რთულია თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების ჩახლართული მონათხრობების გარკვევა

რთულია თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების ჩახლართული მონათხრობების გარკვევა

გამოცემა The Independent-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის სათაურია:"ბიძინა ივანიშვილი: ქვეყნის უმდიდრესი ადამიანისა და პრემიერ-მინისტრის ფიქრები საქართველოზე". 
"ის მდიდარია, კარჩაკეტილი და ამჟამად მთავარ მეტოქეს რუსეთის ყველაზე ჯიბრიან მეზობელზე, საქართველოზე კონტროლის მოპოვებისთვის ებრძვის", – წერს გამოცემის მოსკოველი კორესპონდენტი შონ უოკერი, რომელსაც საქართველოს პრემიერმა შინ უმასპინძლა. 
ჟურნალისტი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი იაპონური დიზაინით აგებული უზარმაზარი სახლია, რომელიც მთის წვერიდან გადაჰყურებს თბილისს და თითქმის მთლიანად შუშისაა. 
"საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ოქტომბრიდან მოყოლებული, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ყოველ დილით, 5 საათზე იღვიძებს და იოგათი კავდება. მის მოპირდაპირედ, ქალაქის მეორე მხარესაა აღმართული პრეზიდენტის სასახლის გუმბათი, სადაც მიხეილ სააკაშვილი - 2003 წლის ""ვარდების რევოლუციის"" ქარიზმატული ლიდერი და იმ დროიდან მოყოლებული ქვეყნის პრეზიდენტი - მუშაობს და ცხოვრობს. თუმცა, მისი სასახლე ვეღარ ანათებს ქალაქში ისე, როგორც მანამდე, სანამ ბატონი ივანიშვილი ბრძანებას გასცემდა ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით
გამოერთოთ სინათლე, რომელიც ყოველ ღამით ანათებდა სასახლეს. ზამთრის ცივი, თოვლიანი თბილისის მწვერვალზე ერთმანეთის პირისპირ აღმართულ ამ ორ თანამედროვე კოშკს შორის არსებული სხვაობა ვიზუალურად ასახავს იმ არცთუ სახარბიელო პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, რომელშიც საქართველომ მომავალი წლის განმავლობაში უნდა იცხოვროს",-წერს ჟურნალისტი.
შონ უოკერი მიხეი სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამას არც ის და არც საერთაშორისო საზოგადოება არ მოელოდა. 
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სააკაშვილი გეგმავდა "თავისი მარჯვენა ხელის დანიშვნას პრემიერ-მინისტრად", რომლის უფლებამოსილებაც კონსტიტუციურად უნდა გაზრდილიყო, თუმცა ამის ნაცვლად, "ის თავად აღმოჩნდა დამარცხებულის როლში თავის ყველაზე სასტიკ მტერთან". 
"ბატონი ივანიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე ამოუცნობი ოლიგარქი, 1990-იან წლებში რუსეთში წარმატებით ცხოვრობდა. წლების განმავლობაში ის განდეგილივით ცხოვრობდა, მაგრამ გასულ წელს ჩრდილიდან გამოვიდა და მთავარი მეტოქედ იქცა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელსაც ივანიშვილი დიქტატორობაში ადანაშაულებს, მიუხედავად მისი დემოკრატიული რიტორიკისა. ექსცენტრიულ განდეგილს არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავის უზარმაზარ რეზიდენციაში აქვს ზებრების, პინგვინებისა და კენგურუების ეგზოტიკური კოლექცია, რაც მას ნაკლებდამაჯერებელ პოლიტიკოსად აქცევს. მაგრამ პრეზიდენტით იმედგაცრუებამ და ივანიშვილის დაპირებებმა - მილიონები ჩაეედო ქვეყნის განვითარებაში - მის კოალიციას შთამბეჭდავი გამარჯვება მოუტანა არჩევნებში",-წერს ჟურნალისტი. 
მისი აზრით, ორივე ლიდერი ერთმანეთისგან ბევრით განსხვავდება. ჟურნალისტი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული განათლების მქონე ინჟინერი და ეკონომისტია, რომელმაც "კლასიკური ოლიგარქისთვის დამახასიათებელი გამდიდრების გზა განვლო".
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შონ უოკერის შეფასებით, ის ამერიკული განათლების მქონე ადვოკატია, რომელიც 1990-იან წლებში დაბრუნდა სამშობლოში პოლიტიკური კარიერის ასაწყობად. 
სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვებიდან ორ თვეში, საქართველოში ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ საგამოძიებო საქმეები აღიძრა. უცხოელმა ლიდერებმა აღშფოთება გამოხატეს და ამას სააკაშვილის გუნდის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკური რეპრესია უწოდეს. რამდენიმე მინისტრის საქმე კვლავაც გამოძიებაში იმყოფება, ათზე მეტი მაღალჩინოსანი საპატიმროშია და ყოველდღიურად კვლავაც ვრცელდება ახალი ამბები დაკავებებთან დაკავშირებით. 
