ციხის სკანდალის სკანდალური გაგრძელება, ანუ "ადეიშვილმა და მერაბიშვილმა თავიანთი ხელით გაითხარეს სამარე?!"
წლის უდიდეს სკანდალად პატიმრების წამებისა და ცოცხებით გაუპატიურების შესახებ ვიდეომასალის ციხიდან გამოტანა რჩება. პასუხგაუცემელი კითხვები კი საზოგადოებას დღემდე აქვს: ვინ როგორ მოახერხა გლდანის ციხეში ვიდეოფირის გადაღება და გამოტანა, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად კი რატომ არაფერი იღონა ხელისუფლებამ, რომელიც ციხეებში ბუზის გაფრენასაც კი აკონტროლებდა?
როგორც იცით, მთავარმა პროკურატურამ "ცოცხების საქმე" გახსნილად გამოაცხადა, - როგორც გამოძიებით ირკვევა, ხელისუფლება და პირადად ზურაბ ადეიშვილია ეჭვმიტანილი ციხის კადრების დადგმაში. თუმცა, პროკურატურას აღარ დაუზუსტებია, მონაწილეობდა თუ არა ხელისუფლების სპექტაკლში ამ საქმის მთავარი მოწმე, ციხის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე.
"კვირის პალიტრამ" მოიპოვა ძალზე საინტერესო დოკუმენტი, რომელიც 2012 წლის 25 აგვისტოთია დათარიღებული. ამ დოკუმენტის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ჭაკუა შსს-ს, მთავარ პროკურატურას და საგარეო დაზვერვას ატყობინებს, რომ ლადო ბედუკაძემ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან დაამყარა ურთიერთობა და განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ ფარულავასთან (მეტსახელად "ბასტი") ერთად აწამებდა პატიმრებს, რასაც ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოფირზე იღებდნენ (ამ დროისთვის ბედუკაძე უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდა - ავტ.).
თუ 25 აგვისტოს ასეთი პატაკი ედო ზურაბ ადეიშვილს მაგიდაზე, რა მოიმოქმედა?! გამოდის, ან არჩევნებამდე ჩაეძინა, ან ბედუკაძესა და ფარულავას თავად დაადგმევინა და გადააღებინა ვიდეომასალა. სწორედ ის ვიდეომასალა, რომელმაც არჩევნების ბედი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ საბოლოოდ გადაწყვიტა. რასაკვირველია, ადეიშვილის "საღათას ძილის" ვერსია არჩევნებამდე არასერიოზულად გამოიყურება. დღეს დევნილობაში მყოფი დაზვერვის პირველი რანგის კაპიტანი ვიქტორ ჭელიძე ამ ამბებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრასთან" სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. შეგახსნებთ, რომ ბოლო პერიოდში ლადო ბედუკაძე ბელგიაში მასთან ცხოვრობდა და თანამოაზრედ და მეგობრად სწორედ მას მიიჩნევდა.
ვიქტორ ჭელიძე: - ვიდეომასალა სექტემბრის ბოლოს გავიდა, ჯერ შსს-მ გაავრცელა ხელისუფლების დადგმული ვიდეოფირი, თუ როგორ სცემდა ორი ბადრაგი პატიმარს, შემდეგ ბედუკაძის გადაღებული ვიდეოფირი გავრცელდა და ბოლოს წრეში ჩაყენებული პატიმრების ცემა, ე.წ. კარანტინის დაშლა, რაც ფარულავას გადაღებულია. ლადო კი გაიძახის, ფარულავამ ჩემი დავალება შეასრულაო, მაგრამ მთლად ასე არ არის. ფარულავამ, ისევე როგორც ლადომ, ხელისუფლების დაკვეთა შეასრულეს. ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლების თავში მოდუღდა ასეთი მარაზმული პიარი, - ერთი მხრივ, ვითომ ემხილებინა ამ სისტემის ნაკლოვანებები, მეორე მხრივ კი წამების ინსცენირებაში დაედანაშაულებინა ადამიანები, რომლებსაც ათქმევინებდნენ, რომ ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებდნენ. ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა. ლადომ თავისი საქმე შეასრულა. ვიდეოფირი გამოიტანა, მაგრამ როგორც კი ბრიუსელში ჩამოვიდა, არ გააკეთა ხელისუფლებისთვის სასურველი განცხადებები. ეს იყო და ეს, ცოცხალი მოწმის ქვეყნიდან გაშვების საფრთხე ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რადგან ჩათვალეს, რომ ეს ვიდეოფირი ლადოსთვისაც კომპრომატი იყო, თანაც ინსცენირებული.
- რას ჰქვია ინსცენირებული?
- დიახ. ლადომ ბრიუსელში ჩამოიტანა მხოლოდ თავისი გადაღებული ინსცენირებული ვიდეომასალა, რომელიც სულაც არ იყო საათნახევრიანი, რომელზეც ლეგენდები დადის. საკან "ნომერ ხუთში" პატიმრის ცოცხით გაუპატიურების სცენა დადგმული და ინსცენირებულია. ამ ფირის საზღვარზე გადატანა უპრობლემოდ მოხდა. როგორც უკვე გითხარით, ხელისუფლებას სურდა ეთქვა, - ერთი მხრივ, ჩვენ ვაღიარებთ სისტემურ მარცხს, მეორე მხრივ, ივანიშვილი უკვეთდა ასეთი ინსცენირებული ვიდეომასალების გადაღებას ციხის თანამშრომლებს და ჩვენი დემოკრატიულობის პირობებში ეს შესაძლებელი იყოო. სტრასბურგში ეს მასალა მხოლოდ და მხოლოდ წამების კომიტეტმა ნახა, ტყუილია, რომ სადმე სხვაგანაც მიიტანეს. მაინტერესებს, წამების კომიტეტის ერთ წარმომადგენელს, გვარად ურმოვას, რა უთხრეს ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ და ლადო ბედუკაძემ, ეს ყველაფერი დადგმულია თუ ციხეებში რეალურ მდგომარეობას ასახავსო? ფაქტია, ამ ვიდეოფირის ნახვიდან ორიოდ დღეში ჩამოვიდა ურმოვა საქართველოში, ბაჩო ახალაიას შეხვდა და, ალბათ, ყველაფერი უთხრა, ამ უკანასკნელმა კი არაფერი მოიმოქმედა, რატომ?!
