღაც ღირებული შექმნას და საზოგადოების წინაშე წარდგეს.
- მოსალოდნელია თუ არა, რომ ჟურნალისტიკამ მთლიანად გადაწონოს მუსიკისადმი თქვენი ინტერესი?
- სამწუხაროდ, საქართველოში ვერა და ვერ შეიქმნა საშუალო ფენა, მწირია ბაზარიც. ჰოდა, ამ ფონზე, მხოლოდ მუსიკაზე ვერ ვიქნები ორიენტირებული. თუმცა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროფესიაზე ხელს არ ავიღებ. ჯერჯერობით, ორ საქმეს ერთმანეთს მშვენივრად ვუთავსებ და მომავალში რა მოხდება, ამას ვერ გეტყვით.
- ზაფხულში ალბომი ჩაწერეთ, სახელწოდებით - "ანდერგრაუნდი"...
- შემიძლია გითხრათ, რომ ეს ალბომი მეამაყება. ეს არის დღევანდელი დღისთვის შესაფერისი ნამდვილი ქართული როკ-მუსიკა. გული მწყდება, რომ მისი უკეთესად წარმოჩენა ვერ მოვახერხეთ - ვერც კონცერტზე გავიტანეთ და ერთი კლიპიც ვერ გადავიღეთ. უბრალოდ, ინტერნეტში დავდეთ და მსმენელს მისი თავისუფლად მოსმენის საშუალება მივეცით. ალბომში სულ 12 სიმღერა შევიდა, რომელთაგან 9 ახალია. ყველა სიმღერა საპროტესტო განწყობისაა...