საკუთარი ხელით თვითონ გაითხარეს პოლიტიკური სამარე და მეორე მხრივ, აგენტის ხვედრი ასეთია, როდესაც შენ საკუთარ თავს არ ეკუთვნი, ასრულებ შენი პატრონის ნება-სურვილს, - განაცხადა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ალეკო ელისაშვილის განცხადების კომენტირებისას.
მისივე თქმით, ოპოზიციას 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან მძიმე მარცხი ელოდება იმ საზოგადოებისგან, რომელიც საარჩევნო უბნებთან გადაწყვეტილებას იღებს.
„მთელი კამპანია, დაწყებული ქართველი რადიკალებიდან, დასრულებული მათი პატრონებისა და პარტნიორებისა ქვეყნის ფარგლებს გარედან, იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და მცდელობა საქართველო, ქართველობა, ჩვენი მოსახლეობა ჩაბმულიყო იმ ურთულეს პროცესებში, რაც გარკვეულ ნეგატიური გლობალური ძალებისთვის იყო სასურველი და არა ქართველი ხალხისთვის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს. ერთ-ერთ გადაცემაში მან ასევე ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარ მოლოდინებზეც. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მან არჩევნებამდეც იცოდა, რომ მეოცე ნომრით პარლამენტში ვერ მოხვდებოდა, რაც ეწინააღმდეგება ოპოზიციური სპექტრის მტკიცებას, თითქოს 2024 წლის არჩევნები გაყალბდა.