"ბევრი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტი მინახავს, მაგრამ ისეთი გულთბილი დახვედრა და მასპინძლობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ბაქოში მოუწყვეს, არასოდეს“, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განვლილი ორთვიანი პერიოდის შეჯამებისას განაცხადა.
კერძოდ, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა ორ საათნახევარი უნდა გაგრძელებულიყო, ამ დროს კი ოთხ საათნახევარი გაგრძელდა. ამასთან, არა მარტო პირისპირ შეხვედრა შედგა, არამედ დელეგაციების მონაწილეობით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში გაიმართა სადილი, რომელიც, როგორც წესი, არ იმართება ხოლმე პრეზიდენტის სახელით. პირისპირ შეხვედრის გარდა, სადილის ფორმატშიც აბსოლუტურად ყველა თემას შეეხო ორივე მხარე, იყო მსჯელობა გლობალურ პოლიტიკაზეც. გარდა ამისა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ISAF-ის ძალებისა და ტვირთების ტრანზიტისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამოყენების მნიშვნელობაც განიხილეს.
რაც შეეხება ქართველებისთვის მეტად მტკივნეულ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემატიკას და სადემარკაციო ხაზის გავლებას, მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ, მართალია, პირველი შეხვედრისას კონკრეტულ გადაჭრის გზებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ აბსოლუტურად ყველა საკითხთან დაკავშირებით იყო ურთიერთთანხმობა და ნებისმიერი საკითხი გადაწყდება ურთიერთდიალოგის რეჟიმში. მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი საერთო ინტერესი აქვთ. ამდენად, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაძლიერდეს.
მთლიანობაში, მინისტრის თქმით, განვლილი ორი თვე დატვირთული იყო მაღალი დონის ვიზიტებით, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე, ევროპული ქვეყნების მხრიდან.
მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია, ესაა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება აშშ-სთან, ურთიერთობის გაღრმავება ჩვენს მეზობლებთან. ასევე, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაუმჯობესება და დამყარება რუსეთის ფედერაციასთან, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი. ამასთან, პრიორიტეტულია ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის აღდგენა.
ამ მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისინი აქტიურ მუშაობას ეწევიან, ორმხრივ შეხვედრებს, კონსულტაციებს მართავენ და ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც ასეთი ურთიერთობა არ აქვთ.
რაც შეეხება მნიშვნელოვან ღონისძიებებს, მაია ფანჯიკიძემ გაიხსენა ნატოს, ევროკავშირის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ბრიუსელში შემდგარი ოფიციალური ვიზიტი და სხვა. გარდა ამისა, გამოყო უშუალოდ მისი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, პირველი ვიზიტი აშშ-ში, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრა, ვიზიტი ბრიუსელში, მონაწილეობა ნატო-საქართველოსა და ISAF-ის სხდომაში და სხვა ვიზიტები. ფანჯიკიძემ, ასევე, ისაუბრა ურთიერთობებსა და ვიზიტებზე ევროპის სახელმწიფოებთან, მეზობელ ქვეყნებთან, აზიის, დსთ-ის, ლათინური ამერიკის და სხვა სახელმწიფოებთან. უკვე ცნობილია, რომ 17 იანვარს იგეგმება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში, მოგვიანებით კი, სავარაუდოდ, თებერვალში, პრემიერი თურქეთს ეწვევა. ასევე, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგება, მათ შორის, ამერიკაში. სავარაუდოდ, პრემიერი აშშ-ში 2013 წლის გაზაფხულზე გაემგზავრება, შესაძლოა, უფრო გვიანაც მოუხდეს ვიზიტი. ამ ვიზიტის დაბრკოლება კი განპირობებული იყო იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან დაკავებული გახლდათ ნოემბრის თვეში. ამასთან, აშშ-ში არჩევნების შემდეგ არ იყო დანიშნული ყველა პირი. ამიტომაც გადაიდო მისი ვიზიტის დაგეგმვა. აშშ-ის პრეზიდენტის ხელახალი ინაუგურაცია შედგება იანვარში, ამერიკას ეყოლება ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და რუტინული სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება ამ ვიზიტის დაგეგმვა.
მომავალ წელს იგეგმება ინტენსიური ვიზიტები ბალტიისპირეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, თებერვალში კი დაგეგმილია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილეობა. გარდა ამისა, პრიორიტეტულია კორეასთან ურთიერთობის განვითარება.
რაც შეეხება კოჰაბიტაციას, მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ გარკვეულწილად, ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს მის სამინისტროში, თუმცა, გარკვეულწილად, არის სერიოზული პროლემებიც. მისმა უწყებამ მინისტრის ორი მოადგილე შეინარჩუნა, რომელიც გამოცდილი და კარგი დიპლომატია. სამინისტრო დატოვა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა და არსებული კადრის 95 % შენარჩუნებულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნაკლოდაა. ზოგიერთ საკითხში კოჰაბიტაცია გართულებულია, კერძოდ, ეს ეხება ელჩების თემას. ამის მიზეზი ისაა, რომ რამდენიმე ელჩმა თავიდანვე გამოავლინა სურვილი, შეეწყვიტა ურთიერთობა ახალ ხელისუფლებასთან, რადგან მათ ჰქონდათ პრინციპული ფუნდამენტური განსხვავებები ახალი მთავრობის ხედვასთან მიმართებით. თუმცა, ამის მიუხედავად, ყველა მათგანი (ერთის გამოკლებით) თავის თანამდებობაზე რჩება. ალბათ, სულ რაღაც ერთ-ორ თვეში მათი გამოცვლა შესაძლებელი იქნება.
