ირანში სიკვდილით დასაჯეს პირი, რომელსაც ბრალად ედებოდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის (CIA) გენერალ ყასემ სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.
9 ივნისს ირანის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაჰმუდ მუსავი მაჯდი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან და ისრაელის „მოსადთან“ იყო დაკავშირებული.
„მან ფულადი ანაზღაურება მიიღო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე ინფორმაციის გადაცემისთვის. მან მტრებს სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცა“, - აღნიშნა ირანის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.