მართალია, პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას საკუთარი ხალხისგან დაცვა არ სჭირდება და მზად არის, ივანიშვილის ხელისუფლებამ „წაიღოს დაცვის სამსახური“, თუმცა ირკვევა, რომ პრეზიდენტის დაცვის შენახვა ყოველდღიურად ქვეყანას 50 ათასი ლარი უჯდება, რაც ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის სოლიდურია. სწორედ ამიტომ, ახალი მთავრობა მას დაცვისთვის ყოველდღიურად 20 ათას ლარს სთავაზობდა, თუმცა ბოლო ეტაპზე ფინანსური რესურსის გამო შეთანხმება აღარ შედგა. ეს მაშინ, როცა ივანიშვილის მთავრობა მზად იყო, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში დარჩენილიყო დანაყოფი, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციისა და ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფდა.
პრეზიდენტის დაცვისთვის ყოველდღიური 50 ათასი ლარის მიზანშეწონილობის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, რადგან პრეზიდენტი ამდენ თანხას ხარჯავს დაცვისთვის, ეტყობა, თავად მიაჩნია, რომ მას დაცვა სჭირდება, მიუხედავად იმისა, რას ამბობს იგი. ამის პარალელურად, რამაზ საყვარელიძეს ევროპის პატარა ქვეყნების მაგალითი ახსენდება, სადაც პრეზიდენტები ველოსიპედით გადაადგილდებიან ქუჩაში და იქ მართლაც ისეთი სიტუაციაა, რაც სააკაშვილს სურს წარმოიდგინოს. თუმცა, რეალობის გრძნობა რადგან აქვს, მან იცის, რომ დაცვა სჭირდება.
„დაცვა სჭირდება არა იმდენად ხალხის აგრესიის მოსაგერიებლად, რამდენადაც საკუთარი სიმშვიდისთვის. თორემ ამხელა დაცვის ყოლა სხვანაირად გაუმართლებელი იქნებოდა. დაცვის გარეშე მას ჩვენს ქვეყანაში საფრთხე ელის. თუკი ადრე ვლაპარაკობდით, რომ ახალაიას ელოდა საფრთხე და ეს თემა იყო წამოწეული, ცხადია, სააკაშვილიც არაფრისგანაა დაზღვეული. ახალაია, თავისთავად, გარკვეული პოლიტიკის გატარებისას შემსრულებელი იყო, იმ პოლიტიკის ავტორი კი რეალურად სააკაშვილია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი აზრით, საფრთხე ელით მათაც, ვინც მონაწილეობდა ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში, მაგალითად, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, ისიც შემსრულებელი იყო. ამგვარი პოლიტიკის გატარებაზე კი პასუხისმგებელი იყო სააკაშვილი.
„თუკი იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა მიიჩნია, რომ სჯობს, გაიქცეს, ვიდრე დარჩეს, ეტყობა, ის გრძნობდა ამ საფრთხეს. მე ვიცი, რომ ჩემს დაცვაზე კაპიკი არ იხარჯება. 20 ათასი ლარი რომ მომცენ დაცვისთვის, არც ვიცი, რაში მოვიხმარ. პრეზიდენტის ყოველდღიური დაცვისთვის კი 50 ათასი ლარის დახარჯვა დიდი თანხაა“, - აღნიშნა ექსპერტმა.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, დაცვა ნებისმიერ პრეზიდენტს სჭირდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დემოკრატიულ ქვეყნებში ცალკეულ ლიდერებს არ ჰყოლიათ დაცვა, თუმცა 15 წლის წინ შვედეთში ულოფ პალმეს ტრაგედია მოხდა. ამ შვედ პოლიტიკოსს, პრემიერ-მინისტრს დაცვა არ ჰყავდა, დემოკრატიულ ქვეყანაში საღამოს მეუღლესთან ერთად კინოდან გავიდა და მოკლეს. დღესაც ეძებენ მის მკვლელს. ამიტომ, სოსო ცინცაძის რეკომენდაციით, დაცვა ყველაზე მშვიდ და უდრტვინველ ქვეყანაშიც კი სჭირდება ქვეყნის პირველ პირს, განურჩევლად იმისა, რამდენად პოპულარულია იგი და ქვეყანაში როგორი პოლიტიკური წყობაა. რაც შეეხება ჩვენი პრეზიდენტის დაცვისთვის გამოყოფილ თანხას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ეს 20 ათასი ან 50 ათასი ლარი პრეზიდენტის ოჯახის წევრების დაცვაზეც ვრცელდება, პირადი მცველის კატეგორია კი სხვადასხვანაირია.
