ხელისუფლება პრეზიდენტს პოლიტიკურ რინგზე იწვევს. პრეზიდენტი თავისივე დაგებულ მახეში გაება. ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დათხოვის კონსტიტუციური უფლებით მანიპულირებდა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა. მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ რინგზე იწვევს და რიგგარეშე არჩევნებს სთავაზობს.
კერძოდ, კოალიცია - „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს ის უფლებამოსილება უუქმდება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, პარლამენტის ნების წინააღმდეგ გადააყენოს მოქმედი მთავრობა, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით, მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი შეინარჩუნოს.
პარლამენტში ინიცირებული პროექტით, რომელსაც ხელს 78 კანონმდებელი აწერს, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს, მას უფლება ეძლევა პარლამენტი დაითხოვოს და ნებისმიერ დროს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 6 თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.
ამასთან, უმრავლესობის წინადადებით, ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას, გადაყენებული მთავრობა გააგრძელებს.
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ მოდელით, სანამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალაში კონსტიტუციის ის ცვლილებები შევა, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად მთავრობის ხელში გადავა, წარმოდგენილი ინიციატივა პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებასა და პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. უმცირესობა კი აცხადებს, რომ პრეზიდენტისა და მისი გუნდის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ არის და თუ მმართველ გუნდს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სურს, სჯობს დროულად დანიშნოს და „ბაქი-ბუქს“ მორჩეს.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კოალიციამ გადაწყვიტა, რომ არასწორ გზაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეაჩეროს და პოლიტიკური კრიზისი არ დაუშვას.
„გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, მის არცერთ უფლებამოსილებას ხელი არ ვახლოთ და მას
ყველა კომპეტენცია ხელუხლებლად დავუტოვოთ, გარდა ერთისა - ქართველი ხალხის ნების გარეშე, საქართველოს მთავრობა ერთპიროვნულად ვერ შეცვალოს. მან ბრძანა, რომ პოლიტიკური რევანშით არასდროს ყოფილა დაინტერესებული, მაგრამ ჩვენ ვერც იმას დავუშვებდით, რომ თვალი დაგვეხუჭა იმაზე - თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში და რა სისტემა, რა რეჟიმი შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების მხრიდან. საკანონმდებლო ორგანო მზადაა პარლამენტის 6 თვიანი დათხოვნის შეზღუდვის შესახებ იმუნიტეტი მოიხსნას. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ქვეყანაში მაინც რაიმე ხდება, მან საქართველო უნდა იხსნას და მთავრობა შესაცვლელია, ჩვენ ვეთანხმებით, ოღონდ, ეს უნდა მოხდეს პარლამენტის დათხოვნითა და ახალი არჩევნების ჩატარების გზით - მოქმედი მთავრობისა და არა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მთავრობის პირობებში. „ნაციონალურ მოძრაობას“ და პრეზიდენტს ვეუბნებით - თუ ამაზე წამსველელები ხართ, კი ბატონო - ვნახოთ, პოლიტიკურად ვინ დარჩება მოგებული და ვინ წაგებული“, - აცხადებს უსუფაშვილი.
პრეზიდენტს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილიც სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს შნო და ლაზათი აქვს, ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს.
„საქართველოს მომავალი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ხოლო ცინიზმი და მუშტების მოღერება უნდა დასრულდეს. სააკაშვილმა და მისმა უსახურმა უმცირესობამ უნდა გაიგოს, რომ ის დრო დამთავრდა, როდესაც, ადამიანები სასაკლაოზე მიჰყავდათ და კლავდნენ. თუ სააკაშვილს მერვე მოწვევის პარლამენტი ასე ეზიზღება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, წინასაარჩევნო მარათონში ჩაერთონ და არჩევნები ჩავატაროთ. თუმცა, ბობოხიძესა და ბეჟაშვილს ჰქონიათ, რომ ისევ მაჟოტრიტარებნი გახდებიან? ან ხაჩიძისა და კანდელაკის მსგავსი უსახური პირები, ისევ დეპუტატები იქნებიან? სჯობს, უმცირესობამ თავის არქიფო სეთურთან ურთიერთობები გაარკვიოს, მაგრამ სააკაშვილს ხაჩიძე-წიკლაურები აღარ აინტერესებს და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიის სანაგვეზე წავიდეს“, - განუცხადა For.ge-ს კანონმდებელმა.
საკითხზე საუბრისას, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი აქცენტს პრეზიდენტის მუქარებსა და სპეკულაციაზე აკეთებს.
