თვალის ასახვევად შემოთავაზებული კანდიდატურა

თვალის ასახვევად შემოთავაზებული კანდიდატურა

უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვანო მერაბიშვილი იყოს.
მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ვანო მერაბიშვილი პარტიის გენმდივანია და გამორიცხული არ არის, სწორედ ის იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ისევე, როგორც, მინიმუმ, 4-5 სხვა ადამიანი, მათ შორის, - ახალი სახეც.

აქვს თუ არა ვანო მერაბიშვილს საპრეზიდენტოდ გამოკვეთილი ნიშნები, რა ნიშნით შეარჩიეს ყოფილი პრემიერი და რატომ აქვს ნაცმოძრაობას საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევის მხრივ მწირი არჩევანი? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტიკოსები და ექსპერტები ესაუბრნენ.

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე უკეთესი კანდიდატი, ვინც ახლა ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ისევ დავით ბაქრაძეა და თუ ის ნაციონალების პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდება, იბრძოლებს, ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ, ღირსეული კანდიდატი მაინც იქნება.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ლევან ბერძენიშვილის აზრით, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს ლაპარაკი. აქ არ იგულისხმება მისი განათლება, ორატორული ხელოვნება, ტემბრი, აქცენტი, ბგერების გამოთქმისა და მეტყველების თავისებურება. უბრალოდ, აზრის გადმოცემა უნდა შეეძლოს. ვანო მერაბიშვილის მიერ ნათქვამი წინადადება კი, რომელიც თავიდან ბოლომდე გამართული იყო, ლევან ბერძენიშვილის აზრით, ჯერ არ შემდგარა.

„მე არ ვიცი, გრამატიკას ვინ ასწავლიდა, საერთოდ, რას სწავლობდა და რა იცოდა, არ ვდაობ, შეიძლება, ძალიან კარგი მენეჯერია, ძალიან თბილი ადამიანია (ამას მტკიცებითი ფორმით ვადასტურებ), მას აქვს ძალიან ბევრი ღირსება, მაგრამ ლაპარაკი არ იცის. გარდა ამისა, პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია, სტრატეგია ჰქონდეს, რაღაც დაგეგმოს, გაიაზროს, იგი არასდროს ყოფილა. ის ყოველთვის იყო მე-17 ან მე-40 ადამიანი. ახლა განგებამ აქცია მეორე პირად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე პოლიტიკოსი იყო. უბრალოდ, ის იყო ქვეყანაში მეორე მნიშვნელობის ფიგურა სააკაშვილის შემდეგ. მე არ ვიცი, მნიშვნელობის მიხედვით, ახლა სააკაშვილი პირველ ასეულში შედის თუ არა, მიუხედავად მისი მაღალი თანამდებობისა, მაგრამ მერაბიშვილი საერთოდ ვინ არის, არც ის ვიცით. ამდენად, ის არ არის რეალური კანდიდატი“, - აცხადებს პარლამენტარი.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მერაბიშვილის სავარაუდო კანდიდატად დასახელებას ცბიერ ნაბიჯად მოიაზრებს. მისი შეხედულებით, ვანო მერაბიშვილი მათი საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება და ნაციონალები აჩვევენ საზოგადოებას, რომ, აი, თურმე მერაბიშვილს ჩამოეკიდნენ. სინამდვილეში, მოგვიანებით საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო სიმპათიურ და უკეთეს სახეს წარადგენენ. უფრო მეტიც, ისინი ამ თემაზე ბევრს ფიქრობენ, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებიც გააკეთა ბატონმა ვაშაძემ, რომ იქნება სიახლეები და რებრედინგი.

„ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ, თუ ვანო მერაბიშვილი იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი, ვანოთი დამარცხდებიან, თუ სხვა ვინმე იქნება, სხვა ვინმეთი დამარცხდებიან. ეს „სხვა ვინმე“ კი შეიძლება იყოს გაცილებით უფრო გამორჩეული და სიმპათიური, ვიდრე არის ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულთან, სულ ცოტა, გირგვლიანის საქმესთან და არა მგონია, ეს კაცი სერიოზულად მოანდომონ ქართველი ხალხს პრეზიდენტად“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

მანვე ურჩია ნაციონალებს, თუ აპირებენ უბრალოდ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და დამარცხდნენ, შეუძლიათ, ეს ვანოთი გააკეთონ. თუმცა მათგან ყველაზე სიმპათიურ სახედ მაინც უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიაჩნია.

ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში დავით ბაქრაძის უპირატესობას, სხვა ნაციონალებთან შედარებით, ამჩნევს, მაგრამ არ იცის, ბაქრაძეს საპრეზიდენტო ამბიციები ექნება თუ არა. მით უმეტეს, მომავალი პრეზიდენტი ძლიერ უფლებაშეზღუდული იქნება.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ, თუ  დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადავხედავთ, იქ გამორჩეული მხოლოდ სამი ფიგურაა - თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკვე აღარ შეუძლია, იყაროს კენჭი პრეზიდენტად, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი. მეოთხე კანდიდატურა კი არ ჩანს. ამიტომ, ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ნაციონალებს არც ისე დიდი რესურსი აქვთ, რომ სხვა კანდიდატურაზე იფიქრონ და დღეს მათი მოცემულობა ასეთია - ან გიგი, ან ვანო.

