ეკა ბესელია: „ციხეში პატიმრების წამებას ადეიშვილის დავალებით ახორციელებდნენ“

ეკა ბესელია: „ციხეში პატიმრების წამებას ადეიშვილის დავალებით ახორციელებდნენ“

დღეს for.ge-ს პრეს–კლუბის სტუმარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია იყო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან ამნისტიის კანონზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბესელიას თქმით, ამ კანონის ამოქმედებას ათასობით ადამიანი ელოდება და ამიტომ იგი მიმართავს პრეზიდენტ სააკაშვილს, არ შეაფერხოს ამ კანონის ამოქმედება და დროულად მოაწეროს მას ხელი.

ბესელია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამნისტიის კანონით იმ პირებთან ერთად, ვისაც ამნისტია შეეხო, პოლიტპატიმრებიც თავისუფლდებიან, ხოლო დანარჩენებს, ვისაც სრული გათავისუფლება არ შეეხო, სასჯელი შეუმსუბუქდებათ. ამიტომ კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მოუწოდებს ხელი შეუწყოს კანონის დროულად ამოქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილმა ვეტოს უფლებაც რომ გამოიყენოს, ბესელია ამბობს, რომ პარლამენტი მზად არის ვეტო დაძლიოს და საპარლამენტო უმრავლესობა მაინც დაიწყებს კანონის აღსრულების პროცესს.

ეკა ბესელიას თქმით, კანონის აღსრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გამოქვეყნდება იგი. გამოქვეყნება კი მოხდება მაშინვე, როგორც კი ხელი მოეწერება, პრეზიდენტს კანონის გამოქვეყნებისთვის ათდღიანი ვადა აქვს. გამოქვეყნებიდან ერთკვირიან ვადაში უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ხოლო ყველა დანარჩენი ამნისტირებული პატიმრის გასათავისუფლებლად მაქსიმალური ვადა არის ორი თვე. საბოლოოდ, ბესელიას თქმით, საპატიმროებს სამი ათასზე მეტი პატიმარი დატოვებს.

„სასჯელის განახევრება რამდენიმე ათას პატიმარს შეეხება, ხოლო ერთი მეოთხედით სასჯელი დაახლოებით 15 700–ზე მეტ პატიმარს შეუმცირდება. ეს ამნისტია ყველა სხვა ამნისტიისგან იმით არის განსხვავებული, რომ არ არსებობს პატიმარი, რომელსაც ის ამა თუ იმ ფორმით არ შეეხება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს ეს ამნისტია სასჯელისგან არ ათავისუფლებს. ასევე არ ათავისუფლებს იმ პირებს, რომელთა დანაშაულს რეციდივი ახასიათებს. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და სასჯელისგან გათავისუფლება არ შევახეთ, მაგალითად, ავტომანქანების ქურდობას, ან ბინაში შეღწევით ჩადენილი ქურდობას და ა.შ. ასევე სამოხელეო დანაშაულს. სრულ გათავისუფლებაში არ შედის ასევე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის საქმეები. ხოლო დანაშაულზე, რომელსაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ყველა შემთხვევაში დაზარალებულის თანხმობით მოხდება მსჯავრდებულების გათავისუფლება“, – აღნიშნავს ეკა ბესელია.

მან ფოთის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტი უფაქიზესი თემაა. ბესელიას თქმით, ფოთის პორტთან დაკავშირებით რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს და ერთ–ერთი არის ის, რომ მასთან კომიტეტში პორტის ყოფილი მესაკუთრეების განცხადება შევიდა, სადაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ პორტში საქმიანობის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ. ბესელიას თქმით, ეს იმ პერიოდს ეხება, ვიდრე ფოთის პორტში „რაკია“ შევიდოდა და ახლა პორტის ყოფილ მესაკუთრეებს შორის დავა მიმდინარეობს. ამიტომ, ვიდრე ეს პროცესები არ დასრულებულა, ბესელია შეფასებებისგან თავს იკავებს. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ პორტთან დაკავშირებით ბევრი საკითხია, რომლებიც ეჭვებს ბადებს. ბესელიას განცხადებით, სხვადასხვა ტერმინალების ყოფილ მესაკუთრეებთან თავის დროზე ძალიან საეჭვო გარიგებები განხორციელდა და ამიტომ მას მიაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მთავრობის დონეზე უნდა იყოს მიღებული, რათა არც კანონიერი მესაკუთრეების და არც სახელმწიფოს ინტერესები არ დაზარალდეს.

„მოგეხსენებათ, პორტი სტრატეგიული ობიექტია და მისი ასეთი ფორმით გასხვისება, როგორც ეს მოხდა ფოთში (ფარულად, კონფიდენციალურად) სრულიად წარმოუდგენელია. მოგვიანებით ფოთის პორტი „რაკიამაც“ გაასხვისა. ახლა სრულიად სხვა უცხოური კომპანია ფლობს პორტს და ორი ძალიან სახიფათო პროცესი მზადდება. კერძოდ, მზადდება საიალქნო ფლიგელის დემონტაჟი. ამასთანავე, იგეგმება იმ ტერიტორიის დემონტაჟი, რომელიც ეკლესიას უახლოვდება და რომელსაც „ბერეგს“ ეძახიან. ამის თაობაზეც მერიას პორტის ადმინისტრაციამ მიმართა“, – ამბობს ბესელია.