პატიმართა მასობრივი ცემის ვიდეოფირი კი როგორც გითხარით, ფარულავამ გადაიღო, რომელსაც ადმინისტრაციამ ამის საშუალება მისცა. ტექნიკურად კი ყველაფერი ასე მოხდა: ყოფილმა პატიმარმა გიორგი ლომიამ მიუტანა ჩამწერი ფარულავას და მისი გამოტანილი ვიდეოჩანაწერი მერაბიშვილს მიურბენინა. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ბრიუსელში ჩამოსული ბედუკაძე ეიფორიაში იყო, არ უნდოდა, დაეჯერებინა, რომ მერაბიშვილი მასაც და ფარულავასაც იყენებდა, მას მართლა ეგონა, რომ ფარულავამ მისი თხოვნა შეასრულა.
- თუ ასეა, ბედუკაძე რა ნიშნით შეარჩიეს?
- კარგი ურთიერთობა ჰქონდა პატიმრებთან, მათთან ხშირად ამბობდა, რომ ქვეყანას ცუდი მთავრობა ჰყავს. მეგობრობდა იგორ გიორგაძის დაპატიმრებულ მომხრეებთან. რასაკვირველია, მერაბიშვილმაც და ადეიშვილმაც ამის შესახებ იცოდნენ, თუმცა ბედუკაძეს გასაქანს მაინც აძლევდნენ. ამას არაპირდაპირი, ირიბი "ვერბოვკა" ჰქვია. რუსეთში მოღვაწე "საქართველოსა და რუსი ხალხების ერთიანობის ფონდის" პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი ბედუკაძეს თავისიანად მიიჩნევს და ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას (რომლის ჩანაწერიც არსებობს) ამბობს, რომ ბედუკაძეს მისი ბიჭების მეშვეობით ეკონტაქტება. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ბელგიაში გადმორიცხული თანხების ჩეკები. ეს ფული ბელგიაში მცხოვრებ მარინა ბარბაქაძესთან მიდიოდა, ის კი თანხას "ობიექტივის" ზოგიერთ წარმომადგენელზეც ანაწილებდა.
- მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ამ თამაშით ხელისუფლება თავად დარჩა წაგებული?
- დიახ, ხელისუფლება დარჩა წაგებული. თავისი ხელით გაითხარეს სამარე, ეს იყო მარაზმული პიარის მცდელობა, ეგონათ, კარგად დაგეგმეს ყველაფერი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ბედუკაძის დამსახურებით ჩაუვარდათ. სხვათა შორის, ხომერიკი ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ბედუკაძეს ახალმა მთავრობამ დამსახურება სათანადოდ ვერ დაუფასა...
- ახლა ამ ყველაფერს რატომ ჰყვებით, რა მიზანი გამოძრავებთ?
- ვყვები იმიტომ, რომ ბედუკაძე გადაგდებულია, მისი არსებობა ხელს არავის აძლევს. მას რომ საფრთხე შეექმნას, ყველაფერს მე დამაბრალებენ. ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ისედაც გაიძახოდა, ბედუკაძეს ვიქტორ ჭელიძე მოკლავსო. მან ჩემი და ლადოს დაშანტაჟება სცადა. მაშინვე ვცადე, მთელი ეს დაპირისპირება სამართლებრივ დავაში მოქცეულიყო, საქმის აღძვრის მოთხოვნით აქაურ პოლიციას მივმართე და ძიების პროცესში არაერთი სკანდალური მასალა გამოიკვეთა.
ჩვენ კომენტარისთვის ვლადიმერ ბედუკაძეს დავუკავშირდით. "ვიქტორ ჭელიძე ნამუსგარეცხილია, მან ფულზე გამყიდა!" - განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ, შემდეგ კი შეეცადა ყველა კითხვისთვის ეპასუხა. მაშ ასე, გახსნილია თუ არა "ცოცხების საქმე"? ამ თემაზე ბედუკაძესთან ინტერვიუს მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.
P.S. რაც შეეხება "ობიექტივის" წარმომადგენელთა მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ირმა ინაშვილმა ასე უპასუხა: "ეს არის ტყუილი და ცილისწამება. მე გავასაჯაროვე "ობიექტივის" ანგარიშები, არანაირი თანხა ჩვენს ანგარიშზე ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთი ქვეყნიდან არ არის ჩარიცხული. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ჭელიძის მხრიდან კვლავ ასეთი ტყუილები ვრცელდება. უკვე მივმართე პროკურატურას და ბატონ ჭელიძეს მოუწევს ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემა".
"დავალებათა უკიდურესმა აღსრულებამ შეიძლება უკიდურესი უკანონობა გამოიწვიოს"
ტერენცი