"ციხის სკანდალის თემასთან დაკავშირებით მე ჯერ ოფიციალურად დაკითხული არ ვარ, თუმცა, მჯერა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა, პირადად არჩილ კბილაშვილი ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს, რის შედეგადაც მომეხსნება ყველა ის აბსურდული ბრალდება, რაც თანამდებობის დაკარგვის შიშით გაბოროტებულმა სააკაშვილმა მურთაზ ზოდელავას პირით წამომიყენა! რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი გულწრფელი პოზიციით განპირობებული მიზანმიმართული საქციელი. როცა ვიდეოჩანაწერები შევაგროვე და საზღვარგარეთ გავიტანე, არანაირ გამორჩენას არ ველოდი, მარტო იმაზე ვფიქრობდი, ამ რეჟიმის ნამდვილი სახე დამენახებინა მსოფლიოსთვის და ამით დამეჩქარებინა რეჟიმის დამხობა!", - აცხადებს ლადო ბედუკაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "იმედი მაქვს, პროკურატურა სააკაშვილის რეჟიმის მიერ გამოცხადებულ ძებნას მომიხსნის!".
"კადრების გადაღების და გამოტანის გადაწყვეტილება ისე მივიღე, ჩემს უკან არავინ მდგარა! რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მისი რეაბილიტაცია წარმოუდგენელიცაა და დაუშვებელიც. ჩემთვის ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის პერსონები სააკაშვილის მსგავსად საძულველია! ხომ ნახეთ, ახლა გამოძიებამაც დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩემს მიმართ საქმე "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით შეთითხნა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო ბედუკაძე.
"მიუღებლად მიმაჩნია განაწესის დამრღვევი პატიმრებისთვის წელიწადში 90-დღიანი სასჯელის დამატების პუნქტი. სასჯელის დამატებით და დაშინებით პატიმარზე ზემოქმედება შეცდომაა. უმჯობესია, ისეთი კანონები და ნორმატიული აქტები შევიმუშავოთ, რომელთა მიმართ პატიმრებს პატივისცემა გაუჩნდებათ. სახალხო დამცველს მოვუწოდებ, მეტი ყურადღება დაუთმოს სამარტოო საკნებში პატიმრების მოთავსების რეალური მიზეზების შესწავლას. დადგენილებების დედნები მაინც დევს პატიმართა პირად საქმეებში, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ასლები პატიმრებს პირადად ხელში რომ არ ბარდებათ. ნებისმიერი სამარტოოსაკანგამოვლილი პატიმარი ძალადობის მსხვერპლია. დაუშვებელია 12-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სასჯელაღსრულების ტიპის დაწესებულების არსებობა. ეს პოლიციური სახელმწიფოს მახასიათებელია! აუცილებელია, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართი ევროპულ სტანდარტს გაუტოლდეს და 7 კვადრატული მეტრი გახდეს", - განმარტავს რესპონდენტი.
"წინააღმდეგი ვარ ე.წ. "შერეული" ტიპის დაწესებულებების არსებობისა. ყოვლად დაუშვებელია, ერთად ამყოფო მსჯავრდებული, რომელიც სასამართლომ უკვე ცნო დამნაშავედ და ბრალდებული, რომელიც შეიძლება, სასამართლოზე გამართლდეს კიდეც. ბრალდებულს განსხვავებული, უკეთესი სოციალური პირობები უნდა ჰქონდეს. ყველამ კარგად იცის, რომ თანამედროვე პენიტენციარულ სისტემას რეალურად არ გააჩნია იურიდიული დახმარების მექანიზმები. იმედია, ბატონი სოზარ სუბარი არ მიწყენს, თუ იურიდიული დახმარების სტრუქტურებს სასჯელაღსრულების სისტემისგან განცალკევებულად წარმოვიდგენ. რაც შეეხება პრობაციას, სასჯელაღსრულების სისტემაში მისი დატოვება უბედურება არ იქნება. სასჯელი ხომ ოთხ კედელს შიგნითაც და გარეთაც სასჯელად რჩება. პატიმარსა და თანამშრომლებს შორის ჩატეხილი ხიდი უნდა აღდგეს. ამ მიზნით, სასჯელაღსრულების სისტემა სრულად უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან", - დასძენს ლადო ბედუკაძე და შეკითხვას – "ექსპრომტად, რამე კურიოზს ხო მარ გაიხსენებდით" - პასუხობს:
"მოკლედ, ერთ-ერთი მორიგი განაწილების დღეა, პარასკევი. სხვა 15 თანამშრომელთან ერთად ვესწრები ამ პროცესს და პასტაში ჩამონტაჟებული ფარული მიკროკამერით ვიღებ წამების კადრებს. გაგა მკურნალიძემ შეამჩნია, რომ პატიმრების ცემაში არ ვმონაწილეობდი და ბრძანების კილოთი მომიხნო: რაშია საქმე, ბიჭო, ხო მარ გვღალატობ?! აბა, მოდი ერთი, გაგჩხრიკოთ! წამიერად ოფლმა დამასხა. პასტა-კამერას თუ მიპოვიდნენ, სიკვდილი სანატრელი გამიხდებოდა. "ცუდად ვარ, ბატონო გაგა, სიცხე მაქვს-მეთქი…". როგორღაც "გამოვძვერი".