მისი თქმით, ფოთის მერიას წერილით მიმართა და მოითხოვა, რომ ეს დემონტაჟი არ განხორციელდეს და იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება და ამ პერიოდში ფოთის პორტთან დაკავშირებით ფარული გარიგებების საკითხის გაირკვევა.

ეკა ბესელია როლანდ ახალაიას პროკურატურაში დაბარებასაც შეეხო. ბესელიას თქმით, ახალაიას დაკითხვაზე არ მისვლის უფლება არ აქვს.

„მე მაინტერესებს, როდესაც ბატონი ახალაია სამხარეო პროკურორი იყო, დასაკითხად დაბარებული პირი პროკურატურაში რომ არ გამოცხადებულიყო, რას გააკეთებდა იგი? მაშინ ასეთი ცივილიზებული ფორმებით არ იბარებდნენ პროკურატურაში ადამიანებს. ისინი ბორკილებდადებულები მიჰყავდათ და პროკურატურის ნაცვლად შეიძლებოდა სადმე უღრან ტყეში ამოეყოთ თავი. ჩემს კომიტეტში სამეგრელოს რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისეთი ისტორიების თაობაზე შემოდის განცხადებები, რომ ეს ადამიანები საშინელებათა ფილმების პერსონაჟები გეგონებათ“, – აცხადებს ეკა ბესელია.

მისი თქმით, მის კომიტეტში შესული განცხადებებით ყველა წინანდელი რეკორდი მოიხსნა. ბესელია ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტში ყოველწლიურად დაახლოებით 1500–1700–მდე განცხადება შედიოდა. ახლა კი, მის კომიტეტში თვენახევრის განმავლობაში 3000 განცხადება–საჩივარი შევიდა, საიდანაც დაახლოებით 1500 საჩივარი კომიტეტმა შეისწავლა და პროკურატურას გადაუგზავნა, რადგან ისინი დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით, სამეგრელოს რეგიონში მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა. ბესელიას თქმით, მან არ იცის, რა საქმესთან დაკავშირებით იბარებენ როლანდ ახალაიას, მაგრამ ბევრი განცხადება და კონკრეტული ფაქტი სწორედ მას ეხება.

ბესელია დავით საყვარელიძისა და როლანდ ახალაიას მიერ პროკურატურის კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემის ინიციატივაზეც აკეთებს შეფასებას.

„ბატონ საყვარელიძეს ჰქონია შემთხვევა, როდესაც მისი პროკურორობის პერიოდში პროკურატურაში დაბარებულ პირს კითხვებზე საჯაროდ გაეცა პასუხი? საპროცესო კოდექსში არ არსებობს ასეთი პროცედურა, რომ დასაკითხ პირს პროკურატურამ კითხვები გადაუგზავნოს და მან ამ კითხვებს საჯაროდ უპასუხოს და არ მგონია, პარლამენტმა ასეთი პროცედურა ახალაიასთვის, ან საყვარელიძისთვის შემოიღოს“, – ამბობს ბესელია.

მისი თქმით, პარლამენტის დეპუტატს იმუნიტეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იცავს, როდესაც მისი დაკავება არის დაგეგმილი და ამ შემთხვევაში მისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, ხოლო როდესაც პარლამენტის დეპუტატს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებენ, ასეთ შემთხვევაში მას იმუნიტეტი არ იცავს. აქვე ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ რთულია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრო, როდესაც იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ქვეყნიდან გაქცეულია. ბესელიას თქმით, კარგი იქნება, თუ ადეიშვილი საქართველოში დაბრუნდება, რადგან მასთან ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ აქვე დეპუტატი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ადეიშვილს ამის გამგედაობა არ ეყოფა.

„ციხეში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, ერთ ისტორიას მოვყვები, რომელზეც საჯაროდ არ მისაუბრია. იმ ცნობილ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც ციხეში წამების, გაუპატიურების და საშინელ ძალადობრივ დანაშაულებებს ეხებოდა, დაკავებული იყო რამდენიმე საჯარო მოხელე, მათ შორის ციხის ყოფილი ხელმძღვანელები. დაახლოებით, ერთი თვის წინ შევხვდი ციხის ერთ-ერთ ყოფილ უფროსს, რომელიც იმ პერიოდში იყო საპყრობილის დირექტორი. მან მიამბო, როგორ ხდებოდა ადეიშვილის მხრიდან ფალსიფიცირებულ მასალებზე დამყარებული სცენარის დაგეგმვა. ის უშუალოდ ავალებდა კონკრეტულ პიროვნებებს როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს სცენარი ციხეში, დადგმულიყო კადრები წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომელიც უნდა დაბრალებოდა ბატონ თამაზაშვილს. ვისაც უშუალოდ დაავალა ადეიშვილმა ეს, სწორედ იმ ადამიანისგან მაქვს ეს ინფორმაცია მიღებული. მე ეს ფაქტი, ბუნებრივია, მივაწოდე შესაბამის სამსახურებს, რომლებმაც დაკითხეს ეს ადამიანი და მგონი, რამდენიმე ჩვენებაც გახდა უკვე ცნობილი. ეს ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა, როდესაც ადეიშვილი ცდილობდა თამაზ თამაზაშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინა ის, რაც ხდებოდა ციხეებში. ეს ერთ-ერთია, მაგრამ არსებობს კიდევ ბევრი სხვა ფაქტი“, - განაცხადა ბესელიამ.