"პროკურატურამ შეიძლება გიგა ბოკერია დაკითხოს"

"ნაცმოძრაობის" აქტიურობის მიუხედავად, ფაქტია, დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობდა, რაც იმის დასტურია, რომ პოლიტიკური ინტერესები ბოლომდე იყო გატარებული მესამე ხელისუფლების მიერ. ამის შედეგია შერჩევითი მართლმსაჯულებიდან გათამამებული ნაცჩინოვნიკების თავაშვებული ქმედება იგივე სახელმწიფო ქონების განკარგვასთან მიმართებაში და ის რეპრესიები, რომელსაც "ნაციონალების" მხრიდან პოლიტიკური ოპონენტები განიცდიდნენ. დღეს უკვე ახალ ხელისუფლებას გააჩნია კითხვები და მტკიცებულებები პრეზიდენტის გუნდის მაღალჩინოსნებთან და მინისტრებთან, მათ მოადგილეებთან, რომლებიც ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობდნენ სააკაშვილის კარზე და რომლებმაც სოლიდური მილიონებიც კი გაიტანეს ქვეყნის გარეთ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "პროკურატურამ შეიძლება გიგა ბოკერია დაკითხოს" / "დავით კეზერაშვილმა თურქი ბიზნესმენი აიძულა და 10 ძვირადღირებული მანქანა შეაძენინა".

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია უშიშროების საბჭოს მიერ ბიუჯეტიდან ლობისტებისთვის გადახდილმა 50 მილიონის კანონიერების საკითხმა. ამ ფაქტს თავად გიგა ბოკერიაც გამოეხმაურა. დაიბარებს თუ არა მთავარი პროკურატურა ბოკერიას, ეს დროის ამბავია და უნდა ჩავთვალოთ, რომ კბილაშვილის უწყებაში სტუმრობას უშიშროების საბჭოს მდივანი ვერ ასცდება. ასევე მთავარმა პროკურატურამ ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოდან მიიღო ნოტა, სადაც მითითებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს ერთ-ერთმა მინისტრმა აიძულა, მისთვის 10 ძვირადღირებული მანქანა ეყიდა. ამ ფაქტს არჩილ კბილაშვილი ძალიან მძიმეს უწოდებს და დანაშაულში მითითებული მინისტრიეს გვარის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჟურნალისტებისთვის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძისგან არის ცნობილი, რომ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, სადაც მიუთითა, როგორ აიძულა თურქი ბიზნესმენი დავიტ კეზერაშვილმა ათი ძვირადღირებული მანქანა შეეძინა "ტოიოტას" მაღაზიაში. ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ეს მანქანები საჩუქრად შოუბიზნესის წარმომადგენლებს გადაეცათ", - წერს სტატიის ავტორი.

"როგორც მთავარი პროკურორი აცხადებს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ციხის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურა ბრალს წაუყენებს. კბილაშვილის თქმით, დადგენილება ზურაბ ადეიშვილის დაკავშირებით უკვე მომზადებულია, ამჟამად დახვეწა მიმდინარეობს და სასამართლოს წარედგინება. რაც შეეხება იმას, იკვეთება თუ არა ციხის ინციდენტთან დაკავშირებით სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის, ბაჩო ახალაიას ბრალეულობა, ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის პოზიცია ასეთია: "ახალაიას მიმართ რა ბრალდებებიც გვაქვს, ამ ეტაპზე ეს არის. სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით გაცნობებთ. გამოძიების სტადიაში ვიმყოფებით და ამ ეტაპზე საკითხის გამოტანა მიზანშეწონილი არ არის". აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი მიუღებლად მიიჩნევს მოსამართლეთა იმ პოზიციას, რომელიც ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლებისადმი გარკვეულ ვალდებულებად გამოიხატება და დღეს ამ ვალის მოხდა სააკაშვილის მაღალჩინოსანთა მიმართ ლმობიერ გადაწყვეტილებებში აისახება", - დასძენს გამოცემა.