პრეზიდენტს ერთ ლარად სახელმწიფო ქონების გადაცემის უფლებას ჩამოართმევენ

პრეზიდენტს ერთ ლარად სახელმწიფო ქონების გადაცემის უფლებას ჩამოართმევენ

პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ქონების ერთ ლარად გასხვისებას, სავარაუდოდ, ბოლო მოეღება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, პრეზიდენტს შეზღუდვა დაუწესდება და იგი სახელმწიფო ქონებას ერთპიროვნულად, პირდაპირი მიყიდვის წესით, ერთ ლარად ვეღარ გაასხვისებს. ამ საქმეს საქართველოს მთავრობა განახორციელებს, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.  

ის, რომ პრეზიდენტი ხშირად სარგებლობდა ამ უფლებით, სახელმწიფო ქონებას ასხვისებდა და ეს უკონტროლო ნება იყო მის ხელში, არავისთვის დაფარული არ არის. თავის დროზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პრეზიდენტის მიერ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისთვის 12-მილიონიანი ქონების ერთ ლარად გადაცემის ფაქტმა დაბა წყნეთში, რომლის სამართლებრივ განმარტებასაც ოპოზიცია მოითხოვდა. იმ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა აგარაკი ბურჯანაძეს იმ პირობით აჩუქა, რომ ის ოპოზიციაში არ წავიდოდა. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ეს ვერსია გაამყარა, რადგან  მოგვიანებით, როცა ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდა, სააკაშვილმა მას ისევე „დიდსულოვნად“ ჩამოართვა ნაბოძები ქონება, როგორც აჩუქა.

რაც შეეხება უმოტივაციოდ, ერთ ლარად გაცემულ არაერთ სხვა ქონებას, პრეზიდენტის განკარგულებებიდან არ ირკვევა, თუ რის მიხედვით შეირჩნენ კონკრეტული პირები. გაურკვეველია, იყვნენ თუ არა სხვა მსურველებიც და მათთვის რატომ არ იმეტებდნენ „ერთლარიან“, სინამდვილეში, მილიონიან ქონებას?! პრეზიდენტის მიერ გასხვისებული ქონება ათობით ათას კვ. მეტრ ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს და სხვა ქონებას მოიცავს.

კერძოდ, 2011 წლის 5 დეკემბერს, აჭარის მთავრობამ ბათუმში, ჯავახიშვილის N5-ში მდებარე 1556 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 987კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (1 მილიონზე მეტ ლარად შეფასებული ქონება) „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას“ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიჰყიდა. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი კი გიული ალასანიაა.

კურორტი „საირმე“ 1 ლარად პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თემურ კოხოძეს „აჩუქეს“.

გარდა ამისა, 2012 წელს სიმბოლურ თანხად სახელმწიფო ქონება გადაეცა შპს EKO GEORGIA-ს (დირექტორებად მითითებული არიან ოსმან ჩალიშქანი და თურქეთის მოქალაქე ოზჯან სუმერი. კომპანიის 100% წილის მფლობელია ოზჯან სუმერი.)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცა 42 დასახელების უძრავი ქონება თბილისში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, წალენჯიხაში, მარტვილში, ზუგდიდში, ონში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ლანჩხუთში, ჭიათურაში, ყაზბეგში, ვანში, ლაგოდეხში, მცხეთაში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ახმეტასა და ბორჯომში – სულ 283,000 კვ.მ-ზე მეტი ფართი.

ეს ერთ ლარად გასხვისებული ქონების არასრული ჩამონათვალია.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში დიდი რაოდენობის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით გაცემაზე საუბრობს, რომლის დროსაც პრეზიდენტს რაიმე არგუმენტით არ დაუსაბუთებია,  თუ რატომ იყო იძულებული, ქონება სიმბოლურ ფასად გაეცა. ამდენად, მას საფუძვლიანი ეჭვი უჩნდება, რომ ეს ქონება პრეზიდენტის ფავორიტებმა და ახლობლებმა ჩაიგდეს ხელში.

ვახტანგ ძაბირაძე ეთანხმება იმ აზრს, რომ პრეზიდენტს უნდა შეეზღუდოს ეს უფლება და უნდა გადაეცეს მთავრობას და არა პრემიერ-მინისტრს. მართალია, დღეს დაზღვეულნი ვართ, რომ პრემიერი არ მოიქცევა ცუდად, რადგან მას თავისი ქონებაც ჰყოფნის, მაგრამ არ ვართ დაზღვეული ხვალისთვის. ამასთან, მისი აზრით, სამომავლოდ პარლამენტში უნდა გაიმართოს მოსმენები და მთავრობამ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ უნდა გასხვისდეს ესა თუ ის ქონება ერთ ლარად.