„მე რომ ამიყვანონ პრეზიდენტის მცველად, შეიძლება ორი ლარი მომცენ ყოველდღიურად, შვარცნეგერი რომ ჩამოიყვანონ, მან შეიძლება, ასი ათასი მოითხოვოს. ეს დამოკიდებულია პროფესიონალიზმზე. ვინ იფიქრებდა, რომ მაჰათმა განდის მოკლავდნენ, ადამიანს, რომელიც, თითქმის, მიწაზე ჩამოსული მაცხოვარი იყო, მაგრამ მოკლეს. რომ ჰყოლოდა დაცვა, ალბათ, დიდხანს იცოცხლებდა. თუმცა, კენედი ვერ გადაურჩა სიკვდილს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ამასთან, იმ ფაქტსაც იხსენებს, როცა წლების წინ ერთ-ერთი პრეზიდენტის დაცვის წევრს ესაუბრა მოსკოვში. მან უთხრა, რომ ნებისმიერი დაცვა ზღაპარია. თუ ადამიანის მოკვლა გადაწყვიტეს პროფესიონალებმა, 100 %-ით მაინც მოკლავენ. დაცვა მხოლოდ ხულიგნისგან ან მსგავსი შეტევისგან შეიძლება, თვით რეიგანიც ვერ გადაურჩა თავდასხმას.
„ჯონ ხინკლი ვინ იყო? - ცოტა შერეკილი მოქალაქე, თავისმა შეყვარებულმა უარი უთხრა, ამანაც გადაწყვიტა, ნახე, მე რა კაცი ვარ, პრეზიდენტს მოვკლავო, გავარდა და კინაღამ რეიგანი მოკლა, სინამდვილეში, იგი დაჭრა. ამიტომ, პრეზიდენტის დაცვა სპეციფიკური საკითხია, ყველაფერი დამოკიდებულია პროფესიონალიზმზე, მაღალპროფესიონალი ძვირი ღირს, დილეტანტი - იაფი. ჩვენისთანა ღატაკ ქვეყანაში ყოველდღიურად 50 ათასი ლარის გაღება, ოც დღეში გამოდის მილიონი. თვეში მილიონნახევრის გაღება ამისთვის, მე მგონი, ბევრია“, - ასეთია სოსო ცინცაძის პოზიცია.
მისივე შეხედულებით, არ არის აუცილებელი, პრეზიდენტს დაცვის სამსახურის ასი და ორასი კაცი დასდევდეს. უმჯობესია, ეფექტური და მცირერიცხოვანი დაცვა. მით უფრო, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში სააკაშვილის სიცოცხლეს მეტი საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მასზე იყო ყველაფერი დამოკიდებული და იმ დროს, შეიძლება, მეტი დაცვა სჭირდებოდა. დღეს კი, როცა გადაწყვეტილებების მიღება სააკაშვილზე აღარ არის დამოკიდებული, მას ნაკლები დაცვა სჭირდება. დღესდღეობით, მას შეიძლება, დაემუქროს მხოლოდ რომელიმე შურისმაძიებელი, თუ ოდესღაც ვიღაცას აწყენინა, ვიღაც არ შეიწყალა და სხვა.
ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე მიიჩნევს, რომ ვინც პრეზიდენტს 50 ათასის ნაცვლად 20 ათასი ლარიანი დაცვა შესთავაზა, მან იანგარიშა კიდეც და იცის, რომ ზუსტად ეს უნდა იყოს იმ მომსახურების ღირებულება, რასაც სახელმწიფო დაცვა ყოველდღიურად ახორციელებს. რაც შეეხება ამ თანხის სიმრავლეს თუ სიმცირეს, დავით იაკობიძე არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ეს სპეციალური საქმეა და მან დაცვის სამსახურის შტატის შესახებ არაფერი იცის. ასევე, მისთვის უცნობია ამ სამსახურის სამუშაოს მოცულობა და სპეციფიკა. დავით იაკობიძე ერთ რამეში თანხმდება, რომ პრეზიდენტს უნდა ჰყავდეს სოლიდური დაცვა.
