"წინა ხელისუფლების პირობებში ვმუშაობდი საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე 2008 წლამდე. 2003 წლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში, როდესაც ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის წყვეტდა საკადრო პოლიტიკას. მაშინ თბილისის პოლიციის უფროსი იყო დასანიშნი, ჩემი კანდიდატურა იქნა შეთავაზებული თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე. მე მიხეილ სააკაშვილთან ვიყავი გასაუბრებაზე, საკმაოდ ნორმალური შეხვედრა გვქონდა, იგი დაეთანხმა ჩემს დანიშვნას, ბურჯანაძისგან არ ვყოფილვარ რეკომენდებული და ჩემს კანდიდატურაზე არც სხვას გაუწევია რეკომენდაცია. მინდა გითხრათ, რომ რეალურად არ დავნიშნულვარ ქალაქის პოლიციაში, მოხდა საკადრო ცვლილება, მე დავრჩი იმ პოსტზე, სადაც ვიყავი დაახლოებით წელიწად-ნახევარი – შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროს ვხელმძღვანელობდი. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრყ გახლდათ გია ბარამიძე", - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრიეს მოადგილე ალეკო ტაბატაძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ალეკო ტაბატაძე მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მოსთხოვს პასუხს".
"საქართველოს პრეზიდენტი პერმანენტულად ყველა თავის გამოსვლაში იმეორებს ცილისმწამებლურ განცხადებებს, ამიტომ არ ვაპირებ უპასუხოდ დავტოვო ის ადამიანი, ვინც ჩემს მორალს და ღირსებას შეეხება. ამიტომ ორშაბათს პროკურატურაში შემაქვს განცხადება იმის თაობაზე, რომ გამოითხოვონ საქმე, სადაც დევს მხოლოდ რამდენიმე ფურცელი. ჩემი ინფორმაციით ეს იყო ზურაბ ადეიშვილის დავალება, სამართალდამცველებს კაბინეტში პირდაპირ მოსთხოვეს, ჩემ წინააღმდეგ საქმე აღეძრათ და დავეკავებინე. ვეცდები, ეს საქმე იყოს გასაჯაროებული. ამის შემდეგ კი ვიფიქრებ, რომ სამართლებრივი გზით მოვითხოვო ღირსებისა და პატივის შელახვისთვის კომპენსაცია ან უნდა დამიმტკიცოს პრეზიდენტმა, რომ მართლაც ვარ ის, რასაც მიწოდებს, რადგან ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩემს მორალურ, ზნეობრივ პრინციპებს. ან ბოდიში მომიხადოს ამის გამო სააკაშვილმა, ან დაასაბუთოს, რომ ვარ ის, რასაც მიწოდებს და ამის შემდეგ მზად ვარ, პასუხი ვაგო, თუკი ამას დამიმტკიცებს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თუკი ერთ ფაქტსაც კი მოიძიებს და დამამტკიცებელი დოკუმენტი ექნება იმისა, რომ ნარკოტიკებთან რამე კავშირში ვარ, მზად ვარ, პასუხი ვაგო როგორც მოქალაქემ და როგორც საჯარო პირმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან უნდა აგოს პასუხი ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვისთვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ტაბატაძე.
"ჩვენ პატივს ვცემთ იმ ინსტიტუციას, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი. ამის შემდეგ კი ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას და აპარატს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. როგორც ჩანს, შიში აქვს პრესიდენტს გარკვეული უწყებების მიმართ. ვინც არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, დღევანდელი ხზელისუფლება ვალდებულია, მით უფრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაიცვას მისი ქვეყნის პრეზიდენტი. როცა ეს პრეზიდენტმა განაცხადა, შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებას, არამედ საზოგადოებას. რომელი უკანონო ბრძანების შესრულებაზეა ლაპარაკი? მოგიყვანთ სტატისტიკას, სადაც აგვისტოში პოლიციაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 3,9% იყო საერთო დანაშაულიდან. ეს იყო კატასტროფა, მათი დავალება იყო მარტო ის, რომ ემუშავათ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე, შეექმნათ მათზე კომპრომასალები და დაეშანტაჟებინათ", - დასძენს რესპონდენტი.