ამასთან, კონსტიტუციონალისტი ადასტურებს, რომ ერთ ლარად ქონების გადაცემა კონსტიტუციის დარღვევა არ ყოფილა, პრეზიდენტს ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ სხვა საკითხია, რომ ეს უფლება განსაზღვრულია გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დროს.

„როგორც მახსოვს, შევარდნაძესაც ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ ის უფრო ფრთხილი იყო ასეთ საკითხებში. სააკაშვილი კი, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ ხშირად სარგებლობდა ამ წესით. დარწმუნებული რომ ვიყო, ვინც ამ ქონებას იღებდა, მართლა უცხოელი იყო და მართლა ინვესტიციებს განახორციელებდა, მაშინ კიდევ ასატანი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ „უცხოელთა“ უკან ისევ ქართველი იდგა და უცხოელი მხოლოდ საფარის როლს ასრულებდა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.   

რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის აზრით,  უნდა შეიზღუდოს არა მარტო დღევანდელი პრეზიდენტის, არამედ, ზოგადად, ნებისმიერი პრეზიდენტის უფლებამოსილება, ვინც არ უნდა იყოს იგი - კარგი თუ ცუდი პრეზიდენტი. სწორედ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკისკენ გადადგმული ნაბიჯი და ეს იქნება მმართველობის საუკეთესო ფორმა საქართველოში, რასაც რესპუბლიკელები პარტიის დაარსების დღიდან, ანუ უკანასკნელი 34 წლის მანძილზე ემხრობიან. 

„საქმეც ეს არის, რომ პრეზიდენტი ერთ ლარად ქონების გასხვისებით უკანონობას არ ჩადიოდა, კანონი აძლევდა ამის უფლებას, მაგრამ, ამის მიუხედავად, სააკაშვილის მიერ ქონების გასხვისება უსამართლობა და უსინდისობა იყო. კანონი - ეს არ არის ყველაზე მაღალი სიტყვა დედამიწის ზურგზე, რადგან კანონზე მაღლა დგას მორალი და სამართალი. კანონიერი ისიცაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხუთის მაგივრად, ექვსი წელი იყოს პრეზიდენტად, მაგრამ სამართლიანი არ არის“, - მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი.

ამდენად, პარლამენტარი არ იზიარებს იმ აზრს, როცა ამბობენ, რომ კონსტიტუციურია ყველაფერი, რაც თურმე კონსტიტუციაში წერია. ამიტომ, კანონიერება ყოველთვის სამართლიანობას არ ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ერთ ლარად ქონების განკარგვის უფლება მთავრობას უნდა ჰქონდეს და არა - პრეზიდენტს.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიესალმება სახელმწიფო ქონების ერთ ლარად გასხვისებაზე პრეზიდენტის უფლების შეზღუდვას, რადგან შეუძლებელია, პრეზიდენტმა თავისი სუბიექტური მოსაზრებებით, თავის მხარდამჭრებზე გააჩუქოს სახელმწიფო ქონება.

მისი განმარტებით, სახელმწიფო ქონების გასხვისების წესი არსებობს და მოქმედი კანონმდებლობით, ის ქონება უნდა გასხვისდეს, რაც გასასხვისებლად ჩაითვლება.

„მე არ ვიცი ის ადამიანები, რომლებიც ქონებას ერთ ლარად იღებდნენ, ე.წ. ინვესტორები იყვნენ თუ არა. რეალურად, არცერთ ინვესტორს არ სჭირდება ერთ ლარად ქონების მიღება. ინვესტორს თავისი ფული აქვს, მას სჭირდება სტაბილური მთავრობა, პროგნოზირებადი ხელისუფლება, ჩვენი ყოფილი ხელისუფლება კი არაპროგნოზირებადი იყო“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

ამასთან, არ გამორიცხავს, რომ ერთ ლარად გასხვისებული ქონებით პროკურატურა დაინტერესდეს, რადგან საინტერესოა, თუ ვის გადაეცა ეს ქონება და რა სარგებელი მოუტანა ქვეყანას, რადგან, როგორც წესი, ქონების გასხვისებას უნდა ჰქონდეს დიდი საზოგადოებრივი სარგებელი.

დემურ გიორხელიძის თქმით, ეს ქონება ხალხის კუთვნილებაა და იმდენად მდიდარი საზოგადოება არ გვყავს, რომ ასე ხელაღებით ვასხვისოთ ვიღაც კერძო პირებზე დიდი ქონება.

ამასთან, თუ არსებობს ერთი პრეცენდენტიც კი, როცა ერთ ლარად გასხვისებულმა ქონებამ არანაირი შედეგი (გარდა მისი მფლობელისთვის ჩუქებისა) არ მოიტანა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რა გონიერი მოსაზრებით ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი, როცა სარგებლის გარეშე ვიღაცას ერთ ლარად აძლევდა ქონებას.