გარდა ამისა, მაია ფანჯიკიძე არ მალავს, რომ მან უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას გადასცა იმ ელჩების სია, რომელთა ნაცვლადაც ახალ მთავრობას მიაჩნდა, რომ მათი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს პროცესი გაჭიანურდა და არ იძვრის. მინისტრის თქმით, რამდენიმე მისიის ხელმძღვანელს როტაციის ვადა გასდის 2013 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში და მათი გამოწვევა უკვე კანონის მოქმედებით შეიძლება და აღარ იქნება დამოკიდებული ვინმეს ნება-სურვილზე. ამიტომ, მათი გამოწვევის ბრძანებები უკვე გადაეგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მეტიც, უკვე შეირჩა ახალი კანდიდატურები და ძველი ელჩების გამოწვევის შემდეგ ახალი კადრის ვინაობა გახდება ცნობილი. ამასთან, მაია ფანჯიკიძე ადასტურებს, რომ ახალი ხელისუფლება ბევრად უფრო მზად არის კოჰაბიტაციისთვის, ვიდრე მათი ოპონენტები.
გარდა ამისა, მაია ფანჯიკიძე დე-ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების თემატიკასაც შეეხო. მისი განმარტებით, რამდენიმე ქვეყანამ, რომელმაც აღიარა აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები, ეს სხვადასხვა მიზეზის გამო გააკეთა. თუმცა, ქართული მხარე ცდილობს, ეს მიზეზი გააბათილოს. ამის ასაცილებლად არსებობს გარკვეული დიპლომატიური ხერხები, მათ შორის, ერთ-ერთია დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება ყველა ქვეყანასთან დედამიწის ზურგზე, რადგან ასეთ დროს ხელი ეწერება მეორე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.
უკვე ცნობილია, რომ იანვრის ბოლო კვირას დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. როგორც წესი, დავოსში მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, ქვეყნის პირველი პირები და ბიზნეს-ელიტა იკრიბება. ფორუმის მიზანია გლობალური, რეგიონალური და ინდუსტრიული საკითხების განხილვა, მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება.
დავოსში ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის ალბათობის შესახებ For.ge მაია ფანჯიკიძეს ესაუბრა.
რამდენად დიდია ასეთი შეხვედრის ალბათობა?
- ბატონი ბიძინა ივანიშვილი დავოსში ნამდვილად გაემგზავრება, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებში. იგეგმება თუ არა რუსეთის პრეზიდენტის იქ ჩასვლა, მე არ ვიცი, მაგრამ, თუკი ასე მოხდება, საერთაშორისო ფორუმი, ალბათ, ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც შეიძლება პირველი პირების არაფორმალური შეხვედრა შედგეს.
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი არ გადახედავს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხის აღიარებას, ხოლო ქართული მხარე არ თმობს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, ასეთ პირობებში როგორ და რის შესახებ უნდა მოხერხდეს საუბრის დაწყება?
- ეს სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენი ურთიერთობები ძალიან რთულია და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ არავინ უნდა ელოდოს, რომ ერთ და ორ წელიწადში ურთიერთობები დალაგდება, გამოსწორდება და ყველა მიიღებს იმას, რაც უნდა. ამიტომ, ურთიერთობები უნდა დაიწყოს სხვა თემებით, ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო თემები, ადამიანებს შორის ურთიერთობა და კულტურული კავშირები. შემდეგ ნელ-ნელა, შესაძლოა, შესაძლებელი გახდეს პოლიტიკური დიალოგის დაწყება.
ამ ყველაფერთან ერთად, რუსეთზე საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლასაც გულისხმობთ?
- ეს ყველაფერი გვიჩვენებს მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები. მაგალითად, ის, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ, ჩვენგან გადადგმული ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, რაც სწორედ ასე შეფასდა რუსეთის მხრიდან. ასე რომ, ორივე მხრიდან შეიძლება იყოს გარკვეული მიახლოების სურვილი. ჩვენი მხრიდან ამის სურვილი რომ არის, ამას ვადასტურებთ, რუსეთის მხრიდანაც ამის ძალიან მკაფიო ნიშნები გვაქვს. რას მოგვიტანს შემდეგი წლები, არავინ იცის. ამ ეტაპზე ის უნდა ვაკეთოთ, რისი საშუალებაც გვაქვს. ახლა სწორედ ამ თემებზე ურთიერთობის საშუალებაა. ამიტომ, არ გვინდა გრძელვადიანი პროგნოზი, მოდით, მოკლევადიანი პროგნოზით ვიმუშაოთ.