„რა ღირებულების იქნება ეს დაცვა, ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე და სამუშაოს ხასიათზე, რომელსაც პრეზიდენტი ახორციელებს. ჩვენისთანა ქვეყნისთვის ეს სერიოზული თანხაა, მაგრამ საჭიროა. დაცვა ხომ ჩამოსულ ხალხსაც ემსახურება, პრეზიდენტის საზღვარგარეთ მივლინებების უზრუნველმყოფელია. ასე რომ, დამოუკიდებლობა და პრეზიდენტის ინსტიტუტი დიდი ფული ღირს“, - აღნიშნავს ფინანსთა ყოფილი მინისტრი.
როცა შევარდნაძის დროინდელი დაცვის თანხებით დავინტერესდით, მან აღნიშნა, რომ კონკრეტულად დაცვისთვის რა თანხა იხარჯებოდა, მისთვის უცნობია, რადგან ისინი ერთიან სამსახურს ურიცხავდნენ ფულს და ის სამსახური ანაწილებდა.
სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდია გაკვირვებულია, რას აკეთებს პრეზიდენტი ერთ დღეში იმდენს, რომ დაცვისთვის 50 ათასს ხარჯავს ან თუნდაც 20 ათასს?
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 2013 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის დაფინანსება 44 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზარდა (კოდი 40). შარშან კი ეს თანხა წელიწადში 44 მილიონ 603 ათასს შეადგენდა.
რაც შეეხება პარლამენტში არსებულ დაპირისპირებას, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს, რასაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტი. მეტიც, არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს უფლებამოსილებები გაუზარდა. ახალი ხელისუფლება კი ცდილობს, ეს ბერკეტი თავის დაქვემდებარებაში გადაიტანოს და პრემიერ-მინისტრს დაუქვემდებაროს.
თეონა აქუბარდიას თქმით, არავინ დავობს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები დაცული უნდა იყვნენ და ამას კანონი განსაზღვავს. თუმცა, ყოველდღიურად 50 ათასი ლარი საკმაოდ დიდი თანხაა, ისევე, როგორც პრეზიდენტის 80 მილიონის ღირებულების მეორე შვეულმფრენი, რასაც თავდაცვის სამინისტრო იხდიდა თავისი ბიუჯეტიდან, წელიწადში 800 ათასი კი პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიისთვის იხარჯებოდა. ეს ხარჯები კი სიღარიბის ზღვრის ფონზე არამიზნობრივი იყო.
„რეალურად, არა მგონია, უბრალო მოქალაქეებმა ვიცოდეთ, რა თანხა ჯდებოდა პრეზიდენტის დაცვა, რადგან გრიფით საიდუმლო ინფორმაციები იყო თავდაცვის სამინისტროში, ასევე, დაცვის სპეცსამსახურში. აბსოლუტურად გასაგებია ახალი ხელისუფლების სურვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდეს, რადგან ნაცმოძრაობა ბრძოლის სხვა მეთოდზეა გადასული და ცდილობს, პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს“.
ამის დასტურად თეონა აქუბარდიას პრეზიდენტის მოწოდება მოჰყავს შს თანამშრომლებისადმი, არ დაემორჩილონ „უკანონო ბრძანებებს“. მისი აზრით, პრეზიდენტის ხარჯები ძალიან დიდი იყო იმ ფონზე, როცა შემცირდა თავდაცვისა და შს სამინისტროს ხარჯები. ამიტომ ლოგიკურია, მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის გამოიყოს თანხა და არა ფუფუნებისთვის.
„რასაც ამბობს პრეზიდენტი, რომ მას თურმე არ სჭირდება დაცვა, თავისი ოჯახის მანქანით ივლის, რათა ხმა მიაწვდინოს ხალხს, თუ როგორ ცუდ დღეში ჩავარდა საზოგადოება თავისი არჩევანის გამო, ეს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკაა,“ - მიაჩნია თეონა აქუბარდიას.