"ბატონმა ივანიშვილმა უცხოელი ჟურნალისტების მცირე ჯგუფი, მათ შორის The Independent-იდანაც", ამ თვეში თავისთან მიიწვია, რათა პირდაპირ ესაუბრა. მან განაცხადა, რომ ყველა დაკავება უკავშირდება უტყუარ დანაშაულს და რომ ამასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროტესტი გაუგებრობით იყო გამოწვეული. ევროპა მიეჩვია "სააკაშვილის მთავრობის მიერ დახატულ მომნსუხველ და გამოგონილ სურათს, - ამბობს ბატონი ივანიშვილი, - ის ახერხებდა წარმატებისთვის მიღწევას ევროპელი ლიდერების მოტყუებით. ის გაქნილი მატყუარაა",-წერს ჟურნალისტი. 
სტატიაში მოყვანილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარიც. "არც ერთი დაკავება არ ყოფილა პოლიტიკურად მოტივირებული", - აცხადებს ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ "ნებისმიერი ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, როგორც ჩვენ მოვიქეცით"". 
ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებული და ციხეში გადაყვანილი იყო, "ერთი შეხედვით, გარეგნულად უმნიშვნელო დარღვევებით".
"ვანო მერაბიშვილი, ხანგრძლივი დროით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ბატონი სააკაშვილის რჩეული პრემიერ-მინისტრი, ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის დაიკითხა. დაკითხვის ოთახში ბატონ მერაბიშვილს ჰქონდა ადამიანის სახე, რომელიც წინასწარგანზრახულად ფიქრობს გაუგზავნოს შეტყობინება მოსახლეობას: საქართველოს პოლიციის რეფორმების არქიტექტორი ახლა თავად არის ეჭვმიტანილი",- აღნიშნულია სტატიაში.
აქვე მოყვანილია ვანო მერაბიშვილის ციტატაც - "მათ ასევე დააკავეს ჩემი 71 წლის ბიძა, რომელსაც ბრალს სდებენ ტყეების უკანონოდ გაჩეხვაში. დედაჩემი ცრემლებს ვერ იკავებდა". 
ჟურნალისტი წერს, რომ რთულია, თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების ჩახლართული მონათხრობების გარკვევა. 
"ორივე მხარე ერთმანეთის დემონიზირებას ახდენს და, ამავდროულად, საკუთარ თავს უმწიკლო დემოკრატიული თვისებების მქონეებად წარმოაჩენს. დასავლეთის ლიდერებმა ნდობა გამოუცხადეს ბატონ სააკაშვილს სისტემის აგებაში, რომელის გამოც ის ფაქტობრივად დამარცხდა არჩევნებში, განსხვავებით მისი მეზობლების უმრავლესობისგან. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ზოგჯერ ის ხედავდა საკუთარ თავში კეთილშობილ დიქტატორს, რომელიც ახალ, მოდერნისტულ ქვეყანას აშენებდა, თუმცა საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე.
თუმცა, ბატონი ივანიშვილი არ არის სამაგალითო დემოკრატი. მან შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა, თუ მას შეუფერხებლად მმართველობის ნებას დართავდნენ",-აღნიშნავს ჟურნალისტი. 
უოკერს სტატიაში მოჰყავს საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ "დევნა დამოკიდებულია ჩვენს ხმამაღალ განცხადებებზე". ბოკერია მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია. 
”რა თქმა უნდა, ამან დიპლომატიური საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ამის თქმა ნაადრევია, თუმცა არსებობს საგანგაშო ნიშნები იმისა, რომ მას სურს სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე გადააყენოს, რაც დემოკრატიულად გაუმართლებელია კოჰაბიტაციურ პერიოდში",- მოჰყავს გამოცემას დასავლელი დიპლომატის ციტატა, რომლის ვინაობასაც სტატიის ავტორი არ ასახელებს. 
სტატაშინ ასევე მოყვანილია ქართველი პოლიტოლოგის ალექსანდრე რონდელის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ ნაადრევია ივანიშვილის ავტოკრატიულობის ჩამოწერა, მაგრამ ვარაუდობს, რომ მილიარდერის უზომოდ მაღალი რეიტინგი შესაძლოა, დაეცეს, როცა ხალხი გაანალიზებს, რომ ის არ არის მესია და არ შეუძლია საკუთარი ფულის დახარჯვა ხალხის ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად. 
"ხალხი ელოდება, რომ საქართველო უცბად იქცევა შანგრილად, თუმცა მას ათწლეულობით ურთულესი მუშაობა დასჭირდება", - ამბობს რონდელი. 
"ბატონმა ივანიშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში დარჩება, მერე კი გადადგება და ქვეყანას კოალიციის სხვა წევრებს ჩააბარებს სამართავად. თუმცა, როგორც ჩანს მან უკვე გადაიფიქრა და აცხადებს, რომ დაიკავებს იმ პოზიციას ""რა პოზიციაც ქართველი ხალხისთვის იქნება უკეთესი”, - წერს გამოცემა.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს,  მიუხედავად მოლოდინისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში იმაზე მეტ ხანს დარჩება, ვიდრე პირობა დადო, პრემიერი აცხადებს - ქვეყნის მმართვა სიამოვნებას არ ანიჭებს. 
”პოლიტიკა შეუსაბამობაშია ჩემს პიროვნებასთან. სიმართლე გითხრათ, ის არასოდეს მხიბლავდა. თუმცა, პლანეტის მაცხოვრებელთა უმრავლესობა აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არ მოსწონს”-, მოჰყავს გამოცემას ივანიშვილის ციტატა.