მისივე თქმით, ალბათ, უპირატესობას უფრო ვანოს მიანიჭებენ, არა იმიტომ, რომ გიგიზე წინ დააყენებენ, არამედ იმიტომ, რომ, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გიგი უგულავას კანდიდატურას წამოსწევენ, სავარაუდოდ, მან უნდა დატოვოს მერის თანამდებობა. ამ დროს კი ნაციონალებმა იციან, რომ არჩევნებს წააგებენ და ამით დაკარგავენ არა მარტო პრეზიდენტის პოსტს, არამედ ქალაქის მერის პოსტსაც.

გარდა ამისა, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, შესაძლოა, ნაციონალები ფიქრობენ, რომ ვანოს მაინც აქვს გავლენა ძალოვან სტრუქტურებში.

„გახსოვთ, ალბათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმდენად მძიმედ იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო საქმე, რომ პრემიერად ვანო გაუშვეს, სხვა ვერავინ მოძებნეს. ასე რომ, ვანო მერაბიშვილის სავარაუდო კანდიდატობა დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საპრეზიდენტოდ გამოკვეთილ ნიშნებს, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მისი პრეზიდენტობა ანეკდოტი იქნებოდა და ამაში არა მარტო ინტელექტს, ყველა მახასიათებელს გულისხმობს. თუმცა კონსტიტუციონალისტი ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილი სადაც მუშაობდა, იქ მას არ სჭირდებოდა საზოგადოების წინაშე გამოსვლა, ოფიციალურ მიღებებში მონაწილეობა. ამდენად, შს სამინისტრო მას უფრო შეეფერებოდა, რადგან ჩუმად უნდა ყოფილიყო.

„სიმართლე ვთქვათ, რაღაცას იქ აკეთებდა, მაგრამ პრემიერის პოსტზე მისგან ბევრი ვერაფერი გვახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ მასაც სამეურნეო ფუნქციები ჰქონდა. უეცრად წარმოიდგინეთ, მიშა სააკაშვილი არის თამაშგარე მდგომარეობაში, აღარ არის პრეზიდენტი და ამ დროს მერაბიშვილია პრეზიდენტი და, ამასთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მიხვდებით, რა დღეში იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. მერაბიშვილის პრეზიდენტობა შოკისმომგვრელი იქნება, პირველ რიგში, ქართული საზოგადოებისთვის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ვანო მერაბიშვილის საპრეზიდენტოდ შერჩეული კანდიდატურა არ აკვირვებს. მისი თქმით, მერაბიშვილი ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია, ყოველთვის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. გარდა ამისა, ცნობილი პირია, თანამდებობებიც საკმაოდ მნიშვნელოვან დროს აქვს გამოვლილი. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ მერაბიშვილზე შეჩერდა ნაციონალების არჩევანი. რაც შეეხება საპრეზიდენტო ნიშნებს, რამაზ საყვარელიძის აზრით, შეიძლება, ის იმ სიმაღლის არ არის, რაც საჭიროა, მაგრამ სხვა მხრივ, ვერ ხედავს პრობლემას. მით უფრო, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის ინტელექტი გადამწყვეტი არ არის  და ამ პოსტისთვის თავის გართმევა დიდი პრობლემა არაა.  

„საპრეზიდენტო კანდიდატად მერაბიშვილის დასახელება მიუთითებს იმაზე, რომ დავით ბაქრაძის მსგავსად შედარებით პასიური ფიგურა ნაციონალებს არ სურთ. მეორე მხრივ, შეიძლება, ეშინიათ ისეთი აქტიური ფიგურის, როგორიც უგულავაა და ამ ორ უკიდურესობას შორის შედარებით შუალედური ფიგურა ამჯობინეს, რომელიც აქტიურიც იქნება და არასდროს იტყვის უარს თავისი პარტიის მხარდაჭერაზე. ამასთან, არც პარტიის პოლიტიკას გადაუხვევს და პარტიის ხაზს სათავისოდ არ შემოატრიალებს. ასეთ ფიგურად, ალბათ, მერაბიშვილის დასახელება გამართლებულია“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.             

რაც შეეხება ნაციონალების მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად სრულიად ახალი სახის დასახელებას, რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, რომ ამ იდეამ მოასწროს ხორცშესხმა, რადგან ახალი სახის პოლიტიკურ ფიგურად აღქმას გარკვეულ მოვლენებში ამ პიროვნების მონაწილეობა და სხვა ქმედებები სჭირდება. საამისოდ ერთი წელიწადი, ალბათ, საკმარისი არ იქნება.