„სააკაშვილი რაღაცით იმუქრება, მაგრამ არ ვიცი - რით. ის იმით სპეკულირებს, რომ კონსტიტუციაში თურმე ექსვთვიანი ვადა არსებობს. თუმცა, უმრავლესობა ამბობს, რომ წავიდეთ - არჩევნებზე. მას ეგონა, რომ დავშანტაჟდებოდით, შეცდა“, - განუცხადა For.ge-ს ხიდაშელმა.
უმცირესობა მომზადებულ ცვლილებებს მნიშვნელოვანს უწოდებს, თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს და პირიქით, მთავრობის ბაქი-ბუქზე აპელირებს.
როგორც For.ge-ს ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ განუცხადა, მთლიანობაში მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები საკმაოდ სერიოზული წინადადებაა, რომელიც სერიოზულ განხილვას იმსახურებს.
„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სამოქალაქო მშვიდობას, მდგრად განვითარებას, სტაბილურობასა და ჩვენი ხალხის მშვიდ გარემოში ცხოვრებას ხელს შეუწყობს, მნიშვნელოვანია და ყველა ის ნაბიჯია გადასადგმელი, რომელიც ამ პრინციპებს შეესაბამება. რაც შეეხება დეტალებს, ეს განსახილველი საკითხია და სამუშაო რეჯიმში უნდა ვითანამშრომლოთ, რომ ერთ პოზიციამდე მივიდეთ“, - განაცხადა ბარამიძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის შეთავაზებას - პრეზიდენტმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, „ნაციონალური მოძრაობა“ თანხმდება თუ არა, ბარამიძე აცხადებს, რომ მას „ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის“ არ ესმის.
„არჩევნების დანიშვნის უფლება მთავრობასაც აქვს და არ მესმის, თუ რატომ მიდის უაზრო ბაქი-ბუქი. თუ მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში ახლახანს დამთავრებული არჩევნები ისევ ჩატარდეს, კი ბატონო, ხალხს შესთავაზონ. თუმცა, გაუგებარია, არჩევნების თემა საიდან მოვიდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ არათუ არჩევნების დანიშვნას არ აპირებს, რისი უფლებაც მას კონსტიტუციურად აქვს, არამედ მთავრობასაც კი არ დაითხოვს. არ მესმის, უმრავლესობას ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა თუ რაში სჭირდება. ნუ ბაქიბუქობენ, თუ არჩევნები სურთ, ხალხს შესთავაზონ“, - განაცხადა ბარამიძემ და კატეგორიულად უარყო for.ge-ს კითხვის პათოსი - უფლებამოსილებით პრეზიდენტიც „ბაქი-ბუქობდა“ თუ არა და არჩევნების შეთავაზებით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიჭირა თუ არა.
„რატომ ამბობენ, რომ თითქოს არჩევნების დანიშვნას ჩვენ ვაპირებთ, არ ვიცი, მაგრამ თუ სუსტი წერილი გვიპოვეს, გამოიყენონ და არჩევნები დანიშნონ. პრეზიდენტი კი არ ბაქი-ბუქობდა, არამედ იმაზე საუბრობდა, რისი უფლებაც მას კონსტიტუციით აქვს“, - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვის უფლება 2 აპრილიდან გაუჩნდება. მაშინ, როდესაც, საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვიანი ვადა დასრულდება.
„თუმცა, დათხოვასაც კონსტიტუციური საფუძველი სჭირდება. მინდა და დავითხოვ, ასე არ არის. პრეზიდენტს როცა მოუნდება მთავრობის გადაყენებას მაშინ შეძლებს, მაგრამ საფუძველი უნდა ჰქონდეს“, - განუცხადა for.ge-ს ხმალაძემ.
უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ დაიწყებს, რომელიც რეგლამენტის მიხედვით, თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. მანამდე კი, პარლამენტის მიერ შექმნილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის 20 კაციანი კომისია იმუშავებს და ინიციატივის საყოველთაო-სახალხო განხილვებს უზრუნველყოფს.
„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნებს, რომ უფრთხის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ეს ლოგიკურია, მაგრამ აპრილთან დაკავშირებით, მითებს საფუძველი სწორედ უმცირესობის წევრებმა ჩაუყარეს, რომლებიც სოციალურ ქსელებში „მოსალოდნელ აპრილზე“ აპელირებდნენ, მაგრამ მედიასთან განმარტებისას აპრილს მხოლოდ ხუმრობას უკავშირებდნენ. ფაქტია, რომ „აპრილით“ გაწბილებული მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა.