"სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე წინა ხელისუფლების ქმედებების პოლიტიკური შეფასების გაკეთებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მან for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, ქართველმა პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ვერ მოახერხეს, ქართველი ერის პოლიტიკური განვითარებისთვის სწორი მიმართულება მიეცათ. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ხელისუფლება უკვე 4-5-ჯერ არაორდინალურ ვითარებაში შეიცვალა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრებაზე ეს ცვლილებები არ აისახება, რასაც ხშირად მოჰყვება იმედების მსხვრევა და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.
მამუკა გიორგაძის განცხადებით, ამ პრობლემის სათავე იმაში მდგომარეობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ არც ერთხელ წინა ხელისუფლების ქმედებას პოლიტიკური შეფასება არ მისცა.
„შეფასება არ მივეცით კომუნისტურ რეჟიმს, არ მივეცით შეფასება არც შევარდნაძის ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციურ გარდაქმნებს დავუჭირეთ მხარი და შემდეგ ამ რეციდივებმა იჩინა თავი. დღესაც პრაქტიკულად ჩვენ ამ გრაფიკით მივდივართ. საკმაოდ დიდი მოლოდინი და იმედებია, გაჩნდა შანსი საქართველოში ქართული სახელმწიფოს მშენებლობა დავიწყოთ, მაგრამ თუ ჩვენ წინა ხელისუფლების ქმედებებს პოლიტიკური შეფასება არ მივეცით, ეს რეციდივები უახლოეს მომავალში კვლავ იჩენს თავს და კვლავ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით“, - ამბობს მამუკა გიორგაძე.
იგი მოუწოდებს ხელისუფლებას და პირადად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკური შეფასება მიეცეს წინა ხელისუფლების მოღვაწეობას, განისაზღვროს, რა იყო მასში დადებითი და უარყოფითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები როდესაც მოისურვებენ, პოლიტიკური დევნილის მანტიას ადვილად მოირგებენ და ამის მაგალითად უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები მოჰყავს, როდესაც ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, როლანდ ახალაიას პროკურატურაში იბარებენ, ის კი მისი ოჯახის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
„ჩვენ უნდა მივცეთ შეფასება სააკაშვილის ხელისუფლებას. თუ ეს იყო ტირანია, რაშიც უმეტესობა ჩვენგანი დარწმუნებულია, მაშინ მათ შესაბამისი პასუხი უნდა მოეთხოვოთ. ხოლო თუ არ იყო ტირანია, მაშინ რას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა? რა, სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ დემოკრატიული სისტემა შექმნა, დემოკრატიულ გარემოში გვაცხოვრა? დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და ახლა, როგორც ევროპის ქვეყნებშია მიღებული, წააგო არჩევნები და ეს ჩვეულებრივ მოვლენად გამოაცხადა? ჩვენ თუ დავეთანხმებით იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ოპოზიცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ტირანიას ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნავს მამუკა გიორგაძე.
იგი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას ამ მავნე პრაქტიკის დასრულების სურვილი აქვს, უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანების ჩართვით, რათა დაიდოს პოლიტიკური დოკუმენტი - 2003-2012 წლების მოვლენების პოლიტიკური შეფასება. ამ დოკუმენტში უნდა გაიწეროს, როგორ მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, რა იყო ამის მიზეზები, ვინ იდგა მის უკან, რა მიზნებს ისახავდა სააკაშვილის უკან მდგომი ძალა, როგორ განვითარდა მოვლენები და რა შედეგები მივიღეთ 2012 წელს. გიორგაძის განცხადებით, თუ ასეთი პოლიტიკური შეფასება არ გაკეთდება, ერთის მხრივ, ეს კვლავ პრობლემების წინაშე დაგვაყენებს, მეორეს მხრივ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ საშუალებას მისცემს, ოპოზიციად გამოაცხადოს თავი და ქვეყანაში პოზიტიური პროცესების განვითარებას შეუშალოს ხელი. ამასთანავე, პოლიტიკური შეფასების არ არსებობის შემთხვევაში, მამუკა გიორგაძის განცხადებით, ახალ ხელისუფლებასაც გაუჩნდება ცდუნება, თავისი ამოცანის პრინციპის შესაბამისად იმოქმედოს და შესაძლოა, ამ ცდუნებამ ქართველ ერს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. დაბოლოს, მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე ცხოვრებას უნდა დაანებოს თავი.
„ალბათ ყველა თქვენგანს ყელში ამოუვიდა ფრაზა - დრო იყო ასეთი. თურმე დრო იყო ასეთი და 1937 წელს მეზობლის დაბეზღება ჩვეულებრივი ამბავი იყო. თურმე დრო იყო ასეთი და სააკაშვილის რეჟიმის დროს, მასთან თანამშრომლობა, მის მიმართ ლოიალურობა და ფულის კეთება, ჩვეულებრივი ამბავია. ასეთი ადამიანები დღევანდელ სიტუაციაშიც ახერხებენ იმის მტკიცებას, რომ მაშინ ისეთი დრო იყო, ყველაფერი სააკაშვილის ბრალია, თორემ თვითონ ძალიან კარგები არიან და ახლა ახალ ხელისუფლებასთან მეგობრობაც სურთ. ძალიან მნიშვნელოვანია ერთ-ერთი საკრებულოს წევრის განცხადება, რომელიც „ნაცმოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა და განაცხადა, რომ ყოველთვის ხალხის გვერდით დგას. ფსიქოლოგიურად ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ხალხი და სახელმწიფო მხოლოდ უმრავლესობაში ესმის, ხალხი და სახელმწიფო გაიგივებული აქვს ერთმანეთთან, როგორც ეს საბჭოთა სისტემის დროს იყო. ეს არის ბოლშევიზმი და მეტი არაფერი, ჩვენ კი აუცილებლად უნდა ამოვშანთოთ ბოლშევიზმი ჩვენი ცხოვრებიდან“, - აცხადებს „სახალხო პარტიის“ ლიდერი.
მისი თქმით, კონკრეტული ადამიანების დასჯასთან დაკავშირებით პროკურატურამ და სასამართლომ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, თუმცა ამ ადამიანების პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. გიორგაძე ამბობს, რომ თუნდაც სააკაშვილის დაჭერა არ ნიშნავს სისტემის შეფასებას. ქართულმა საზოგადოებამ კი ეს სისტემა უნდა შეაფასოს, რათა ამ სისტემის დემონტაჟი განხორციელდეს.