უშიშროების საბჭოს ბიუჯეტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ინტერესდება. იგი მოუწოდებს გიგა ბოკერიას, გაასაჯაროოს, თუ რატომ ედო აღნიშნულ ხარჯებს გრიფით საიდუმლო.
მისივე განმარტებით, მართალია, ზემოხსენებულ თანხებს რატომღაც გრიფით საიდუმლო ედო, თუმცა დიდი საიდუმლოებები მასში არ ჩანდა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედაც ლობისტებზე იხარჯებოდა ეს ფული. შესაბამისად, ყველა მასალა პროკურატურას გადაეცა.
„მძიმე კითხვებია, ბევრი ნაღდი ფულია გადატანილი. ეს არ არის მარტო ამ წელიწადს, როგორც ვიცი, ბოლო სამ წელში 50 მილიონზე მეტია გატანილი“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველაზე სასაცილო ისაა, რომ წელსაც ნაციონალებს 30 მილიონის აღება სურდათ. თუმცა, როცა ფინანსთა მინისტრი დაინტერესდა, მაჩვენეთ, რისთვის გინდათ ეს თანხები და მოგცემთო, საბოლოოდ ნაციონალები 1 მილიონ 200-ს დასთანხმდნენ, ანუ 20 -ჯერ ნაკლებს.
ბიძინა ივანიშვილი მოითხოვს ბოკერიასგან, გამოვიდეს და თქვას, როგორ უნდა იარსებოს უწყებამ 20 -ჯერ ნაკლები თანხით? უფრო ზუსტად, ბოკერიამ უნდა დაასწროს პროკურატურას და განმარტოს, რისთვის უნდოდათ ეს ფული.
თავის მხრივ, ეროვნული უშიშროების საბჭო ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს მუქარის კამპანიას უკავშირებს და უწყებისთვის ბიუჯეტის შემცირებას ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევს.
ბოკერიას უწყება განმარტავს, რომ უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გასულ წლებში (ისევე, როგორც 2013 წელს) მოთხოვნილი თანხები უკავშირდებოდა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მთელი მსოფლიოს, მათ შორის, ლათინური ამერიკის ქვეყნების, მასშტაბით და დეოკუპაციისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, საგარეო-პოლიტიკურ ანალიზს და ამ მიზნებისთვის საკონსულტაციო მომსახურებას... ამდენად, ბოკერიას უწყების განმარტებით, სამწუხაროა, რომ ახალმა მთავრობამ 2012 წლის ბიუჯეტში ეს მიმართულებები ქვეყნისათვის პრიორიტეტულად არ მიიჩნია.
დაიბარებენ თუ არა ბოკერიას პროკურატურაში, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ბეჭდურ მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს „აუმხედრდა“. კერძოდ, ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ მეშვეობით „ექსპო ჯორჯიაში“ ნაციონალების შეკრებას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტმა მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით მჭედლიშვილის კომპეტენციაზე ისაუბრა და ე.წ. „მანქანის ბარიგობის“ თემასაც შეეხო.
„მანქანის „ბარიგობა“ ტეხავს ბ-ნო პრეზიდენტო? სხვა დასაწუნი ახალ ხელისუფლებას არაფერი აქვს? სირცხვილია!.. სასაცილო ის არის, რომ საქართველოს ექსპორტის ყველაზე დიდი წილი სწორედ მანქანების გაყიდვაზე მოდის... რატომ? მამაჩემი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია, როცა გაგვიჭირდა, მანქანების შეკეთებით გვარჩენდა. დედაჩემი ბოლო ოცი წელი კომუნალური გადასახადების ბილინგის ხელმძღვანელი იყო, ეგეც ფიზიკოსია - როცა გაგვიჭირდა, აქ ჩამოსულ უცხოელებს სახლებს ულაგებდა და ნამცხვრებს უცხობდა. მივიდეს, ვინმე შეეჯიბროს თავთავიანთ საქმეში კომპეტენციის კუთხით!“... - წერს ჩერგოლეიშვილი.
თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილი მაინც ეთანხმება პრეზიდენტს, რომ ივანიშვილის მთავრობა უკიდურესად არაკომპეტენურია, რაც არც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის იყო უცხო.
უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი თანხის გატანის შესახებ For.ge ლევან ბერძენიშვილსა და ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი განმარტავს, რომ ნაციონალებს არაფერი არ მისცა ამ ლობისტურმა მომსახურებამ, თუმცა აქ გასარკვევია ერთი საკითხი - ეს ლობისტური მომსახურება ვის სამსახურში იყო - საქართველოს თუ „ნაციონალური მოძრაობის“? შესაბამისად, თუ ლობისტების დაქირავება ემსახურებოდა საქართველოს, ეს უნდა დაასაბუთოს ბატონმა ბოკერიამ და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ეს გაკეთდა ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის.
ხოლო, თუ ლობისტების მომსახურება ემსახურებოდა ერთ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ გასაგებია, რომ ეს უბრალოდ უკანონობა იყო. მეტიც, ლევან ბერძენიშვილის აზრით, მილიონს კი არა, ერთ ლარსაც არ გაპატიებს არავინ და თანხების ასე ფლანგვა კრიმინალია.
„ლობისტურმა საქმიანობამ თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ არა მარტო ლობისტურმა საქმიანობამ, არამედ დასავლეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ამიტომ, შეიძლება, ეს ლობისტური ფული ტყუილად გადაიყარა და, თუ რამ სახელი და დიდება გვაქვს მსოფლიოში, ამას ლობისტების გარეშე მივაღწიეთ. ეს არის გამოსაკვლევი საკითხი, რადგან, არა მგონია, რომ ყველგან და ყველაფერში გამოძიება უნდა ჩატარდეს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, როცა ფინანსთა მინისტრმა იკითხა, რაში იხარჯებოდა ეს ფული, ნაციონალებმა არ გაუშიფრეს ე.წ. საიდუმლო ხარჯები და ამის მიზეზად სახელმწიფო საიდუმლოება მოიშველიეს. ამდენად, პარლამენტარი აცხადებს, რომ არავის უნდა უკვირდეს, თუ საკითხის პარლამენტში განხილვისას ვერავინ ვერცერთ კაპიკს ვერ მიიღებს ბიუჯეტიდან, თუკი თავად პარლამენტარები ვერ გაიგებენ, რაში იხარჯება ეს ფული. ამასთან, დეპუტატი ბოლომდე არც არის დარწმუნებული, რომ სრულიად ნათელია ამ მილიონების ამბავი, რადგან გამორიცხული არ არის, გაცილებით მეტ თანხებს ხარჯავდნენ ნაციონალები და ეს თანხა ლობიზმზე კი არა, უბრალოდ, ქრთამებზე მიდიოდა.
ამდენად, ლევან ბერძენიშვილს ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ბიძინა ივანიშვილს - ან გიგა ბოკერია საზოგადოებას ღიად ეუბნება, რაში დახარჯა ფული, ან ეუბნება დაინტერესებულ მხარეს, ანუ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს.
„გაუგებარი აქ არაფერია. ფული აღებული და დახარჯულია. იმედი მაქვს, ბატონმა ბოკერიამ, ეს ფული საკუთარ ჯიბეში არ ჩაიდო და ჟურნალ „ტაბულას“ არ აფინანსებდა. მე არ მაქვს ასეთი ეჭვი. გასაგებია, ეს ფული უცხოეთში რაღაცისთვის იხარჯებოდა, ამიტომ უნდა გვითხრას, რისთვის გაჰქონდათ ეს თანხა“.
აქვე ლევან ბერძენიშვილი შენიშნავს, რომ, თუ ეს მართლაც სახელმწიფო საიდუმლოა, მაშინ ბოკერიამ უთხრას მას, ვისთვისაც ამის განდობა შეიძლება. უფრო მეტიც, არავინ დაიჯერებს, თუ ბოკერია იტყვის, რომ სახელმწიფო საიდუმლო მარტო ნაციონალებმა უნდა იცოდნენ და ახალ ხელისუფლებას ამ სახელმწიფო საიდუმლოს დავუმალავთო. ეს „საიდუმლო“ ნაციონალებს შეუძლიათ, გაანდონ, ასევე, პარლამენტში შექმნილ ნდობის ჯგუფსაც, რადგან, ლევან ბერძენიშვილის აზრით, ამხელა ფული სათამაშო არ არის.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს იქნება ახალი სკანდალი, არიქა, ბოკერიას იჭერენო. არ ვარ არავის დაჭერის გულშემატკივარი, მაგრამ 50 მილიონის კი არა, 5 ლარის გულისთვის ჰყავთ ხალხი დაჭერილი. ამიტომ, 50 მილიონის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალედ უნდა დაიდოს. თუ ეს ფული იხარჯებოდა უკანონოდ, რაიმე მოძრაობისთვის, მაშინ ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი და ვწუხვარ, რომ ჩემი ყოფილი მეგობარი შეიძლება, იქ აღმოჩნდეს, სადაც მისი მეგობრები არიან.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ადასტურებს, რომ ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის ლობისტებზე ამხელა ფულის ხარჯვა მართლაც ზედმეტი ფუფუნებაა და სიცრუეა, თითქოს ეს ფული ქვეყნის ლობირებისთვის იხარჯება. სინამდვილეში, თანხები ყოფილი ხელისუფლების ლობირებას ემსახურებოდა და დასავლეთში ლობისტის ყოლა მათ სჭირდებოდათ. უბრალოდ, ლობისტების თემის გადაფარვა ქვეყნის სახელით სპეკულირებით ხდებოდა.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ამ 50 მილიონის ხარჯვის შედეგიც აშკარაა, რაც საქართველში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას დასავლურ მედიასა და ცალკეულ უცხოელ პოლიტიკოსთა გამონათქვამებში გამოიხატება.
რაც შეეხება მეორე მხარეს, როდესაც, თითქოს, უშიშროების საბჭოს ეგიდით გადიოდა ეს ფულები, ეს იმისთვის ხდებოდა, რომ გაემართლებინათ, თითქოსდა, ეს იყო გრიფით საიდუმლო. ამდენად, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც ესმოდა, რომ უშიშროების საბჭოს ფული გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო, ბუნებრივია, ფიქრობდა, რომ ამ ხარჯებში საეჭვო არაფერი იყო.
„ეს ხომ სპეციალურად გაკეთდა იმისთვის, რომ მოსახლეობას დაუმალონ, რაში იხარჯებოდა ფული. სწორია ბატონი ივანიშვილი. როდესაც ნახეს, რომ ახლა ეს უკვე აღარ გამოვიდა, მათი ხარჯებიც ერთ მილიონამდე ჩამოვიდა. ასე რომ, ზოგადად ამ ქვეყანაში ფული თუ იხარჯება, მართლა ქვეყნის იმიჯზე უნდა იხარჯებოდეს და არა რომელიმე ხელისუფალის ან პარტის იმიჯის შესაქმნელად“, - აცხადებს ვახტან ძაბირაძე.
ამასთან, იგი ეჭვობს, რომ ამ თანხებთან დაკავშირებით ბოკერია, ალბათ, საჯაროდ არ გამოვა და პოლემიკაში არ ჩაერთვება, რადგან ეს მისთვის მომგებიანი ვერ იქნება. საერთოდ, ნაციონალების სტრატეგიიდან გამომდინარე, ვახტან ძაბირაძეს მიაჩნია, რომ მათ ურჩევნიათ, დაკითხვის შემდეგ ილაპარაკონ საჯაროდ და პროკურატურაში დაბარებებს ისევ და ისევ პოლიტიკური დევნის ელფერი მისცენ.
„ჩემი აზრით, ბოკერია არ გააკეთებს არანაირ განმარტებას და დაელოდება იმას, თუ როდის დაჰკითხავენ. მათი არგუმენტი კი იქნება, რომ ეს გრიფით საიდუმლოა, „ქართულმა ოცნებამ“ კი თურმე არ იცის, რას ნიშნავს გრიფით სადუმლო“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი.